პოლიტიკური კრიზისი (25.02.2021)

საქართველოში მიმდინარე პროცესები რომ სავალალო შედეგებით დამთავრდება, რბილად ნათქვამი წინასწარმეტყველებაა. გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა პოლიტიკურმა კინკლაობამ ყოვლისმომცველი მასშტაბები მიიღო, რომლის დასასრული არ ჩანს და როგორც არსებული ვითარება გვკარნახობს — არც გამოჩნდება, ვინაიდან ხელოვნურად შექმნილ კრიზისს, ხელოვნური ძალისხმევა სჭირდება, უპირველესად ხელისუფალთა მხრიდან.

რატომ მაინცდამაინც ხელისუფალთა მხრიდან, იქნებ ოპოზიციის? — ისმის კითხვა, რაზეც იგივე ხელისუფლება უმალ პასუხობს — ოპოზიციისო.

ასეა თუ ისე, ქვეყანა მეოთხე თვეა პოლიტიკურ კრიზისშია და არათუ მე-4 თვე, არამედ მთელი განვლილი 30 წელი — უქმად გადაყრილი თავისუფლების მოტრფიალე ქართველთა უთავობით და რაღაც გაუგებარი, ჯერაც ამოუცნობი პათოსით, ვითომ პატრიოტულით, ვითომ სამშობლოს სიყვარულით გამოწვეული, სინამდვილეში — ტყუილი შემართებით, წამიერი აღშფოთებით, უფრო ზუსტად ფსევდოაღშფოთებით გაჟღენთილი.

პოლიტიკური კრიზისი დღეს რომ საქართველოში სუფევს, პირდაპირი მნიშვნელობით, ანგრევს ქვეყანას, მის აწმყოს და მომავალს, ეკონომიკას, სულიერ ცხოვრებას — ყველაფერ იმას, რაზეც ნებისმიერი სახელმწიფო დგას. პოლიტიკური კრიზისი დამღუპველია ისეთი სუსტი, ჯერაც ჩამოუყალიბებელი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრების მაგალითებიდან გამომდინარე პოლიტიკური კრიზისი იშვიათია, თუმცა სახელისუფლებო კრიზისი — ჩვეულებრივი. ამ მხრივ — სახელისუფლებო კრიზისი მაქვს მხედველობაში, იტალია გამოირჩევა, სადაც იშვიათად თუ ჩაივლის 1 წელი სახელისუფლებო კრიზისის გარეშე. სულ ახლახანს მსგავსს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მას არ მოჰყოლია ქვეყნის განვითარების შეფერხება, პარტიების ერთმანეთთან ხელჩართული ჩხუბი, ქვეყნის პარალიზება, ვინაიდან პოლიტიკური სისტემა მყარი და მტკიცეა, არა ისეთი, როგორიც საქართველოში. იქ სახელისუფლებო „კრიზისი“ გავლენას არ ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, არ იწვევს ინფლაციას, ფასების კატასტროფულ მატებას კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურების სფეროზე — ისე, როგორც აქ, სუსტ პოლიტიკურ ცხოვრებაზე დაფუძნებულ საქართველოში. სამწუხაროდ ეს რომ ასეა და მას ვერაფერი შეცვლის, გარდა ხელისუფლების საღი აზრისა ისეთი ჭეშმარიტებაა, მასში ეჭვის შეტანა რომ ჭირს.

ხელისუფლებაა ვალდებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საღი გადაწყვეტილებების მიღებისთვის და არა ოპოზიცია, ვინაიდან ამ უკანასკნელს კრიზისის აღმომფხვრელი ბერკეტები არ გააჩნია. მას მხოლოდ რჩევა შეუძლია — საღი აზრის მიწოდება ხელისუფლებისთვის, რომელიც მზად უნდა იყოს მის გამოსაყენებლად. მსგავს ურთიერთთანამშრომლობას საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი და ალბათ არც ექნება, ვინაიდან ხელისუფლებაში მოსული პარტია თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს მხოლოდ მას აქვს მხრებზე თავი, დამარცხებულებს არა.

დამარცხებული პარტიები უთაოები არიან, ანუ მათ თავებში ტვინის დეფიციტია, ხოლო გამარჯვებულ პარტიაში ტვინის ისეთი სიჭარბე, ტროტუარზე რომ გადმოდის. გამარჯვებულის მოქმედება შეუზღუდავია — ყოველგვარ საზღვრებს მოკლებული. მან აღარც ოპოზიცია იცის და აღარც ხალხი, რომლის ცხოვრების სასიკეთოდ არის მოსული ხელისუფლებაში. გამარჯვებულს, უმალ ავიწყდება გამარჯვებამდე გაცემული უამრავი დაპირება და თავი ისე მოაქვს, თითქოს ასეთს ადგილი არ ჰქონია.

გამარჯვებული თუ რას არ ივიწყებს, საკუთარი და ნათესავ-მეგობრების კეთილდღეობაა, თითქოს მხოლოდ ამ ვიწრო წრის და არა ხალხის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. გამარჯვებული, ხალხს ისევ გაიხსენებს — 4 წლის მმართველობის შემდეგ, ახალი არჩევნების წინ და ჰოი, საოცრებამ! იგივე დაპირისპირებით, თითო-ოროლა თეთრის ამომრჩევლისთვის გადაგდებით, კარტოფილის, მაკარონის, ხახვის და ა.შ. ჩამორიგებით.

ხალხი? ხალხი, დაპირების შეუსრულებლობით გაწბილებული, „ყვავს კაკალი გააგდებინეს“ ფილოსოფიის მიხედვით, უყოყმანოდ იღებს საჩუქრებს და საკუთარი მომავლის, ქვეყნის საზიანოდ, ისევ ხელისუფლებას აძლევს ხმას. არის თუ არა მოყვანილი მაგალითი პოლიტიკური კრიზისი?!

უდავოდ არის და არა მარტო პოლიტიკური კრიზისი, არამედ ადამიანის სულიერი ცხოვრების, ზნეობის კრიზისი. აი, ასეთ კრიზისში ვცხოვრობთ დღეს.

კრიზისს თავისი ავტორებიც ჰყავს. ამ შემთხვევაში „ოცნების“ პარტიის შემქმნელი, მილიარდერი ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი „ოცნების“ ხელისუფლება. მანამდე იყო სააკაშვილი და მის მიერ შექმნილი „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობამდე“ იყო შემარდნაძე და მის მიერ შექმნილი „მოქალაქეთა კავშირი“. იყო არჩევნები, ვითომ გამჭვირვალე და დემოკრატიული, რომელსაც დემოკრატიასთან არაფერი ჰქონდა საერთო. შედეგი ამისა იყო ხელისუფლების 2-ჯერ ძალისმიერი გზით ცვლა — 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციით, 2012 წელს სახალხო გამოსვლით, რომელმაც განსაზღვრა საპარლამენტო არჩევნების ბედი.

ყველა ხელისუფლების მიერ ხალხისთვის მიცემული დაპირებების მცირედი ნაწილი რომ შესრულებულიყო, საქართველო ბელგიის მსგავსად იცხოვრებდა. მკითხველს ემახსოვრება შევარდნაძის დაპირება — მალე ბელგიასავით ვიცხოვრებთო.

ბელგიის რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველო რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ხელმოკლედ ცხოვრობს, ფაქტია.

ხელისუფლების მოპოვების მსურველი პარტიების დაპირებებიდან განსაკუთრებული სიკაშკაშით „ოცნება“ გამოირჩეოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პარტიის დამაარსებელმა ივანიშვილმა სასწრაფოდ შექმნა დარგობრივი კომისიები, რომელთა მიზანი იყო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასაკეთებელ საქმეებზე სწრაფი რეაგირება. კომისიებში თავი მოუყარეს სხვადასხვა დარგების სპეციალისტებს და აწერინეს და აწერინეს ცხოვრებაში გასატარებელი პროექტები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების ჩატარების შემდეგ არვის გახსენებია, ისე, როგორც უამრავი დაპირება, რომლთა გახსენება დღეს სიმწრის ღიმილს იწვევს, მაშინ რომ ნაცთა მიერ დაჩაგრული მოსახლეობა აღფრთოვანებით ეცნობოდა.

„ოცნებური“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება „ოცნებისა“ არვის გახსენებია. და რაც მთავარია, არ გახსენებია იმას, ვის მოსატყუებლად გაჟღერდა საამური დაპირებები, ანუ ხალხს. უფრო მეტიც, ხალხს არათუ არ გახსენებია, არამედ თავიც არ შეუწუხებია გასახსენებლად. მაინც არაფერი ეშველებაო — ხელჩაქნეულმა ისევ თავის მომტყუებელს, გადამგდებს მისცა ხმა, ცხადია არასაკმარისი, გამარჯვებისთვის, მაგრამ ხომ მისცა?

გამარჯვებისთვის თვით „ოცნების“ ხელისუფლებამ „იშრომა“— სახელმწიფო ბერკეტებით, ამომრჩეველთა დაშინებით, ყალბი ბიულეტენებით და ა.შ. „იშრომა“ ავაზაკურად, რითაც დიდი ეჭვი გააჩინა ოპოზიციაში. 2020 წლის ნოემბრიდან დაწყებული ჟივჟივებს ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თაობაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

მისი მთავარი მოთხოვნა განმეორებითი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, უპასუხოდ რჩება. ხელიასუფლება, საკუთარ თავში უაზროდ დარწმუნებული, ხმალამოღებული ებრძვის ოპოზიციას, განსაკუთრები ქვეყნის მეორე პარტიას და შეცდომას-შეცდომაზე უშვებს.

დიახ! შეცდომაა, როდესაც ხელისუფლება პოლიციის გამოყენებით შტურმით იღებს „ნაცმოძრაობის“ ოფისს, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის მელიას დასაპატიმრებლად. შეცდომაა, როდესაც თითქმის 2 თვის განმავლობაში ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხელისუფლება თავისთვის და ქვეყნისთვის მომაკვდინებელ გადაწყვეტილებებს აჟღერებს.

შეცდომაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახარია ოპოზიციის ლიდერის დაჭერა-არდაჭერის გამო თანამდებობას ტოვებს, ხოლო მის ნაცვლად ქვეყნის პირველ პოსტს ღარიბაშვილი იკავებს.

და ბოლოს, შეცდომაა ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც სააკაშვილის ინიციატივით შეტენეს საქართველოს — საპარლამენტო ქვეყანა. სააკაშვილმა, რომელსაც სამარადისოდ სურდა ქვეყნის პირველი პირის სტატუსში ყოფნა, უაზროდ მოხტუნავე იურისტებს, მეტადრე ფსევდოევროპელებს, კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები შეატანინა — საპრეზიდენტო მმართველობა, რომ საპარლამენტო მმართველობით შეაცვლევინა, რითაც საფუძველი ჩაუყარა მისი ბატონობის გახანგრძლივებას — ამჯერად არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ამპლუაში.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია, სააკაშვილის მიხედვით „ნაციონალური“, პრემიერად მუდამ სააკაშვილს აირჩევდა. ნაცთა გამარჯვება კი გარანტირებული იყო — ისეთივე მეთოდებით, როგორიც „ოცნებამ“ გამოიყენა 2016, 2020 წლების არჩევნებში. ციხის კადრებმა წააგებინა არჩევნები ნაცებს.

დღეს, ქვეყანას საპარლამენტო სისტემა აქვს — ყოვლად მიუღებელი ქვეყნისთვის და რატომ? მმართველი პარტია ყოველთვის შეეცდება და მიაღწევს კიდევაც იმდენი ხმების დაგროვებას, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს და კანონები მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა, რიათვისაც ის მზად არ არის.

ასეთი სისტემა დემოკრატიულ ევროპაშია მისაღები და არა ფეოდალურ საქართველოში. სიტყვა „ფეოდალური“ შემთხვევით არ გამომიყენებია. „ოცნების“ ანუ ივანიშვილის მმართველობა ფეოდალურია ან უარესი — ქურდული გარჩევით ქვეყნის მართვა.

მოდით გულახდილად ვთქვათ, არის თუ არა „ოცნება“ ის პარტია, რომელსაც აქვს თავისი იდეოლოგია, აწმყოსა და მომავლის ხედვა, საგარეო და საშინაო პოლიტიკისადმი საკუთარი მიდგომა. ერთი სიტყვით, ის აუცილებელი ატრიბუტები, რომლითაც ხალხს, ამომრჩეველს უნდა ხიბლავდეს და ეპაექრებოდეს სხვა პარტიებს. ასეთი პროგრამა საქართველოს არც ერთ პარტიას არ აქვს. არადა ამ ბედკრულ ქვეყანაში 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა. ყველა მათგანი მზად არის ხელისუფლებაში მოსასვლელად. თავხედობაც ამას ჰქვია.

და მივადექით ჩემს მიერ სტატიის თავში ნახსენებ სიტყვას „კრიზისს“— პოლიტიკურ კრიზისს. განა კრიზისი არ არის უამრავი პარტიის არსებობა ერთიციდა ქვეყანაში?! ბევრი პარტია — დემოკრატია არისო, ამბობენ ე.წ. პოლიტიკოსები. არა მეგობრებო! ბევრი პარტია ნიშნავს მუქთახორობით, ფულის იოლი გზით შოვნის სურვილს. ასეა საქართველოში და არა სხვანაირად.

ბევრი პარტია ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებაა; ყვავის უმუშევრობა; არავითარი გასაქანი არ აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს; უხვადაა დაუსაქმებელი ხალხი და თავის გადარჩენის, რაღაც ვირტუალური ოცნების შემყურე, პარლამენტში შესვლის სურვილით, პოლიტიკოსობას იწყებს — საკუთარი მრწამსით სრულიად შორს მყოფი პოლიტიკისგან. წარმოვიდგინოთ ასეთის (ასეთთა) გაპარლამენტარება რა მოუტანს ქვეყანას?

რაღა მომავალში, აწმყოში, დღეს რა მოუტანა ქვეყანას ივანიშვილის მიერ „ოცნებაში“ შეყრილმა სპორტსმენებმა, პოლიტიკისგან შორს მყოფმა ადამიანებმა? რა მოუტანადა  —გაუსაძლისი ყოფა, არა ეკონომიკა, არა სულიერება, არა ჯანმრთელი, საღი აზროვნება.

რა მოუტანადა — პარლამენტართა გამილიონერება, ძვირადღირებული საკუთარი ვილები, უთვალავი რაოდენობის ბინები, ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები, ფუფუნება, ერთ მუჭა პარტიელებს და მათ ირგვლივ მყოფთ — ყველაფერი, დანარჩენ უმრავლესობას — შიმშილი, სიდუხჭირეში ცხოვრება.

რა მოუტანადა — ივანიშვილის ქება-დიდება, ივანიშვილის მიერ დაპურებული ინტელიგენციის მხრიდან. ნეტავ როგორ გადასდით ყელში ივანიშვილის მიერ მირთმეული ლუკმა, როდესაც მათ ირგვლივ ბავშვები, ქალები, მოხუცები შიმშილით სულს ღაფავენ. ჯან-ღონით სავსენი სამუდამოდ ტოვებენ ქვეყანას, ერთ დროს სამშობლოს რომ ეძახდნენ, სხვა „სამშობლოში“ ლუკმა-პურის საძიებლად.

არაპროფესიონალი, თავხედი ბიჭ-ბუჭებით სავსე „ოცნება“ ისე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრს, თითქოს ის ანგარიშვალდებული არ იყოს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში მყოფმა „ოცნებამ“ იმდენჯერ შეცვალა პრემიერ-მინისტრი, რამდენჯერაც „ოცნებაში“ არსებულ ერთმანეთთან მოპაექრე ჯგუფებს მოეპრიანათ. იმდენჯერ დაგვაყენა ფაქტის წინაშე, რომდენჯერაც ივანიშვილს მოეპრიანა. არის თუ არა ეს პოლიტიკური კრიზისი?!

არის! და მერე როგორი?! ივანიშვილი, ყოველგვარ საჯარო, საპასუხისმგებლო საქმიდან შორს მდგომი, როგორც იმპერატორი კუბში, ისე ატრიალებს ხელისუფლებას და ქვეყნის ბედს. არის თუ არა ეს პოლიტიკური კრიზისი, „ძვირფასო“ ინტელიგენციავ — ივანიშვილის მეხოტბევ და საქართველოს მესაფლავევ?!

მელია დაიჭირეს! ვაშა, გადარჩა საქართველო. არჩევნებიდან დღემდე ამ თემაზე გადაგვატანინა ხელისუფლებამ ყურადღება უმძიმესი ეკონომიკურ-სოციალური ვითარებიდან, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. ხვალ სხვას მოიფიქრებს, ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისგან დაშორებულს.

სადამდის!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი