მიგვიღებენ თუ არა ნატოსა და ევროკავშირში? (26.05.2021)

როგორც ჩანს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც თითქმის 30 წელია ისმენს ერთიდაიგივე განცხადებებს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში შესვლის თაობაზე, კიდევ კარგა ხანს მოუწევს ამ „სასიამოვნო“ „ჰანგების“ მოსმენა. მე, ისღა დამრჩენია მოთმინება ვუსურვო ჩვენს ხალხს და იმასთან შეგუება, რაც გვაქვს.

ანტინატოელი ან ანტიევროკავშირელი შემედავება — რატომ უნდა შევეგუოთ იმას, რასაც სიკეთის მოტანა არ შეუძლია და გარდა ამისა ამ ორ ორგანიზაციაში გაწევრება ხომ არარეალურიაო?

ნატოსა და ევროკავშირში შესვლა-არშესვლას არაერთი სტატია მივუძღვენი — რამდენად შესაძლებელია ოცნების, სინამდვილედ გადაქცევა. ჩემი მოსაზრება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ნათქვამს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას ეფუძნებოდა, ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის თითქმის ყველა ხელისუფალის და ზოგიერთი ნატოელის ან ევროკავშირელის რიხიან განცხადებებს, გაკეთებულს ხალხის მოსატყუებლად, რომელთა მიზანი — ჩვენი მოსახლეობის დაიმედება, მუდმივი მომლოდინეს ჩარჩოებში ჩაყენება, იმედგაცრუებულის სხვისკენ, მეტადრე რუსეთისკენ არ გახედვა იყო.

ნატოსა და ევროკავშირში შესვლის თემა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლებას რაღაც ისეთი უნდა გამოეგონებინა, რომელიც გადაფარავდა მის უსუსურ საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ხელისუფლებას, რომელსაც არაფრის მიცემა არ შეუძლია ხალხისთვის, გარდა ტყუილი დაპირებებისა, ისღა დარჩენია ყურადღება გადაიტანოს უცხოურ ორგანიზაციებში გაწევრებაზე, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის ამ ორგანიზაციების შესახებ ან თუ იცის, ზედაპირულად.

მოსახლეობამ არც ის იცის, როგორ უნდა მოხდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება. ხელისუფალთა პროპაგანდის წყალობით მან იცის, რომ იქ შესვლა კარგია — მოგვცემენ ფულს, უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას და ა.შ.

ხელისუფლებისთვის, რომელიც საშუალო დონეზე მაინც ვერ უზრუნველყოფს ხალხის კეთილდღეობას, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის სატყუარა მოსწრებაა. ის სისტემატურად ილაპარაკებს ამ თემაზე მძიმე ცხოვრებიდან ყურადღების გადასატანად და ხალხის დასარწმუნებლად, რომ ცუდ ცხოვრებას, მოჰყვება კარგი, ჩვენი ევროატლანტიკელი პარტნიორების დახმარებით.

ცხოვრებისადმი მოსახლეობის ზერელე დამოკიდებულებამ და  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისადმი, აგრეთვე დასავლეთისადმი ნდობამ იცის ყოველივე.  დასავლეთმა ხალხი დაარწმუნა ორი ამერიკული ორგანიზაციის IRI-სა და NDI-ს უმწიკვლო მუშაობაში და რახან ასეა, მათ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც მიუკერძოებლად ტარდება. ხალხი ვერ ხვდება, რომ ორივე, მართალია, ვითომ საზოგადოებრივ საწყისებზე ფუნქციონირებს, მაგრამ რეალურად სახელმწიფო დაფინანსებაზეა და აქედან გამომდინარე დებს იმ შედეგებს, რომელიც მათ აწყობთ — რეალობისგან დაშორებულს.

ავიღოთ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის მაგალითი. გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 80% მხარს უჭერს იქ გაწევრებას, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების მსურველთა რაოდენობაც თვალშისაცემია. როგორ უთავსებს ჩვენი რესპონდენტი ამ ორ საკითხს ერთმანეთს, ჩემთვის ამოუცნობია. იქნებ სხვაშია საქმე, ანუ გაყალბებაში? რაც არ არის უსაფუძვლო, მაგრამ გარდა გაყალბებისა, სხვასთანაც გვაქვს საქმე. იმ 80%-დან, რომელიც ოცნებობს ნატო-ევროკავშირზე, რამდენია მართალი — 30, 35 თუ 40%?

დავუშვათ, 30% უჭერს მხარს ამ ორგანიზაციებში შესვლას — ეს რა, დამაიმედებელია?! უნდა გულწრფელად ვაღიაროთ, რომ დასავლეთმა მოახერხა ჩვენი მოსახლეობის 30%-ს ტვინის გამორეცხვა და თუ ასე გაგრძელდა, ეს პროცენტი 80-საც გადააჭარბებს, თან არა ფალსიფიკაციით, არამედ გულწრფელი მხარდაჭერით.

საქართველოს მოსახლეობის ნატო-ევროკავშირში შესვლის  სურვილი, ოფიციალური მონაცემებით, დღითიდღე მტკიცდება. დასავლეთმა ეს საკითხი მოაგვარა, აი, რაც შეეხება გაწევრებას — აქ ის მოიკოჭლებს, თანაც საგრძნობლად. მიგვიყვანეს ორივე ორგანიზაციის კართან და როგორც მორჩილი საქონელი, ზღურბთან მიგვაბეს, დაგვაიმედეს, რომ კარი ღიაა. გავიწიეთ „ღია კარისკენ“ და გვითხრეს — ღიაა, მაგრამ ჯერ ვერ შეხვალთ, ვიდრე მთელ რიგ საკითხებს არ მოაგვარებთო.

არაერთ სტატიაში ვწერდი მოუგვარებელი საკითხების შესახებ, რომლებიც არც მაშინ და არც დღეს, გვაძლევს ნატო-ევროკავშირის ზღურბლის გადალახვის შესაძლებლობას, თუმცა, როგორც ჩანს, ცოტამ თუ მიაქცია მას ყურადღება, რაც მაიძულებს კიდევ ერთხელ მივიპყრო გაწევრების ოპტიმისტთა ყურადღება და დავანახო მათ არის თუ არა ეს შესაძლებელი.

არც ევროკავშირს და არც ნატოს არ შეუძლიათ თავიანთ შემადგენლობაში მიიღონ ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს. ყველა სასაზღვრო საკითხი უნდა ჰქონდეს მოგვარებული ამ ორგანიზაციაში გაწევრების მსურველ ქვეყანას. ორივე ორგანიზაციაში შესვლის განცხადება ბრიუსელის, ისე, როგორც წევრი ქვეყნების მოსახლეობის მიერ უნდა შეფასდეს კონკრეტული კრიტერიუმებით: პოლიტიკური — ინსტიტუტების სტაბილრობა, რომლიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, უმცირესობების პატივისცემას და დაცვას; ეკონომიკური კრიტერიუმები: საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება, კონკურენტუნარიანობა; ადმინისტრაციული კრიტერიუმები: ინსტიტუტების მუშაობის უზრუნველყოფა, საკუთარ თავზე მოვალეობისა და პაუხისმგებლობის აღება.

ქვეყნის ამ ორგანიზაციებში შესვლის მზადყოფნას ადგენს ბრიუსელი და ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. ქვეყნის სტატუსს ამტკიცებს ევროკომისია, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირის საბჭო იწყებს კანდიდატთან მოლაპარაკების პროცესს.

რას ნიშნავს რეკომენდაციები? ეს ნიშნავს ბრიუსელის მიერ თავისი ნორმებისა და სტანდარტების კანდიდატი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში ჩანერგვას; ახალი ქვეყნის მათ ორბიტაზე მოქცევას; გაწევრების მსურველი ქვეყნისთვის ყოველივე ზემოთქმულის შესრულება არ იძლევა შესვლის გარანტიას თუნდაც ბრიუსელის პოზიტიური განწყობის დროსაც კი. საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს პოზიტიური განწყობა.

რა სურათი გვაქვს დღეს? მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე მიგრაციულ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისებიდან გამომდინარე ორივე ორგანიზაცია სკეპტიკურად არის განწყობილი მათ რიგებში ახალი ქვეყნების მიღებაზე. თუმცა გაფართოების სტრატეგია ევროკავშირის დღის წესრიგში რჩება — მას არ შეუძლია უარი თქვას ევროპული ღირებულებების, ფასეულობების, დემოკრატიის გავრცელებაზე.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ არც საქართველო და არც უკრაინა, რომელთანაც ჩვენ ვართ მიწეპებული გაწევრების თვალსაზრისით, არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს. უმთავრესი აქ ტერიტორიული საკითხებია, რომელიც გაწევრების შემთხვევაში ძალაუნებურად გადავა უკრაინა-საქართველოს მხრებიდან, ევროკავშირ-ნატოს მხრებზე. უნდათ მათ ასეთი ტვირთის აკიდება?

არა, ნამდვილიად არა. მაშ, რა გვსჯის, რა გვალაპარაკებს — აუსრულებლის ასრულებაზე?

პირველი — ეს არის ჩვენი მხრიდან ბრიუსელზე ზეწოლა და მეორე — საკუთარ ხალხზე, საკუთარ ამომრჩეველზე.

ზემოთ ვახსენე თვით ამ ორგანიზაციებში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის გადამწყვეტი როლის შესახებ ახალი წევრის მიღების დროს. საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი მონაცემები არ მომეპოვება, მაგრამ მაქვს უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც არც ამ ქვეყნისთვის და არც საქართველოსთვის, თვითკმაყოფილების შეგრძნების მომტანი არ არის. ჩვენც ხომ, უკრაინის მსგავსად აღგვიქვამენ, თუ უარესად არა?

გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის ევროკავშირში შესვლას მხარს გერმანიის მოსახლეობის 11% უჭერს, ფრანგების 13,8%, იტალიელების 18,6%, პოლონელების 21,2%.

მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე ნატო-ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ, რასაც ვხედავ არის დასამშვიდებელი განცხადებები და ნაბიჯები გადადგმული კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. მაგალითად ასეთი: „ასოცირებული ტრიოს“ შექმნა.

მკითხველისთვის ცნობილია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენის და მისი მოადგილის ნულანდის ვიზიტის თაობაზე უკრაინაში, რომელმაც ერთობ მძიმედ იმოქმედა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე. არადა, ის სხვაზე ოცნებობდა. როგორც ჩანს ამ ვიზიტის დროს წამოაყენა ბლინკენმა წინადადება უკრაინა, საქართველო, მოლდოვას ანუ „ასოცირებული ტრიოს“ შექმნის თაობაზე. და სამივემ დაუყოვნებლივ შეასრულეს ვაშინგტონის დავალება, რაც მათი საგარეო საქმეთა მინისტრების ხელშეკრულების გაფორმებით აღინიშნა კიევში.

იქ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ახალმა „ასოციაციამ“ ხელი უნდა შეუწყოს მასში გაერთიანებული ქვეყნების ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ზალკალიანმა თქვა: „ევროკავშირზე ორიენტაცია არის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას სუვერენული არჩევანი და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს (იგულისხმება რუსეთი) ჩვენი მიმართულების შეცვლას“.

სამთა კავშირი ისეთ სერიოზულ ძალას არ წარმოადგენს, რაიმე გავლენა იქონიოს რეგიონზე, მითუმეტეს ევროპაზე, მასში ინტეგრაციის დაჩქარების თვალსაზრისით, თუმცა მას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ აშშ-ი და ნატო, როგორც ინსტრუმენტს რუსეთზე ზეგავლენისთვის.

სამივე 2014 წლიდან ევროკავშირის ასოცირებული წევრები არიან. „სამთა კავშირს“ წინამორბედიც ჰყავდათ ე.წ. „სუამის“ სახით, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით შეიქმნა ვაშინგტონში 1999 წელს ნატოს საიუბილეო სამიტზე. მაშინ ამ ორგანიზაციაში საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი შედიოდა, მაგრამ მალე ამ ორგანიზაციას უზბეკეთი ჩამოშორდა, მოგვიანებით კი მისდამი ინტერესი გაფერმკლავდა. ამჯერად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რაც მოიფიქრა ისაა, რაზეც სამმა მოაწერა ხელი — იმავე მიზნით, იმავე ამოცანებით — წინამორბედი ორგანიზაციების მსგავსად.

რუსეთის წინააღმდეგ არის ეს ახალი ორგანიზაცია შექმნილი, ამასთანავე უკრაინა-საქართველოს დასამშვიდებლად. არადა დამშვიდების აუცილებლობა უდავოდ არსებობს, როდესაც თითქმის 25 წლის განმავლობაში ვითომ „ღია კარში“ შესვლას გთავაზობენ, მაგრამ სინამდვილეში ვერ შედიხარ, ვინაიდან დაკეტილია, დასამშვიდებელი აბი აუცილებელია და ეს აბიც მივიღეთ.

რაც შეეხება აშშ-ს დამოკიდებულებას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენთვისაც საინტერესო და საყურადღებოა.

მიუხედავად ზელენსკის აქაფებული თავისა, არც ბლინკენმა და არც მისმა მოადგილე ნულანდმა ამას ანგარიში არ გაუწიეს. პოლიტელიტასთან შეხვედრის დროს ნულანდმა ურჩია უკრაინელებს შეეშვან ნატო-ევროკავშირში „შეძრომის“ მუდმივ პედალირებას და მიხედონ ქვეყნის საშინაო საქმეებს.

ნულანდმა ისიც უთხრა მათ, რომ ნატოს ფირნიში ვერ უზრუნველყოფს უკრაინის ტერიტორიის გამთლიანებას, ვინაიდან არც ამერიკელი და არც ნატოელი არ იომებს უკრაინისთვის.

უნდა ითქვას, რომ ზელენსკისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ერთობ გასაკვირი აღმოჩნდა ამერიკელი მაღალი სტუმრების პრეტენზიები უკრაინის ხელისუფალთა მიმართ და მოთხოვნები სამომავლო გეგმების შესარულებლად. გაგაცნობთ ზოგიერთს: „ბლინკენმა მოითხოვა უკრაინის ყველა სახელმწიფო კორპორაციის უცხოელებისთვის გადაცემა; ანტიკორუფციული სამსახურის უცხოელებისთვის დაქვემდებარება; სასამართლო სისტემის უცხოელთათვის დაქვემდებარება.

ბლინკენმა დაავალა ზელენსკის იბრძოლოს ოლიგარქებისთვის ქონების შეკვეცის და მისი უცხოელთათვის გადასაცემად; ბლინკენმა მოითხოვა, რომ უკრაინაში მოღვაწე ამერიკელები ხელშეუხებლები იყვნენ უკრაინული კანონებისა და ხელისუფალთაგან. ამერიკელები საზოგადოების დამსახურებულ მოღვაწეებად უნდა იყვნენ მიჩნეულნი.

ნულანდმა ჩამოწერა ხელშეუხებელი ამერიკელების სია და ზელენსკის გადასცა. ბლენკენმა უბრძანა ზელენსკის თანამდებობაზე აღადგინოს „ამერიკის კაცი“, უკრაინის ნავთოგაზის ხელმძღვანელი კობოლევი, რომელიც ზელენსკიმ რის ვაივაგლახით გაათავისუფლა.

სტუმრებმა შეახსენეს ზელენსკის, რომ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა-გათავისუფლება აშშ-ნ უნდა იყოს შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რეიტინგი — 43%, რასაც ზელენსკი „ხატავს“ (ნულანდის ნათქვამი), 3%-ზე დავა.

ბევრი სხვა არასასიამოვნო რამ მოისმინა ზელენსკიმ „სტრატეგიული პარტნიორის“ მხრიდან, რაც თვალნათელი დასტურია უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის „მაღალი ხარისხისა“.

ვიმეორებ, ბლინკენ-ნულანდის კიევში ვიზიტი საქართველოს ხელისუფალთათვის სიღრმისეულად არის განსახილველი, შესაბამისი დასკვნების გაკეთებისთვის. მავანი შემედავება — უკრაინა სხვაა, ჩვენ სხვაო. გეთანხმებით, მაგრამ ნატო-ევროკავშირის ლამის 25-წლიან ძახილში, ბრიუსელის კარის ატალახებაში, შიდა პრობლემების მოუგვარებლობაში, საკუთარი პრობლემების სხვისთვის აკიდებაში (ნატო-ევროკავშირისთვის), ვითომ ეშმაკობაში, ყველასთვის რომ წინასწარ ცნობილია, წყლის წვეთებივით ვგავართ ერთმანეთს და რახან ასეა, ერთმანეთს ჩაგვახუტეს ნატო-ევროკავშირთან სათანამშრომლოდ, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, სხვა არცთუ სანაქებო საქმეების საკეთებლად.

პოლიტიკაში ძმობა და მეგობრობა უცხო რამაა, აქ მთავარი ინტერესია. აშშ-ს, ჯერ-ჯერობით მსოფლიო ჰეგემონს, ჩვენს მიმართ აქვს ინტერესი, ცხადია რუსეთიდან გამომდინარე. რუსეთი, აშშ-ს მოკავშირე რომ ყოფილიყო, საქართველოსადმი ინტერესი ნაკლები იქნებოდა. ამ მარტივი ფორმულის ამოხსნა საქართველოს მოსახლეობისთვის შეუძლებელი გამოდგა, არადა 30 წელია „დამოუკიდებლად“ ვცხოვრობთ, განა მცირე დროა შექმნილ ვითარებაში გარკვევისთვის?

ის, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა ნატოში შესვლა გარკვევით არ ითქვა ამ საუკუნის დასაწყისში ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის ძალისხმევით მოწვეული, ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები და მეცნიერები?

აჭარის იმჟამინდელმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ ყველა ღონე იხმარა, რომ საერთაშორისო კონფერენცია მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა. ებერტის ფონდმა კონფერენციის მასალების ნაკრები წიგნადაც გამოსცა, მაგრამ არც მაშინდელ და არც შემდგომ ხელისუფლებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე სპეციალისტთა მოხსენებების გაცნობა, რასაც ლაიტმოტივად გასდევდა სამხედრო ბლოკში საქართველოს ყოფნის მიუღებლობა.

რა გაეწყობა. ქართული პოლიტიკა მზად არ არის საერთაშორისო არენაზე არსებული ვითარების აღსაქმელად. მას სასურველი, სინამდვილედ ეჩვენება, რაც ხელს უშლის შესაბამისი დასკვნების გაკეთებაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი