სჭირდება თუ არა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას 99 წელი? ბედკრული საქართველოს ზეიმი (30.05.2021)

საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ 30-ე წლისთავზე მოწვეული პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, ქვეყნის ღირშესანიშნაობათა მონახულების მიზნით, სამხრეთ-ოსეთის საზღვართან მიიყვანეს. მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, უპირველესად რუსეთის წინააღმდეგ, მასპინძლებში დიდი კმაყოფილება და სიხარული გამოიწვია, რაც არ არის გასაკვირი, მითუმეტეს, როდესაც აქაურთა გულისტკივილს სხვაც იზიარებს, ვთქვათ პოლონეთი.

„გულისტკივილის“ გაზიარებაში მარტო პოლონეთი არ არის. მასთან ერთად, მასზე მეტად საქართველოს წუხილს ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები — ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ხომ იზიარებენ და იზიარებენ. გარდა ამისა, ნაკლები სახისხოკვით, მაგრამ მაინც, ჩეხები, რუმინელები, ბულგარელები, სხვები, ვინმე რომ არ გამომრჩეს, „დამრგვალებულად“ ვიტყვი — ყველა ევროკავშირელი.

მათი გლოვა ხშირად ისეთია, ჩვენსას რომ აჭარბებს, რაც სულაც არ არის გლოვით გამოწვეული. ის უფრო პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც თავისთავად რუსეთს — დიდი ამერიკის მიერ მსოფლიოს მტრად შერაცხულს.

ზემომოყვანილი ქვეყნები, აშშ-ს ყველა გადაწყვეტილების მუყაითი შემსრულებლები, ხელის ერთი აქნევით იცინიან და ტირიან, დღესასწაულობენ და გლოვობენ. თუ ვაშინგტონს სურს არ იგლოვონ, არ იწიკვინონ, მორჩილად თავს ხრიან — თანხმობის ნიშნად. მაგალითიც აქვეა, ისეთივე „დამოუკიდებელი და სუვერენული“, როგორიც ჩვენია, მას უკრაინა ჰქვია. ჰოდა, ამ „დამოუკიდებელს“, ვაშინგტონმა ისე დაუცაცხანა — თქვენი ანტირუსული ხმა არ გავიგონო, ვიდრე აშშ-რუსეთის პრეზიდენტები, ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიანო, როგორც ერთი წლის მჩხავანა ბავშვს.

ვაშინგტონს პოლონეთი არ გახსენებია, თორემ მასაც პატარა ბავშვივით აუწევდა ყურს.

ბატონმა დუდამ ნოყიერ ნიადაგს მიაგნო ანტირუსულ საქართველოში და ლანძღა და ლანძღა რუსთი, რაც შეეძლო. არც საქართველო ჩამორჩა სტუმარს „კეთილშობილურ“ საქმეში. 30-წლიანი დამოუკიდებლობა მოითხოვდა ამას — ასე თვლიან ქართველი პოლიტიკოსები იმ განვლილ წლებს, ისინი რომ დამოუკიდებელს უძახიან, ხოლო სინამდვილეში ევროატლანტიკურ სივრცეზე რომ არის მიჯაჭვული.

„თავისუფალიო“— ისე განაცხადეს სამხედრო აღლუმზე გამოსულმა ორატორებმა, თითქოს ეს თავისუფლება ბრძოლით, ოფლით და სისხლით მოიპოვა ქვეყანამ და არა „საძულველი“ კრემლის გადაწყვეტილებით. რა გაეწყობა, ასეთია ამაყი და მებრძოლი ქართველობის ვერდიქტი საკუთარ ისტორიასთან დაკავშირებით. სიმონ მასხარაშვილი, დათო ტურაშვილი,ლაშა ბუღაძე, სხვა ისტორიკოს-მწერლები ისეთ „შედევრს“ დაუტოვებენ მომავალ თაობას, როგორიც ჩვენ დაგვიტოვეს ვაი ისტორიკოსებმა და ჟამთაღმწერებმა.

ისტორიით დაინტერესებული თითო-ოროლა შთამომავალი თანამედროვე ისტორიკოსთა ნაცოდვილარს, მათ შორის მასხარაშვილის, მასხრობის ნაცვლად სერიოზულად აღიქვამს და განვლილ 30 წელს მოწამებრივად ჩათვლის — ქართველთა გმირულ ბრძოლად რუსული ტირანიის წინააღმდეგ.

სამარადისო მივიწყებას ჩაბარდება მეფის რუსეთის მიერ „დაპყრობილ“ საქართველოში განხორციელებული კეთილი საქმეები — კულტურულ-საგანმანათლებლო სახის. აღარაფერს ვამბობ თვით ერის ფიზიკურ გადარჩენაზე. მუსლიმანურ სამეზობლოსთან განუწყვეტელი ომების შედეგად, ლამის ნახევარმილიონამდე დასულმა ქვეყანამ, სწორედ რუსეთის კალთებქვეშ ჰპოვა სიმშვიდე, რასაც ერის გამრავლება მოჰყვა.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ქართული პოლიტიკა აინუნსშიც არ აგდებს თვით ამ მოედნის, ისე, როგორც რუსთაველის დღევანდელი პროსპექტის, იქ განთავსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის ოპერისა და ბალეტის თეატრის, რუსთაველის დრამატული თეატრის, ახალგაზრდობის სასახლის (რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენციის) სხვა შენობების გაჩენის ისტორიას. არც საბჭოთა პერიოდში აშენებულ ფუნდამენტურ შენობა-ნაგებობებს მიიჩნევს გახსენების ღირსად. 70-წლიანი საბჭოთა პერიოდი კი გაიხსენეს, მაგრამ ვაი ამ გახსენებას — ღვარძლიანს, დაბოღმილს. არადა მეფის რუსეთი და საბჭოთა კავშირი რომ არ ყოფილიყო, რომელ დამოუკიდებლობას ვიზეიმებდით?!

მენშევიკების შთამომავალმა, საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა ქოქოლა დააყარა საქართველოს საბჭოურ პერიოდს, რაც მისგან გასაკვირი არ არის. გასაკვირია, უმადური ქართველების დამოკიდებულება ნამდვილი ისტორიისადმი და არა ვაი ისტორიკოსების მიერ შეთითხნილისადმი. არადა, სწორედ საბჭოურმა 70-წლიანმა პერიოდმა მოუტანა საქართველოს უდიდესი წარმატებები კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სპორტის და სხვა დარგებში.

მენშევიკი პრეზიდენტის წინამძღოლობით მავალმა საქართველომ, ერთი ხელის დაკვრით, დაგვავიწყა მენშევიკთა უნიათო, შიმშილიანი მმართველობის 1918-21 წლები, საქართველოდან გაქცევა და ქვეყნის სიმდიდრეების ხელს გაყოლება. რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში ერთ-ერთი სატელეფონო ჩართვის ავტორმა წამყვანს და დასავლეთს, განსაკუთრებით საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს შარლ დე გოლს მადლობა გადაუხადა ქართული განძის დაბრუნებისთვის.

არც ერთი სიტყვა ამ განძის დამბრუნებელ სტალინზე, რომლის თხოვნა აღასრულა დე გოლმა, რომელმაც საქართველოს შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ სტალინის სამშობლო იყო. მან ამ განძის არსებობის თაობაზეც არაფერი იცოდა. სტალინისგან გაიგო განძის ისტორია. რა ჰქვია ამას, თუ არა უმადურობა?!

უმადურობითაა შეპყრობილი მოზეიმე საქართველოს სტუმრის ქვეყანაც — პოლონეთი, რომელიც, დღიდან სოციალისტური წყობის დაშლისა, ლანძღვა-გინებით იკლებს გარდაცვლილ საბჭოთა კავშირს და მის მემკვიდრე, ჯან-ღონით სავსე რუსეთს. არადა, რომ არა წითელი არმია, გერმანული ფაშიზმი ოთხში ამოიღებდა პოლონეთს და ისეთ ცხოვრებას არგუნებდა, ოსვენციმის საკონცენდრაციო ბანაკი ედემად მოეჩვენებოდა.

საბჭოეთის წყალობით გენოციდს გადარჩენილმა პოლონეთმა, სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით წითელი არმიის მიერ დამარცხებული გერმანიის ტერიტორიებით გამდიდრებულმა, ჯიკაობა დაუწყო საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთს, დაივიწყა სიკეთეები, რომელთა ჩამოთვლაც კი ნათელი დასტურია საბჭოური ხელგაშლილობის და თანამედროვე პოლონელი პოლიტიკოსების უმადურობის.

უმადურთა რიცხვს მიეკუთვნებიან ბალტიისპირელები და ყველა ისინი, ვინც უკვე ვახსენე, მაგრამ ნაკლებად ფინელები. სულ ახლახანს გაზეთი Ilta-Sanomat წერდა: „კულტურის, ეკონომიკის და კანონმდებლობის საკითხებში რუსეთის იმპერიაში შემავალი ფინეთის დიდი სათავადო გაცილებით უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ევროკავშირის წევრი ფინეთი.

რუსეთის იმპერიაში არ იყო „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ მცნება. ფინელები თვითონ ზრუნავდნენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ისინი სარგებლობდნენ რუსული იაფი ხორბლით, ხოლო ფინური ექსპორტი ვრცელდებოდა, როგორც დასავლეთზე, ისე აღმოსავლეთზე. ფინეთის სულიერი ცხოვრება მატერიალური თვალსაზრისით ღარიბულად მოსჩანდა, მაგრამ წიგნები, ნახატები, სიმღერები არ ჩამოუვარდებოდა 2020 წლისას. რუსეთის იმპერიაში ყოფნას ხელი არ შეუშლია ფინეთის ხელოვნებაში დასავლური გავლენის გაჩენას. კამათი, დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან იშვიათად იმართებოდა, ვიდრე დღეს.

რაც შეეხება რუსეთის საერთო სახელმწიფოებრივ კანონებს, ისინი შეადგენდნენ მემილიონედ ნაწილს ევროკავშირიდან მიღებული დირექტივებისა. ფინეთში იყო საკუთარი სეიმი. ამას უნდა დაემატოს ის, რომ რუსეთის ძალაუფლება სტაბილური იყო და იმპერიები დაფუძნებული მათ შემადგენლობაში შემავალი ხალხების ფიცზე, გაცილებით უკეთ ფუნქციონირებდა, ვიდრე ხელშეკრულებით მოქმედი ევროკავშირი“.

სტატიის დასაწყისში ვახსენე „ღირშესანიშნაობა“, სიტყვა, რომელსაც ტრადიციულად ვიყენებდით და ვიყენებთ ისტორიის ან კულტურის ძეგლების დათვალიერების დროს. წინათ ასე ვწერდით — სტუმრებმა დაათვალიერეს ქ.მცხეთის ღირშესანიშნაობები, მოინახულეს ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის ტაძარი და ა.შ. დღეს, ამ მართლაცდა ღირშესანიშნაობებს გვერდით ჩაუქროლებენ ჩვენი სტუმრები და ავტომანქანის ფანჯრებიდან თუ შეავლებენ თვალს — მასპინძელთა მწირი განმარტებებით.

როგორც ჩანს, უწიგნურმა მასპინძელმა, რომელსაც ევროპული „ღირებულებების“ და „ფასეულობების“ აპკი აქვს გადაკრული თვალსა და ტვინზე, ცოტა რამ იცის საკუთარის თაობაზე. რაც იცის — ისიც მრუდედ.

რა გაეწყობა, ნამდვილი ღირებულებები ანუ კულტურის და ისტორიის უნიკალური ძეგლები, ხელისუფალთა „განსწავლულობით“ ახლით, მავთულის გამყოფი „ღობით“ ჩანაცვლდა. ნეტა რა არის იქ სანახავი? ის, რომ „იქით“ რუსეთის დროშა ფრიალებს სამხედრო ბაზის შენობაზე?

საინტერესო აქ არაფერია. საინტერესო ისაა, რატომ გაჩნდა ერთ დროს, ყოფილი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა? იქნებ 30-წლიანმა ე.წ. დამოუკიდებლობამ გვიძღვნა ასეთი საჩუქარი? იქნებ საქართველოს ხელისუფალთა „გამჭრიახმა“ გონებამ გვარგუნა მავთულხლართები და არა რუსულმა აგრესიამ?

ეს, ის კითხვებია, რომლებზეც ევროკავშირის სპეცკომისიამ, 2008 წლის ომის შემსწავლელმა, რახანია გასცა პასუხი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, თვალს ვხუჭავთ — ჩვენ არაფერს შუაში ვართო, ისინი არიან დამნაშავეებიო“, — ხელს ვიშვერთ რუსეთისკენ და ჩვენი „სინამდვილის“ დასამტკიცებლად, 2008 წლიდან მოყოლებული, გამუდმებით გავყვირით დასავლეთის ყურადღების მოსაპყრობად.

სტუმარს-სტუმარზე ვაახლებთ მავთულხლართებიან მიწას — ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ძალისხმევით სამხრეთ-ოსეთისთვის გადაცემულს — ამჯერად დამოუკიდებული ქვეყნისთვის, იმხანად, საბჭოეთის პერიოდში, საქართველოს იურისდიქციაში ავტონომიურ  ოლქად არსებულის.

სიტყვა „გავყვირით“ ვახსენე. დიახ! გავყვირით, მაგრამ ქართული ზერელე შემართების გათვალისწინებით უნდა გითხრათ, რომ ამ ყვირილში იძულება ჭარბობს ნამდვილ ემოციებს. გულწრფელი ემოციების დრო განვლილმა წლებმა გააქარწყლეს. მაშ რასთან გვაქვს საქმე?

შეკვეთილ „ემოციასთან“, რომელსაც ყვირილიც ახლავს და შიშველი უკანალის ჩვენებაც იმათთვის, ვინც რუსულდროშიან შენობაში იმყოფებიან. გაფრთხილდით, პირდაპირ მიპატიჟებად არ ჩათვალონ შიშველი დუნდულების დემონსტრირება, მითუმეტეს გაევროპელებული აქაურებისგან.

საქართველოს აყვირებენ და ჩვენც ვყვირით, რაშიც მყვირალები და მათი აქაური დამკვეთები, ხელისუფლებისა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახით გვარიან თანხებს იღებენ. საქართველო კმაყოფილია, შრომა დაუფასდა, ევროატლანტიკური სივრცეც, რუსეთი „გააშავეს“. დაუშავდა ამით რუსეთს რამე? არც არაფერი! ვინაიდან რუსეთი დიდია და ძლიერი, თან იმდენად ძლიერი, ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორიც რომ ანგარიშს უწევს.

ზემოთ ვახსენე ვაშინგტონის მიერ უკრაინის გაფრთხილება ბაიდენ-პუტინის შეხვედრამდე რუსეთის გინების შეწყვეტასთან დაკავშირებით. რით არის ეს გამოწვეული, თუ არა შეხვედრის გამართვის უდიდესი სურვილით. „თეთრ სახლს“ ეშინია, რომ ანტირუსული რიტორიკა, როგორც ამერიკის, ისე მისი ყმა ქვეყნების მხრიდან გადაათქმევინებს პუტინს ჟენევაში, 16 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას, მითუმეტეს, როდესაც რუსი პოლიტიკოსები არაფერს მოელიან ამ შეხვედრისგან.

აშშ-რუსეთის ურთიერთობები ამერიკელთა წყალობით ისეთ ჩიხშია შესული, ათასი ელმავალი იქნება საჭირო იქიდან გამოსაყვანად. მაინც რამდენი ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს ორთა შორის დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად? და ეყოფა დემენციაშეპყრობილ აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს ენერგია შეხვედრების ციკლის გასამართად და შემდეგ აშშ-ს კონგრესში საკუთარი პოზიციების დასაცავად?

ამ კითხვებს პასუხი 16 ივნისის შემდეგ გაეცემა, როდესაც ბაიდენი შინ დაბრუნდება. ჟენევის მოლაპარაკების ოპტიმისტური დასრულების შემთხვევაში, დღევანდელთან შედარებით განსხვავებულ სურათს მივიღებთ, ყოველ შემთხვევაში უარესს, ნაკლებად, ვიდრე დღეს, რაც საქართველოს ხელისუფალთათვის სერიოზული გამოცანა გახდება. ვაშინგტონზე ჩამოკიდებულს არ მოუწიოს რუსეთის უკანალზე კოცნა, თუმცა თავმოყვარეობადაკარგული ქართული პოლიტიკისგან სხვას რას უნდა ველოდეთ?!

საზეიმო ღონისძიებაზე ზურაბიშვილმა ნამახვანიც ახსენა — საკითხი უსერიოზულესი, რომელიც ყველა ჩვენგანის მხარდაჭერას ითხოვს, მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას? არც არავინ, გარდა პროტესტანტებისა.

30 წლის განმავლობაში ე.წ. დამოუკიდებლობამ ისე მოუღო ბოლო პატრიოტიზმს, როგორც გაზაფხულმა თოვლს. ხელისუფლება-ოპოზიციას ეკოლოგიასა და ელექტროსადგურის კაშხლის მდგრადობაზე გადააქვს ყურადღება, რითაც ცდილობს დაფაროს მთავარი — ერთი საუკუნით მდინარე რიონის ხეობის თურქეთისთვის სესხება.

თურქულ კომპანიას — ხელშეკრულების მიხედვით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეეძლება ნასესხები ტერიტორიის, მისი წიაღისეულის, ლანდშაფტის გამქირავებელთან შეუთანხმებლად ექსპლუატირება. რას ნიშნავს ეს, თუ არა ქვეყნის ტერიტორიის გაყიდვას?

თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ 99 წლის შემდეგ თურქეთი უსუსურ საქართველოს ნასესხებს დაუბრუნებს, ძალიან ცდება.  თურქთა მიერ შემოღობილში მცხოვრებნი თავისთავად ისეთივენი გახდებიან, როგორც ახალი პატრონები. განა მსგავს არ აქვს ადგილი შემოუღობავ აჭარაში?

ხელისუფლება ხელს ითბობს, არც აწმყოზე ფიქრობს და არც მომავალზე. სამწუხაროდ, არც ქართველები ვფიქრობთ, თორემ დავსვამდით მარტივ კითხვას — რა დრო სჭირდება ელექტროსადგურის აშენებას — 99 თუ 10, 5 წელი და რა კავშირშია  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ტერიტორიების გასხვისებასთან?

სამხრეთ ოსეთის მავთულხლართებზე ვყვირით, ვინაიდან რუსეთს ვუკავშირებთ, მაგრამ არაფერს ვამბობთ ხელისუფლების „ხელგაშლილობაზე“, რომლითაც თურქეთმა იხეირა. არის რამე განსხვავება ამ ორი ტერიტორიის დაკარგვაში?

თუ პირველი სააკაშვილმა ომით დაკარგა, მისმა შემცვლელმა ივანიშვილმა საკუთარი ნებით. რომელია უფრო საგანგაშო — მკითხველმა განსაჯოს. ჩემის აზრით კი, ორივე ქვეყნისთვის დამღუპველია.

გაივლის საუკუნე და თუ საქართველო გადაურჩა ბედოვლათ საკუთარ ხელისუფლებებს, თურქეთის მიერ შემოღობილ ტერიტორიებთან მივიყვანთ პოლონეთის მსგავს სტუმრებს მხარდასაჭერად.

აი, ასეთ პირობებში „ვზეიმობთ“ 30-წლიან დამოუკიდებლობას. ისე, კაცმა რომ თქვას რა გვაზეიმებს შიმშილის პირას მისულ ხალხს? საზეიმო განწყობა მხოლოდ ხელისუფალთ აქვთ, რისთვისაც მილიონობით ფულს ფლანგავს, ისევ ღატაკი ყმების ჯიბიდან ამოღებულს.

როდესაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით საშუალოდ დღეში 20 ადამიანი კვდება, ზეიმი რა მოსატანია? როდესაც კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები საათობით იზრდება, ზეიმი გადაგვარჩენს?

26 მაისობა ჩავლილიც არ იყო, რომ ხელისუფლებამ „გვახარა“ — გაზზე ფასს 8 თეთრით ვზრდიო. ვაშა, დამოუკიდებელ საქართველოს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი