გაღატაკებული საქართველო და მეზობლებთან განხორციელებული ვიზიტები (21.05.2021)

ამ რამდენიმე წლის წინათ, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, ვალერი კვარაცხელიას ღამის გადაცემაში საუბარი ჩამოვარდა თანამედროვე ქართველთა თავაშვებულ, ზეთავისუფალ ქცევაზე — ქართული ტრადიციებისა და კულტურისთვის აშკარად შეუფერებელზე, რომლის დროს განვაცხადე, რომ მალე მამაკაცებს კოლგოტებს ჩაგვაცვამენთქო, რასაც უმალ მოჰყვა სტუდიაში სატელეფონო ზარი. ჩემი ნათქვამით გაღიზიანებულმა მაყურებელმა თქვა — თქვენი არ ვიცი, ბატონო ჰამლეტ, მაგრამ მე, კოლგოტებს არ ჩავიცვამო.

თუ ის განაწყენებული მაყურებელი შემთხვევით ამ სტატიას წაიკითხავს, ვიმედოვნებ გაიხსენებს ჩემს ნათქვამს და შესაბამის დასკვნებს გამოიტანას, თუმცა დარწმუნებული არ ვარ არც მის მიერ სტატიის წაკითხვაში, მითუმეტეს საღი დასკვნების გაკეთებაში.

ის, მუდამ დარჩება „კდემამოსილ“ ქართველ „ვაჟკაცად“, რომელიც ვერასდროს დაინახავს იმ საშინელებათა კასკადს, საქართველოს თავს რომ ტრიალებს — ეკონომიკურ-სოციალურით დაწყებული, მორალურით დამთავრებული. მარტო ის? — ისმის კითხვა. სამწუხაროდ, არა მარტო ის, არამედ მის გვერდით, შინ და გარეთ მცხოვრები ქართველი, ლუკმა-პურის ძიებაში დაღლილ-დაქანცული, სადღეისოდ და სამომავლოდ იმედდაკარგული.

მიზეზი გაუკუღმართებული ყოფისა მრავალია, მათ შორის კი გამოკვეთილად მოსჩანს ერთი მუჭა ქართველთა ღორმუცელობა, გამდიდრების დაუოკებელი სურვილი და ამ სურვილის მისაღწევად უკანონო, ამორალური ქმედება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ რასაც მიაღწია ენით აუწერელი სიღარიბე, სოციალური ვითარების უკიდურესი გაუარესება, ზნეობის დაცემაა. სწორედ დაცემული ზნეობაა ის უმთავრესი მამოძრავებელი, რომელიც ანადგურებს ეკონომიკას, ხელს უწყობს საყოველთაო გაღატაკებას. საქართველოში ბობოქრობს ველური კაპიტალიზმი, რომელმაც ამოძირკვა მოსახლეობის სუსტი საშუალო ფენის წარმოქმნის შესაძლებლობა და ქვეყანას — მსოფლიოს ჩამორჩენილ ე.წ. მესამე ქვეყნების მაგალითზე, ერთი მუჭა მდიდრები და გაღატაკებული მოსახლეობის 90%-ი არგუნა.

დაყოფა თვალნათელია, მდიდართათვის საამაყოც, რაც შეეხება ღატაკებს, ვიმეორებ ლუკმა-პურის საშოვნად უსასრულოდ მოხეტიალეს, იმედგაცრუებულსა და მორალურად დაცემულს, ხელისუფალთა ხელმრუდეობაზე რეაქციადაკარგულს, ისღა დარჩენია თვალი გააყოლოს „შავ ჯიპებში“, „პორშეებში“, „როლს-როისებში“ გამოჯგიმულ ბადრი მთვარის მაგვარი პირსახის მატარებელ ხელისუფლება-ბიზნესს — ხელიხელჩაკიდებულ-შეხმატკბილებულად ერთად მოსიარულეს.

ივანიშვილის მეცადინეობით შეიქმნა სახელმწიფო სისტემა, რომელმაც ერთმანეთს ჩაახუტა ბიზნესი და პოლიტიკა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები. პოლიტიკოსები გახდნენ ბიზნესმენები, ბიზნესმენები — პოლიტიკოსები. შედეგი? სავალალო — პოლიტიკა ვერ აკონტროლებს ბიზნესს მარტივი მიზეზის გამო — ბიზნესის გაკონტროლება საკუთარი თავის გაკონტროლებაა.

ეს ტანდემი ხრავს ქვეყნის ბიუჯეტს, მის წიაღისეულ სიმდიდრეებს, აწესებს გადასახადებს, ნთქავს გრანტებს, ყიდის უძრავ-მოძრავ ქონებას, განუსაზღვრელი მასშტაბით ისქელებს ჯიბეს, თავდავიწყებით იათკეცებს საკუთარ ქონებას, თბილისსა და თბილისის შემოგარენში აშენებს ფეშენებელურ დასახლებებს, მოჭარბებული სიხარბით გამოწვეული ასეულობითა და ათასობით კვ.მეტრის საცხოვრებელი ფართით, საცურაო აუზებით, ჩოგბურთის კორტებით, სავარჯიშო დარბაზებით, თუმცა არც ერთ მათგანს ვარჯიშისა არაფერი ეტყობათ.

ივანიშვილის ახალი „კლასი“ — სხვისი ოფლითა და შრომით გაზულუქებული, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხით გალაღებული, იმავე ხალხის მტანჯველად და მწამებლად ჩამოყალიბებული, ხალხის, ქვეყნის, პრობლემების ფეხებზე დამკიდებელი, წარბშეუხრელად აგრძელებს საქმიანობას. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მიეცათ მათ ფართო გასაქანი. „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მათ გარანტია უდარდელი ცხოვრებისა.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მათი წინამორბედი ნაცების სინანულზე — ნაკლები მოვიპარეო. ქვეყნის ძარცვაში არც ისინი იყვნენ მოკრძალებულნი, მაგრამ „ოცნებამ“ ყველა რეკორდი მოხსნა — სიღორისა და სიხარბის რეკორდი. არც ერთს და არც მეორეს ხალხი არაფრად მიაჩნდათ და მიაჩნიათ, არც ქვეყანა. ეს უკანასკნელი მათთვის მეწველი ძროხაა, რომელსაც თივასაც არ უყრიან.

ივანიშვილის „კლასი“, ჩლუნგი აზროვნების მატარებელი, ისეთი პრობლემით არ დაიტვირთავს თავს, ზნეობა რომ ჰქვია და აქედან გამომდინარე გადაგვარება. ის შეასრულებს ყველა დავალებას წამოსულს დასავლეთიდან — ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, განამტკიცებს კანონებით — გაურკვეველი, ბურუსით მოსილი ენით, რომელიც ლგბტ-საც დაიცავს და გეი-პარადებსაც.

რაც შეეხება ხალხს, რას აკეთებს ის? არც არაფერს. ლუკმა-პურის ძებნით გათანგულს აღარც ლგბტ-ს საჯარო შეკრებები აინტერესებს და აღარც ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ნეტავ სად არის ის „ვაჟკაცი“ ქართველი, სატელევიზიო ეთერში რომ გვიმტკიცებდა — კოლგოტებს არ ჩავიცვამო?

ნეტავ სად არის ღმერთის მიერ ხალხის „მხსნელად“ მოვლენილი ლევან ვასაძე, რომელიც უწინ ნერვებს იწეწავდა და ხალხსაც აქეზებდა ლგბტ-ს აქტივობის საწინააღმდეგოდ?

როგორც ჩანს „მესამე ძალად“ პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი ძალავს და ბარიერს უქმნის ანტიმამათმავლური, დედათმავლური განცხადებების გაკეთებაში. იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამოქმედდება პატრიოტულად, ქართულად?

კიკეთის ვასაძისეული 20000-ჰექტრიანი დასახლების პატრონს, ნაცვლად ბრტყელი, „ქართული დაპირებებისა“, კონკრეტული, თუნდაც ერთი საქმე რომ გაეკეთებინა ბედკრული ლტოლვილებისთვის — საცხოვრებელი სახლის აშენების თვალსაზრისით, ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ ასეთი ქველმოქმედება, როგორც მას, ისე სხვა ე.წ. ქართველ ბიზნესმენებს, ფულის ფუჭი ყრა ჰგონიათ. ამ აზრისაა ერის „მხსნელი და გადამრჩენელი“ ივანიშვილიც.

შეკითხვაზე — რატომ არ ეხმარება ლტოლვილებს, მან მოიბოდიშა და თქვა — გამომრჩა, მაგრამ აუცილებლად ავუშენებ მათ საცხოვრებელ კორპუსსო. თქვა და … .

ოთხ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ. ლტოლვილები ისე ცხოვრობენ, როგორც ადრე — არაადამიანურ პირობებში. ასეთში მცხოვრები იფიქრებს ლგბტ-ს შემოტევაზე ან კონსტიტუციაში შეტანილ ფრაზაზე — ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და არა კაცის და კაცის, ქალის და ქალის?

17 მაისს ლგბტ-ს მიმდევრებმა და აქტივისტებმა დედა-ენის ბაღში შეკრება გამართეს, რითაც მსოფლიო ლგბტ-ს ხმა მიაწვდინეს, მათი არსებობის და შეუპოვარი ბრძოლისა. იმ დღეს ქართული ელექტრონული მედია მხოლოდ ლგბტ-ს ხსენებით იყო დაკავებული და რეაქციულ ქართველობას ტოლერანტობისკენ მოუწოდებდა. რადიო „თავისუფლებამ“ დილის ეთერში ლამის ერთი საათი დაუთმო ამ თემას, სტუდიაში მიწვეულ ლესბოსელთან ერთად.

ქართულ მედიას ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავისთვის არ დაუთმია იმდენი დრო, რამდენიც მან ლგბტ-ს და ტოლერანტობას დაუთმო, რაც იმის მომასწავლებელია, რომ ლგბტ-ეობა სულ მალე ისეთივე ზეიმად გადაიქცევა, როგორიც გამარჯვების დღე და საქართველოს დამოუკიდებლობა.

9 მაისიდან 26 მაისამდე შუალედს ლგბტ-ს ზეიმი დაიკავებს. ვაშა, თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ და რაც მთავარია ტოლერანტულ საქართველოს.

არაერთხელ აღმინიშნავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და პოლიტიკის ჰარმონიულად განვითარების თაობაზე. ისიც მითქვამს, რომ ძლიერი საშინაო ვითარება, ქვეყნის განვითარება, პირდაპირ კავშირშია წარმატებულ საგარეო პოლიტიკასთან და რახან ასეა, ნუ გაგიკვირდებათ საქართველოს უსუსური საგარეო თამაშის, რომელსაც ის აწარმოებს საერთაშორისო არენაზე.

უცხოელის თვალში საქართველო არასტაბილურ ქვეყნად მოსჩანს, რაც თავისთავად არ აძლევს მას არასტაბილურობაში ჩადოს ინვესტიცია. არც დებს, რამაც მომაკვდინებლად იმოქმედა ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სისტემაზე, მათი გაუარესებით ყველა ჩვენგანზე. ეს არ ეხება ივანიშვილის მიერ შექმნილ „კლასს“, რომელიც მიუხედავად ქვეყნის ბიუჯეტის სიმწირისა, საკუთარ სახრავს არ იკლებს.

ბუნებრივი რესურსების მოკრძალებული მარაგების მქონე ქვეყნის შემოსავალი ისევ ბუნებრივ რესურსებს ანუ უფრო ზუსტად ბუნებრივ, გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება. სწორედ ამ ბუნებრივმა სიმდიდრემ მისცა მას საშუალება გადაქცეულიყო სატრანზიტო დერეფნად. სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, აზერბაიჯანის ენერგომატარებლების თურქეთსა და ევროპაში გატანა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება მცირედი ნაწილია იმ სიკეთეებს შორის, სატრანსპორტო დერეფნობა რომ აძლევს ქვეყანას.

„ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც ნაცთა მმართველობის შემდეგ ჩაიბარა ქვეყანა, უდტვრინელად აგრძელებდა მდინარის პირას ქვიშაში კოტრიალს და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა სამეზობლოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, სატრანზიტო ქვეყნების ვითარებას, ახალ გამოწვევებს, რომლებიც უტევდნენ მათ და აიძულებდნენ ეფიქრათ პარალელური გზების შექმნის ან ძველის დახვეწა-გაფართოებაზე.

ისე, როგორც ყოველთვის დამოუკიდებლად ცხოვრების 30-წლიანი ციკლის პერიოდში, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ მიუქცევია მეზობლების შემოთავაზებაზე სატრანზიტო ქსელის გაფართოების თვალსაზრისით. სიზარმაცის გამო საქართველოს ხელისუფლებას ხელზე ჰქონდა და აქვს დახვეული რუსეთის აგრესორობა და ოკუპანტობა, მისთვის სატრანზიტო მიმოსვლაზე ბარიერების დაწესება. ამ მოტივით დაიბლოკა ჩრდილო კავკასიასა და საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა.

სუეცის არხში მომხდარმა ამასწინანდელმა ავარიამ და მრავალდღიანმა დაბლოკვამ სერიოზულ დონეზე დააყენა ალტერნატიული გზების გამოძებნისა და მშენებლობის საკითხი. გააქტიურებული ყურადღება მიიპყრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული ტვირთების ირანის, აზერბაიჯანის, რუსეთის გავლით ევროპაში გატანის საკითხმა. რუსეთმა კვლავ გაუწია რეკლამა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სატრანზიტოდ გამოყენებას. აღდგა ლაპარაკი ირან-სომხეთს შორის მცირე სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე, რომლითაც ირანი უკავშირდება სომხეთს და საქართველოს — ცხადია საქართველოს ხელისუფალთა თანხმობით.

ირანისთვის ეს იქნება სამხრეთ-ჩრდილოეთის მეორე მარშრუტი. პირველზე მოგახსენეთ. ის უკვე მუშაობს.

საქართველოს ხელისუფალთათვის უღრუბლო ცაზე მოულოდნელად გაჩნდა ღრუბლები — ყარაბახის ბოლო ომით გამოწვეული და ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაფართოებით.

ყარაბახში რუსი სამშვიდობო ძალები დგას, რაც ახალი ომის დაწყების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს, ამასთანავე მხარეებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, რუსეთის თანდასწრებით უბიძგებს შეიმუშაონ ეკონომიკური და საკომუნიკაციო ურთიერთობების პროექტი. სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერს აქვს მიცემული ასეთი დავალება და თუ მან მოქმედება დაიწყო, საქართველო განზე დარჩება ანუ მისი სატრანზიტო ფუნქცია განახევრდება.

აზერბაიჯან-სომხეთი, შემდგომში თურქეთი, საქართველოს გვერდის ავლით, გადაზიდავენ ტვირთებს, გადაიყვანენ მგზავრებს — გაცილებით მოკლე გზით.

სომხეთ-თურქეთთან კავშირს გააქტიურებს რუსეთიც — აზერბაიჯანის სატრანზიტო დერეფნით, ანუ რუსეთს საქართველოსთან სახვეწარი აღარაფერი ექნება, ცხადია ტრანზიტიდან გამომდინარე.

საქართველო, თავისი ევროატლანტიკური კურსით, ბუნებრივად ამოვარდნილი აღმოჩნდა ამიერკავკასიის მარშრუტიდან და მთლიანად რეგიონიდან, ვინაიდან აქ ნატო-ევროკავშირის მოტრფიალეთა რაოდენობა ნულის ტოლია, თუნდაც ნატოელი თურქეთის ჩათვლით. „მშვიდობის მოყვარე“ საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს ამ პროექტის შესაჩერებლად თუ არა მასში საკუთარი ადგილის მოსაძებნად. სომხეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა კარგს არაფერს უქადის ნატოში შესვლის მსურველ საქართველოს.

აი, ამ ფონზე განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ორი ვიზიტი ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში. ორივე იყო მისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანი, ვინაიდან სომხეთია ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკურ-საკომუნიკაციო პროექტისთვის წყლის შეყენება. შეძლებდა ამ სურვილის ხმამაღლა გამოხატვას ღარიბაშვილი თავის სომეხ კოლეგა ფაშინიანთან?

მოკავშირე აზერბაიჯან-თურქეთის შიშით ვერ შეძლებდა. რაც შეძლო, ისაა, საგარეო უწყების ხელმძღვანელ ზალკალიანს თავის სომეხ კოლეგასთან, ისე, როგორც აზერბაიჯანელთან რომ ათქმევინა — საქართველოს შეუძლია მედიატორობა გასწიოს აზერბაიჯან-სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებაში. სომეხ კოლეგასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სატრანსპორტო პროექტების განვითარებით.

ჩვენთვის უცნობია, იყო თუ არა ლაპარაკი თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენაზე, რასთან დაკავშირებითაც წლებია სომხეთი გვთხოვს, თუმცა საქართველო ყურადღებას არ აქცევს. სავარაუდოდ, სომხეთი კვლავ დასვამდა ამ საკითხს. იტყვის ჩვენი მხარე მინიშნებით მაინც ამაზე? თურქეთ-აზერბაიჯან-აშშ-ს ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით თავს შეიკავებს.

ასეთი გულადობა ხელისუფლებისა ბოლო 30 წლის განმავლობაში არვის შეუნიშნავს.

თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა რუსეთს უკავშირდება — პირდაპირი მნიშვნელობით. მხოლოდ მას აქვს ფინანსურ-მატერიალური რესურსის გამოძებნის შესაძლებლობა და არა საქართველოს ან აფხაზეთს.

ასე რომ მივადექით „აგრესიულ“, „ოკუპანტ“ რუსეთს და მასთან საქმიანი კონტაქტების დაწყებას, რისთვისაც საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა საჭირო. წავა ამ რისკზე საქართველოს ხელისუფლება?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი