კორონავირუსის პოლიტიკური გამარჯვება
2020 წელი რომ კაცობრიობის ისტორიაში უმძიმესი წლის სახელს დაიმკვიდრებს — ეჭვი არვის ეპარება. თითქმის ერთი წელია ადამიანი ებრძვის ხელოვნურად თუ ბუნებრივად გაჩენილ ვირუსს — უხილავსა და საზარელს, რომელმაც 50 მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა და ასეულ ათასობით საიქიოში გაისტუმრა. ვირუსმა შეუტია ყველას — ევროპაში, აზიაში, ამერიკაში თუ აფრიკაში. შეუტია მოურიდებლად სქესისა, აღმსარებლობისა, სოციალური მდგომარეობისა, კანის ფერისა, ეროვნებისა.
შეუტია და უმალ მოიპოვა ხაზგასმული პრიორიტეტულობა ადამიანზე — დააბეჩავა, დააშინა, საკუთარ სივრცეში ჩაკეტა, ხელი ააღებინა სადღეისო თუ სამომავლო გეგმებზე, ერთმანეთთან კავშირზე.
ვირუსის სწრაფი და სიცოცხლისთვის სახიფათო მოქმედების შესაჩერებლად ადამიანმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. მეცნიერებაში გაწაფებული დიდი თუ პატარა ქვეყანა ბეჯითად მუშაობს დაავადების შესაკავებელი ვაქცინის შექმნაზე. თითქოს პროგრესსაც მიაღწიეს, რუსეთში, ჩინეთში, მაგრამ ქარხნული წესით მილიონობით წამლის დამზადებას დრო სჭირდება, თან მრავალი ქარხნისა თუ ლაბორატორიის ერთდროული მუშაობა, რაც ერთი ქვეყნისთვის იოლად შესასრულებელი რამ არ არის.
ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლიობას, ერთად მუშაობის აუცილებლობას, თანამშრომლობას მოითხოვს, რაც აუსრულებელი ოცნებაა, ვინაიდან სახელმწიფოებად — დიდებად და პატარებად, მძლავრებად და სუსტებად დაყოფილ მსოფლიოს, პოლიტიკური ამბიციებით დაავადებულს, ნაკლებად ძალუძს საკუთარი სიყოყოჩის მოთოკვა და დაძლევა, იმის აღიარება, რომ წამალი სხვამ გამოიგონა და არა მან — ყოვლისშემძლემ, ძლიერმა. მას ვერ მოუნელებია, რომ სხვამ დაასწრო, გამოსცადა კიდეც და წარმოებაშიც ჩაუშვა.
ნაცვლად იმისა წამლის შემქმნელთან ითანამშრომლოს, ჯიუტად აცხადებს — არ შევიძენთ, არ ვითანამშრომლებთ, დაველოდებით ჩვენსას.
ხანგრძლივი თუ ხანმოკლე ლოდინი რომ ასეულ ათასობით დაავადებულის სიცოცხლეს სასწორზე დებს — ხელისუფალთ არ აწუხებთ. მთავარია პრესტიჟი — პანდემიისთვის მიუღებელი.
ისტორიისთვის ცნობილია „ყავისფერი ჭირის“ — ფაშიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს დიდი ქვეყნების ერთობლივი ბრძოლა და რომ არა „დიდი სამეულის“ ბრძენ ლიდერთა შეკავშირება — პოლიტიკური სისტემის, იდეოლოგიისა და მრწამსის მიუხედავად, ფაშიზმი წალეკავდა კაცობრიობას.
ფაშიზმის დამარცხებიდან 75-ე წლისთავზე კორონავირუსულმა ჭირმა შეუტია მსოფლიოს. ესეც ისეთივე ჭირია, თუმცა უხილავი, ამიტომაც აღქმა მისი არის ზერელე ძველთან, ხილულთან შედარებით. როგორც ჩანს „დიდი სამეულის“ ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, როგორც საკუთარ ქვეყნებს, ისე მსოფლიოს. მათ იცოდნენ, რომ ფაშიზმის ერთ ქვეყანაში დამარცხება, დროებითი იქნებოდა. მას მხოლოდ საყოველთაო გამარჯვება მოუღებდა ბოლოს.
„დიდი სამეულს“ რომ ისე ეფიქრა, როგორც ევროკავშირის ან აშშ-ს ლიდერები ფიქრობენ, საეჭვო გახდებოდა კაცობრიობის ყოფნა-არყოფნა. ვითომ რით არის ნაკლები კორონავირუსი “ყავისფერ ჭირზე“?
მეორემ თუ 4-5 წლის განმავლობაში 60 მილიონზე მეტი ადამიანი გაწყვიტა, პირველმა – 8 თვეში — ნახევარი მილიონი, და თუ არ მოხდა შეერთებული ძალებით მასთან ბრძოლა, დროულად არ დაესვა წერტილი მის მომაკვდინებელ მოქმედებას, შედეგი სავალალო იქნება, ვინაიდან კორონავირუსის პრიორიტეტულობა „ყავისფერ ჭირთან“ შედარებით, ყოვლისმომცველია. ის, ყველა ქვეყანაში შედის, ერთმანეთისგან ზღვებით და ოკეანებით დაშორებულშიც და ერთმანეთისგან ახლოს მყოფშიც.
კორონავირუსმა არა მარტო ადამიანებს, არამედ მათი დაავადებით, დაშინებით, პოლიტიკას და ეკონომიკას შეუტია, თანაც ისე, კარგა ხანს რომ ვერ გასწორდება წელში ვერც ერთი. კორონავირუსი გახდა დომინანტი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვინაიდან დღიდან მისი ამერიკაში გამოჩენისა 200000 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რაოდენობა მილიონებს ეთამაშება. კორონავირუსმა გამოააშკარავა მსოფლიოს პირველი ქვეყნის უსუსურობა უხილავ მტერთან ბრძოლაში.
ვირუსმა გამოავლინა აშშ-ს სახელგანთქმული ჯამრთელობის დაცვის სისტემის არაორგანიზებულობა, საავადმყოფოებში საწოლების და მედპერსონალის დეფიციტი, სწრაფი ტესტირების არარსებობა და რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის სიძვირე — 75000 დოლარი ხანმოკლე მკურნალობისთვის — აშშ-ს საშუალო ფენისთვისაც ნაკლებხელმისაწვდომი, არათუ 25 მილიონი სიღარიბის ქვევით მყოფი ადამიანებისთვის.
ქალაქებსა და შტატებში შემოღებულმა შეზღუდვებმა მიწაზე დაანარცხა პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღწეული ეკონომიკური აღმავლობა. შექმნა მრავალმილიონიანი უმუშევრობა. მიუხედავად ადმინისტრაციის მცდელობისა, ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვალა. უფრო მეტიც, ქუჩაში დარჩენილი ადამიანებისთვის, მეტადრე შავკანიანებისთვის პატარა ნაპერწკალიც საკმარისი აღმოჩნდა მასობრივი გამოსვლებისთვის — პოლიციის შენობების დაწვით, მაღაზიების ვიტრინების მსხვრევით, ძარცვით და ქუჩის აქციებისთვის დამახასიათებელი „სიკეთეებით“.
თითქოს წინასწარ იყო დაგეგმილი ყოველდღიური პროვოკაციების მოწყობა, სხვადასხვა ქალაქებში პოლიციელთა მიერ შავკანიანი ადამიანების ხოცვის სახით.
საპროტესტო გამოსვლები მთელ ამერიკას მოედო. მასში გაიჟღერა სოციალურმა უთანასწორობამ, ზანგთა მიმართ არსებულმა რასობრივმა პრობლემებმა. ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ამერიკის დემოკრატია მხოლოდ თეთრკანიანი ელიტის ინტერესების დამცველია და მას არავითარი შეხება არ აქვს ფერადკანიანებთან.
აშშ-ს ქალაქებში გაჩაღებულმა შავკანიანთა ძალადობამ, მათ წინაშე საბოდიშოდ თეთრკანიანთა დაჩოქებამ, მასობრივი ხასიათი შეიძინა. იჩოქებდა ყველა, კონგრესის წევრებიდან დაწყებული, რიგითი თეთრებით დამთავრებული. თავგასული ბრბო ანგრევდა და ანგრევს ყველაფერს, ძეგლებით დაწყებული, მხატვრული ლიტერატურით დამთავრებული. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
სამი წლის განმავლობაში ტრამპის ძალისხმევით გამოსწორებული ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური ვითარება უმოკლეს ხანში ნულს გაუტოლდა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გაუსაძლისი პირობები შეუქმნა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
ვითარება ოსტატურად გამოიყენა დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა კანდიდატმა ბაიდენმა, რომელიც ყოველ საჯარო გამოსვლაში ტრამპს დებდა ბრალს კორონავირუსთან არაორგანიზებულ მოქმედებაში.
ის, რაც მიმდინარე წელს ხდება აშშ-ი, დიამეტრალურად განსხვავდება ამ ქვეყანაზე ჩვენს ტვინებში ჩაბეჭდილ წარმოდგენისგან — ნობელის პრემიის ლაურეატი უდიდესი მწერლების, მეცნიერების, საყოველთავო პროგრესის, შესანიშნავი მუსიკის — კლასიკურის თუ ჯაზის, ქვეყნად აღქმული სანატრელი სავანე — სისხლიდან ხორცამდე დემოკრატიით გაჟღენთილი, სხვა სიკეთეებით შემკული, არაორგანიზებულ, ბანდიტების, მოროდიორების, თვალდმაქცი, მატყუარა, ცინიკოსი პოლიტიკოსების, ყოყლოჩინა თეთრების, ტრანსვესტიტების, ლგებეტე ადამიანების, ერთნაირსქესიანთა ოჯახების მოტრფიალეთა ბუნაგად იქცა.
ამერიკა დაემსგავსა უკრაინის მაიდანს — ცივილიზებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელს, მაგრამ ის, რაც დასაშვებია დემოკრატიულ ცხოვრებას მიუჩვეველი ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის, დაუშვებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დამცველი ამერიკისთვის.
ასე გვეგონა ჩვენც, იმ ამერიკასაც, რომელიც „ფერად რევოლუციებს“ დგამდა ახლო თუ შორეულ აღმოსავლეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროპაშიც კი. მაიდანმა, უკვე სტაჟიანმა მოვლენამ, ჩვენს თვალწინ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თუ ადრე ის არჩევნების საკამათო საკითხების მოსაგვარებელი ინსტრუმენტის როლს ასრულებდა, დღეს რადიკალური, რეაქციული ულტიმატუმის მაგალითია.
არჩევნებში დამარცხებული პარტია (პარტიები) ურცხვად აცხადებს, რომ გაიმარჯვა. მაგალითი ამისა ყირგიზეთია, სადაც დამარცხებულმა 15-პროცენტიანმა ძალამ, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და სულ რამდენიმე საათში ძირფესვიანად შეცვალა საკანონმდებლო-აღმასრულებელი ხელისუფლება.
ისე, როგორც ყირგიზეთში, სხვაგანაც არჩევნებისთვის დამახასიათებელი რაოდენობრივი ცენზი გაუქმებულია, რაც ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ რადიკალურ, ექსტრემისტულ ძალას ძალისმიერი გადატრიალებისკენ აგულიანებს საბაბით — ჩვენთანაა მთელი ქვეყანა.
მკითხველს ემახსოვრება ერთი წლის წინათ პარლამენტის შენობაზე მიტანილი რადიკალური შეტევა, გავრილოვის სახელით შესული საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. მიზანი მისი — ხელისუფლების ცვლა იყო და არა მომიტინგეთა პარლამენტის დერეფნებში გასეირნება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „გავრილოვის ღამე“ ზედმიწევნით იყო დაგეგმილ-ორგანიზებული ოკეანისგადაღმელ პოლიტიკურ წრეებში. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი კარპენტერი თბილიშიც გახლდათ —პროვოკაციული მისიით.
მაშინ, ვინ იფიქრებდა, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი დამარცხდებოდა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და ქართული ოპოზიციის, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის წევრების მასწავლებელი კარპენტერი ახალ ადმინისტრაციაში სავარაუდოდ გავლენიან თანამდებობას გამოკრავდა ხელს?
ნაციონალურ მოძრაობას რომ იტყვიან ტუზი დაეცა ბაიდენის გამარჯვებით. ეს, ის ბაიდენია, ვინც თავისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს თბილისშიც იმყოფებოდა და მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ქათინაურებით ამკობდა. კარგად მახსოვს ბაიდენის სიტყვა, წარმოთქმული ახალგაზრდობის სასახლეში, დამსწრე საზოგადოებისა და სააკაშვილის დედის წინაშე. მაშინ სტუმარმა მარჯვენა დაულოცა გიული ალასანიას შესანიშნავი შვილის გაზრდისთვის.
ის, რომ სააკაშვილსა და მის დედას კარგად ემახსოვრებათ ბაიდენის ტკბილსიტყვაობა, უეჭველია. ვგონებ ბაიდენსაც ემახსოვრება, მიუხედავად მოძალებული დემენციისა. ასე, რომ საინტერესო ცხოვრება გველოდება — ტრამპისთვის არადემოკრატიული ძალითა და ოინებით გამოგლეჯილი პრეზიდენტობის შემოქმედი დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერი ბაიდენისგან.
აშშ-ი ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მთელს მსოფლიოს აჩვენა ის, თუ როგორ არ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. ამერიკასთან შედარებით ჩვენ, რომ თავი არჩევნების გამყალბებელ „ნოვატორებად“ მიგვაჩნდა, თურმე საბავშვო სახლების აღსაზრდელები ვყოფილვართ. რა არ გაკეთდა ბაიდენის გასამარჯვებლად, თუნდაც კარგა ხნის წინათ გარდაცვლილთა ხმების მიცემა რად ღირს? ან ამ ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები 11 მილიონი ადამიანის ბაიდენის სასარგებლოდ არჩევნებში მონაწილეობა? — სანაცვლოდ, დემოკრატები მათ ქვეყნის მოქალაქეობას დაპირდნენ. საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი?
რა თქვა დამკვირვებელმა ეუთომ? მან აღნიშნა დარღვევები და ისიც დაუმატა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
არათუ ეუთოს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გაუკრიტიკებია ამერიკის არჩევნები — ყველასთვის საზარელი და შემაშფოთებელი. ამ „არჩევნებს“ შეიძლება ვუწოდოთ ძალისმიერი გზით მოქმედი პრეზიდენტის დამხობა — პრეზიდენტისა, რომელიც არ მიიღო ამერიკულმა ისტებლიშმენტმა, რომელსაც ტრამპი განადგურებით ემუქრებოდა.
გაიმარჯვა აშკარად არადემოკრატიულმა ძალამ, რომელმაც ფეხქვეშ გათელა 70 მილიონი ამომრჩევლის (ტრამპის მომხრეთა) იმედები და მისწრაფებები. არის ასეთი ქვეყანა მისაბაძი?
პასუხი თქვენთვის მომინდვია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი