„კავკასიური ცარცის წრის“ პერსონაჟები ცხოვრებაში

ჩვენი თაობის ადამიანებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ თეატრალურ ცხოვრებასთან, კარგად ემახსოვრებათ რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“. ბერტოლდ ბრეხტის გენიალურმა ნაღვაწმა, არანაკლებ გენიალური ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას დაუღალავი შრომის და ნიჭის წყალობით რომ თავისებური სცენიური მიმზიდველობა შესძინა სპექტაკლს, უბადლო აღიარება მოუტანა, როგორც თეატრს, ისე ქვეყანას მის კულტურასა და ხელოვნებას.

სპექტაკლმა არა მარტო საბჭოეთის თეატრების სცენები დაიპყრო, არამედ უცხოეთისაც. პრესის ფურცლები —  საბჭოური და უცხოური, სავსე იყო თეატრმცოდნეთა აღფრთოვანებული წერილებით, რეცენზიებით, რეჟისორული მიგნების მაღალი შეფასებით, თეატრის დასის შესანიშნავი, მაღალპროფესიული შესრულებით.

ვუყურებდით სპექტაკლს, მსახიობთა ვირტუოზულ თამაშს, მქუხარე ტაშით ვაჯილდოვებდით მათ და ნაკლებად ვუღრმავდებოდით თვით ნაწარმოების შინაარსს — იმ არასახარბიელო, ტრაგიკულ მომენტებს, რამაც ბრეხტს უკარნახა ნაწარმოების შექმნა, რეჟისორს კი მისი რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა.

ბრეხტის მიერ შექმნილი ისტორია მხოლოდ წარსულისკენ, ისტორიულისკენ გვახედებდა —  აწმყო ცხოვრებით და ყოფით დამშვიდებულთ, სტაბილურობას შეჩვეულთ. მაშინ ვერც ვერანაირი მიწიერი თუ ზეციური ძალა, წინასწარმეტყველება ვერ გვაფიქრებინებდა, რომ სცენაზე გათამაშებული სპექტაკლი, სცენიდან ჩამოაბიჯებდა, წიხლის კვრით გააღებდა თეატრის მასიურ კარს და რუსთაველის პროსპექტის გავლით მთელს ქვეყანას დაიპყრობდა — თეატრალური სპექტაკლი, ცხოვრებისეულ სპექტაკლად გადაიქცეოდა; სცენაზე მოთამაშე დასს, მთელი ქვეყნის „მოთამაშე“ დასი ჩაანაცვლებდა — თავისი რეჟისორებით, უნიჭო, მდარე ხარისხის და განათლების ადამიანებით, უზომოდ ფართოდ დაბჩენილი ხარბი პირებით და ხელშემოუწვდენელი მუცლებით.

რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრის“ ყურებისას, ვერვინ იფიქრებდა, რომ სულ მალე, რამდენიმე წლის შემდეგ, სცენაზე მოთამაშე პერსონაჟები ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოინაცვლებდნენ და ისეთ უბედურებას დააწევდნენ ქვეყანას, ბრეხტის შემოქმედება რომ გაფერმკლავდებოდა.

30 წელია ვცხოვრობთ იმ აურზაურში, გაუგებრობასა და ურთიერთის ჭამაში, რასაც სცენაზე ვუყურებდით და არ ვიცოდით, რა გველოდა.

30 წელია, რაც დამოუკიდებლობას ვეზიარეთ, უფრო ზუსტად გვაზიარეს, ვინაიდან, რომ არა რუსეთში დაწყებული შიდაპარტიული, შიდასახელმწიფოებრივი მოღალატური მოძრაობა — „პერესტროიკა-გლასნოსტად“ მონათლული, არც ჩვენ და არც ჩვენნაირ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არვინ გვიბოძებდა. ჩვენით კი რის მომპოვებლებიც ვიყავით და ვართ, ნაჩუქარი დამოუკიდებლობის პირობებშიც თვალნათლივ ჩანს.

აღნიშნულის ობიექტური არგუმენტიც სახეზეა. საბჭოთა კავშირში უდარდელ ცხოვრებას შეჩვეული ერისთვის, რომელიც თავს არც საგარეო პოლიტიკით, არც საკუთარი ჯარის შენახვით, არც ეკონომიკური და საფინანსო საკითხების დაგეგმვა-შესრულებით იწუნებდა, უეცრად უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. საბაზრო ეკონომიკაზე, კერძო საკუთრებაზე გადასვლის პროცესი, სახელმწიფო დაგეგმარებასა და სახელმწიფო საკუთრებას მიჩვეული საზოგადოებისთვის, სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით რომ შეუძლებელი იქნებოდა —  ისეთივე სინამდვილე იყო, როგორც დღესა და ღამეს შორის განსხვავება.

ხელისუფლებაში მოსულმა ე.წ. ეროვნულმა ძალებმა, მათი დამხობის შემდეგ ფერნაცვალმა კომუნისტებმა, ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის არ მცოდნეებმა, პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისთანავე გამოაჩინეს უსუსურობა. ცურვის არმცოდნე წყალში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ რაც მოახერხა, ის იყო, პირველივე გამოწვდილ ხელს ჩასჭიდებოდა და დამოუკიდებლობა, სუვერენულობა, თავისუბლებიანობით მას ჩაბარებოდა.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შორეულ პატრონს, ძველსა და ახლომყოფს ამჯობინებდა იმ ახლომყოფს, რომ საკუთარი პრობლემები არ ჰქონოდა და ისიც, საქართველოს მსგავსად, აშშ-ს არ ჩაბარებოდა.

ყოფილმა დიდმა „ძმამ“ წლების განმავლობაში გაიაზრა დაშვებული შეცდომა და დასავლეთზე ჩამოკიდების პოლიტიკა, საკუთარ თავზე დაყრდნობის პოლიტიკით შეცვალა, რითაც კოლონიზაციას მიჩვეულ დასავლეთში უკმაყოფილო გნიასი გამოიწვია. საქართველო კი პირნათლად დარჩა აშშ-ს წინაშე დადებული, მუდამ მასთან ყოფნის ფიცის ერთგული, რითიც ორივე  მხარე კმაყოფილია. აშშ-ი იმიტომ, რომ საქართველოს სახით, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსოფობი მოკავშირე ჰყავს; საქართველოს ხელისუფლება იმიტომ, რომ ამერიკელთა დავალებების შესრულება, ქვეყნის სათავეში დიდხანს ყოფნის საშუალებას იძლევა.

ამ ურთიერთობებში არსად ჩანს საქართველოს ხალხი. ერთი შეხედვითაც იოლად შეიმჩნევა ორივეს ზერელე დამოკიდებულება მისდამი. მას მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როდესაც ამის აუცილებლობა იქმნება. ასეთი არჩევნებია, აი თუნდაც ისეთი, 31 ოქტომბერს რომ იყო —  საპარლამენტო არჩევნების სახით.

ხალხს შირმისთვის იყენებენ, თორემ წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ს საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზაციების შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მაჩვენებლები ხშირად რომ არჩევნების შედეგებს ემთხვევა, რახანია ცნობილი ფაქტია. ის, ვინც ამ გამოკითხვებს ატარებს, წინასწარ გვიგეგმავს გამარჯვებულსაც და ოპოზიციაში გადასულსაც, მაგრამ „დემოკრატიულობის“ დაცვის მიზნით, ხალხს მოუწოდებს ხმის მიცემისკენ, ვითომ ხალხმა თავისი არჩევანით გადაწყვიტა შედეგი და არა აშშ-ს სამსახურებმა.

მსოფლიოს ჰეგემონის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები, უმრავლეს შემთხვევაში — დანარჩენი მსოფლიოსთვის უკუღმართი, მიუღებელი, არც შინ და არც გარეთ შეკითხვებსაც რომ არ ბადებს, ჩვეულებად იქცა. არვის გაკვირვებია ტელეკომპანია „ევრონიუსის“ 31 ოქტომბრის ეთერში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სიუჟეტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის დეგნანის გამოჩენა. ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, ქართველ ექსპერტებთან მოკლე ინტერვიუების შემდეგ, ამერიკელთან გადაინაცვლეს, რომელმაც  შეაფასა საარჩევნო ვითარება და დაგვპირდა, რომ აშშ-ი იმუშავებს ყველა იმასთან, ვისაც ხალხი აირჩევს.

„ევრონიუსმა“ ამ ინტერვიუთ მიანიშნა ყველას, მათ შორის ჩვენც, ვის უჭირავს ქვეყნის პოლიტიკურ პულსზე ხელი. ეს, რომ თითქმის 30 წელია ასეა, ეჭვი არვის ეპარება — არც პოლიტიკურ პარტიებს, არც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და არც ხალხს, მაგრამ მოურიდებელი აფიშირება ხომ არ აზიანებს ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორობას, ხომ არ ძენს მას ბატონისა და ყმის ურთიერთობის ელფერს?

თუმცა რა გასაკვირია, როდესაც ელჩი იბარებს ხელისუფლება-ოპოზიციას და ხალხთან შეუთანხმებლად აკეთებინებს მათი ქვეყნის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, თავისთავად მეტყველებს მსოფლიოს პირველი დემოკრატიის „დემოკრატიულობაზე“.

კარგა ხანია ამერიკისეულ დემოკრატიას ბზარები აქვს გაჩენილი, რაც განსაკუთრებით ა.წ. მოვლენების დროს გამოჩნდა — აშშ-ი მიმდინარე პროცესები, თეთრთა და შავთა სისხლიანი დაპირისპირება, რასიზმი, მაღაზიების ძარცვა, პოლიციის შენობების რბევა, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა, ხელისუფლების უსუსურობა, … . რომელი ერთი ჩამოვთვალო, აშკარა მანიშნებელია ანარქიის და არა დემოკრატიის. ასეთი, უპირველესად საკუთარი პრობლემების გადაჭრით უნდა იყოს დაკავებული და არა სხვათა ჭკუის სწავლებით. სხვას კი არ უნდა ადანაშაულებდეს მისი პრობლემების გაჩენაში, არამედ საკუთარ თავს და იმ მანკიერ პოლიტიკურ სისტემას, რაზეც რახანია ის დგას.

საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ლამის სამოქალაქო ომის დაწყების მაუწყებელია, შეშფოთებას იწვევს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებში. სამწუხაროდ, ასეთთა რიცხვი ქართულ პოლიტიკაში ნულის ტოლია. ჩვენი „პოლიტიკოსებისთვის“ ამერიკა რჩება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სავანედ. არადა არც ერთი და არც მეორე ამ ქვეყანას არასდროს ჰქონია, რაც განსაკუთრებით წელს ჩანს. ამერიკული სისტემა და ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებას, მათ უფლებებს, კერძო საკუთრებას, ხელს ჰკრავს ხალხს თვით დაიცვას საკუთარი თავი. ერთ-ერთი პირდაპირი მანიშნებელი ამისა არის არჩევნების წინ სამჯერ მეტი იარაღის გაყიდვა, ვიდრე შარშან ან წინა წლებში.

ამერიკაში დაწყებული ამბოხი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება და არვინ იცის რა სახეს ან ფორმებს შეიძენს ის. არადა, ქაოსით მოცული ბირთვული სახელმწიფო საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მშვიდობას. შეცვლის თუ არა არჩეული პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საშინაო პოლიტიკას? შეძლებს თუ არა ის, ქვეყნის შიგნით არსებული უმძიმესი ვითარების დაშოშმინებას, ქუჩაში მიმდინარე მწვავე დაპირისპირების მოლაპარაკების რეჟიმში გადაყვანას? აი, ეს და სხვა კითხვები აწუხებს ყველას, ვისაც სტაბილურობა სურს.

არასტაბილური პარტნიორი ყველასთვის, მითუმეტეს ჩვენთვის, მასზე ჩამოკიდებული ქვეყნისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების საშინაო საკითხებში ჩაურევლობა, დაუმორჩილებელი ხელისუფლებების „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციებით დამხობა, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი პოსტსაბჭოთა სივრცეში. სტიმულად, ნებისმიერი არჩევნები გამოიყენება, განსაკუთრებით საპარლამენტო.

საკუთარ დემოკრატიულობაში დარწმუნებულ ქართველ ამომრჩეველს ავიწყდება 30 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა არჩევნების დროს დაშვებული სერიოზული ხარვეზები, რამაც ხელისუფლებას „გამარჯვების“ შანსი კი გაუჩინა, მაგრამ არჩევნების პროცესს ნამდვილი დემოკრატიულობა ვერ შესძინა.

პოლიტიკოსებს ხშირად უყვართ თავის ქება, განსაკუთრებით არჩევნებში გამარჯვებულებს, რომ აქ ჩატარებული არჩევნები არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ არჩევნებს; რომ ქართველები მაგრები ვართ და ა.შ.

ჩვენი „სიმაგრე“ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების რაოდენობაში აისახება. ამ მხრივ 31 ოქტომბრის არჩევნებმა ყველა „რეკორდი“ მოხსნა — მასში მონაწილე 60-ზე მეტი პარტიის სახით. ასეთ „სიუხვეს“ მივარდნილ აფრიკაშიც აღარ აქვს ადგილი, თუ არა ევროპაში. მოსახლეობის სიმცირით გამორჩეული ქვეყნისთვის, ქვეყნის მართვის პრეტენზიის მქონე 60-ზე მეტი პარტია, ჭარბად ხომ არ გეჩვენებათ პატივცემულო მკითხველო?

ზოგს მიაჩნია, რომ პარლამენტში შესული ბევრი პარტია, „ბევრი“ დემოკრატიაა. მსოფლიოს საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება გვკარნახობს — ბევრი პარტია ქაოსის მომასწავებელია, კანონშემოქმედების შემაფერხებელი, საპარლამენტო კულისებში ბაზრის ტიპის ვაჭრობის მასტიმულირებელი.

საქართველოს მოსახლეობის ჭარბი რაოდენობის პარლამენტისკენ „ლაშქრობას“ ღრმა მიზეზები აქვს. მათ შორის მთავარი — სამუშაო ადგილების მწვავე დეფიციტია. დაუსაქმებელი მომავალი პოლიტიკოსი იმ „საწარმოში“ დასაქმებას ცდილობს, პარლამენტი რომ ჰქვია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომ არჩევნების გზით ხერხდებოდეს შეღწევა — იქ დადგებოდა მსურვილთა რიგი.

პარლამენტი იმითაც არის მომხიბლველი — იქ მოხვედრილი, რაღაცნაირი გზით სწრაფად ახერხებს მილიონების შოვნას, ამასთანავე ფართო პრივილიგების მოპოვებას. პარლამენტში შესვლაზე მდიდრებიც, ე.წ. ბიზნესმენებიც არ იშურებენ ენერგიას და სახსრებს. მიზანი მათი მარტივია — უკუღმართი გზით ნაშოვნი ქონების შენარჩუნება და გაზრდა.

ხშირად ვისმენთ ხოლმე მოწოდებას — ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელია პრიმიტიული მოსაზრების გამო. გაერთიანებული ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტში მოხვედრის შანსი საეჭვოა, ამდენად მას, ცალ-ცალკედ ყოფნას ამჯობინებენ, მითუმეტეს, როდესაც პარლამენტში მოსახვედრად მხოლოდ 1%-იანი ბარიერია. 1%-იანმა ბარიერმა ხომ არ გამოიწვია პარლამეტში შესვლის მსურველი ერთკაციანი პარტიების სიჭარბე?

სარეკლამო დაფებიდან დამცინავად დაგვცქერიან „კავკასიური ცარცის წრის“ პერსონაჟები. მალე ზოგიერთი მათგანი მიწაზე ჩამოინაცვლებს და გასწევს პარლამენტისკენ —  ხალხისა და ქვეყნის „საკეთილდღეო“ მუშაობის გასაწევად — მეტადრე საკუთარი თავისა და ოჯახის. უმალ დაივიწყებს უხვ დაპირებებს, გაცემულს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ, ხალხი, ხელს ჩავიქნევთ და გავაგრძელებთ ცხოვრებას ძველი გზით, ცხოვრებისეულ გრძელ გვირაბში, რომლის ბოლოს სინათლეც არ ჩანს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი