გვიყიდა თურქეთმა? (29.04.2021)

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად მახსენდება რუსული გამოთქმა —„არ დაიყვირო ჰოპ, ვიდრე გადახტები“. ამ გამოთქმის ქართული სპორტისადმი მისადაგება უფრო უპრიანი იქნებოდა, ვიდრე პოლიტიკისადმი, ვინაიდან ხტომასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არანაკლები ხტუნაობაა პოლიტიკაშიც, განსაკუთრებით ჩვენებურში — უმწიფარსა და ამოუცნობში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ვერც ჩვენ, შინაურებმა და ვერც მათ, გარეულებმა ვერაფერი გავუგეთ.

არადა როგორი შემართებით იყო ერი გამსჭვალული ახალი ცხოვრების დასაწყისში? როგორი იმედი ჰქონდა დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი ქვეყნის წარმატებების?

იმედი, რომელიც მოულოდნელად ჩაქრა ხელისუფლებაში მოსული ე.წ. ეროვნული ძალების უნიათო მმართველობით, სამოქალაქო ომებით, ეკონომიკურ-პოლიტიკური მმართველობის უცოდინრობით, საკუთარი შესაძლებლობების გაზვიადებით, სხვათა შესაძლებლობების დამცირებით, საერთაშორისო არენაზე თამაშის შეუფასებლობით და სხვა.

სახელმწიფოს შენება — იოლი და მარტივი რომ გვეგონა, რთული ყოფილა. სახელმწიფოს შენება სიბრძნეს, ცოდნას, გამოცდილებას, შემართებას, პატრიოტიზმს რომ მოითხოვს, ერთბაშად დაგვავიწყა და საყველპურო, ნაცოდვილარი ხერხებით, მაქინაციებით, თაღლითობით, ცრუპენტელობით გადავწყვიტეთ ფონს გასვლა.

იოლი ცხოვრების მიმდევრებმა ქვეყნის მოთხოვნებს საკუთარი კუჭის მოთხოვნები დავუპირისპირეთ, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. საქვეყნოს, საჩვენო ვამჯობინეთ და ამ შეჯიბრში ისეთი ნახტომები ვაკეთეთ, სხვა ქვეყნებში რომ ხალხი მრავალი ათეული წლის განმავლობაში ვერ ახერხებს. „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი …“ პირდაპირი მნიშვნელობით ავამოქმედეთ და ისე მოვირგეთ საკუთარ ტანზე, როგორც ცნობილი იტალიელი კუტურიეების მიერ შეკერილი სამოსი.

და მართლაც, განა მამულს, ის არ ურჩევნია, რომ შვილი „შავ ჯიპში“ იჯდეს, მრავალ სახლს ფლობდეს — შინ და გარეთ, საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში ნაყიდი დიპლომებით და არა ცოდნით იწონებდეს თავს, ფლობდეს გაურკვეველი სახის ბიზნესს ან მაღალ სახელმწიფო თანამდებობას?

ურჩევნია და მერე როგორ, ოღონდ დამსახურებით, შრომისა და გარჯის ფასად, რაც არ და ვერ გავიგეთ, არასაჩვენოდ ჩავთვალეთ. ამ რთულ და ცხოვრებისეულ გამოცდებში შინაურმა, განსწავლულმა შემფასებლებმაც გვიმტყუნეს და გარეულებმაც. პირველმა — ახალი ცხოვრების მოთხოვნების ზერელე ცოდნის გამო, მეორემ — შორს მიმავალი გეგმებიდან გამომდინარე, რომელთა უმთავრესი ამოცანა ხალხის გამოყეყეჩება იყო, ვინაიდან ასეთი იოლი სამართავი და დასამორჩილებელია.

განვლილი 30 წლის განმავლობაში გარეულმა შეძლო ერის ისე გადაგვარება, უარესს რომ ვერც ერთი ისტორიული მომხდური ვერ ინატრებდა. გარეულმა მოახერხა მარტივად, პრიმიტიულად, მცირედი ფინანსური დანახარჯებით ახალი ქართველის გამოყვანა, რომელიც ისეთივე ორფეხა, ორხელა, ერთთავაა, როგორც თვითონ, მაგრამ მისგან განსხვავებით ტვინიდან დაცლილი. ასეთი მან საკუთარი ქვეყნის სასწავლებლებში, სატრენინგო სახლებში ჩატარებული ლექციების წყალობით გამოიყვანა. უყურებ მათ და ფიქრობ, ესაა ის იდეალი თანამედროვე ქართველისა, რომელზეც მამული ოცნებობდა?

უსმენ მათ და ვერ იგებ, რას ლაპარაკობენ. თითქოს ქართულია, მაგრამ არა! ქართულად ნათქვამი ამერიკულ-ინგლისური (ასეთიც არის, განსხვავებული ბრიტანული ინგლისურისგან) სიტყვებით გაზავებული აბდაუბდა, მდარე აჯაფსანდალი. აზრი ნათქვამისა? აშკარა უაზრობა, დემაგოგია.

გარეულმა მოახერხა ყოველივე აღნიშნული — პოლიტიკაში, საზოგადო ცხოვრებაში, ყველგან და ყველაფერში. გარეულმა მოახერხა ქართველთა გაგლობალისტება, ანუ გაამერიკელება, რამეთუ დღევანდელი გლობალიზაცია — ამერიკანიზაციაა. გარეულმა ჩამოგვიყალიბა სახელმწიფო, პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემები. მან დაგვიწერა დედა-ენა — დაწერილი, ღვიძლი და ისტორიული, ლანძღვა-გინებით გადაგვაგდებინა, როგორც დღევანდელობისთვის შეუფერებელი, ცრუნაციონალური, არაჰუმანური.

გარეულმა შეგვისწორა კონსტიტუცია, კანონმდებლობა, გვისწორებს საარჩევნო კოდექს, მართლმსაჯულებას და ამ საქმისთვის დროს და ენერგიას არ იშურებს აქ ჩამოსვლისთვის და შესაბამისი დირექტივების მოცემისთვის. ნათქვამი მისი კანონია — უყოყმანოდ მისაღები.

გარეული გვინიშნავს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს. გვირჩევს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც გულმოდგინედ ასრულებენ გარედან მიღებულ დავალებებს. ისინი, გარეულის დაკრულზე ხტუნაობენ, ხან მოჭარბებული ენთუზიაზმით, ხან ნაკლები, მაგრამ გამუდმებულ რეჟიმში, სულმოუთქმელად.

გარეულს და უკვე გაგარეულებულ შინაურს ხალხი, ქვეყანა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება ფეხებზე ჰკიდიათ. მათთვის საქართველო ტერიტორიაა, სამხრეთ კავკასიაში მდებარე, ხოლო ამ ტერიტორიაზე მცხოვრებნი, იქაურის მტრად აღქმული ქვეყნის, რუსეთის მოძულე და მოწინააღმდეგე.

გარეული გვეუბნება ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვისთან ვიყოთ მტრულად განწყობილი. გარეულის გარეშე არვის უნდა დაველაპარაკოთ. ის უნდა იჯდეს მაგიდის თავში და ჩვენი „მოლაპარაკება“, მისი მოლაპარაკება უნდა იყოს, ჩვენს ღვიძლ საქმესთან დაკავშირებით, თუნდაც ისეთის, როგორიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

გარეული მარტო არ არის. მის დირექტივებს სიმტკიცეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მატებენ — მსუყედ დაფინანსებული გარეულის მიერ. შედეგი? ერთობ სავალალო!!!

დამოუკიდებლობის მიღებიდან 30 წლის შემდეგ —  სრული დამოკიდებული, არასუვერენული, არათავისუფალი ქვეყანა — მართული გარეულის მიერ. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ 1990 წლის დეკემბერში კრემლის მიერ ნაჩუქარი დამოუკიდებლობა ვერ შევიშნოვეთ და ვითარცა იაფად ღირებული ნივთი, სხვას გადავაბარეთ — უმალ და სასწრაფოდ. მიზეზი ამისა მრავალია, მათ შორის უბრძოლველად მიღებული დამოუკიდებლობა, ხალხის გაუთვითცნობიერებლობა თვით ამ სიტყვის არსში და კიდევ მრავალი სხვა, რის შესახებაც აღვნიშნე სტატიის დასაწყისში.

„ბატონს“ მიჩვეული ყმისთვის, შეუძლებელი გამოდგა საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონად გადაქცევა. და მანაც, იოლი ცხოვრების მოსურნემ, უმალ გამოძებნა ახალი ბატონი — ამჯერად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უფრო სწორად მან მოგვძებნა და ჩვენც, გახარებულებმა, დაუფიქრებლად, სასწრაფოდ გადავეცით ქვეყნის გასაღები.

მდიდარიაო, პირველი ქვეყანააო, ყველაფერს გაგვიკეთებსო, ფულსაც მოგვცემს  და ნატო-ევროკავშირში შეგვიყვანსო, დაკარგულ ტერიტორიებსაც დაგვიბრუნებსო და რუსეთსაც კუდით ქვას ასროლინებსო — ასე ვფიქრობდით და ვფიქრობთ ქართველები, ვივიწყებთ რა მარტივ ჭეშმარიტებას — მის სურვილებს და მისწრაფებებს, რომელთა შორის ზემოთჩამოთვლილს ვერ ნახავთ. მისი ინტერესები მარტივია — საქართველო ანტირუსული პროვოკაციებისა და პროპაგანდის  პლაცდარმი, მართული ვაშინგტონის მიერ.

ჩამონათვალი, რაზეც ვფიქრობდით და ვფიქრობთ ვერადავერ ჩაჯდება გარეულის აზროვნებაში, მითუმეტეს ქცევაში, ვინაიდან მას ასე არ უცხოვრია; ვინაიდან სხვასთან ურთიერთობის დროს ის რწყილს ატყავებს, მოგებაზე ფიქრობს — პოლიტიკურზე-ეკონომიკურზე, ფინანსურზე. გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ასაღორძინებლი ამერიკული მარშალის გეგმა, რომელმაც მილიარდობით დოლარის მოგება მოუტანა აშშ-ს.

გავიხსენოთ ფაშისტური გერმანიისთვის ეკონომიკურ-ფინანსური დახმარება ომამდელი და ომის დროინდელი, რომელმაც ამერიკას 57 მილიარდი დოლარის მოგება მისცა. აშშ-ი ეხმარება სხვას, მაგრამ როდესაც „სხვა“ ვალს ვერ აბრუნებს — პოლიტიკურად და ეკონომიკურად მონად აქცევს მას.

აშშ-ს, სხვა ქვეყნებთან „მეგობრობა“ ზედმიწევნით ზუსტად აღწერა ამერიკელმა ჯონ პერკინსმა წიგნში „ეკონომიკური მკვლელი“. საქართველო, ისე, როგორც უკრაინა, ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სხვები სუვერენობააყრილი და მასზე დამოკიდებული ერთეულებია, ანუ ტერიტორიები, რომლებისთვის ქვეყნის სახელის დარქმევა წაწყმენდაა.

 ამერიკული მონობის უღელში თავგაყოფილებმა, ისე ვლანძღავთ და ვაგინებთ რუსეთი, რომ მანაც არ დააყოვნა და რუსეთის მტრად გამოცხადებულ ქვეყნებში „საპატიო“ ადგილი მოგვანიჭა, აშშ-ს, ინგლისის, ბალტიისპირა ქვეყნების და სხვათა გვერდით.

აშშ-ი ყველას და ყველაფერს ვერ გაწვდა, ამიტომ მის საქმეს, ხშირად სხვებს აკეთებინებს. ამ მხრივ გამოირჩევიან ჩვენი იდეოლოგიური დამრიგებლები — ბალტიისპირა ქვეყნები, სამხედრო თვალსაზრისით ნატოს წევრი თურქეთი. არანაკლები გავლენით სარგებლობენ პოლონელები, რუმინელები, ბულგარელები.

აღნიშნულთაგან თურქეთს გამოვყოფ, პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის მიერ საქართველოს ისტორიულ მეგობრად შერაცხულს. ქვეყნებს შორის თანამედროვე ურთიერთობების დროს ისტორიული კავშირები, მითუმეტეს მძიმე, გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მაგრამ ორივეს ახსოვს და გულის კუნჭულში ანგარიშს უწევს.

30-წლიანი პროპაგანდის შედეგად თურქეთი ჩვენს გონებაში არა დამპყრობლად, მტარვალად ჩაჯდა, არამედ მეგობრად, დამხმარედ, ხელის გამომწვდენად. ეს, ის ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლობის პირველსავე დღეებში ფართოდ გაგვიხსნა საზღვრები და გასაქანი მისცა აქაურთა იქ ვაჭრობას, მუშაობას და სხვა.

თურქეთმა არა მარტო საზღვრები გაგვიხსნა, არამედ გახსნილ საზღვრებში შემოვიდა და ნელ-ნელა დაიწყო საქართველოს ათვისება. პროცესი გაათკეცდა ბათუმში არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ, რასაც „მადლიერი“ ქართველები საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ზურაბიშვილს მიაწერენ. თითქოს მან გააყვანინა რუსეთს ჯარი.

საერთაშორისო ხელშეკრულებამ აიძულა რუსეთი საქართველოდან სამხედრო ბაზები გაეტანა. ზურაბიშვილი შემსრულებელი იყო, როგორც ნებისმიერი მის ადგილას მყოფი. ის, საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის დავალებას ასრულებდა. მოსკოვში გამართული მოლაპარაკების დროს ის, სიტყვიერად დაპირდა რუსულ მხარეს აჭარაში ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ბაზის გახსნას, რაც საქართველომ არ შეასრულა. არადა ბაზის ფუნქციონირების შემთხვევაში თურქული „რბილი ძალის“ ექსპანსიას ადგილი არ ექნებოდა.

დაირღვა ბალანსი, რომელმაც თურქეთს მიანიჭა პრიორიტეტულობა, საქართველოს კი მასზე სრული დამოკიდებულება. ზურაბიშვილმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ რაც ვერ გათვალა სწორედ ესაა, მაგრამ იქნებ დაუბალანსებლობა იყო მათი მიზანი?

თანამედროვე თურქეთი, ვუწოდოთ მას ერდოღანისეული, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა „რბილი ძალის“ მთელს მსოფლიოში გატარების თვალსაზრისით. ის ეფექტურად ახერხებს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არცთუ მძლავრი ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში.

თურქულმა „რბილი ძალის“ პოლიტიკამ ფართოდ გაშალა ფრთები პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც ყველაფერთან ერთად მას ხელს უწყობს რელიგიური ერთსულოვნება, მაგრამ საქართველო?

ქრისტიანული ქვეყანა, თითქმის ყველა დარგში რომ კარტ-ბლანშს აძლევს მეზობელ მუსლიმანურ ქვეყანას, ამ უკანასკნელის ეშმაკურ პოლიტიკასა და ქრისტიანებთან ურთიერთობების წარმატებულებაზე მეტყველებს, ამასთანავე მართლმადიდებელი ქვეყნის „დღევანდელი კვერცხით“ დახარბებაზე, პოლიტიკურ სიბეცეზე და სხვა მრავალ ნეგატიურ თვისებაზე, რომლითაც უხვად იყო და არის დაჯილდოებული ქართული პოლიტიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე თურქეთი იყო ის ქვეყანა, სადაც აქაურმა (მრავლობით რიცხვში) იგრძნო საზღვარგარეთული ცხოვრების მაჯისცემა. ინტენსიური გახდა მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ამოქმედდა სატრანზიტო მიმოსვლა, დაიწყო ბიზნეს-ურთიერთობები. თურქეთის დამოკიდებულებას მეზობლებთან მიზანმიმართულება მიეცა ქვეყნის სათავეში 2002 წელს პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ მისვლამ. მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავუდოღლუმ წამოაყენა ლოზუნგი — არც ერთი პრობლემა მეზობლებთან, რომელიც ეფუძნებოდა პოლიტიკურ დიალოგს, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს.

ლოზუნგის ცხოვრებაში გატარებაში აქტიურად ჩაერთნენ თურქი დიპლომატები, რომლებმაც ოფიციალური ანკარის მიერ 1991 წლის 26 დეკემბრის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას აქტიური სული შთაბერეს.

თურქეთმა, ერდოღანის ქვეყნის სათავეში მისვლისთანავე მოახერხა საქართველოს ხელისუფალთა მოხიბლვა და ქართული საზოგადოების აზროვნებაში თურქის ისტორიული სახის ნაცვლად ახალი პოლიტიკური სახის ჩანერგვა.

ერდოღანამდე, შევარდნაძის მმართველობის დასაწყისში, ანკარის ინიციატივით, თურქეთ-საქართველოს შორის დაიდო „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ ხელშეკრულება, რომლის პრეამბულაშიც, ანკარის მოთხოვნით ჩაიწერა — ყველა იმ (მათ შორის „ყარსის ხელშეკრულების“) ხელშეკრულების მარადიულობის თაობაზე, ადრე გაფორმებულის ორ ქვეყანას შორის.

თუ 2008 წლის აგვისტოს ომამდე თურქეთი ანგარიშს უწევდა რუსეთის როლს საქართველოში, საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ (2008 წ.) რომ იტყვიან „დაუკრიფავში გადავიდა“, რის შედეგადაც მივიღეთ შემდეგი სურათი: „საგარეო ინვესტიციათა 80% მოდის თურქეთზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების 75% თურქეთის ხელშია. უცხოური ინვესტიციები (75%), განსაკუთრებით დასავლური, თურქეთის გავლით ხორციელდება. ქართული ბიზნესის 70% თურქულზეა მიბმული. დავუმატოთ ამას ნავთობისა და გაზის სადენები — ბაქო-ჯეიხანი, სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-ახალქალაქი-ყარსი, თბილისისა და ბათუმის აეროპორტები — აშენებული და ექსპლუატირებული თურქული კომპანიების მიერ.

თურქები აშენებენ გზებს, სამხედრო ობიექტებს და სხვა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელსაც უფრო მოღალატური შეიძლება ვუწოდოთ, ვიდრე პრაგმატული. საქმე ნამახვან ჰესის მშენებლობას ეხება, რომლის მიხედვით თურქეთს თითქმის ერთი საუკუნით გადაეცემა მდინარე რიონი, შესართავებიანად და მიმდებარე ტერიტორიებით, რომელთა ჯამური ფართობი 320 კვ. კილომეტრს შეადგენს.

თურქეთს მიეცემა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლიც და კავკასიის მთიანეთის ის ტერიტორიაც, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე რიონი.

ხელშეკრულება ნათელი დასტურია საქართველოს ხელისუფლების, საერთოდ პოლიტელიტის თურქეთის კაპიტალთან, პოლიტიკასთან უმჭიდროესი თანამშრომლობის. ამის შემხედვარეს უნებლიედ დაებადება კითხვა — გვიყიდა თურქეთმა?

არანაკლები გავლენა აქვს თურქეთს საქართველოს ჯარის ნატოს სტანდარტებზე გადაყვანაში. 2012 წლიდან თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ატარებენ ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს. თურქული გავლენაა პოლიციაზეც და ა.შ.

აქტიურად მუშაობენ თურქები განათლებისა და კულტურის დარგებში. თბილისში არსებობს იუნუს ემრეს ფონდი, რომელიც სისტემატურად ატარებს კულტურულ ღონისძიებებს, თურქეთის კულტურის დღეებს, უძღვება თურქოლოგიის შემსწავლელ კურსებს. თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველო აღდგენს და აშენებს მეჩეთებს, ხელს უწყობს ისლამის გავრცელებას, არჩევს და თურქეთში სასწავლებლად იწვევს ახალგაზრდებს და ა.შ.

თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს ვერაფრით ვუწოდებთ ორი ქვეყნის თანაბარ ურთიერთობებს. მას უფრო მოუხდება თურქეთისა და მის ვილაეთ საქართველოს  ურთიერთობების სახელი, ანუ ის, რაც რეალობაში გვაქვს — ურთიერთობები, რომლებიც რახანია ასახულია თურქეთში გამოცემულ რუკებზე, ლიტერატურაში.

თურქეთის ხელისუფლება, „დიდი თურანის“ აღდგენის იდეით შეპყრობილი —  კავკასიას რომ თავისად მიიჩნევს, დამალული რამ არ არის, რასაც დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი გულგრილად უყურებს, ვინაიდან თურქეთს ის თავის „ძაღლის შვილად“ მიიჩნევს. ერთადერთი ძალა, რომელსაც თურქული „რბილი ძალის“ პოლიტიკის შეჩერება შეუძლია რუსეთია, ვისთანაც საქართველოს, მტრობის მეტი არაფერი აკავშირებს. არადა ამ ქვეყნის გარეშე გათურქება მხოლოდ დროის საკითხია, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი