ბირთვული ერა

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

კაცობრიობა აგვისტოს თვეს, განსაკუთრებით მის პირველ დეკადას, გამორჩეული გულისტკივილით აღნიშნავს, ხოლო იაპონელები — უმძიმესი ტრაგედიის ობიექტები, დღემდე მოუშუშებელი ფიზიკური თუ სულიერი ძალადობის მსხვერპლნი, ხიროსიმასა და ნაგასაკის მემორიალებთან თავდახრილნი, მაგრამ არა დათრგუნულნი და დაბეჩავებულნი, ახალი ცხოვრების შემოქმედნი, ოპტიმიზმით აღსავსენი, დაღუპულთა სულებსაც მიაგებენ პატივს და თანამედროვეობასაც შეახსენებენ, რომ ტრაგედია, რომელიც მათ თავს დატრილადა აღარასოდეს არ უნდა გამეორდეს.

75 წელი გავიდა ხიროსიმასა და ნაგასაკის ატომური თავდასხმიდან. ეს იყო ატომური იარაღის ადამიანებზე გამოცდის პირველი შემთხვევა. გამოცდა და არა აუცილებლობით გამოწვეული დაბომბვა.

ფაშისტური გერმანიის მოკავშირე მილიტარისტული იაპონია რომ მალე დაყრიდა ფარ-ხმალს, ყველასთვის ცნობილი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტალინმა მოკავშირეთა თხოვნის საპასუხოდ, იაპონიასთან ომში ჩართვა გადაწყვიტა. იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე იყო განხილული მსოფლიოს ახალი წესრიგისა და იაპონიის საკითხები. მიღწეულ იქნა შეთანხმება საბჭოთა კავშირის მიერ იაპონიის წინააღმდეგ ომის დაწყების თაობაზეც. აშშ-ს პრეზიდენტებმა რუზველტმა (იალტაში) და ტრუმენმა (პოტსდამში) იაპონიასთან ომში ჩართვის საკომპენსაციოდ სტალინს აღუთქვეს სახალინის ნაწილისა და კურილიის კუნძულების დაბრუნება.

პოტსდამის კონფერენციის მსვლელობის დროს, შესვენებაზე, პრეზიდენტმა ტრუმენმა სტალინს აცნობა, რომ 16 ივლისს (1945 წ.) ნიუ-მექსიკოს ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე გამოსცადეს ბირთვული ბომბი. სტალინმა ინფორმაცია მშვიდად, უემოციოდ, თავდაჭერილად მიიღო, რამაც ტრუმენს გაუჩინა აზრი, რომ სტალინი ვერ ჩაწვდა ნათქვამს. აღნიშნული მან მოშორებით მდგომ ჩერჩილს გაანდო.

სტალინ-ტრუმენის მოკლე საუბრის შემდეგ სტალინმა, თავის ოთახში შესვლისთანავე მოითხოვა კურჩატოვთან დაკავშირება, რათა გაეგო თუ როგორ მიმდინარეობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა.

საბჭოთა კავშირმა 1949 წელს გამოსცადა ბირთვული ბომბი. ასე დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მეცნიერთა განმარტებით, ბირთვულ ერად მოიხსენიება.

ბირთვულ იარაღზე მუშაობა მეორე მსოფლიო ომამდე დაიწყო და წარმატებით გაგრძელდა ომის მსვლელობის დროს.

ბომბის დამზადებისთვის გაძლიერებული ტემპით მუშაობას 1941 წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი. 6 დეკემბერს აშშ-ს ადმინისტრაციამ საბოლოოდ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. 1942 წლის 2 დეკემბერს, ჩიკაგოში, ფერმის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა პირველად გამოიწვია ბირთვული ჯაჭვური რეაქცია — ადამიანის ხელით განხორციელებული პირველი ბირთვული ზალპი. 1943 წელს ებრაული წარმოშობის ბორი,  ფაშისტთა დევნისგან გადარჩენის მიზნით, აშშ-ი ჩავიდა და შეუერთდა მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომელიც ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით ლოს ალამოსში მუშაობდა ბომბის შექმნაზე.

ბორი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც განჭვრიტა საშინელი შედეგები, რაც სამუშაოს დასრულებას მოჰყვებოდა.

1944 წელს, რუზველტთან და ჩერჩილთან შეხვედრის დროს მან ილაპარაკა იმ პოტენციური პოლიტიკურ პრობლემებზე, რომელიც ატომური ბომბის შექმნას მოჰყვებოდა. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, სჯობდა თავშეკავება, ვიდრე ბომბის დამზადება.

ბორის ნათქვამმა ჩერჩილს ეჭვი გაუჩინა ბორის რუსეთთან თანამშრომლობაზე და გადაწყვიტა კიდევაც მისი დაჭერა, თუმცა მიზეზთა გამო ვერ მოახერხა.

ბორის გარდა სხვა ცნობილი მეცნიერებიც, გაცილებით ადრე, ცდილობდნენ, რომ ხელისუფლებას არ დაეშვა ახალი, ძლიერი ძალის მქონე, მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება. მათ შორის იყვნენ სცილარდი და ტელერი, რომლებიც აინშტაინს სახლში ესტუმრნენ, რუზველტის სახელზე წერილის შესადგენად.

აინშტაინი იზიარებდა მათ მოსაზრებას ბირთვული ბომბის დამანგრეველ ძალასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ის წერს პრეზიდენტ რუზველტისთვის 1939 წლის 2 აგვისტოს გაგზავნილ წერილში: „ელემენტი ურანი უახლოეს მომავალში შეიძლება ენერგიის ახალ  და მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს. შექმნილი სიტუაციის ზოგიერთი ასპექტი, ადმინისტრაციის სიფხიზლეს და სწრაფ მოქმედებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგზე — შესაძლებელია შეიქმნას ახალი ტიპის განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბი, რომელსაც გემით ტრანსპორტირების შემთხვევაში, შეუძლია პორტისა და მისი შემოგარენის მთლიანად დანგრევა. …“.

ცნობილი ფაქტია, როდესაც აინშტაინი ატომური კატასტროფის შესაძლო შედეგებზე ფიქრობდა, მან თქვა: „ ბომბის აფეთქების შემთხვევაში ადამიანები ვეღარ მოუსმენენ მოცარტს“. აინშტაინი მოცარტის შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო.

მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის წინააღმდეგი იყო „დინამიტის მეფედ“ წოდებული ალფრედ ნობელიც. თუმცა, მისი აზრით, აღნიშნული იარაღის გამოყენებას შეეძლო კაცობრიობაზე ისეთი ზეგავლენის მოხდენა, რომ მას ხელი აეღო ბომბის დამზადებაზე:  „იარაღი მომაკვდინებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან, არამედ საკუთარ სახლებში მჯდომი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვისაც. დაე, დაეკიდოს დამოკლეს მახვილი ყოველი ადამიანის თავზე და ბატონებო, თქვენ საოცრების მომსწრენი გახდებით — ყველა ომი წამსვე შეწყდება“.

„მე, მსურს გამოვიგონო ისეთი დამანგრეველი ნივთიერება ან მანქანა, რომლის წყალობით ომები სრულიად შეუძლებელი გახდება“.

ვითომ ნობელის შეგონებებით ხელმძღვანელობდა აშშ-ს ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრუმენი, როდესაც ხიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვის გადაწყვეტილება მიიღეს?

ნაკლებად დასაჯერებელია. მათი უპირველესი მიზანი იყო იაპონიის სამაგალითო დასჯა. იმ იაპონიისა, რომელმაც პერ-ჰარბორის საჰაერო თავდასხმით მწყობრიდან გამოიყვანა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები. გარდა ამისა, იაპონიის ბირთვული დაბომბვა, ირიბი გაფრთხილება უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს უძლიერეს სახელმწიფოდ და აშშ-სთვის უპირველეს მეტოქედ ჩამოყალიბდა.

ბირთვულმა იარაღმა, ხიროსიმასა და ნაგასაკში აფეთქებულმა, მსოფლიოს დაანახა საშინელება, რაც შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოთა შორის გაჩაღებულ ატომურ ომს.

ბირთვული იარაღის გამოყენებიდან გასული 75 წლის განმავლობაში ეს იარაღი იმდენად დაიხვეწა — მისი დამანგრეველი ძალის გაათკეცებით, რომ იაპონიის ქალაქებში ჩამოგდებული ბომბები სათამაშოებივით მოსჩანს.

ბირთვული ენერგია აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში — მედიცინით დაწყებული, ელექტროენერგიის წარმოებით დამთავრებული. ბირთვულმა ენერგიამ სხვა სიმაღლეზე აიყვანა კაცობრიობის განვითარება, მაგრამ ამასთანავე დიდი საფიქრალი გააჩინა სამხედრო საქმეში მისი შესაძლო გამოყენებით. თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, რომლებიც ბირთვული იარაღის მფლობელებად მოიაზრებიან. მათ შორის პირველობას ვერვინ შეეცილება აშშ-სა და რუსეთს. მათი ბირთვული არსენალი ათასებს უტოლდება.

ბირთვული იარაღი ომის, ფართომასშტაბიანისა და ყოვლისმომცვლელის შემაკავებელიც არის. დიდი სახელმწიფოები, ბირთვულად წოდებულნი, სიფრთხილით ეკიდებიან ერთმანეთის მიმართ ისეთი ქმედების განხორცილებას, რაც ხელს კრავს მათ სამხედრო დაპირისპირებისკენ. არაბირთვული სახელმწიფოები მოწიწებით ეპყრობიან „დიდებს“, ბირთვული იარაღის შიშით. თვით „დიდებიც“ თავშეკავებულები არიან იმ „პატარა“ ქვეყნების მიმართ, ვისაც ბირთვული იარაღი აქვთ. მაგალითად ჩრდილო კორეაც კმარა.

კაცობრიობის წინაშე არა მარტო ბირთვული იარაღის შემცირების საკითხი დგას, არამედ არაბრთვული სახელმწიფოების მიერ ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევის სურვილი. ასეთთა მიზანი ერთია — ბირთვული იარაღით საკუთარი მშვიდი არსებობის მოპოვება.

ბირთვული იარაღისკენ ლტოლვა მას შემდეგ გაათკეცდა, როდესაც ბირთვულმა სახელმწიფოებმა, ამ შემთხვევაში აშშ-ა აგრესიული ნაბიჯები გადადგა ერაყისა და ლიბიის მიმართ. არადა ორივე ქვეყანას გარკვეული სამეცნიერო სამუშაოები ჰქონდა ჩატარებული ბირთვული იარაღის შექმნისთვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ბირთვული იარაღის მფლობელ ერაყსა და ლიბიას, აშშ-ი სიტყვასაც ვერ გაუბედავდა.

მართალი გამოდგა ალფრედ ნობელი, რომელმაც კაცობრიობის გადარჩენისთვის ისეთი დიდი დამანგრევებელი ძალის მქონე იარაღის შექმნა ინატრა, რომელიც ხელს ააღებინებდა მსოფლიოს ომების წარმოებისგან. ნობელის სურვილი ნაწილობრივ ახდა. მეორე მსოფლიო ომის მსგავსს მოვლენას 75 წლის მანძილზე ადგილი არ ჰქონია, თუმცა ლოკალური ომები ისევე მიმდინარეობს, როგორც ბირთვული იარაღის შექმნამდე.

ერთ-ერთი საქართველომაც იწვნია — 2008 წლის აგვისტოს ომის სახით. 8 აგვისტოს, როგორც ქართული, ისე ოსური მხარე ნაღველით, სევდით, ცრემლით აღნიშნავს. ორივეს თავისი სიმართლე აქვს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც იქით, ისე აქეთ კარგად იციან, რომ სიმართლე მხოლობით რიცხვშია და არა მრავლობითში.

საქართველოში სიმართლის მთქმელი მოღალატედ მიიჩნევა. სიმართლე კი თავს არ მალავს, არც მაშინ, 2008 წელს, დაუმალავს, რაც დაფიქსირდა საერთაშორისო კომისიის დასკვნაში — აგრესია საქართველომ განახორციელა. გაეროს მიერ მიღებულ დოკუმენტებშიც გამეორდა ის, რაც ტალიავინის კომისიამ თქვა, ოღონდ სხვაც დაემატა, ერთობ მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის — ცხინვალში აკრძალული იარაღის გამოყენება.

12 წელია საქართველოს წინა და არსებული ხელისუფლებები აცხადებენ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. ანალოგიურს ამბობენ ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ და ისინი მოვითხოვთ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების ბოლომდე შესრულებას, რაც გულისხმობს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას.

რუსეთი აცხადებს, რომ მსგავსს ადგილი არ ექნება, ვინაიდან შეიცვალა ვითარება და არსებული რეალობა არ და ვერ გაითვალისწინებს მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების სრულ შესრულებას. არსებული რეალობა ხელშეკრულების იმ პუნქტმა შექმნა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საკუთარი ხელით წაშალა. პუნქტი მოუწოდებდა მხარეებს — თბილისს-სოხუმს-ცხინვალს, განსაკუთრებით თბილისს, საქართველოს შემაგდენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას და ამისთვის მოლაპარაკების დაწყებას. სააკაშვილმა, არათუ მოლაპარაკებებს მიჰყო ხელი, არამედ გააათმაგა აგრესიული რიტორიკა და მუქარა, ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ. ის საჯაროდ გაჰყვიროდა, რომ ძალისმიერი გზით დააჩოქებდა მათ.

მილიტარისტული განცხადებების პროცესში სააკაშვილი მარტო არ იყო. მას ზურგს უმაგრებდნენ დასავლელი, კერძოდ ამერიკელი „სტრატეგიული პარტნიორები“. ყოველივე ეს მოასწავებდა ომამდელი ვითარების გაგრძელებას. ანუ გაუთავებელ პროვოკაციებს, რასაც აქ ჰქონდა ადგილი — წითელსოფელში ჩამოგდებული ბომბი, პროვოკაციები აფხაზეთის საზღვართან, რუსთა მიერ აშშ-ს საელჩოზე „ტერორისტული“ აქტის განსახორციელებლად ბომბის დადება — ის მცირედი მაგალითებია, რასაც მრავლობით რიცხვში შეიძლება ჰქონოდა ადგილი. არც ცხინვალში ან სოხუმში შეჭრა იყო გამორიცხული.

მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით რუსეთმა გადადგა, მისთვისაც უხერხული ნაბიჯი — 26 აგვისტოს აღიარა რა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ომის დამთავრებიდან 26 აგვისტომდე საკმაო დრო იყო დაფიქრებისა და გონიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის, მაგრამ არც სააკაშვილს და არც მის წრეს გონიერების ნატამალი არ აღმოჩნდა, რამაც ქვეყანას დააკარგვინა ტერიტორიები.

რუსეთმა, რომელმაც 26 აგვისტოს ცნო საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა, მათთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით რუსეთის ჯარების გაყვანა კი არა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების განმტკიცებაა მოსალოდნელი.

საქართველო რუსეთის, საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები, რომ ჩიხშია შესული, მტკიცება არ სჭირდება. იშვიათად, მაგრამ მაინც გაისმის რუსეთთან დიალოგის დაწყების მოწოდება, რაც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ არსებულ ვითარებაში შეუძლებელი. და რატომ?

ვიდრე მოსალაპარაკებლად წავიდოდეთ, დასადგენია — გვინდა თუ არა რუსეთთან ურთიერთობა. თუ გვინდა, რა მასშტაბის, რა დონის.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ქართულ მედიაში უნდა შეწყდეს რუსეთის ლანძღვა-გინება. პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ რუსეთის მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება და ა.შ.

წინასწარ უნდა ვიცოდეთ მოგვცემენ თუ არა ჩვენი დასავლელი პარნიორები მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან (დამოუკიდებლად) მოლაპარაკებების  წარმოების საშუალებას.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევრო-ამერიკული კურსი, რუსეთთან ურთიერთობა ამოშალა დღის წესრიგიდან. დასავლეთმა საქართველოს არგუნა ანტირუსული პროპაგანდისტისა და პროვოკაციული განცხადებების გენერატორის ფუნქცია, რასაც საქართველოს წინა და დღევანდელი ხელისუფლებები წარმატებით ასრულებენ. ანუ ჩვენი ფუნქცია — ანტირუსული გამოხდომებია. მისი შეცვლა ნიშნავს ევრო-ატლანტიკური კურსის შეცვლას, რასაც საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ გააკეთებს იმათი შიშით და იქიდან მომავალი პირადი დაფინანსების გამო.

როდესაც ჩვენი „კეთილმსურველი“ ამერიკელი ექსპერტი გვეტყვის, რომ რუსი ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში სახიფათოა, ვინაიდან ისინი სპეცსამსახურების მუშაკები არიან და მოგიწოდებს რუსეთთან ტურიზმი ნულზე დაიყვანო, მისგან არ უნდა ველოდოთ შეძახილს — მოსკოვს დაელაპარაკეთ.

უახლოეს მომავალში ასეთ შეძახილს ადგილი არ ექნება, ისე, როგორც მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან ურთიერთობების დათბობას. გაციებას — კი, წინ რა უდგას?!

საქართველო ჩიხშია მოქცეული და ეს ჩიხი სააკაშვილმა გააჩინა, უფრო სწორად ამერიკამ, სააკაშვილის ხელით. ასეთი არასდროს გვეტყვის — რუსეთთან დაილაპარაკეო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი