პუტინის სტატიიდან გამომდინარე (გაგრძელება)

Russian President Vladimir Putin waves while walking along Red Square after a military parade on Victory Day, which marks the 76th anniversary of the victory over Nazi Germany in World War Two, in central Moscow, Russia May 9, 2021. REUTERS/Evgenia Novozhenina

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

ვიდრე წინა სტატიაში დაწყებულ თემაზე საუბარს გავაგრძელებ, შეგახსენებთ, რომ ის ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სტატიას — გამოქვეყნებულს ამერიკულ ჟურნალში. პუტინის 20-წლიანმა მმართველობამ მრავალი რამ მოუტანა საკუთარ ქვეყანას და გაერთიანებულ დასავლეთს. თუ ამ „მრავლიდან“ რუსეთისთვის მოტანილში გაცილებით მეტია დადებითი, ვიდრე უარყოფითი, დასავლეთისთვის — მისივე გაგებით, უარყოფითი აჭარბებს დადებითს.

ის, რომ რუსეთმა არ გააგრძელა პირველი პრეზიდენტის ელცინის პოლიტიკური გზა, ნეგატიურად ფასდება დასავლეთში. კოლექტიური დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებდა პრეზიდენტ ელცინზე, რომელმაც 1992 წელს აშშ-ს კონგრესში გამოსვლის დროს, იქაურ პოლიტიკურ ელიტას აუწყა კომუნისტური სისტემის დამხობა რუსეთში. გარდა ამისა, მან ხაზგასმით განაცხადა, რომ კომუნისტური ჭირი აღარასოდეს მოევლინებოდა რუსეთს. ელცინა დალოცა დემოკრატიის „სავანე“, აშშ-ი და ხანგრძლივი არსებობა უსურვა მას.

ძნელია ასეთზე არ გაამახვილო ყურადღება, არ გაუწოდო მას „დახმარების“ ხელი, რომლის მთავარი მიზანი — ყბადაღებული დემოკრატიის ძახილში რუსეთის დაშლა-დაქუცმაცება, მესამე ქვეყნად გადაქცევა და დასავლეთისთვის საჭირო ნედლეურის მიმწოდებელ ქვეყნად გამწესება იყო.

პუტინმა შეძლო დასავლური პროექტის წინააღმდეგ შებრძოლება, დაჩოქილი რუსეთის ფეხზე წამოყენება, ეროვნული სულისკვეთების, პატრიოტიზმის გაღვივება. დასავლეთისთვის ასეთის სიყვარული შეუძლებელია.

მიუნხენის კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვის შემდეგ პუტინი დასავლეთისთვის არათუ ძნელად მისაღები, არამედ საძულველი პოლიტიკოსი გახდა. მისი ყველა გამოსვლა, გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი, ნეგატიურად ფასდებოდა და ფასდება დასავლეთში.

მიუნხენის გამოსვლას, გაეროში, გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლაც დაემატა, მოგვიანებით ყირიმის შეერთება, სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც. გვირგვინი, ყოველივე აღნიშნულის იყო ბოლო სტატია, რომელშიც საფუძვლიანად არის გაანალიზებული ისტორიული მომენტებიც, მათ შორის დიდი სამამულო ომის და შემდგომი პერიოდის, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები.

სტატიის გამოქვეყნება ერთგვარი სიგნალია დასავლეთისთვის, რომ რუსეთმა ყველაფერი კარგად იცის — ავიც და კარგიც, მზად არის დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობებისთვის, ოღონდ ყოველგვარი დიქტატის, ჭკუის სწავლების, დასავლური იდეების რუსეთისთვის თავსმოხვევის გარეშე. მოკლედ რომ ვთქვათ — სუვერენიტეტის, თავისუფლების დაცვისა და ხელყოფის გარეშე.

ფეხზე დამდგარი პუტინის რუსეთი მოითხოვს დასავლეთთან თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე ურთიერთობას, რაც დაფიქსირდა კიდევაც 1993 წლის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში, რეფერენდუმის მესამე დღეს შევიდა.

პუტინის ინიციატივით განხორციელებული ცვლილებების შედეგად ხაზი გადაესვა წინა პრეზიდენტის ელცინის აშშ-ს კონგრესში გაკეთებულ განცხადებას — საბჭოეთის 70-წლიანი არსებობის დასამარების თაობაზე და რაც მთავარია რუსეთის კანონმდებლობაზე საერთაშორისო სამართლის პრიორიტეტულობას.

რუსი პოლიტიკოსები გახარებულები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ქვეყანას ნამდვილი სუვერენულობა და დამოუკიდებლობა შესძინა. დასავლეთი შეწუხებულია კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერით, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია და არა ქალისა და ქალის ან კაცისა და კაცის. დასავლეთს არ მოსწონს ისიც, რომ პუტინს ნულოვანი ათვლიდან დაწყებული შეეძლება პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის წამოყენება. და ეს მაშინ, როდესაც დემოკრატიულ ევროპაში კანცლერობაზე ან პრეზიდენტობაზე შეზღუდვა არ არსებობს. გერმანიის კანცლერს მერკელს, უარი რომ არ ეთქვა პოლიტიკაში დარჩენაზე, ახალი ვადით უეჭველად აირჩევდნენ კანცლერად. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება.

ქართული პოლიტიკის და საზოგადოების გასაგონად — პუტინი არსად მიდის, არც რუსეთის დაშლაა მოსალოდნელი. იგნორირება გიგანტი, ბირთვული სახელმწიფოსი უგუნურებაზე მეტია. პოლიტიკური იგნორირება მაქვს მხედველობაში, თორემ საქართველოს ეკონომიკა (თითქმის 75%) რომ რუსეთზეა ჩამოკიდებული, ფაქტია. გვინდა თუ არა, მასთან დიალოგი გარდაუვალია და რაც მალე, უკეთესი, ვინაიდან ატროკებულ ქართულ პოლიტიკას ისეთის მოტანა შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის — 2008 წლის ომი მონაგონი იქნება.

პროვოკაციები, რომლებიც ვაშინგტონის გარკვეულ რეაქციულ წრეებში იგეგმება და ქართველ ოპოზიციონერთა, უფრო სწორად პროვოკატორთა ხელით ხორციელდება, ცუდი სიგნალია — დაპირისპირების მომასწავლებელი. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით დიალოგის დაწყებაა საჭირო  ნამდვილის და არა ისეთი სუროგატის, ჟენევასა და პრაღაში რომ აქვს ადგილი.

რაც შეეხება იმ თემის გაგრძელებას, რაზეც დასაწყისში ვწერდი, ვიტყვი შემდეგს — რუსეთის ე.წ. ლიბერალური ძალები, აშშ-ს მიერ უხვად დაფინანსებული, პოლიტიკურ გარდაცვალებას არ აანონსებენ ან ვინ დააანონსებინებს? მისცემენ მათ ამის შესაძლებლობას აშშ-ს გარკვეული ძალები?

ის, რომ რეფერენდუმში მონაწილეებიდან თითქმის 21%-მა (დაახლოებით 20 მილიონმა) მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს — ამერიკელთა ძალისხმევის და მათი რუსი ლიბერალების აქტიურობის შედეგია. ის, რომ აშშ-ს პოლიტიკა გაგანია ხმის მიცემის ჟამს მოსკოვში, საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ლგბტ-ს დროშას გადმოკიდებს, ხოლო ელჩი გამამხნევებელი სიტყვით მიმართავს რუს ოპოზიციონერებს და ლგბტ-ს წარმომადგენლებს — იბრძოლეთ თავისუფლებისთვისო — არის თუ არა სხვისი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა? განცხადება კანადის ელჩმაც გააკეთა — ანალოგიური სახის. არ ჩამორჩნენ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის ელჩებიც.

ოცი მილიონი სერიოზული ძალაა და მასთან რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან ენის მოჩლექვით ლაპარაკი კარგის მომასწავლებელი არ არის. ქართული პოლიტიკის, ექსპერტების, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განცხადებით, რუსეთში, მედიასივრცე ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. თუ ასეა, მაშინ ხელისუფლებას მაზოხიზმის სენი  სჭირს?

ვერც ერთი ქვეყნის ელექტრონული მედია ვერ დაიკვეხნის ისეთ დემოკრატიას, რასაც რუსულ ტელესივრცეში, მათ შორის სამთავრობოში აქვს ადგილი. ყველა ტელეარხზე მიმდინარე პოლიტიკურ თოქ-შოუებში არა მარტო პირწავარდნილი ანტირუსი, ანტიპუტინელი ლიბერალები იღებენ მონაწილეობას, არამედ ამერიკელი, ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, პოლონელი, უკრაინელი, იტალიელი, არაბი, თურქი, … ჟურნალისტები და ექსპერტები. მსგავსს ვერ იხილავთ ვერც „სი-ენ-ენ“-ზე, ვერც „ბი-ბი-სი“-ზე, ვერც „ევრონიუს“-ზე და ვერც სხვა ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ტელეარხებზე.

აშკარად ანტირუსული ტელეკომპანია „დოჟდი“, „არტივიაი“, რადიო „ეხო მოსკვი“ ხომ „გაზპრომიდან“ ფინანსდებიან?! ჰქვია თუ არა ამას მოზახიზმი?!

ვინმე წარმოიდგენს, რომ RT-ს ფილიალს აშშ-ი ამერიკა აფინანსებდეს? დაფინანსება კი არა, რუსული RT-ს ერთი კინკილა ოპოზიციური სიტყვა, ვერ აიტანა დემოკრატიულმა ამერიკამ და ისეთი შეზღუდვები დაუწესა, ლამის აიძულოს ტელეკომპანია დახუროს — ფილიალი, სადაც ამერიკელი ჟურნალისტები მუშაობენ.

დასავლეთის წინაშე ქედმოდრეკით ლაპარაკი — გორბაჩოვ-ელცინის პერიოდისთვის დამახასიათებელი დღესაც ძალაშია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთის წინააღმდეგია. ხრუშჩოვის მმართველობიდან დაწყებული ანტისაბჭოური, ანტისტალინური პროპაგანდა — ხან აშკარა, ხან შეფარული, მომაკვდინებლად მოქმედებს სისტემაზე. შედეგიც სახეზეა — ჯერ გორბაჩოვის, ხოლო შემდეგ ელცინის ნეგატიური მმართველობა.

ორივენი, ისე, როგორც მათი სულიერი მამა ხრუშჩოვი საფლავშიც არ ასვენებდნენ სტალინს, აყალბებდნენ ისტორიას. აყალბებდნენ სტალინის დროინდელ ისტორიულ დოკუმენტებს, მათ შორის ხელმოწერებს. საბჭოთა ისტორიის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებით სტალინის, სისტემატურად მსჯელობდნენ კატინის მასობრივი მკვლელობის თემაზე. დისკუსიები ტელეკომპანია RTVI-ზე მიმდინარეობდა, რომელშიც შიგადაშიგ „ქორ“ ლიბერალებთან ერთად ისტორიკოსებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დახვრეტის გადაწყვეტილება, „მიღებული“ უმაღლესი ხელისუფლების მიერ, ყალბი იყო, მათ შორის სტალინის ხელმოწერაც.

საარქივო დოკუმენტებზე მუშაობამ დაანახვა მათ, რომ დოკუმენტი იმ სიძველისა არ  იყო, როგორისაც იმჟამინდელი სხვა დოკუმენტები. მათი მტკიცებით, ის გაყალბებული იყო, თანაც გაუტარებელი ჟურნალში. ისტორიკოსები კატეგორიულად მოითხოვდნენ ექსპერტიზის ჩატარებას, მაგრამ ხელისუფლებას ამის სურვილი არ გასჩენია. მისთვის დესტალინიზაცია იყო მთავარი — დასავლეთის საამებლად. რასა იქმს პუტინი?

თავის სტატიაში ის სიამაყით აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ დაგმო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ამასთანავე სტატიის გვერდებზე ის ამართლებს პაქტს, როგორც მნიშვნელოვანს საბჭოთა კავშირისთვის.

პაქტის მთავარი თემა გავლენათა სფეროების განსაზღვრაა და არა რომელიმე ქვეყნის ან ქვეყნების ოკუპაცია, ამ შემთხვევაში ბალტიისპირა რესპუბლიკების.

მოდით მივუბრუნდეთ იმჟამინდელ ისტორიას, მიუნხენის შეთანხმებას, რომელსაც ჩეხეთის დაწიხლვა მოჰყვა, შემდეგ კი გერმანიის ნაციზმის გაფართოება ევროპაში. სტალინს ბალტიისპირა ქვეყნების ოკუპაციის არავითარი სურვილი არ ჰქონია. თვით ამ ქვეყნებმა აიძულეს ის მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა. მაშინ დასავლეთის ქვეყნები ფაქტიურად დაეთანმხნენ პაქტს, ჩათვალეს რა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ ნაბიჯად.

გავიხსენოთ ჩერჩილის მიერ 1939 წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადება: „ნაცისტური საფრთხისგან თავის დაცვის მიზნით აუცილებელი იყო, რომ რუსეთის არმია მდგარიყო იმ ხაზზე, სადაც დღეს არის“.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გალიფაქსი, ლორდთა პალატაში გამოსვლის დროს: „საბჭოთა მთავრობის მოქმედება საზღვრების იმ ხაზამდე გადაწევასთან დაკავშირებით, შეესაბამება ვერსალის კონფერენციაზე ლორდ კერზონის რეკომენდაციას“.

ლოიდ ჯორჯი, ცნობილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე: „რუსეთის არმიამ დაიკავა ის ტერიტორიები, რომლებიც პოლონეთმა დაიპყრო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის ქმედების შედარება ფაშისტურ გერმანიასთან არის დანაშაულებრივი შეფასება“.

ისტორიისთვის ვარაუდებით ლაპარაკი მიუღებელია, მაგრამ, როდესაც განიხილება ბალტიისპირა ქვეყნების საბჭოთა კავშირის მიერ „დაპყრობა“, ჭეშმარიტება მოითხოვს ვთქვათ, რომ ასეთს ადგილი არ ექნებოდა, თვით ეს ქვეყნები რომ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც 1939 წელს მათსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულება კარნახობდა. სამივე ქვეყანას შეეძლო გადაეტანა 1940 წელიც და მეორე მსოფლიო ომიც, როგორც საბჭოეთის მოკავშირეებსა და ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებს — დამოკიდებლობის შენარჩუნებით.

ცხადია, ომის დამთავრების შემდეგ ისინი საბჭოთა ორბიტაზე დარჩებოდნენ, ისე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნები, მაგრამ მათ სხვა გზა აირჩიეს — ფაშისტებთან თანამშრომლობის, უღალატეს რა 1939 წლის ხელშეკრულებას მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე, დადებულს მათსა და სსრკ-ს შორის.

საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ესტონეთში, 10 წლის განმავლობაში აკრძალული იყო პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია იყო ციხეში. 1934 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პარლამენტი იყო დათხოვილი. ქვეყნის პრეზიდენტ პიატს და თავდაცვის მინისტრს ლაიდონერს მოჩვენებითი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მოსკოვთან. წლების განმავლობაში პიატსს მოსკოვი 400 აშშ დოლარს უხდიდა ყოველთვიურად, (იმ დროის კურსით საკმაოდ დიდ თანხას). მაგრამ, რომ იტყვიან — მგელმა, მგლობა არ მოიშალა და საბჭოეთის ზურგს უკან ჰიტლერთან გააჩაღა მჭირდო თანამშრომლობა.

ლატვიაში, ესტონეთის მსგავსად, 1934 წლის მაისში ულმანისმა მოაწყო სამხედრო გადატრიალება, შეაჩერა კონსტიტუცია, დაითხოვა პარლამენტი. სსრკ-სთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ულმანისმა დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ჰიტლერთან.

1940 წელს კი ლიტვამ გერმანიის პროტექტორატობა მოითხოვა. ლიტვამ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის წყალობით მიიღო ქ.ვილნიუსი და ვილენის მხარე.

სამივე ქვეყნის ანტისაბჭოური პოლიტიკის განხორციელების შესაკავებლად კრემლი იძულებული იყო ულტიმატუმი წაეყენებინა მათთვის — სასწრაფოდ ჩამოეყალიბებინათ ისეთი მთავრობა, რომელიც დაიცავდა ადრე დადებულ ხელშეკრულებას. ლატვიის, ესტონეთის და ლიტვის მთავრობები პრეზიდენტების ულმანისის, პიატსისა და სმეტონას სახით დათანხმდნენ ულტიმატუმს.

სხვა სურათი გვაქვა ფინეთთან. მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთი ფაშისტური გერმანიის მხარეს იყო და იბრძოდა სსრკ-ს წინააღმდეგ. ფინეთის ომამდე მოსკოვმა ჰელსინკს შესთავაზა ტერიტორიების გაცვლა. მას სურდა ლენინგრადის სიახლოვეს გამავალი საზღვრის გადატანა, რაზეც ცივი უარი მიიღო. ფინეთთან ომის შედეგად მოხდა საზღვრების გადაწევა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა ლენინგრადის დაცვის საქმეში.

ფინეთის არმიას მეფის რუსეთის გენერალი მანერგეიმი მეთაურობდა — მჭიდროდ მოთანამშრომლე ჰიტლერთან.

პარადოქსია, თუმცა ფაქტი — სანკტ-პეტერბურგის ისტორიული ნაწილის ერთ-ერთ სახლზე მანერგეიმის ბარელიეფი მიამაგრეს, რომელსაც პატრიოტებმა საღებავი გადაასხეს. ამ ფაქტს ლიბერალების ისეთი ლანძღვა-გინება მოჰყვა, უარესს რომ ვერვინ იფიქრებდა. როგორ შეიძლება ისტორიული პიროვნების ბარელიეფის წაბილწვაო?

ფაშიზმისგან საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს გადამრჩენელი სტალინის სახელის შეურაცხყოფა შეიძლება და საბჭოთა ხალხის მჟლეტელი მანერგეიმის, არა?!

ზემომოყვანილი ფაქტები ზღვაში წვეთია რუსეთის საშინაო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებიდან. სტატიის ფორმატი არ იძლევა ზოგიერთი მნიშვნელოვნის მოყვანის შესაძლებლობას. მათ შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი