ვინ გამოთქვამს ცეცხლის შეწყვეტის სურვილს?

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

საკონტაქტო ჯგუფის სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის — აშშ-ს, რუსეთის და საფრანგეთის, პრეზიდენტებმა ტრამპმა, პუტინმა და მაკრონმა ერთობლივად განაცხადეს, რომ გმობენ აზერბაიჯან-სომხეთს შორის  დაწყებულ მორიგ სამხედრო კონფლიქტს მთიან ყარაბაღში, მოუწოდებენ მხარეებს შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმაც შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე ქმედითი განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავეს, მიუხედავად საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მოხსენებისა, რომელმაც  დაადანაშაულა საკონტაქტო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ ვერბალური და სამხედრო მხარდაჭერისთვის.

მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართა, როგორც თანათავმჯდომარეებთან, ისე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან, თუმცა ამ უკანასკნელთან ლაპარაკს პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია, რაც დამტკიცდა თურქეთის ხელმძღვანელთა რეაქციული განცხადებებით და არა მარტო.

ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის მიხედვით, მთავარი განსახილველი თემა ბელარუსის არჩევნები უნდა ყოფილიყო და ბელარუსის ხელმძღვანელობისთვის სანქციების დაწესება — როგორც არჩევნების გაყალბების, ისე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის.

მიუხედავად კვიპროსის წინააღმდეგობისა, რომელმაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებისას ბელარუსის „დასჯას“ მხარი არ დაუჭირა და საკითხი ჩააგდო, ქვეყნების მეთაურების სამიტის დროს ვერ გაუძლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურების პრესს და უკან დაიხია, თუმცა ის მაინც მოახერხა, რომ სამიტს გაეფრთხილებინა თურქეთი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთში, მიმდინარე გეოლოგიური კვლევის შეჩერებისთვის სასწრაფო ზომების მისაღებად.

კვიპროსმა ბელარუსის თემა სავაჭროდ აქცია — არ დაუწესებთ სანქციებს თურქეთს, მხარს არ დავუჭერთ ბელარუსის სანქციებსო. მართალია, მან ისე ვერ ივაჭრა, როგორც სურდა, მაგრამ უსანქციობის ნაცვლად, მკაცრი გაფრთხილება მაინც გამოტყუა ევროკავშირელ კოლეგებს.

დღეს, ევროკავშირს გერმანია თავმჯდომარეობს, რომლის კანცლერს, ქალბატონ მერკელს ერთობ რთული დამოკიდებულება აქვს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. ამ ურთიერთობებიდან რამდენიმეა ისეთი, რომელიც სცდება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და ევროკავშირის საზღვრებში განსაკუთრებული სიმწვავით ხასიათდება. მაგალითად, ევროკავშირის დაპირების შეუსრულებლობა თურქეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით.

ძნელია აიტანო თითქმის ნახევარსაუკუნოვანი დაპირების შეუსრულებლობა, როდესაც სხვა ქვეყნები უკვე რახანია გაწევრიანდნენ ამ ორგანიზაციაში. მხედველობაში მყვანან ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნები. თურქეთი კი, ბრიუსელის მიერ მიცემული საშინაო დავალებების მუყაითად შემსრულებელი, ერთ ადგილზე დგას. დაასრულებს დავალებას და ბრიუსელი ახალ დავალებას აძლევს, რაც დაცინვის მსგავს ვითარებას ქმნის. ასე მიიჩნევს თურქეთი.

გაწევრების პერმანენტული გადავადების საკითხს ახალიც დაემატა — სირიელი დევნილების შეკავება. სირიაში წამოწყებულმა ომმა ათასობით სირიელი მოწყვიტა საკუთარ სახლ-კარს და იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. მათი დიდი ნაწილი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე, კარვის ქალაქებში ცხოვრობენ და ერთი სული აქვთ ევროპაში გასაქცევად.

სამი მილიონი ადამიანია თავმოყრილი ე.წ. კარვების ქალაქში, რომელთა კვება, საყოფაცხოვრებო საკითხები და სხვა მრავალი თურქეთზეა ჩამოკიდებული. ევროკავშირმა, თურქეთის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, 6 მილიარდი ევრო გამოუყო მას ლტოლვილების შესანახად, თუმცა ოფიციალური ანკარის მიხედვით, ეს თანხა არასაკმარისია.

ლტოლვილების თემას უმალ აჟღერებს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. თუკი ის უკმაყოფილოა ევროკავშირის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებით. ამ გაჟღერებას ულტიმატუმის სახე აქვს — არ გააკეთებთ ამას, კარს გავუხსნი სირიელ ლტოლვილებს ევროკავშირისკენ, რაც ევროკავშირელთა საფუძვლიან შიშს იწვევს.

ევროკავშირმა, განსაკუთრებით გერმანიამ, ჯერაც ვერ გადალახა ის პრობლემები, რომლებიც აზიელი და აფრიკელი ლტოლვილების შემოსევამ არგუნა მას. მიგრანტთა მიმართ კანცლერ მერკელის ზეჰუმანურმა დამოკიდებულებამ მის პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ავნო და ქვეყანასაც. გერმანიამ, რომელმაც გასული საუკუნის ეკონომიკური აღმავლობის დასაწყისში, ფართოდ გაუღო კარი თურქ მუშებს, ათეული წლის განმავლობაში ვერ მოახერხა მათი ასიმილირება.

პროცესი რთული გამოდგა. თურქები — გერმანიის ქალაქებში კომპაქტურად მცხოვრებნი, ინარჩუნებენ თავიანთ ყოფას, ცხოვრების წესს, ენას, აღმსარებლობას. მათი სამშობლო თურქეთია, ხოლო პრეზიდენტი — ერდოღანი და ეს მაშინ, როდესაც ისინი გერმანიის მოქალაქეები არიან.

თურქული დიასპორა 5 მილიონს აჭარბებს, იმაზე მეტს, ვიდრე ევროკავშირის წევრი ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ერთად აღებული მოსახლეობა. გერმანიის ქალაქებში თურქული სასადილოების, საშაურმეების და მეჩეთების რაოდენობას ვინ მოთვლის?!

ცხადია, ასეთ ვითარებაში ახალი მიგრანტები, მათი თავაშვებული ქცევა ნეგატიურად განაწყობს გერმანელებს საკუთარი ხელისუფლების მიმართ. სწორედ ამით არის გამოწვეული ევროკავშირის ლოკომოტივის, გერმანიის რევერანსული დამოკიდებულება ერდოღანის მიმართ, რაც დიამეტრალურად განსხვავდება საფრანგეთის დამოკიდებულებისგან.

ეს ქვეყანა არასდროს მალავდა თავის ნეგატიურ განწყობას თურქეთის მიმართ. საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ახსოვს ყოფილი პრეზიდენტის სარკოზის ნათქვამი, რომ თურქეთი ვერ ეღირსება ევროკავშირის წევრობას. მას არც დღევანდელი პრეზიდენტი მაკრონი ჩამორჩება.

უწინდელი რომ არ გავიხსენოთ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც კმარა თურქეთისადმი საფრანგეთის ნეგატიური დამოკიდებულების საილუსტრაციოდ. საფრანგეთმა კატეგორიულად დაგმო ერდოღანის მიერ ლიბიაში თურქეთის ჯარის გადასხმა და თავისი სამხედრო გემები სასწრაფოდ მიაცურა ლიბიის სანაპიროს.

საფრანგეთმა დაგმო თურქეთის მიერ გეოლოგიურ-სამძებრო სამუშაოების წარმოება კვიპროსის სიახლოვეს. მან მხარი დაუჭირა საბერძნეთს, რომელიც თვლის, რომ ის საზღვაო სივრცე, სადაც თურქეთი სამძებრო სამუშაოებს ატარებს, მისია. პარიზმა აქაც თავისი სამხედრო ხომალდები გააგზავნა.

საფრანგეთმა დაგმო თურქეთის პოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ თურქი სამხედროები ეხმარებიან აზერბაიჯანის არმიას ომის წარმოებაში. გარდა ამისა, მაკრონმა განაცხადა, რომ თურქეთმა საომარ ზონაში გადაიყვანა სირიაში მყოფი ტერორისტები.

სამხედრო დაპირისპირება, მითუმეტეს ომი, რასაც ყარაბაღში აქვს ადგილი, მაგნიტივით იზიდავს სისხლის მოყვარულ „ბოევიკებს“. ყარაბაღი კი ისეთი მაგნიტია, თუნდაც რელიგიის თვალსაზრისით — ქრისტიანთა და მუსლიმანთა დაპირისპირება, რომ ამას ხელიდან არვინ გაუშვებს.

მერკელის მოკრძალებულ დამოკიდებულებას და მაკრონის სიმკაცრეს ერდოღანი შესაბამისად უდგება, უფრო სწორად ჯიუტად და შეუდრეკლად. ის, არც ერთს და არც მეორეს მისთვის საშიშ პოლიტიკოსად არ აღიქვამს. მან კარგად იცის, რომ მისთვის პრობლემების შემქმნელი არც ერთია და არც მეორე, ვინაიდან ორივეს ლტოლვილების შესევით ემუქრება. აი, რაც შეეხება ამერიკას, მართალია მასაც არ ეპუება ერდოღანი, მაგრამ გარკვეულ ნიშნულამდე. მან იცის, რომ ამ ნიშნულის გადალახვას ვაშინგტონი არ აპირებს.

გამორჩეული ურთიერთობა აქვს ერდოღანს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. თურქეთ-რუსეთის დამოკიდებულებას უფრო ცვალებადი შეიძლება ვუწოდოთ, ვიდრე მყარი — მარტის ამინდივით, ხან დარი და ხან ავდარი. რუსეთი თურქეთს აწვდის გაზს, უშენებს ატომურ ელექტროსადგურს, მილიონობით ტურისტს უგზავნის ყოველწლიურად, უსაღებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აიარაღებს ანტისარაკეტო სისტემა C-400-ით, რომელიც დიდ უკმაყოფილებას იწვევს ვაშინგტონსა და ბრიუსელში და ა.შ.

მიუხედავად ამისა, თურქეთი არ ცნობს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში; მხარს უჭერს უკრაინას დონბასთან მიმართებაში; მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ეკამათება რუსეთს სირიის და ლიბიის საკითხებში; ეწინააღმდეგება სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით მის პრეზიდენტს ბაშარ ასადს. ერდოღანი აქტიურ დახმარებას უწევდა სირიელ ტერორისტებს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ომში და ა.შ.

მართალია, დღეს თურქი და რუსი სამხედროები ერთობლივ პატრულირებას ახორციელებენ ტერორისტების მიერ დაკავებულ ზონებში, მაგრამ დიდი სიამტკბილობა ერთმანეთის მიმართ არ შეინიშნება. პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც შეცდომა დაუშვა რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით, ათას ხერხს მიმართა პრეზიდენტ პუტინთან შესარიგებლად და რომ არა დსთ-ს, სხვა ქვეყნების ლიდერების ძალისხმევა, პუტინის ნეგატიური განწყობა არ შეიცვლებოდა.

ზემოთ ვახსენე ერდოღანის დამოკიდებულება ყირიმისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ერდოღანი, პანთურქიზმის, ოსმანიზმის მოტრფიალე პოლიტიკოსი, რას გულისხმობს ყირიმის რუსეთისგან თავისუფლებასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში?

ვეჭვობ, რომ ყირიმში ან საქართველოში მცხოვრებთა ბედი აინტერესებდეს. მას ყირიმიც და საქართველოც თურქეთის საზღვრებში უფრო ხიბლავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით რახანია ფართო ისტორიული კამპანიაა გაშლილი ამ ქვეყანაში — შესაბამისი დოკუმენტაციისა და რუკების დემონსტრირებით. თურქეთი არა მარტო აჭარას თვლის თავისად. თურქეთის ნეოოსმანიზმი მთელს კავკასიაზე ვრცელდება, როგორც სამხრეთზე, ისე ჩრდილოეთზე.

ერთ დროს ერდოღანის სულიერი მასწავლებელი ფეთჰულა გიულენი, ამჯერად მტერი, თავის ნაშრომებში ხაზგასმით მიუთითებდა თურქეთის გავლენის ზონაში კავკასიის მოქცევის თაობაზე. ის წერს, რომ ასეთი მიდგომა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა. გიულენის მიხედვით, თანამედროვე ვითარებაში სულაც არ არის საჭირო თოფი, საკმარისია პატარა ნოხი, მისი გაშლა და ლოცვა.

საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრების თითქმის 30-წლიანი გამოცდილებით, გიულენის ნათქვამი მიზანს აღწევს. თურქეთი, საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით აჭარიდან, ახალგაზრდებს იზიდავს თურქეთის მედრესეებში განათლების მისაღებად. თურქული ბიზნესი დომინირებს აჭარაში და არა მარტო. ამას წინათ ერთი თურქი ბიზნესმენი ქართული პრესის ფურცლებზე სიამაყით აცხადებდა — აჭარაში 40 თურქული სკოლის გახსნის თაობაზე.

გიულენს არ ჩამოუვარდება ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავუთოღლუ, რომელმაც არაერთი წიგნი დაწერა ოსმანიზმის აღორძინების თაობაზე. ისიც, როგორც გიულენი, საქართველოს, ისე, როგორც კავკასიას, თურქეთის შემადგენლობაში იხილავს.

ზემოთ ვახსენე სამი სახელმწიფოს მეთაურის განცხადება ყარაბაღთან დაკავშირებით. განცხადების უპირველესი ადრესატები არიან სომხეთი და აზერბაიჯანი. მათ უნდა გაეკეთებინათ საპასუხო განცხადება და არა თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს, რომელმაც წამიც არ დააყოვნა და პასუხი გასცა — გაღიზიანებულმა, დაახლოებით ასეთი — 30 წელიწადია არაფერი გაგიკეთებიათ ამ საკითხის მოსაგვარებლად, ახლა კი ხელს გვიშლით ყარაბაღის ოკუპანტისგან გათავისუფლებაშიო.

მან ისიც თქვა, რომ აზერბაიჯანი თურქეთის ძმა და მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც მხარს დაუჭერს მუდამ — მშვიდობიან ცხოვრებაში თუ ფრონტის ხაზზე.

ყველასთვის ნაცნობია ერდოღანის ნათქვამი აზერბაიჯანთან მიმართებაში — ერთი ხალხი, ორი ქვეყანა. ამ ლოზუნგს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსებიც იმეორებენ, მათ შორის პრეზიდენტი ალიევიც. არადა, აღმსარებლობის თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ირანთან უფროა ახლოა, ვინაიდან ორივენი მუსლიმანი შიიტები არიან, თურქები კი — სუნიტები.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სუნიტების მტრული დამოკიდებულება შიიტების მიმართ არაფრით ჩამოუვარდება სუნიტების ქრისტიანებთან დამოკიდებულებას.

ოსმანიზმის აღორძინების მოტრფიალე ერდოღანი, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანს ერთ ხალხად და ორ ქვეყანად აღიქვამს, მომავალში ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართაც იტყვის  — ერთი ხალხი, სამი, ოთხი, ხუთი ქვეყანა. არადა სათქმელი ნამდვილად აქვს, ვინაიდან თურქულმა ბიზნესმა დაიპყრო ამ რეგიონის ქვეყნები. რელიგიური თვალსაზრისით ისინი ერთნი არიან.

ომი კი გრძელდება — ნგრევით და მსხვერპლით. საკმარისია პატარა შეცდომა — ყარაბაღის ნაცვლად საომარი მოქმედების სომხეთში გადატანა, რომ ორმხრივი დაპირისპირება რეგიონულში გადაიზრდება, შესაძლოა გლობალურში.

დღეს, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს — ვინ გაისროლა პირველი. დღეს მნიშვნელობა აქვს — ვინ გამოთქვამს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების სურვილს. სამწუხაროდ,  ჯერ-ჯერობით  ასეთი არ ჩანს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი