16.10.2024

„ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

„ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“ — საბჭოთა პერიოდში, თერთმეტსართულიანი სახლის სახურავზე გადაჭიმულ ამ რეკლამას, თითქოს არაფერი აკავშირებს თანამედროვე პოლიტიკასთან, მითუმეტეს ბელარუსში მიმდინარე პროცესებთან. მაგრამ ეს, ერთის შეხედვით. სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ ამ სხარტ გამოთქმას, ბევრ საერთოს ვიპოვით პოლიტიკასთან, ბელარუსის, სხვა ქვეყნების მოვლენებთან, მაგალითად იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, სირიის, ეგვიპტის, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების რუსეთის, … .

ყველა მათგანმა საკუთარ თავზე იწვნია ამ გამოთქმის სიმწარე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვითარცა მაზოხიზმით გატაცებულები, ისევ იმ სახის შეცდომებს უშვებენ, ხანძარს რომ იწვევს. ვის-ვის და ბელარუსის პოლიტიკურ ხანძარს, თანაც ამ მასშტაბის რომ ვერვინ წარმოიდგენდა, ფაქტია. დამოუკიდებლობის შემდეგ, სხვათაშორის იმ დამოუკიდებლობის, რომელსაც ბელარუსის ბელოვეჟის ტევრში ჩაეყარა საფუძველი რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის პრეზიდენტების მიერ, განვლილი თითქმის 30 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში, ბელარუსს, როგორც „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების შემოქმედს, არასდროს მიუპყრია  საერთაშორისო საზოგადოების ცხოველი ყურადღება.

ქვეყანას მართავდა სამეურნეო საქმეებში გამოცდილი პიროვნება, რომელიც განვლილი საბჭოური ცხოვრებისა და გამოცდილების ბაზაზე, აშენებდა ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას. და აშენებდა საკმაო წარმატებით. მან მოახერხა თითქმის ათმილიონიანი ქვეყნის დარაზმვა, ძველი გამოცდილების გამოყენება და ყოფილ საბჭოთა სივრცეში ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბება, რომლის ბედს ბევრი შეჰხაროდა.

ლუკაშენკომ არ მიბაძა უკრაინას, სხვა მეზობლებს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და ჯართად არ გაყიდა მის ტერიტორიაზე არსებული ფაბრიკა-ქარხნები. მან „დღევანდელი კვერცხის ნაცვლად ქათამზე იფიქრა“ და დაჟინებით დაიწყო რუსეთთან გაწყვეტილი ეკონომიკური კავშირების აღდგენა-გაფართოება, რაც ურთულეს პრობლემას წარმოადგენდა. მიზეზი სირთულისა იყო მარტივი — ელცინის რუსეთის პროდასავლური ორიენტაცია. ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცება, გიგანტი საწარმოების პრივატიზაცია და უცხოეთში ჯართად გაყიდვა, სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის სამრეწველო ობიექტების უცხოელებზე მიზერულ ფასში მიყიდვა, სამხედრო და სამოქალაქო ფლოტში არსებული გემების ჩამოწერა და გაყიდვა და ა.შ.

ლუკაშენკომ — პოლიტიკაში ნაკლებად გარკვეულმა კაცმა, მოახერხა რუსეთის ხელისუფალთა დაინტერესება და იმ საწარმოების ამუშავება, რომლებიც მჭიდროდ იყო რუსეთის მრეწველობასთან დაკავშირებული.

რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის გამოჩენამდე, ლუკაშენკოს უკვე აწყობილი ჰქონდა არა მარტო ბელარუსულ-რუსული ერთობლივი მრეწველობა, არამედ სოფლის მეურნეობაც. ბელარუსმა გააგრძელა ტრაქტორების, უზარმაზარი სატვირთო ავტომანქანების, ჩარხების, სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოება და რუსეთის ბაზარზე გაყიდვა.

აღორძინებულმა სოფლის მეურნეობამ ხომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რუსულ ბაზარზე გაჩნდა რძე და რძის ნაწარმი, ბელარუსული ხორცპროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.

მოხერხებული, პრაგმატული პოლიტიკის წყალობით, ბელარუსის პროდუქცია გავიდა დსთ-ს ქვეყნებში, ჩინეთში, თურქეთში, სხვაგან. ბელარუსი გადაიქცა პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველაზე განვითარებულ და წარმატებულ ქვეყნად — სოლიდური ხელფასებით, პენსიებით, სოციალური უზრუნველყოფით, უმუშევრობისა და ინფლაციის დაბალი დონით.

ბელარისის წარმრატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და შეაქვს რუსეთს. იაფი სათბობ-ენერგეტიკული პროდუქციის შეღავათიან ფასებში მიწოდების თვალსაზრისით, ბელარუსის ქარხნებისთვის შესაბამისი დეტალების დამზადებით და მიწოდებით. ბელარუსი გადაიქცა დსთ-ოდკბ-ს, ევრაზიული კავშირის ავტორიტეტულ წევრად, ხოლო პრეზიდენტი ლუკაშენკო აღმოსავლეთ ევროპის თვალსაჩინო პოლიტიკოს-ლიდერად.

ყოველივე აღნიშნულს ხელს უწყობდა რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური კავშირი, რაც ნეგატიურ განწყობას უქმნიდა აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ბელარუსის წარმატება დასავლეთმა სხვაგვარად შეაფასა — მისთვის შესაფერისად. ბელარუსს, რუსეთის ბაღჩა უწოდა, ხოლო ლუკაშენკოს — ევროპის უკანასკნელი დიქტატორი, რასაც ცხადია ამაგრებდა ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკშენკოს მაღალპროცენტიანი გამარჯვება.

დიქტატორის იმიჯის შესაცვლელად ლუკაშენკომ არათუ მოადუნა ოპოზიციისთვის ამოდებული ლაგამი, არამედ დაპატიმრებული ოპოზიციონერები ციხიდან გაათავისუფლა და ნელ-ნელა ხელი მიჰყო დასავლეთთან პოლიტიკურ ფლირტს.

დასავლეთთან ჩახუტების პროცესი, რუსეთთან დაპირისპირების გარეშე, რომ შეუძლებელია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ყველა (მხედველობაში მყავს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) ფიქრობდა და ფიქრობს, რომ მოახერხებს ორ სკამზე ჯდომას. გახსოვთ ალბათ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და თხოვნით მიმართა მას რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაგრძელებისთვის, ევროკავშირის შეფმა ბაროზუმ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე განუცხადა — „ან ჩვენ, ან ის“.

დასავლეთისთვის მიუღებელია ბრიუსელ-ვაშინგტონს შუა რუსეთის ჩაკვეხება, ანუ თუ პროდასავლელი ხარ, ასეთად უნდა დარჩე. პროდასავლურობა და პრორუსულობა ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია, თუმცა არა ლუკაშენკოსთვის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსია.

მისი განმარტებით, ქვეყანა გზაჯვარედინზეა, რაც ყველასთან კარგ ურთიერთობას მოითხოვს. ამას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის (ამ შემთხვევასი რუსეთს) პოლიტიკურ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, მაგრამ, როდესაც დაპირისპირება, თავისი მასშტაბებით „ცივი ომის“ პერიოდს აჭარბებს, „ყველასთან კარგი ურთიერთობის მოსურნეს“ — (ამ შემთხვევაში ლუკაშენკოს) კარგი არაფერი დაადგება.

ლუკაშენკოს „პროდასავლურ“ ლტოლვას კბილი ჯერ ბოლტონმა მოუსინჯა, შემდეგ პომპეომ.

პირველი — პრეზიდენტი ტრამპის მრჩევლობის ჟამს ესტუმრა ბელარუსს, მეორე რამდენიმე თვის წინათ. ორივემ დაპირებების მთები აუგეს ლუკაშენკოს — ოღონდ ჩვენი  იყავი და ყველაფერში დაგეხმარებითო, თქვეს მათ.

დაპირებამ არათუ გაათამამა ლუკაშენკო, არამედ გააუხეშა კრემლთან დიალოგში. ვერ მოზომა, ვერ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები. ვერ დაინახა დასავლელთა მზაკვრობა. მათი „ღიმილი“— სარკასტული, ირონიით გაჟღენთილი, კეთილად მიიღო და ისეთ გზას დაადგა, როგორც ეგვიპტის პრეზიდენტი მუბარაქი, ლიბიის ლიდერი კადაფი, ერაყის პრეზიდენტი ჰუსეინი, საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე, იუგოსლავიის პრეზიდენტი მილოშევიჩი, უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი, … .

პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მის დასრულებას არაფერი აკლია.  ვშიშობ, ხელისუფლებიდან ძალით გაგდებული ზემოჩამოთვლილი და სიცოცხლემოსწრაფებული (გარდა იანუკოვიჩისა) პრეზიდენტების მძიმე ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკომ. ასე იცის „ცეცხლთან თამაში“.

ლუკაშემკომ ვერ გამოიცნო მარტივი ჭეშმარიტება, რომ დასავლური ღიმილი, მხარზე ხელის მოთათუნება, ცუდის მომასწავებელია. მას არაფერი აკავშირებს ურთიერთგაგებასთან, ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ პროექტებთან, უმუშევრობასთან და სხვა მრავალთან — ხალხის ყოფას რომ აუმჯობესებს. მათთვის ლუკაშნკო არც მშენებელია და არც ხალხის დამპურებელი. ის დიქტატორია, ადამიანის უფლებების დამრღვევი, ოპოზიციის დამთრგუნველი საშინელი ურჩხული, რომელიც უნდა წავიდეს.

რა გამოდის — კაცმა, რომელმაც არჩევნები 80%-ით მოიგო, უნდა წავიდეს? გააყალბაო, ერთხმად გუგუნებს ევროატლანტიკური სივრცე. კეთილი, მაგრამ რა ვუყოთ მაღალ პროცენტს?

დავუშვათ, მან არა 80%-ით, არამედ 51%-ით მოიგო, ხომ მაინც მოიგო? 51% ხომ მეტია, ვიდრე ოპოციზიონერ ტიხანოვსკაიას 10%? მაგრამ ვინ უგდებს ყურს? არც არვინ. ვინც უნდა უგდებდეს, სხვაგვარად ფიქრობს და ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს ლუკაშენკოს გასაგდებად. ასე ფიქრობენ ლიტვის, ბალტიისპირა სახელმწიფოების, პოლონეთის, სხვა ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

ახალი არჩევნებიო — აცხადებენ ისინი და მოუწოდებენ ერთ მუჭა ბელარუს ოპოზიციას აქტიურობისა და გაფიცვებისკენ. რა ჰქვია ასეთ დასავლურ პოლიტიკას, თუ არა ძალით, ლეგიტიმურის დამხობა და დასავლეთში ნაწრთობი ბიჭ-ბუჭების ხელისუფლებაში მოყვანა?!

დასავლურმა „დემოკრატიამ“ უკვე მერამდენედ ჩაისვარა, მაგამ სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, ვერ ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს. ისტორიულ მაგალითებს კი არა, ჩვენსავეს არ ვსწავლობთ. განა სააკაშვილი, ვიწრო ოპოზიციური ძალების რევოლუციური გამოხდომის წყალობით არ დაგვასვეს თავზე? ვინ იზარალა? ქვეყანამ და მისმა ხალხმა.

განა იანუკოვიჩი მცირე რაოდენობის პროფაშისტულმა ძალებმა არ დაამხეს?! ვინ იზარალა და ზარალობს? უკრაინა და მისი ხალხი. ქვეყანა მიწასთან გასწორდა. ერთ დროს აყვავებული საბჭოთა უკრაინა მათხოვარს დაემსგავსა. ექსპერტების გათვლით უკრაინას 40 წელი დასჭირდება იანუკოვიჩის დროინდელ ეკონომიკას რომ მიაღწიოს.

დანგრეულია ჩრდილო აფრიკის სახელმწიფო ლიბია — თავისი ცხოვრების დონით გამორჩეული. მისი ლიდერი, სასტიკი წამებით მოკლული. სამოქალაქო ომით განადგურებული ლიბია მსოფლიოს თავსატკივარია. ვინ მოაწყო ყოველივე თუ არა დემოკრატიულად წოდებულმა ევროპამ და ჩვენმა „საყვარელმა“ ნატომ?

აღარაფერს ვამბობ დაქუცმაცებულ იუგოსლავიაზე, გაპარტახებულ ერაყზე ან სხვაზე. ასე იცის დასავლურმა დემოკრატიამ, დამანგრეველმა და კაცთმოძულემ, უსამართლომ და დიქტატურისკენ გადახრილმა.

ევროატლანტიკური დემოკრატია, ფარული თუ ღია აგრესიის გზით ცდილობს უპირველესი მტრის, რუსეთის დამარცხებას, რისთვისაც მილიონებს არ ზოგავს. მათთვის მიუღებელია ლგბტ მოძულე ქვეყანა, გეი-პარადების კატეგორიული მოწინააღმდეგე, ტრადიციული ოჯახის მიმდევარი, დასავლური „ღირებულებების“ არგამზიარებელი, კონსტიტუციაში ოჯახის ცნების (ქალისა და მამაკაცის კავშირის) ჩამწერი. ასეთი ქვეყანა ისე უნდა გარდაიქმნას, როგორც ბალტიისპირა ქვეყნები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ის ამერიკულ ცხოვრების წესს უნდა ეზიაროს და ა.შ.

და როდესაც დასავლეთი, მიუხედავად რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქრთამვისა, ამას ვერ ახერხებს, ცდილობს იერიში მიიტანოს რუსეთის ირგვლივ მდებარე ქვეყნებზე — ჯერ ისინი გადააგვაროს, შემდეგ რუსეთი.

30 წლის განმავლობაში დასავლეთმა მოახერხა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების იდეოლოგიური მოწამლვა და მათი რუსეთთან ისეთი დაპირისპირება, უარესს რომ ვერვინ იფიქრებდა. უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თუნდაც სომხეთი, სადაც რევოლუციის გზით და არა არჩევნების, ქვეყნის სათავეში აღმოჩნდნენ სოროსელი ყმაწვილები — სახელმწიფოს მართვის ანბანის უცოდინარნი, გამოუცდელნი, მაგრამ დასავლური აზროვნების მატარებელნი.

„სომხეთის „მაიდანის“ გზით ხელისუფლების სათავეში მისული პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ატარებს რუსეთისადმი ღია არამეგობრულ პოლიტიკას, ნიშნავს რა მაღალ თანამდებობებზე გამოუცდელ ახალგაზრდებს, ნაცვლად იმ პროფესიონალებისა, რომლებიც რუსეთთან მეგობრობაზე იყვნენ ორიენტირებულნი.“ — აცხადებენ სომეხი პოლიტოლოგები.

რუსეთთან ყოფილი საბჭოთა სივრცის დაპირისპირების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი პოლონეთია, რომელიც გარდა იმისა, რომ მეტიჩარა მოწაფის მსგავსად ცდილობს პირნათლად შეასრულოს ვაშინგტონის დავალებები, თავისი ამბიციებიც აწუხებს — დიდი პოლონეთი, თუ მთელი არა ნახევარი უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიებით მის შემადგენლობაში — ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე გადაჭიმული.

ევროკავშირის ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთ ანტირუსობას, როგორსაც პოლონეთი. მისი ყველა ნაბიჯი მიმარულია რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთია ახალი გაერთიანება „ლიუბლინის სამკუთხედი“, რომელშიც პოლონეთთან ერთად შედიან ლიტვა და უკრაინა. ვარშავაში იმედი აქვთ, რომ ამ „სამკუთხედს“ მალე შეუერთდებიან ლატვია, მოლდოვა და ბელარუსი.

ვაშინგტონი პოლონეთს და ამ ახალ „სამკუთხედს“ კეთილი თვალით უყურებს, რაც გამოჩნდა კიდევაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს ვარშავაში ვიზიტის დროს. „ლიუბლინის სამკუთხედი“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ერთობლიობას, რაც მისაღებია ვაშინგტონისთვის, ისე, როგორც მისი დაპირისპირება რუსეთთან.

“სამკუთხედი“ რუსეთისთვის ახალი პრობლემისა და თავისტკივილის საწინდარია, მითუმეტეს იმ ჭრილში, როდესაც ბელარუსის გადაბირების საკითხი აქტუალური ხდება. ეს თემა უდავოდ გაფართოვდება და რეალურიც გახდება ლუკაშენკოს პრეზიდენტობიდან გადადგომისთანავე. სწორედ ამით არის განპირობებული პოლონეთის, ლიტვის, უკრაინის აქტიურობა ბელარუსის მოვლენებთან მიმართებაში.

„ლიუბლინის სამუკუთხედის“ გამოჩენა იდეოლოგიურადაც ანტირუსულია. ის ხაზს უსვამს რუსებისგან პოლონელების, უკრაინელებისა და ბელარუსების განსხვავებულობას.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეტევა დაწყებულია. ბრძოლის ველად ამჯერად ბელარუსია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი