გზაჯვარედინზე მყოფი ბელარუსი

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

რუსეთის დასავლეთის საზღვრებთან ახალი პრობლემა შეიქმნა — ბელარუსის სახით, რასაც, როგორც ჩანს, არც ბელარუსის ხელისუფლება ელოდა და არც რუსეთის. ბელარუსი — მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრებით გამორჩეული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, დამოუკიდებლად არსებობის 30 წლის განმავლობაში, ნაკლებად იქცევდა სხვათა ყურადღებას — საპროტესტო მიტინგებით, მრავალპარტიული და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული გამოსვლებით, დისიდენტებით.

ხელისუფლებამ, მკაცრი ზომების გატარებით, შეძლო ყოველივე აღნიშნულის აღკვეთა და ცხოვრების ისეთ კალაპოტში ჩაყენება, პოლიტიკური დუღილის ნიშანწყალი რომ არ ჰქონდა. ხელისუფლებამ ხალხს მისცა „პური და სანახაობა“, რაც მკაცრი დისციპლინური ცხოვრების მოთხოვნებთან ერთად, სტაბილიზაციისა და სიმშვიდის გარანტად იქცა.

განვლილი 30 წლის განმავლობაში ბელარუსში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, პოლიტიკური პარტიებისა და სხვაგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსების სიჭარბე არ შეინიშნებოდა, რაც იყო, ისიც გაცილებით სუსტი, ვიდრე სხვაგან. ქვეყნის პრეზიდენტი სწრაფად ახერხებდა მათ ნეიტრალიზებას — ზოგს ციხეში უკრავდა თავს, ზოგს აიძულებდა ქვეყნის დატოვებას, რაც დასავლეთისთვის შეუმჩნეველი არ რჩებოდა. მისი მხრიდან იყო ბელარუსის პრეზიდენტისა და ხელისუფლების დამგმობი კრიტიკა, ეკონომიკური სანქციებიც, მაგრამ გაცილებით სუსტი სიძლიერის, ვიდრე დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ.

პრეზიდენტი ლუკაშენკო, დასავლეთის მიერ ევროპის უკანასკნელ დიქტატორად იყო აღიარებული, რასაც ლუკაშენკოც მშვიდად იტანდა და ტიტულის მიმნიჭებელი დასავლეთიც. ევროატლანტიკურ სივრცეს, მიუხედავად ლუკაშენკოს „დიქტატორული“ მიდრეკილებისა, ხიბლავდა მისი „თამაში“, დასავლეთთან, რევერანსული დამოკიდებულება, რუსეთთან კინკლაობა, ანტირუსული გამოხდომები. ლუკაშენკოს მიერ გამოცხადებულმა „მრავალვექტორიანულობამ“, ანუ ყველასთან თანაბარი ურთიერთობების ქონამ, მთლად გადარია დასავლეთი — „საჩვენოდ შეიცვალაო ლუკაშენკო“ — იფიქრა მან, რაც ლუკაშენკოს ეშმაკური პოლიტიკის წარმატების შედეგი იყო.

წლების განმავლობაში ახერხებდა ლუკასენკო მსგავსი თამაშით დასავლეთის მოხიბლვას, ცხადია რუსეთის გაღიზიანების ფონზე. ლუკაშენკომ კარგად იცოდა, რომ რუსეთი არსად წავიდოდა, შეეგუებოდა ვითარებას, არ და ვერ დასჯიდა გათამამებულ, მოხტუნავე კრავს იმის შიშით, ვაითუ არ დავკარგოო. მრავალმხრივ პოლიტიკურ თამაშში გართულმა ლუკაშენკომ ჩათვალა, რომ ყველაზე ჭკვიანია — რუსეთზე და დასავლეთზეც და „თავისუფლების“ ისეთ დასავლურ სივრცეში შეიჭრა, დასავლელებს რომ აგრძნობინა — დადგა ბელარუსის მორჯულების ჟამი.

ბელარუსის მიმართ დასავლეთს ყურადღება არასდროს მოუდუნებია, მაგრამ მიმდინარე წელს, ლუკაშენკოს, რუსეთთან მორიგი გაბუტვის შემდეგ, ჩათვალა რომ ბელარუსი გარდაქმნისთვის მზადაა. დასავლეთში შემუშავებული პროექტის მიხედვით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთისკენ სრული შებრუნების დაწყების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. არც ერთ დასავლელს იმის ილუზია არ ჰქონდა, რომ ლუკაშენკო არჩევნებს წააგებდა. ამდენად, არჩევნების შედეგის მიუხედავად, ის (არჩევნები) გაყალბებულად უნდა ჩათვლილიყო, რაც ბიძგს მისცემდა მიძინებული ქვეყნის შიდა და გარეთ არსებულ ძალებს მასობრივი მიტინგებისა და გამოსვლებისკენ — საბოლოო ჯამში ლუკაშენკოს ჩამოგდებისკენ.

რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის გარდა ბელარუსის არჩევნები გაყალბებულად გამოცხადდა. განსაკუთრებული აქტიურობა იყო და არის ლიტვის, პოლონეთის, უკრაინის მხრიდან. ანტილუკაშენკოს რიტორიკას სიტყვას არ აკლებს ევროკავშირი და აშშ-ი. ორივენი თვლიან, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად ახალი არჩევნებია საჭირო. ლუკაშენკო — დარწმუნებული თავის გამარჯვებაში, არ აპირებს ახალი არჩევნების დანიშვნას. რაც შეეხება რეფორმებს — ის მზად არის ახალი კონსტიტუციის მისაღებად მუშაობის დასაწყებად.

ოფიციალური ბრიუსელი, ხედავს რა ბელარუსის ოპოზიციის უსუსურობას, თავშეკავებით აცხადებს, რომ არ სურს ბელარუსის, უკრაინის მსგავს ქვეყნად გადაქცევა და მოუწოდებს ლუკაშენკოს ოპოზიციასთან დიალოგს. თუ რომელთან, ძნელი გამოსაცნობია.

პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ტიხანოვსკაია ვილნუსშია და იქიდან ელაპარაკება, როგორც ბელარუსებს, ისე ბრიუსელს, ვაშინგტონს, ვილნიუსს, ვარშავას.

დასავლეთის მხრიდან ბელარუსის მიმართ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება შემდეგი — ბელარიუსის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა. იგივე პოზიცია აქვს რუსეთსაც. მაშ რაშია საქმე?

გამოდის, რომ შეთანხმება მიღებულია, მაგრამ ეს ერთის შეხედვით. ძნელია დაიჯერო დასავლეთის მხრიდან ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, როდესაც შემდეგ ფაქტებს აწყდები. პირველი — დაფინანსებას. ბრიუსელმა ბელარუსის ოპოზიციას 53 მილიონი ევრო გამოუყო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. სინამდვილეში კი ლუკაშენკოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

მეორე — ევროკავშირი ფართოდ უღებს კარს ტიხანოვსკაიას, საკუთარი მიზნებისა და გეგმების ჩამოსაყალიბებლად. დასავლური მედია, განსაკუთრებით ელექტრონული ორ კვირაზე მეტია ტიხანოვსკაიასთან ინტერვიუების აღებით არის დაკავებული. ტიხანოვსკაიას ხვდებიან ლიტვის, პოლონეთის, აშშ-ს მაღალი დონის პოლიტიკოსები და დიპლომატები.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ სტივენ ბიგანმა შეხვედრა გამართა ტიხანოვსკაიასთან, რის შემდეგ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აშშ-ი მხარს უჭერს ბელარუსში დემოკრატიულ ცვლილებებს, ახალი არჩევნების ჩატარებას. რა დავარქვათ ამას, თუ არა საშინაო საქმეებში ჩარევა?

გერმანიის კანცლერმა მერკელმა მადლობა გადაუხადა ლიტვას ტიხანოვსკაიას მასპინძლობისთვის. ლიტვა კი ის ქვეყანაა, რომელიც პოლონეთთან ერთად რახანია ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას — როგორც პოლიტიკურის, ისე ტერიტორიულის, თუკი რაღაც არეულობას ექნება ადგილი ბელარუსში.

ზემონახსენებმა ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვშიც მოაწყო შეხვედრები, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ლავროვთან. მთავარი საკითხი ბელარუსთან მიმართებაში ისევ ყბადაღებული ჩაურევლობა იყო.

ბელარუსის მოვლენები გამეორებაა იმისა, რასაც უკრაინაში ჰქონდა ადგილი 6 წლის წინათ. მაშინაც დასავლეთი მოითხოვდა უკრაინის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, მაგრამ პარალელურად მაიდანზე გამოსულ მომიტინგეებს ფუნთუშებს ურიგებდა და არა მარტო. თვით ამერიკელთა განმარტებით, უკრაინის „მაიდანში“ მან 5 მილიარდი დოლარი დახარჯა. შედეგი? უკრაინისთვის სავალალო — საყოველთაო ქაოსი, რუსეთის დასავლეთის საზღვრებთან მტრული სახელმწიფოს გამოჩეკვა — ფაშისტური სულისკვეთებით და იდეოლოგიით.

უკრაინაში, რეაქციული ძალების ხელისუფლებაში მისვლამ, მოსახლეობაში, მათ მიერ სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებამ იმდენად დააშინა ხალხი, რომ ხმას ვერ იღებს. ნულის დონეზე დავიდა უკრაინა-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ჯართად გაიყიდა უნიკალური ქარხნები — ავიამშენებლობით და გემთმშენებლობით სახელგანთქმული; განადგურდა მრეწველობა; მილიონობით უკრაინელი პოლონეთის დაქირავებულ შავ მუშად გადაიქცა. ექსპერტ ეკონომისტების გამოთვლით, 2014 წლამდე არსებულ დონეს უკრაინა 30 წლის განმავლობაშიც ვერ მიაღწევს. და ეს ყველაფერი კოლექტიური დასავლეთის წყალობით.

უკრაინის თანამედროვე ცხოვრება ისეთია, დასავლეთსაც რომ თავსატკივარს უჩენს, იმ დასავლეთს, რომელმაც ძალა არ დაიშურა უკრაინის ასეთად გადასაქცევად. „ჩვენ არ გვინდა, რომ ბელარუსი უკრაინას დაემსგავსოსო“, — აცხადებენ ევროკავშირის ბობოლები, თან ყველაფერს აკეთბენ ბელარუსის გასაუკრაინებლად.

ბელარუსი, რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა — დასავლეთთან საიმედო, მტკიცე, სანდო საზღვარი. ბელარუსი დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა — გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ბელარუსის დასავლურად მორჯულებით ნატოს და აშშ-ს რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ობიექტების სწრაფი განადგურების დიდი შანსი მიეცემათ.

ბელარუსის დაკარგვით, დაიკარგება ევრაზიული კავშირი, ოდკბ, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო ხელშეკრულება. პრობლემები შეიქმნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში; უკრაინის მსგავსად, ბელარუსის სამრეწველო გიგანტები, რომლებიც რუსეთის მრეწველობასთან არიან მჭიდრო კავშირში, შეწყვეტენ არსებობას. საბოლოო ჯამში მათ ისე გაყიდიან უცხოეთში, როგორც უკრაინაში.

ბელარუსი, რომელმაც არ იცის უმუშევრობა, ინფლაცია, რუსეთთან კავშირის გაწყვეტის მეორე დღესვე გაიგებს ამ „სიკეთეების“ მნიშვნელობას, მაგრამ გვიან იქნება. ლუკაშენკოს „დიქტატურის“ მოშლას უდავოდ მოჰყვება უმუშევრობა, ინფლაცია. ბელარუსის ქარხნებში მომუშავე პერსონალი, რომლის ხელფასი 500-დან 1000 დოლარამდეა, ქუჩაში აღმოჩნდება.

დაპირება, რომელსაც ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო აკეთებს — თითოეული ბელარუსელი მუშის ფულადი დახმარების გაწევის თაობაზე, დაპირებად დარჩება. ბელარუსი იმ ღატაკ ქვეყნებს შეუერთდება, სადაც „დემოკრატია“ ყვავის, უსაგნო საპარლამენტო ლაქლაქია, პოლიტიკური პარტიები კანონიერი თუ უკანონი გზით ერთმანეთს ექიშპებიან ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. …

გადადგამს ასეთ ნაბიჯს ბელარუსის ხალხი?

სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან მეზობელი დასავლეთის ქვეყნებიდან და ოკეანის გადაღმიდან ისეთ დაპირებებს ახვავებენ, რომ გაუჭირდება თავის შეკავება. ბელარუსის საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელსაც განათლება პოლონეთში აქვს მიღებული, სიღრმისეულად ვერ აანალიზებს ვითარებას. მას არ ანაღვლებს ეკონომიკის  გაუარესება. მისთვის მთავარი ლუკაშენკოს „დიქტატურის“ დამხობაა.

ბელარუსის რევოლუციას პოლონეთში აღზრდილი ახალგაზრდობა აკეთებს. ყოველწლიურად, სწავლის საფასურის გადახდის გარეშე, 7-8 ათასი ბელარუსელი სწავლობს პოლონეთში. მათ ტვინებში უკვე ღრმადაა ჩამჯდარი დასავლური „დემოკრატია“. ამ საკითხზე  მსჯელობა დღეს უკვე დაგვიანებულია. გუშინ უნდა ეფიქრათ ამაზე ლუკაშენკოს, ბელარუსის სპეცსამსახურებს, სამოკავშირო ხელშეკრულების მეორე მხარეს — რუსეთს. ისე, როგორც ყოველთვის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, რაც შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით რუსეთმა ვერადევერ შეიმუშავა პოლიტიკური ქცევის წესები. ის, ეკონომიკურ თანამშრომლობას მეტ ყურადღებას უთმობს. ცხადია, ეკონომიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ახალგაზრდებში, ცხოვრების პრობლემებში ჩაუხედავში, გამოუცდელში, მყვირალა მოწოდება — ძირს დიქტატურა, თავისუფლება, დემოკრატია იოლი აღსაქმელი და ასატაცებელია.

რუსეთმა ვერ გააანალიზა ყოფილ საბჭოთა სივრცეში აშშ-სა და ევროკავშირის პროექტების წარმატებულობის მიზეზები; ვერ გაიგო როგორ მოახერხა აშშ-ა 5 მილიარდ დოლარად უკრაინის ყიდვა, როდესაც უკრაინას ათეული მილიარდი დოლარი დაახარჯა. ევროკავშირი, რომელმაც ბელარუსის „დემოკრატიისთვის“ 53 მილიონი ევრო გამოჰყო, იოლად დაამარცხებს იმ 110 მილიარდ დოლარს, რუსეთმა რომ ბელარუსს მოახმარა.

რუსეთმა ვერ შეძლო სალაპარაკო ენა მოეძებნა უკრაინასთან და ბელარუსთან, საკუთარ სისხლთან და ხორცთან. განა ამის შედეგი არ არის ბელარუსის ოპოზიციის განცხადება რუსული ენის განდევნის თაობაზე?

ბელარუსის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბელარუსს სხვა ისტორია აქვს, ცხადია რუსეთისგან განსხვავებული და ა.შ. ბელარუსის ოპოზიცია, ხელისუფლების სათავეში მისვლისთანავე, ისეთივე ანტირუსულ რეფორმებს გაატარებს, როგორც უკრაინამ.

ყველაფერთან ერთად სახეზეა უმადურობა, დაუნახაობა, თუმცა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ სხვაგანაც მსგავს აქვს ადგილი. ავიღოთ კადაფის ლიბია — ჩრდილო აფრიკის და არა მარტო, წარმატებული სახელმწიფო — უფასო განათლებით, სამედიცინო მომსახურებით, სიმბოლური კომუნალური გადასახადებით, სოციალური შეღავათებით.

კადაფის ლიბიაში დაბადებული ბავშვის საბანკო ანგარიშზე ავტომატურად 10000 დოლარი ირიცხებოდა. ლიბიელ ახალგაზრდას მსოფლიოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეეძლო სწავლა. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს კადაფის მთავრობა აფინანსებდა. და მიუხედავად ამისა, ხალხმა სასტიკად ნაწამები კადაფი ძელზე გასვა.

დაქცეული ლიბია დღეს სამოქალაქო ომის და ტერორისტთა თარეშის არენაა ისევდაისევ „დემოკრატიული“ დასავლეთისა და ნატოს წყალობით. რაღა შორს მივდივართ. განა უკრაინა ასეთი არ არის?! დაქცეული ეკონომიკით, სამოქალაქო ომით დასუსტებული, ფაშისტი ახალგაზრდების თარეშით გაწამებული, ანტირუსული პოლიტიკით გადარეული?!

„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ — გვმოძღვრავს შესანიშნავი გამოთქმა, მაგრამ მის შინაარსს მაშინ ვწვდებით, როდესაც საქმე გაფუჭებულია. გაფუჭებულის გაკეთებას კი ათეული წლების დაუღალავი შრომა და სახსრები სჭირდება, რაც არცთუ იოლი საქმეა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი