09.10.2024

შეჩერდება თუ არა ყარაბაღის ომი?

აზერბაიჯან-სომხეთს შორის გაჩაღებული მორიგი ომი მთიანი ყარაბაღისთვის, შეჩერებულია. რამდენ ხანს ეყოფათ მხარეებს თავშეკავება და მილიტარისტული აზროვნების, პაციფისტურით ჩანაცვლება, ძნელი სათქმელია, ისე, როგორც ძნელი სათქმელია დაიწყებენ თუ არა ისინი მოლაპარაკებას მთიანი ყარაბაღის საკითხის საბოლოო გადაჭრისთვის.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე კონფლიქტი, რომელსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში „ცხელი“ დაპირისპირებაც ახლავს — ადამიანთა მსხვერპლითა და ნგრევით, იოლად გადასაწყვეტი არ არის.

კონფლიქტი, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დაიწყო და პოსტსაბჭოთა პერიოდში გრძელდება — მოლაპარაკებების რაუნდებით, მხარეთა უკიდურესი გაღიზიანებით, აგრესიულობით, ნაკლები სურვილით საკითხის დიპლომატიური ძალისხმევით გადაჭრისთვის.

საბჭოთა კავშირის დაშლამ, ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების გაჩენამ, სხვა საკითხებთან ერთად, ტერიტორიული საკითხებიც მოიტანა — საკამათო და ძნელად გადასაჭრელი, რომელთა მოგვარებას დიპლომატთა და პოლიტიკოსთა პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, გამოცდილება, დინჯი მოქმედება და მოთმინება ესაჭიროება, რაც ახალ, დამოუკიდებელ ქვეყნებში დეფიციტია.

ყოველივე აღნიშნულს ემატება მესამე ძალის მოქმედებაც — დასავლურის თუ აღმოსავლურის, მეტადრე დასავლურის, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად ხელს უწყობს პრობლემის გაფართოება-გაღვივებას, ნაცვლად დამშვიდება-დაშოშმინებისა. ე.წ. მესამე ძალა, შორსმიმავალი ძირგამომთხრელი პროექტების გამოყენებით, ცდილობს თავს მოახვიოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იწვევს ქაოსს და გაუგებრობას. ასეთი, იოლი სამართავია. ასეთის პოლიტიკური ელიტა უყოყმანოდ ასრულებს დასავლურ დავალებებს, მათ შორის ისეთსაც, მეზობელ სახელმწიფოზე გადაკიდება რომ ჰქვია.

გადაკიდების, დაპირისპირების ობიექტიც მოძებნილია. მას რუსეთი ჰქვია — საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადაჭიმული, მდიდარი წიაღისეულის მფლობელი ბირთვული სახელმწიფო — დასავლეთთან მოპაექრე, დასავლური ცხოვრების წესის კრიტიკოსი ქვეყანა.

დასავლეთს და მის ლიდერს აშშ-ს ვერადავერ წარმოუდგენია მასთან მოპაექრე სხვა რომელიმე ქვეყანა. მისი აზრით, ყველა დანარჩენი მას უნდა შეჰხაროდეს, მისი ცხოვრების წესს  იზიარებდეს, დასავლურ ღირებულებებს უნდა ეთაყვანებოდეს და მისი დირექტივებით უნდა ცხოვრობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიუტი, დაუმორჩილებელი ქვეყანა, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული იქნება — უამრავი პრობლემით საკუთარ საზღვრებთან.

დასავლეთი, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ხელისუფალთა მოღალატური ქცევით მოხიბლული, ლამის ამ ქვეყნის სიმდიდრეების ხელში ჩამგდები, ვერ შეეგუა საწინააღმდეგო აზრის გაჩენას, რასაც 2007 წელს მიუნხენში ჰქონდა ადგილი. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამხილა დასავლელთა მზაკვრული გეგმა მსოფლიო ბატონობასთან დაკავშირებით და პრეტენზია გამოთქვა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დასავლეთისთვის მოულოდნელი გამოდგა — მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მსგავსი.

მაშინ, ფეხზე წამომდგარმა რუსეთმა, რომელიც დასავლელთა წყალობით არაერთი წელი დაჩოქილ პოზიციაში იმყოფებოდა, გაკვირვება და ნეგატიური რეაქცია გამოიწვია დასავლეთში, რასაც მოჰყვა თავბრუდამხვევი ანტირუსული პოლიტიკა, შანტაჟი, ცილისწამება; ქვეყნის შიგნით, დასავლეთის მიერ დაპურებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის გაათკეცება; ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ანტირუსული პროპაგანდის გაფართოება; არასტაბილურობა, ქაოსი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ინარჩუნებდნენ მოსკოვთან ურთიერთობას.

„ფერადი რევოლუციების“ სტიმულად ქცეულმა არჩევნებმა — საპარლამენტომ თუ საპრეზიდენტომ, ისეთი პოლიტიკური „მოსავალი“ შესძინა კოლექტიურ დასავლეთს, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა — უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი. სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც ოპოზიციის სახით დასავლეთის მიერ გაძლიერებული ოპონენტი ეპაექრებოდა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა და არჩეული ხელისუფლება, საპროტესტო მიტინგების მოთავეებმა ჩაანაცვლეს.

ანალოგიური აგორდა ბელორუსში, თუმცა ჯერ-ჯერობით პრეზიდენტ ლუკაშენკოს სიჯიუტემ შეაკავა დასავლელთა მიერ ხელისუფლებაზე მისეული ოპოზიცია. თუ რამდენ ხანს — ძნელი სათქმელია.

ბელორუსულ „რევოლუციას“ ყირგიზული მოჰყვა — ხელისუფლების უსწრაფესი დამხობით და ისეთი ქაოსის შექმნით, რომლიდან გამოსვლა არცთუ იოლი იქნება.

წინ საქართველოს, მოლდოვის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის არჩევნებია, რომელთა მიმართ კოლექტიურ დასავლეთს საკუთარი შეხედულება გააჩნია, რაც უპირველეს ყოვლისა რუსეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

დასავლეთის მოპაექრე რუსეთს, საკუთარ საზღვრებთან ისეთი „ცხელი წერტილები“ უნდა შეექმნას, რომ მხოლოდ ამაზე იფიქროს, დასავლეთისკენ მიმართული ყურადღება, მეზობლებზე გადაიტანოს. გარდა ამისა, რუსეთს მუდამ უნდა ძაბავდეს შიდა ოპოზიცია, სხვადასხვა სახის მოგონილი ისტორიები, ისეთი, როგორიც ბლოგერ ნავალნის, რომელიც რუსეთში „მოწამლეს“, ხოლო გერმანიის კლინიკაში უმალ გამოაჯამრთელეს. და ეს მაშინ, როდესაც კრემლმა, პირადად პრეზიდენტმა პუტინმა გასცა ბრძანება (ასე ამბობს ნავალნი) ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოსაწამლად.

შხამმა ამჯერად ნავალნის ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი დაინდო, მაშინ, როდესაც ინგლისში, სკრიპალების შემთხვევაში, სხვაც „შეიწირა“ და რომ არა ლამის მთელი სოლსბერის დახურვა, „მსხვერპლი“ მრავლობით რიცხვში იქნებოდა. რაც შეეხება „შხამის“ ობიექტებს, მშვენივრად არიან, თუმცა სად იმალებიან ან მალავენ, არვინ იცის.

აღნიშნული შხამის სიძლიერე იმაშია, რომ უცბათ სპობს ობიექტს და ყველა სულიერს, ვინც შხამის მოქმედების არეალშია. ამას ჩაგვჩიჩინებდნენ დასავლელი სპეციალისტები, თუმცა მათი ნათქვამი და შხამის „ნამოქმედარი“ დიამეტრალურად დაშორდა ერთმანეთს. მაგრამ ეს ტყუილი აწუხებს დასავლეთს?

უდავოდ არა! მან თქვა და უნდა დაიჯერო. დაჯერების მექანიზმი მის ხელშია — მსოფლიო მედიის და დაქირავებული ექსპერტობის სახით. ცხადია, გამონაკლისიც არის, თუნდაც ასეთი, მაგრამ რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია და ვერ შეეპაექრება სიცრუის მანქანას.

„არაპოპულარული რუსი ოპოზიციონერი ნავალნი, რომელიც რუსეთის საზღვრებს­გარედან ფინანსდება, ფეიკების ზვირთებს მოაჯდა და ამტკიცებს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს. ეს დასავლეთის პირველი მცდელობა არ არის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რეგიონში და წინ აღუდგეს რუსეთის ლიდერობის აღორძინებას“ — წერს ენრიკე დომინგესი — ბრიკსის საერთაშორისო ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი.

„რაში სჭირდება პუტინს ჩაიდინოს უმძიმესი დანაშაული, განა ნავალნი საშიშია მისთვის? არამცდაარამც. შესაძლოა პუტინთან კონკურენციის სჯერა ნავალნის, მაგრამ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს“, — წერს ბაშირ აბას სამახა ლიბანი-რუსეთის მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი.

განსაკუთრებული ანტირუსული ვნებათა ღელვა გამოიწვია ყარაბაღის ომმა. ზოგი პირდაპირ, ზოგიც ირიბად ამ პროცესში ბრალს კრემლს სდებს — მის იმპერიულ პოლიტიკას. უკრაინის ტელევიზიამ სპეცრეპორტაჟიც მიუძღვნა ამ საკითხს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული რუსული ჭურვების დემონსტრირებით.

თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინაო — ისეთი პათოსით ყვებოდა უკრაინელი ტელეჟურნალისტი ამ ბომბებზე. როგორც ჩანს, მისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი ის, რაც მთელი მსოფლიოსთვის კარგა ხანია ცნობილია. რუსეთი სომხეთს და აზერბაიჯანს რახანია ჰყიდის იარაღს, საერთაშორისო კანონების დაცვით.

ეს ჟურნალისტი მარტო არ არის, მას მხარს უბამენ თავისი კოლეგები და უკრაინელი პოლიტიკოსები, რომელთაც რუსეთის ლანძღვა-გინებაში ბადალი არ ჰყავთ. უკრაინელებს არც ქართველი პოლიტიკოს-ექსპერტობა ჩამორჩება. ისინიც გვიმტკიცებენ, რომ ყარაბაღის ომით თუ ვინ არის დაინტერესებული და ვინ ითბობს ხელს — რუსეთია.

არადა, პოსტსაბჭოთა სივრცის ნებისმიერი კონფლიქტი რუსეთისთვის ლახვარია. ამით იყო გამოწვეული პუტინის თხოვნა აზერბაიჯან-სომხეთის ხელისუფალთა მიმართ, მოსკოვში მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. მაინც რა ლექსიკით უნდა ეხელმძღვანელა პუტინს ალიევთან და ფაშინიანთან დიალოგის დროს, რომ გაჯიქებული ლიდერები მოლაპარაკებაზე დაეყოლიებინა?

მან ეს მოახერხა — მშვიდობისა და ურთიერთშეთანხმების მისაღწევად, რისთვისაც ის ლანძღვა-გინებას ნამდვილად არ იმსახურებს.

კომფლიქტს, გარდა ორი ხილული მხარისა, მესამეც ჰყავს — თურქეთის სახით. პრეზიდენტ ერდოღანის თურქეთი (მას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს) გამოკვეთილი ხისტი პოლიტიკით არის ცნობილი არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში.

ნაწილობრივ ამ თემაზე წინა სტატიაში გვქონდა საუბარი და ის, რაც იქ ვერ ჩაეტია, ამჯერად შემოგთავაზებთ, ვინაიდან საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ერდოღანისა და მისი პარტიის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს. ის, რომ ერდოღანი კავკასიას, ცენტრალურ აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ბალკანეთს თავისად მიიჩნევს, ანუ ისტორიულად დიდი ოსმალეთის შემადგენელ ნაწილად, ყველასთვის ცნობილია.

სულ ახლახანს, თურქეთის პარლამენტში გამოსვლის დროს მან განაცხადა: „იერუსალიმი ჩვენი ქალაქია“. მან თქვა, რომ 100 წლის წინ თურქებმა იძულებით, თვალებზე ცრემლით დატოვეს იერუსალიმი. ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე თურქეთს აქვს მჭიდრო კავშირი წმინდა ქალაქთან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1516-1917 წლებში იერუსალიმი ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის პოლიტიკა შეიცვალა. მისი მიზანი გახდა საერო მმართველობის ჩამოყალიბება, ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ყოფილ ტერიტორიებზე ყოველგვარი პრეტენზიის განცხადებისგან თავის შეკავება.

თურქეთის პრეზიდენტი ხშირად ავლებს პარალელს ოსმალეთის იმპერიასა და თანამედროვე თურქეთს შორის. ცდილობს გარკვეულწილად მოახდინოს თურქეთის გავლენის გაფართოება  პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგულ ტერიტორიებზე.

რევანშისტულ პოლიტიკაში ერდოღანს მხარს უმშვენენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ექსპერტები, სამხედროები. ამ უკანასკნელთა შორის გამოკვეთილი ფიგურაა გადამდგარი გენერალი ადნან ტანრივერდი, რომელიც პრეზიდენტის სამხედრო მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, გენერალი გამოდის გაერთიანებული ისლამური ზესახელმწიფოს შექმნის იდეით, რომელიც შარიათზე იქნება დაფუძნებული. მის შემადგენლობაში 61 ქვეყანა იქნება, დედაქალაქით სტამბოლში.

ტანრივერდის მეცადინეობით ყოველწლიურად ტარდება კონგრესი და შეკრებები ისლამური კონფედერაციის შექმნის საჭირო ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. 2019 წელს გამართულ კონგრესზე ტანრივერდიმ მოუწოდა ისლამურ ქვეყნებს იარაღის ერთობლივი წარმოებისკენ.

ამავე კონგრესზე განიხილეს კონფედერაციის კონსტიტუციის პროექტიც, რომელშიც ჩაწერილია, რომ „სუვერენიტეტი შარიათს ეკუთვნის“; რომ კონფედერაციის დედაქალაქი სტამბოლი უნდა იყოს; რომ არაბული ენა უნდა იყოს მთავარი და ყველა სკოლაში ისწავლებოდეს. ახალი სახელმწიფოს სახელი იქნება „ასრიკა“ (აზია, აფრიკა). საორგანიზაციო კომიტეტი ფინანსდება თურქეთის ბიუჯეტიდან.

ტანრივერდი აცხადებს, რომ თურქ და მუსლიმან ხალხთა კეთილდღეობა, მსოფლიოს მშვიდობა და სამართლიანობა დამოკიდებულია მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე ისლამური ზესახელმწიფოს გამოჩენით.

ტანრივერდის მიერ შექმნილი ორგანიზაცია კონსულტაციას უწევს და წვრთნის ლიბიის ეროვნული თანხმობის შეიარაღებულ ძალებს, აწვდის მას იარაღს. სწრაფი ტემპით ვითარდება თურქეთ-პაკისტან და თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობა.

ისლამური კონფედერაციის პროექტში ცალკე ადგილი უკავია თურქულენოვანი ქვეყნების (აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის) მჭიდრო თანამშრომლობას.

ტანრივერდის არ ჩამოუვარდება ერდოღანის თანაშემწე მესუთ ჰაკი ჯანიშა, რომელიც აცხადებს: „რუსეთი დანაწევრდება. იქ 25 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს. ჩვენ 16-ჯერ ვიომეთ რუსეთთან და მომავალშიც ვიომებთ. შურისძიება საშინელი იქნება“.

თურქეთ-რუსეთის ომი რომ საჰაერო დარტყმებით არ შემოიფარგლება, ცხადზე უცხადესია. ის, ზღვასაც მოიცავს და ხმელეთსაც, ჩაითრევს რა მეზობელ სახელმწიფოებს. დღევანდელი თურქეთი, მიუხედავათ ნატოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიისა, ჩამოუვარდება რუსეთის არმიას, განსაკუთრებით თანამედროვე შეიარაღებაში, რაც  ოფიციალური ანკარის გაზრდილ სამხედრო-პოლიტიკურ მადას ანეიტრალებს.

გარდა ამისა, ერდოღანის პოლიტიკით გაღიზიანებული მსოფლიო არ მისცემს მას დიდი ოსმალეთის აღორძინების საშუალებას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი