ყბადაღებული დასავლური ღირებულებების თაობაზე

როდესაც რასიზმის, სოციალური დისკრიმინაციის, ვითომ დემოკრატიის წინააღმდეგ აბობოქრებული ამერიკა განაგრძობს ქუჩის გამოსვლებით დამყაყებული ვითარების შეცვლას, დასავლური ფასეულობებისთვის საძირკველის შერყევაა! როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ელიტას „ვაშინგტონის ჭაობს“ უწოდებს (ტრამპმა ეს ტერმინი თეთრ სახლში შესვლისთანავე გააჟღერა), რა დასავლურ, განსაკუთრებით ამერიკულ ფასეულობებეზე ვსაუბრობთ?

როდესაც აშშ-ს უდიდესი პარტიის — „დემოკრატიულის“ პრეზიდენტობის კანდიდატად კორუფციულ საქმეებში გასვრილი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენია დასახელებული, რა დასავლურ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?

როდესაც 155 წლის წინ გაუქმებული მონათმფლობელობა — სხვა სახით და სხვა ფორმით, მითუმეტეს შინაარსით, შენარჩუნებულია, რა ფასეულობებზე ვსაუბრობთ?

როდესაც რასიზმი, ქაღალდზე დაგმობილი, უწინდებურად ყვავის აშშ-ში, რა ფასეულობებზე ვლაპარაკობთ?

როდესაც (დოკუმენტით), თეთრებთან გათანაბრებული ზანგი არბევს პოლიციის შენობებს, წვავს პოლიციის ავტომანქანებს, ამსხვრევს მაღაზიების ვიტრინებს და ძარცვავს მათ, რომელ დასავლურ ფასეულობებთან გვაქვს საქმე?

არც ერთი ადამიანი შავი, თეთრი თუ ყვითელკანიანი არ ჩაიდენდა იმ დანაშაულს, რასაც ის სჩადის აშშ-ი, სხვაგან. უნებლიედ იბადება კითხვა — ვინ და რამ აიძულა ისინი უმკაცრესი პროტესტისთვის?

პოლიტიკურმა, საზოგადოებრივმა სისტემამ, ჩვენ რომ დასავლურ ფასეულობებად ვნათლავთ. როდესაც ამერიკელი, საკუთარ ქვეყანაში დაწვავს საკუთარი ქვეყნის დროშას, რა ფასეულობასთან გვაქვს საქმე?

როდესაც თანამედროვე ამერიკელები და ევროპელები კლასიკოსების შემოქმედებას ლამის კოცონზე წვავენ, ხოლო ისტორიული პიროვნებების, მათ შორის პრეზიდენტების ძეგლებს მიწაზე ანარცხებენ ან შეურაცხყოფენ რა სახის ფასეულობებია?

როდესაც 80 წელს გადაშორებული ნენსი პელოსი — წარმომადგენელთა პალატის ლიდერი, კონგრესის კედლებზე ჩამოკიდებულ კონფედერატების პორტრეტებს ხსნის და სარდაბში აგზავნის — რა სახის ღირებულებებია?

გვიან, ძალიან გვიან (ასაკიდან გამომდინარე) ხომ არ გაახსენდა პელოსის რასიზმი და უთანაბრობა?

აშშ-ი რომ აფრიკელი ზანგების ოფლით, სისხლით, შრომით, დამცირებით, შეურაცხყოფით არის ნაშენი, ფაქტია. არ ყოფილიყვნენ ისინი და არ იქნებოდა აშშ-ს ეკონომიკა წარმატებული. ის ხომ ზანგთა სასტიკ ექსპლუატაციაზე არის აგებული?

რომ არ ყოფილიყო კოლონიალიზმი, რა დონეზე იქნებოდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, სხვები? სხვათა ძარცვით, ყვლეფით, დამონებით, ექსპლუატაციით მოიპოვეს მათ ის დიდება, რომელიც დღემდე შემორჩათ და რომელსაც უსამართლობად, სამარცხვინო ისტორიად თვლიან მათი თანამედროვენი. ამიტომაც შეუტიეს მათ „სახელგანთქმულ“ წინაპრებს — სხვათა ექსპლუატაციაში ხელგასვრილებს. თავები წააცალეს, ყვითელ-წითელი საღებავები შეასხეს მათ ძეგლებს. ზოგი მოხსნეს და მდინარეში გადაუძახეს, ზოგსაც განადგურებით ემუქრებიან.

ამერიკა-ევროპის დღევანდელთა მიხედვით ის, რაც ჩვენ ფასეულობები გვეგონა, სამარცხვინო ყოფილა.

ევროპა-ამერიკის შედევრები ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში მხოლოდ შირმააო საშინელებათა დასაფარად, რასაც დასავლეთში ჰქონდა და აქვს ადგილიო. ასე აცხადებენ ამბოხებულები — მოითხოვენ რა მრავალსაუკუნოვანი უსინდისობის წაშლას, მის ადგილას ახლის — ჯერაც უცნობის აშენებას. ისინი ანგრევენ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგანან, ჩვენ? უვიცნი, ინფორმაციამოკლებულნი, თანამედროვე მსოფლიო საკითხებში გაუთვითცნობიერებელნი, მათ „ფასეულობებს“ შევხარით, მათკენ მიგვიხარია.

როდესაც ჯორჯ ფლოიდის დახრჩობის ადგილას „ლახანკას“ დადგამენ და შიგ მდგარ მღვრიე წყალში ლამის მინიაპოლისის ყველა მაცხოვრებელს „მონათლავენ“ — ვითარცა მდინარე იორდანეში, რასთან გვაქვს საქმე, რა ფასეულობასთან?

როდესაც თითქმის ყველა ქალაქში პოლიციელები ზანგების წინ იჩოქებენ — რა ფასეულობაა?

როდესაც ახლადშექმნილ ორგანიზაცია „შავის ცხოვრება მნიშვნელოვანია“-ს თეთრი მილიონერები მსუყე თანხებს ურიცხავენ  — რა ფასეულობაა და თუ არის, რატომ  არ აქცევდნენ ამ საქმეს ჯეროვან ყურადღებას?

„ფასეულობა“ შედრკა, შეშინდა. სიცოცხლის, მოხვეჭილი ქონების შენარჩუნების მიზნით მზად არის ყველაფერი აიტანოს — თავზე დასვრაც კი. ეს, არის ფასეულობა? ამისთვის მივრბივართ იქით?

ძველი, ევროპული ფასეულობები ქარმა წაიღო. მათ ნაცვლად ახალი გაჩნდა — ჭარბი გენდერული, სექსუალური თავისუფლება — ნათია ფანჯიკიძისეული, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, გეიპარადები, „მამაკაცთა“ კურტუმოს თამაში, ნარკომანია, … საჯარო თავშეყრის ადგილებში, ტელესტუდიებში აღვირახსნილი ბილწსიტყვაობა, ინგლისური სიტყვების ჟღარუნით თავმოწონება, უფროსასაკოვანთა შეურაცხყოფა, მათი დარბაისლობის ფეხქვეშ გათელვა.

ვითომ ჟურნალისტ გაბუნიას სატელევიზიო ლანძღვა-გინება — ყოველგვარ საზღვრებს გადასული, ის ღირებულებებია, რომელსაც ვეთაყვანებით? ისიც ხომ დასავლური თავისუფლების იმპორტირებამ მოიტანა?

შემედავებით — არ ვეთაყვანებითო! კეთილი, თუ „არ“ — სად არის თქვენი ხმა, ინტელიგენციის ხმა, უბრალო წერა-კითხვის მცოდნის, მაგრამ შეგნებული ადამიანის საპროტესტო ხმა გაბუნიას უზრდელობაზე?!

ერი დუმს. კალმოსნები არაფერს წერენ. ორატორნი ხმაჩაკმენდილნი არიან. პოლიტიკოსნი მითუმეტეს ანუ საყოველთაო ერთსულოვნებასთან გვაქვს საქმე. ანუ ყველა ჩვენგანი ისე სუნთქავს, როგორც გაბუნია. ანუ ერის სახე გაბუნიაშია განივთებული?

ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ გაბუნიას ბილწსიტყვაობა არ შეეფერება მრავალსაუკუნოვან, დიდი კულტურის მქონე ერს. გაბუნიას ყოველი ბინძური სიტყვა ერის, ქვეყნის სიტყვად აღიქმება.

ვაი, უბედურო, „ამაყო“, დასავლეთისკენ მავალო საქართველოვ! ვაი, ჩვენო დიდო და სათაყვანებელო სტრატეგიულო პარტნიორო, ქვეყანავ, სურვილიც რომ არ გაქვს  უწმაწური სიტყვებისთვის ყური აუწიო ყიამყრალ შენს მოსწავლეს. როდესაც ასეთ სურვილს არ იჩენ, შენ ხომ არ აქეზებ მას, მისთანებს პროვოკაციისთვის? იქნებ 2008 წლის ომი გვაკმარო — ახალი ხომ მიწასთან გაგვასწორებს?!

რაო? თქვენი სურვილიც ეს არისო?! რუსული აგრესიის შესაკავებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთო? რაღა თითოოროლა ქართველის ხარჯზე?!

ერაყი, ავღანეთი, აფრიკა — საკმარისი არ არის! ჩვენ რა შვაშვი ვართ, თქვენ თვითონ გვეტენებითო — გვესმის ოკეანისგადაღმიდან, იმ ქვეყნიდან, სადაც დასავლური ფასეულობების, დემოკრატიის სათავე გვეგულება. სწორედ ამ სათავეს ემუქრებიან გამოღვიძებული იქაურები. მისი ამოშრობა სურთ, როგორც ტრამპს „ვაშინგტონის ჭაობის“.  დააცლის მას აშშ-ს ისტებლიშმენტი? ძნელი სავარაუდოა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ფართო ფრონტით გახსნილი თითქმის ოთხწლიანი ბრძოლა უსასტიკეს ფორმებს იღებს, რაც ვერავითარ პოლიტიკურ ფასეულობებში ვერ ჯდება. ამერიკული ბრძოლა ზანგთა უფლებებისთვის, თანაბრობისა და დემოკრატიისთვის საშური ენთუზიაზმით აიტაცეს ევროპელებმა და ისინიც, ამერიკელთა მსგავსად, დაერივნენ საკუთარ ისტორიას, ფასეულობებს, ყოველივე იმას, ჩვენ რომ ბეჯითად გადმოგვაქვს.

ევროპულ ფასეულობას ბევრი აქვს მისაბაძი, უფრო მეტი კი საძრახი. სამწუხაროდ, ვიღებთ მეორეს — მოჩვენებით ემანსიპაციას — ფანჯიკიძემ რომ გადმოიღო. და ფეისბუკში დადო. საკითხი ქორწინებას, ოჯახს ეხება, უფრო სწორად მეტ თავისუფლებას, აღვირახსნილობას: „საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე „დაქორწინებულებს“ გაგვაჩენდა ღმერთი“ — წერს ყოფნა-არყოფნის, მიცემა-არ მიცემის „ფილოსოფიაში გადავარდნილი ქალბატონი.

არ შევუდგები მისი „შედევრის“ გამო მკითხველის ყურადღების მიპყრობას, მითუმეტეს მას საფუძვლიანი პასუხი გასცა ალეკო ასლანიშვილმა. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ბატონი ალეკოს მიერ მოყვანილი ბოლშევიკური სქესობრივი თავისუფლების ისტორია ფანჯიკიძემ ისე იცის, როგორც მე ჩინური. ის თანამედროვე სექსუალურ თავისუფლებას აშშ-ი ეზიარა, ე.წ. „თავისუფლების მექაში“ — ალენ დალესის თეორიებზე აღზრდილში.

საძრახისს შორის აშკარად გამოკვეთილია ევროპული მოჩვენებითი სუვერენულობა, დემოკრატია, თავისუფლება. 80 წელი რომ ვიღაცის დიქტატის ქვეშ იცხოვრებ, ვიღაცის მითითებებს, ბრძანებებს ასრულებ, ვიღაცის ცხოვრებას, შენს ტრადიციებს ამჯობინებ, შედეგი გასაკვირია?

როდესაც აშშ-ი საკუთარ ხუშტურებს ძალისმიერად თავს ახვევს ე.წ. ევროპელ პარტნიორებს, ის დასავლური ფასეულობებია, რომელსაც ბრმად უნდა ვეზიაროთ?

ის ქვეყანა, რომელიც ტანკით, რაკეტით, დოლარით იმონებს სხვას, თუნდაც მოკავშირეს და საკუთარ ძვირადღირებულ გაზს ტენის, იაფი რუსულის ნაცვლად — „დემოკრატიული ფასეულობებია“?

იქნებ ევროპელთა ამბოხი ყველაფერთან ერთად ამერიკული კვერთხის წინააღმდეგ დაწყებული გრძელვადიანი პროტესტია?

აშშ-ა იცის, რომ ევროპელთა წინააღმდეგობა ჰეგემონიზმის პასუხია, თუმცა გარდაქმნა სწრაფი და აუცილებელი, უჭირს.

მონოლითური, მტკიცე, მარადიული არაფერია დედამიწაზე. ყოფილ საბჭოელებს ვერ წარმოგვედგინა მსოფლიო გიგანტის თვალსადახელშუა დაშლა. შენებას სჭირდება საუკუნეები, დაშლას — დღეები, წუთები, წამები, რაც იცის აშშ-ს პოლიტიკამ და სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვის გადარჩენისთვის.

ამ ბრძოლაში ყველაფერს იყენებს. განსაკუთრებით სიცრუეს, სიყალბეს. განა სიყალბე არ არის მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვება საკუთარ თავს და დასავლეთს მიაწერო, ხოლო მსოფლიოს ფაშიზმისგან გადამრჩენელი დაივიწყო?

მსოფლიო ისტორიისთვის, რომლის გადაწერითაც კოლექტიური დასავლეთია დაკავებული, ფაშიზმის დამმარცხებელი აშშ-ი უცნობია, მაგრამ მსოფლიო ისტორიამ კარგად იცის ვისთვის, რომელი ქვეყნისთვის იყო ფაშიზმთან ომი მომგებიანი. ეს აშშ-ია, რომელმაც 57 მილიარდი დოლარის მოგება ნახა არა მარტო ფაშისტური მანქანის დაფინანსებაში და სამხედრო შეკვეთების შესრულებაში, არამედ საბჭოთა კავშირისთვის „ლენდ-ლიზის“ პროექტის ამოქმედებაში.

ამერიკელი გენერალი, შემდგომში პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, აშშ-ს ჯარების სარდალი ევროპაში ამბობდა — ნახევარმა ამერიკამ არ იცის ევროპაში, ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენი ომის შესახებო.

ასეთი რომ დღისით, მზისით გამარჯვებას მოგპარავს — რა ღირებულებებზეა ლაპარაკი?

მაშ, ვიაროთ იმ დასავლური ღირებულებების მოპოვებისთვის, იმავე დასავლეთს რომ არაფრად მიაჩნია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი