ყალბი დემოკრატია

ტრამპის დაუმორჩილებლობა დამღუპველია აშშ-ს დემოკრატიისთვის. პრეზიდენტის მიერ დამარცხების არაღიარება და არჩევნების შედეგების გაპროტესტება იწვევს აშშ-ს იმიჯის შელახვას მთელს მსოფლიოში. რესპუბლიკელებმა უნდა შეიგნონ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ, დაარწმუნონ პრეზიდენტი და ათქმევინონ მას აღნიშნულის შესახებ.

დაახლოებით ამგვარი მოწოდებები გვესმის საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებული“ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის ბანაკიდან და არა მარტო. განსაკუთრებით აქტიურობს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ისე, როგორც ყოველთვის, მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი მძაფრი კრიტიკით გამოდის. წინასაარჩევნო მარათონში მან ერთობ აქტიური მხარდაჭერა გამოავლინა მისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მიმართ. ობამა ისე თავდადებით გამოდიოდა ბაიდენის მხარდამჭერ დემოკრატების თავყრილობებზე, თითქოს ის ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი და არა ბაიდენი.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არა მარტო ამით იყო გამორჩეული, არამედ არნახული გაყალბებითაც. აშშ-ს საარჩევნო ისტორიაში იშვიათობას არ წარმოადგენს ყოფილი პრეზიდენტების მიერ არჩევნებში მონაწილე თანაპარტიელი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის საჯარო მხარდაჭერა, მაგრამ თავშეკავებით, მოკლე განცხადებით და არა საჯარო თავშეყრაზე სიტყვით გამოსვლით.

ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან წინამორბედი ობამას სისტემატურმა კრიტიკამ, ხშირ შემთხვევაში ლანძღვაში გადასულმა, „სანთელ-საკმეველი“ არ დაკარგა და მეოთხე წლისთავზე, ცხელ საარჩევნო მარათონში იჩინა თავი.

ტრამპზე დაბოღმილმა ობამამ გადალახა ყოველგვარი პოლიტკორექტულობის წითელი ხაზები და თავდავიწყებით ეკვეთა მის მლანძღველ პრეზიდენტს — ვითარცა საძულველ საუკუნოვან მტერს. ესეც არასასიამოვნო სიახლეა ამერიკის პოლიტცხოვრებაში.

პრეზიდენტობისთვის მებრძოლთა ბილწ შერკინებას მხარი აუბა „ვირებისა“ და „სპილოების“ ამომრჩეველმაც, თან ისეთი მასშტაბით, ქვეყნის ისტორიას რომ არ ახსოვს. პირველი — დემოკრატთა სიმბოლოა, მეორე — რესპუბლიკელების. პირველს მხარი 74 მილიონმა დაუჭირა, მეორეს — 71-მა.

პირველი მეტი პოპულარობით სარგებლობს ლგბტ-ს წევრებში და მხარდამჭერებში, ტრანსვესტიტებში, ერთნაირსქესიანთა ოჯახების შექმნის მსურველებში, ფერადკანიანებში, ლესბოსელებში, მცირეწლოვანთა მიერ სქესის შეცვლის პროპაგანდისტებში, გეი-პარადების ჩატარების მხარდამჭერებში — კონსერვატორთა აზრით, ყველა გადაქანებულში, კაცობრიობას გადაშენებით რომ ემუქრება.

განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნობოდა არალეგალურად მცხოვრებთა მხრიდან. მათი რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 11 მილიონს აჭარბებს, არაოფიციალურით —გაცილებით მეტს. არჩევნებმა დაგვანახა, რომ აშშ-ი აღრიცხვიანობა მოიკოჭლებს. დასტური ამისა საიქიოში მყოფთა ხმებია — ათასობით იქაურმა მხარი ბაიდენს დაუჭირა.

არალეგალთა ესოდენი აქტიურობა ბაიდენის თვალების სილამაზით არ იყო გამოწვეული, დემოკრატთა დაპირება იყო მთავარი — თუ გაგვამარჯვებინებთ, აშშ-ს მოქალაქეობა გარანტირებული გექნებათ.

ასედაამრიგად აშშ-ს არამოქალაქე მილიონობით არალეგალმა მხარი ბაიდენს დაუჭირა, რაც ნებისმიერი ქვეყნის, მითუმეტეს ნაქები დემოკრატიის მქონე აშშ-ს უკანონო ქმედებაა.

დავუმატოთ ამ უკანონობას სახელგანთქმული „კარუსელები“, ყალბი ბიულეტენები, საარჩევნო უბნებზე რესპუბლიკელ დამკვირვებელთა არდაშვება, ფოსტის მხრიდან დაშვებული უამრავი შეცდომები და მივიღებთ შედეგს, რომელსაც ვერაფრით ვუწოდებთ დემოკრატიულს, გამჭვირვალეს, სუფთას. ის, უფრო არადემოკრატიულის, გაუმჭვირვალის და ბინძურის სადარია და აქედან გამომდინარე რესპუბლიკელთა პროტესტის გამომწვევი.

დემოკრატებს არ მოსწონთ რესპუბლიკელთა სიჯიუტე — ბიულეტენების განმეორებითი გადათვლის მოთხოვნის გამო. მათ არც ის მოსწონთ, როდესაც ტრამპი საჯაროდ აცხადებს — გაყალბების თაობაზე, ამიტომ პრეზიდენტს წაართვეს მედიაში სიტყვის თავისუფლება. საკმარისია მან არჩევნების გაყალბებაზე დაიწყოს ლაპარაკი, რომ ტელეწამყვანი უმალ ერთვება სიტყვებით — სიმართლეს არ შეეფერება.

ქვეყანა, სადაც პრეზიდენტსაც უწესებენ ცენზურას, სადაც ტელეჟურნალისტი თავს უფლებას აძლევს პრეზიდენტის სიტყვა გაწყვიტოს  — დემოკრატიულად არ ჩაითვლება. ამ და უამრავი სხვა არადემოკრატიული ქმედებით გამორჩეული „ვირები“ (დემოკრატიული პარტია) და მათი ლიდერები მოითხოვენ რესპუბლიკელი ტრამპისგან არჩევნებში დამარცხების აღიარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს დემოკრატიულ განვითარებას ზიანი მიადგება, ისე, როგორც მის იმიჯს მთელს მსოფლიოში.

დაცინვაა და მეტი არაფერი. როდისაქეთ მიიჩნევა გაყალბებული, გაუმჭირვალე, ფალსიფიცირებული არჩევნების დემოკრატიულად გამოცხადება?

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებმა დაარწმუნა მსოფლიო იმაში, რომ ამ ქვეყანაში საქმე ვერ არის კარგად; რომ იქაური დემოკრატიის გაზიარება შეცდომაა; რომ სიტყვის თავისუფლება — სიყალბეა; რომ ამ ქვეყანამ სხვას ჭკუა არ უნდა ასწავლოს დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ლოზუნგებით.

ვიდრე ბიულეტენების ხელახალი თვლის პროცესი გრძელდება და საბოლოო დასკვნა გამარჯვებულ-დამარცხებულის თაობაზე ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ — ტრამპი პრეზიდენტია. ყველა შემთხვევაში ის თეთრ სახლში მომავალი წლის 20 იანვრამდე იქნება ანუ ინაუგურაციამდე. შემდეგ დაუბრუნდება თავის საქმეს — ბიზნესს, მაგრამ გააგრძელებს ვერბალურ ბრძოლას დემოკრატებისა და ბაიდენის წინააღმდეგ.

ტრამპი აქტიური, ოპოზიციაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რაც სიახლეა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ტრამპი აიძულეს წასულიყო, მაგრამ ტრამპიზმი დარჩა 71 მილიონი მხარდამჭერით.

ბაიდენის 4-წლიან პრეზიდენტობას ტრამპი სიცოცხლეს გაუმწარებს, ისე, როგორც ტრამპის 4-წლიან მმართველობას გაუმწარა სიცოცხლე დემოკრატიულმა პარტიამ და ისტებლიშმენტმა. სისტემამ ვერ იგუა ტრამპი — სისტემისგან გვერდზე მდგომი ბიზნესმენი, არა იმიტომ, რომ მილიარდერი და ბიზნესმენია, არამედ იმიტომ, რომ სისტემის საწინააღმდეგო სურვილები აქვს.

დღიდან თეთრ სახლში შესვლისა ის სისტემატურად აცხადებდა — „ვაშინგტონის ჭაობის“ დაშრობაზე, ნატოდან გამოსვლაზე, ევროკავშირის უსუსურობაზე, ავღანეთიდან ჯარის გამოყვანაზე, მსოფლიოში ამერიკის ჟანდარმობიდან ხელის აღებაზე, სხვა ისეთ თემებზე, რომლებიც ამერიკის ჰეგემონიზმის მყარი საფუძველია?!

და არა მარტო ამბობდა, აკეთებდა კიდეც და რომ საბოლოოდ არ მიეღწია თავისი მიზნებისთვის,  სისტემამ — დახავსებულმა, ძირმომპალმა, მაგრამ ჯერაც მფეთქავმა, გზა გადაუკეტა — 4 წლით გაიხანგრძლივა არსებობა.

ორად გაყოფილი ამერიკა — ერთის შეხედვით ტრამპის ქაოტური მმართველობით შეწუხებულ-გამოღვიძებული, ვეღარ გაჰყვება დღემდე არსებულ, მაგრამ ტრამპის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი სისტემის მიერ შექმნილ ცხოვრებას — მოჩვენებით დემოკრატიას, სიცრუეს, ფარისიველურ ღიმილს — აშშ-ს ტელეეკრანებიდან გადმოღვრილს, ამერიკული ცხოვრების წესის მორეკლამეს.  

71 მილიონ ტრამპის ამომრჩეველს სხვა ამერიკა უნდა, ისეთი, მდიდარსა და ღარიბს შორის უფსკრულს რომ ამოავსებს. მათ თვალში თავისდაუნებურად მილიარდერი ტრამპი, სხვა მილიარდერთა წინააღმდეგ მებრძოლად იქცა — საშუალო და დაბალი ფენის ქომაგად, დამსაქმებლად, სოციალური პირობების გამაუმჯობესებლად, საკუთარი ქვეყნის პრობლემების მომგვარებლად და არა სხვა ქვეყნების დამპურებლად, მათი პოლიტიკური ამბიციების მომწესრიგებლად — ამერიკელ ჯარისკაცთა მიერ გაღებული სისხლის ფასად. მათ ამერიკა უნდათ თავიანთი თავისთვის. მათ არ უნდათ სხვისთვის მომართული ამერიკა.

ტრამპი და ტრამპიზმი ის მოვლენაა, რომელსაც ბაიდენის ოთხწლიანი პაუზა ვერ შეანელებს, ვერ გააფერმკრთალებს. დუღილი დაწყებულია, რასაც უდავოდ მოჰყვება ცვლილება. ხედავს ამას მსოფლიო, მათ შორის ჩენ? ვეჭვობ, რომ ხედავდეს.

მსოფლიოზე რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველო რომ ვერ ხედავს, ფაქტია. ხელისუფლება — ოპოზიციისა და მათზე მიტმასნილი საზოგადოების ქმედებიდან გამომდინარე, სასიკეთო არ ჩანს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ერთ ადგილას გავიყინეთ და თუ რაღაც მოძრაობას ვახერხებთ, მხოლოდ უკან. არადა 30 წელია, რაც ნანატრ „დამოუკიდებლობაში“ ვიმყოფებით — ისეთ „დემოკრატიულში“, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს.

მავანი მეტყვის, რა გაეწყობა, ასეთია პატარა ქვეყნების ბედიო.

ჩვენ რომ „პატარები“ ვართ, სიახლე არ არის. მსოფლიოში „პატარები“ ბევრია, გაცილებით მეტი, ვიდრე „დიდები“. ოღონდ „პატარაობამ“ მათ სხვა რამ ასწავლა — ჭკუა-გონების ქვეყნის სასარგებლოდ ტრიალი; საღი, პრაგმატული, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება; სწავლა-განათლებაზე ყურადღების გამახვილება და არა უცხოეთში მიღებული ფარატინა სერტიფიკატებით ტკბობა; რეალური ცხოვრების გონივრული აღქმა და არა ვირტუალურის რეალურად წარმოსახვა.

არარეალურის და ვირტუალურის მიმართ თაყვანისცემამ რა მოუტანა ჩვენს მეზობელ პატარა სომხეთს, სულ ახლახანს ვიხილეთ — მწარე სიმართლე, მარცხი. შორეულით, ვირტუალურით, არარეალურით გატაცებამ გამოიწვია ეს და საკუთარი ხალხის უაზრო ხოცვა-ჟლეტვა.

დასავლეთში გაწვრთნილი სომხეთის ლიდერი და მისი გუნდი, ხელისუფლებაში „ფერადი რევოლუციის“ გზით მისული, დასავლეთის მოთაყვანე და მოიმედე, ფსევდოპატრიოტიზმით გაბრუებული, ბინოკლის შებრუნებული მხარიდან მეზობლებისა და საკუთარი პრობლემების შემყურე საბედისწერო ნაბიჯს დგამს, რითაც საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც უმძიმეს ვითარებაში აყენებს.

დღეს, ხშირად გვესმის შემდეგი — ნუთუ არ იცოდა ოფიციალურმა ერევანმა, რომ მოწინააღმდეგე მასზე ძლიერი იყო?

იცოდა, მაგრამ მასწავლებლებს დაეყრდნო. 2 წლის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში მივიდნენ, შეცვალეს ყველაფერი, მათ შორის გამოცდილი, პროფესიონალი ძალოვნები არაპროფესიონალი, ქარაფშუტა ყმაწვილი გოგო-ბიჭებით.

შეცვალეს პოლიტიკა, ლამის პოლიტიკური ვექტორი. პირველ ეტაპზე სახელმძღვანელოდ მიიჩნიეს მრავალმხრივი ურთიერთობები, ნატოსთან და ევროკავშირთან ჩახუტების პოლიტიკა. მეორე ეტაპზე — ოდკბ-დან, დსთ-დან, ევრაზიულ კავშირიდან გასვლა.

2 წლის განმავლობაში სომხეთი ანტირუსული პროპაგანდის ბუდედ იქცა. გაჩნდა რუსული სამხედრო ბაზების საწინააღმდეგო ლოზუნგები. სკოლებში აიკრძალა რუსული ენის სწავლება. ერევანში გახშირდა ამერიკელი, ევროპელი, ნატოელი მაღალჩინოსნების პროვოკაციული ვიზიტები. მარტო აშშ-ს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ჯონ ბოლტონის ვიზიტი რად ღირს, რომელმაც ყოველმხრივი დახმარება დაჰპირდა სომხეთის ხელისუფლებას,  თუ ის ჩამოშორდებოდა რუსეთს.

პრაგმატულად მოაზროვნე სომხეთმა, დასავლური ვაქცინით გაბრუებულმა, დაკარგა ჩვეული სიფხიზლე, რეალობის შეგრძნება და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას ომი ამჯობინა, ცხადია დასავლეთის იმედით.

სამწუხაროდ, ყოველივე აღნიშნული ჩვენს უახლოეს წარსულს მაგონებს, ოღონდ ერთი განსხვავებით — დამარცხებით გაბრაზებული სომხები, სისტემატური მიტინგებით და ანტისამთავრობო გამოსვლებით მოითხოვენ პრემიერ ფაშინიანის გადადგომას და პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ კი, 2008 წლის ომში დამარცხებული ხელისუფლება და პრეზიდენტი დავიცავით, დამარცხება, გამარჯვებად გამოვაცხადეთ და პარლამენტის წინ ცეკვა-თამაში მოვაწყვეთ.

იმ შეცდომას დღემდე ვიმკით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი