კორონავირუსი დააბიჯებს მთელ მსოფლიოში
ბატონ გურამ გოგიაშვილს
კორონავირუსმა რომ მსოფლიო შეაზანზარა — ფაქტია. სამყაროს ელექტრონული მედიის საინფორმაციო გადაცემები ჯერაც ამოუცნობ დაავადებაზე ლაპარაკით იწყება და თავდება. სპეციალურმა ტელეგადაცემებმა, მედიცინის მუშაკების მონაწილეობით, დაიპყრეს ეთერი. ვიღას ახსოვს პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთის თუ მსოფლიოს სხვა ცხელი წერტილების ამბვები. დიდი თუ პატარა, ქვეყნის მეთაური თუ რიგითი მოხელე უხილავ დაავადებაზე ფიქრობს და მისგან თავის დასახსნელად ათას ხერხს მიმართავს.
იკეტება სავაჭრო ობიექტები, გასართობი ცენტრები, კაფეები, ბარები, რესტორნები, უქმდება სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები, ფორუმები, სასწავლო დაწესებულებები, ფაბრიკა-ქარხნები, ქალაქები, ქვეყნები; წყდება საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომუნიკაციები. მსუყე წერტილი ესმება გლობალიზაციას, რომელმაც რახანია წაშალა ქვეყნებს შორის საზღვრები, წაახალისა თავისუფალი მიმოსვლა, ვაჭრობა. მსოფლიო უბრუნდება გლობალიზაციამდე არსებულ კარჩაკეტილობას, ერთმანეთს შორის „რკინის ფარდის“ ჩამოშვებას.
მსოფლიოს პირველ სახელმწიფოდ წოდებული აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ევროკავშირთან, დღემდე მის პარტნიორად გამოცხადებულთან, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჯერ-ჯერობით ერთი თვით წყვეტს საჰაერო მიმოსვლას და აშშ-ი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
პარტნიორის გადაწყვეტილებით, მეტადრე იგნორირებით შეწუხებული ევროკავშირის ლიდერები, ზედიზედ აკეთებენ ანტიტრამპულ განცხადებებს, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ვერც ტრამპის ნათქვამი წაიშლება და ვერც აშშ-ს „ჩაკეტვის“ გადაწყვეტილება.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირზე ისედაც აღრენილ ტრამპს, კორონავირუსმა სულზე მიუსწრო და მანაც არ დააყოვნა „პარტნიორის დასჯა“ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით.
გამოუცნობმა დაავადებამ ერთმანეთს დააშორა, როგორც სიტყვით, ისე საქმით მოკავშირე ქვეყნები. მის ნაცვლად, წინა პლანზე საკუთარი თავის გადარჩენის პრიორიტეტულობა წამოსწია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ასე იყო და იქნება. გულუბრყვილო ქართული პოლიტიკისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მიმართებაში, საყურადღებო უნდა იყოს, მაგრამ ვეჭვობ, რომ იქნება. მას რატომღაც ჰგონია — ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკას რაღაცაში ავალდებულებს.
სიტყვა „სტრატეგიული“ ყურს სიამოვნებს მხოლოდ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საქმეში არ გადადის ან თუ გადადის საზარელის მომასწავლებელია. მაგალითები ამისა ბევრია. გავიხსენოთ რამდენიმე: სადამ ჰუსეინი, მოამარ კადაფი, ჰოსნი მუბარაქი, ქურთებთან დამოკიდებულება. პირველმა ორმა სწორედ „სტრატეგიული“ პარტნიორის მითითებით, წამებით დაასრულა სიცოცხლე. მესამე — ეგვიპტის პრეზიდენტი მუბარაქი, ხელისუფლებას დამხობით ჩამოაშორეს და ლამის სამუდამო პატიმრობისთვის გაიმეტეს და რომ არა კონტრრევოლუცია, ასეც იქნებოდა. ქურთები, ისე გადააგდეს — შეპირებული დამოუკიდებლობა რომ სამარადისოდ დაავიწყდათ.
ცნობილი გამონათქვამი — პოლიტიკაში მთავარი მეგობრობა კი არა, ინტერესებია — ჯერ-ჯერობით არვის შეუცვლია.
კორონავირუსი კი, გიგანტური, პანდემიური ნაბიჯებით დააბიჯებს კონტინენტებზე და არვის ინდობს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, სქესს, მდიდრობას, სიღარიბეს, მაღალ თანამდებობას, უმუშევრობას. მისთვის ყველა ერთია და თუ მიზანში ამოიღო ვინმე, წინ ვერაფერი დაუდგება.
დაბნეული, დამფრთხალი სამყარო, მისი მედიცინის სახელოვანი შვილები, მეცნიერები ერთიმეორის საწინააღმდეგო რჩევებს იძლევიან, რომელთა შორის „ხელის დაბანაა“ გამორჩეული. ეს, მარტივი, თან აუცილებელი ჰიგიენური პროცედურა რომ არა მარტო კორონავირუსისგან, არამედ სხვა დაავადებებისგან იცავს ადამიანს, დღეს გავიგეთ? და რაოდენ „სასიხარულოა“, რომ ხელის დაუბანლობაში, მარტონი არ ვართ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთ-ერთ საწარმოში იმიტომ მივიდა, რომ ტელეკამერების და საწარმოს მუშაკების წინ, დემონსტრაციულად, საპნით დაებანა ხელი.
მთელი მსფლიოს ეპიდემიოლოგები რომ ხელის დაბანვისკენ მოგვიწოდებან, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამ პროცედურას აგდებულად ვუყურებთ, თორემ ამას შეხსენება რად უნდა?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე უფრო შორს წავიდა და გაბედა იმის თქმა, რაც ქართული სუფრის „უნიკალურობას“ და „ერის საგანძურობას“ ეხება: „რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები, მაგალითად 100-კაციანი ქორწინების და ქელეხების“.
ბატონო პაატა, „რაღაც ეტაპზე“ კი არა, საერთოდ შესაზღუდია.
ბატონმა პაატამ დელიკატურად ქართული სუფრის „უნიკალურობაც“ იგულისხმა — სადღეგრძელოების სახით და ერთი სასმისიდან სმაც. ამ „პროცედურით“ უდავოდ გამოვირჩევით ევროპაში დაბრუნებული ქართველები.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხე რომ არ იყოს, განა დასაშვებია ერთმანეთის ნასვამი ფიალიდან, ყანწიდან, განსხვავებული სასმისიდან სმა? პირის ღრუ ხომ უამრავი ბაქტერიით არის სავსე? კორონავირუსს თუ გადავურჩით, ტრადიციების მიმდევრებს სხვა დაავადება მოგვიღებს ბოლოს.
მიუხედავად ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემისა, „ტრადიციული“ ქართული სუფრა ყვავის — სამსართულიანი თუ არა ორსართულიანი კერძებით დახუნძლული. რატომღაც ვთვლით, რომ ნაკლები, თავის მოჭრაა, რაც გვაიძულებს ვაკეთოთ ის, რისი შესაძლებლობაც ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს. უნებლიედ იბადება კითხვა — რატომ არ არის ასახული ეს „ტრადიციული“, ჩვენი საამაყო მხატვრის ნიკო ფიროსმანის ფერწერულ ტილოებზე? რაც არის — მეჩხერი, მოკრძალებული სუფრაა.
ორიოდ სიტყვა თამადის „ინსტიტუტის“ თაობაზე, რომელმაც ნელ-ნელა დაკარგა მნიშვნელობა, რაც მისასალმებელია. თანამედროვე ცხოვრება ვეღარ იტანს მრავალსაათიან ღრეობას, გაბმულ, მომაბეზრებელ სადღეგრძელოებს, ურთიერთის ქებადიდებას, ტუჩებში კოცნას, შეზარხოშებული მამაკაცების მტლაშამტლუშს; საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი პარტიული კრების მსგავსის, სუფრაზე გადმოტანას — თამადის არჩევით; არჩეულის მიერ სუფრაზე „დიქტატურის“ დამყარებით, თამადის ნებართვის გარეშე სხვა სადღეგრძელოს წარმოთქმის აკრძალვით, ალავერდით, სხვის მიერ დანალევი ყანწიდან, ფიალიდან ღვინის სმით და ა.შ.
ქართულ სუფრაზე შეყვარებულებს უყვართ იმის თქმა, რომ თურმე ქართველობა, ისტორიულად საქვეყნო საქმეებს სუფრაზე წყვეტდა, თითქოს სხვაგან მსგავსს ადგილი არ ჰქონია და არ აქვს. თითქოს სხვაგან, სუფრაზე პოლიტიკურ საკითხებზე არ მსჯელობენ. რაღა შორს წავიდეთ — საქართველოში აშშ-ს საელჩოს დესპანმა, საქართველოს პოზიცია-ოპოზიცია სუფრაზე, ამინდზე სალაპარაკოდ მიიწვია?
ხშირად ვყოფილვარ მსგავს წვეულებებზე, როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი ასეთი ღონისძიება პოლიტიკური მიზნის მატარებელი იყო და არა ჭორებით თავის გართობის.
საქართველო გახსნილი ქვეყანაა — უამრავი უცხოელი ტურისტითა და მაღალ-დაბალი რანგის უცხოელი სტუმრით, რომლებიც გაოცებული აკვირდებიან მათთვის უჩვეულო, „უნიკალური“ სუფრის რიტუალს, უამრავ კერძს, ღვინომოკიდებული მასპინძლების გრძელ, აბსტრაქტულ სადღეგრძელოებს — ლექსებით გალამაზებულს. „ამ სუფრაზე იმდენი კერძია, ჩვენი ქვეყნის ერთ შტატს რომ გამოკვებავსო“, — მითხრა ინდოეთის პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართული სუფრის ტრადიციების მიმდევარმა, კორონავირუსთან ბრძოლის მოთხოვნები დაიცვას, ისე, როგორც ტუალეტში შესულმა, ხელები საპნით გულიანად დაიბანოს; დისტრიბუტორმა პური, ცელოფნის ან ქაღალდის პაკეტში ჩადებული მიიტანოს მაღაზიაში; ხოლო გამყიდველმა არა შიშველი ხელებით, არამედ ხელთათმანიანით მოგაწოდოს; ქუჩაში მოსიარულეებმა სიგარეტის ნამწვავითა და ფურთხით ქუჩა არ აავსოს; მეეზოვემ თავისი საქმე ზერელედ კი არა, გულდასმით, მუყაითად გააკეთოს; სადარბაზოში შესულმა მავანმა არ მოშარდოს; ტუალეტი მუდამ დასუფთავებული იყოს; მიწისქვეშა გადასასვლელები ტუალეტად არ გამოიყენოს, … .
კორონავირუსი რომ მსოფლიოს ყოფას შეცვლის, უდავოა, მაგრამ ვიდრე დაავადება ჩაცხრება რა ვიღონოთ?
კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო ქარხნის მუშაობა შეაჩერა, ეკონომიკის დაცემითაც გვემუქრება. გაუჭირდება ყველა იმას, ვინც სხვისი ნაწარმის იმპორტზე ცხოვრობს. ასეთთა შორის ჩვენც ვართ — ყიდვა-გაყიდვაზე „აწყობილი“ ქვეყანა.
რას მოიფიქრებს, რას იღონებს ხელისუფლება, ერთობ რთული ვითარებიდან ნაკლები ჩავარდნებით თავის დასაღწევად?
ახლა, ამ კრიზისულ პეროდში აქვს მას საკუთარი თავის საქმიანად, მიზანმიმართულად გამოჩენის შესაძლებლობა და თუ ამას მოახერხებს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ექნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი