თებერვლის პირველი დეკადის მნიშვნელოვანი მოვლენები

ბატონ გურამ გოგიაშვილს

მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენებიდან, რასაც ადგილი ჰქონდა თებერვლის პირველ დეკადაში, გრიპის ახალი სახეობის კორონავირუსის ეპიდემია და აშშ-ს პრეზიდენტთან დაკავშირებული ამბვები იყო. პირველმა, 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ყველას დაანახა, რომ ხვალინდელი დღე მთლად დასამშვიდებელი არ არის. ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა „დამამშვიდებელი“ განცხადებები, რომ დაავადების საწინააღმდეგო  პრეპარატების გამოგონება ერთ წლის შემდეგ მოხერხდება. მანამდე?

მანამდე, თუ ამ ტემპით გააგრძელა სვლა კორონავირუსმა ჩინეთისა და ზოგიერთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებსაც მოედება, რაც საბოლოო ჯამში არა მარტო სიკვდილიანობას გაზრდის, არამედ შეამცირებს ეკონომიკური განვითარების ტემპს და აქედან გამომდინარე გააუარესებს სოციალურ ყოფასაც.

კორონავირუსის გამოჩენამ და მასთან ერთად მედიურმა ისტერიკამ მთლად დააფრთხო მთელი რიგი ქვეყნების მოსახლეობა. ვირუსის ლოკალიზაციის თვალსაზრისით ჩინეთის ხელისუფალთა მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, სხვა ქვეყნების ხელისუფლებაზეც იმოქმედა, რასაც მოჰყვა ისეთი თავდამცავი ზომების განხორციელება — ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვა რომ ჰქვია და ნებისმიერი ჩინელისგან დისტანცირება.

ჩინეთის ეროვნული პროდუქტის წარმოების ტემპი საგრძნობლად დაეცა. შემცირდა ჩინური საქონლის ექსპორტი, ხოლო ჩინეთში ენერგომატარებლების იმპორტი. თითქმის ნულზე დავიდა ტურიზმი. ჩინელი ტურისტები, რომლებიც მთელს მსოფლიოზე იყვნენ მოდებულნი, არსად ჩანან, ისე, როგორც ჩინეთის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების მსურველი უცხოელი ტურისტები.

ტურიზმი კი ის დარგია, უდიდეს შემოსავალს რომ იძლევა ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტში. მსოფლიოს ფაბრიკის, როგორც ხშირად უწოდებენ ჩინეთს, მუშაობის შეჩერებამ სერიოზული გავლენა იქონია არა მარტო ჩინეთზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც. მაგალითად, აშშ-ს იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ამერიკული კომპანიების მიმართ პრეზიდენტი ტრამპის მოწოდებას — ჩინეთში გახსნილი საწარმოების აშშ-ი გადმოტანასთან დაკავშირებით.

არადა, საერთაშორისო პოლიტიკაში გათვითცნობიერებულებს კარგად ემახსოვრებათ პრეზიდენტ რეიგანის გადაწყვეტილება — ამერიკული კომპანიების, იაფი მუშახელის ქვეყნებში გატანის თაობაზე. შეირჩა კიდევაც ასეთი ქვეყნები, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის. მათ შორის უმთავრესი ყურადღება შრომისმოყვარე ჩინეთსა და ჩინელებზე შეჩერდა.

შედეგმა არ დააყოვნა, ჩინეთი გახდა მსოფლიოს უდიდესი ფაბრიკა, ხოლო მის მიერ წარმოებულმა საქონელმა, წარწერით “Made in China”, არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიოს დიდი თუ პატარა, განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების ბაზრები დაიპყრო.

ე.წ. შავი სამუშაოს ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გადატანის რეიგანისეულმა პროექტმა დასაწყისში წარმატება მოიტანა, თუმცა შემდეგ აშშ-ი გამოიწვია მთელი რიგი დარგების ნგრევა, ქალაქების გაუდაბნოება, უმუშევრობის ზრდა, სოციალური პრობლემების წარმოშობა.

ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში გატანილმა საწარმოებმა, იაფი მუშახელის და სხვა ფაქტორების წყალობით, რომელთა შორის გამოირჩევა მეპატრონის მიმართ ადგილობრივი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის უყოყმანო მორჩილება, სამუშაოსადმი მუყაითი, ფანატიზმის დონეზე აყვანილი დამოკიდებულება, შრომის ნაყოფიერება უდიდესი მოგება მოიტანა.

საზღვარგარეთ გატანილი მრეწველობის ამერიკაში დაბრუნების მოთხოვნის ინიციატორი 2016 წელს პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ტრამპი იყო, რომელმაც გაპრეზიდენტების შემდეგ დაპირება შეასრულა და დეპრესიულ ქალაქებში ისევ დააბრუნა შრომა.

„თეთრ სახლში“ პრეზიდენტ ტრამპის სამწლიანი ყოფნა უმუშევრობის შემცირებით, ახალი საწარმოების გახსნით და აქედან გამომდინარე სოციალური ყოფის გაუმჯობესებით აღინიშნა, რის შესახებაც მან, როგორც გამარჯვებულმა, მიმართა აშშ-ს კონგრესსა და ხალხს ყოველწლიურ გამოსვლაში. პრეზიდენტმა უმთავრესად იმ მიღწევებს გაუსვა ხაზი, რასაც ადგილი აქვს ამერიკის ეკონომიკაში, საშინაო საქმეებში. ის, მხოლოდ გაკვრით შეეხო საგარეო პოლიტიკას — ვენესუელის, კუბის, ნიკარაგუის სახით და ისურვა ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარება.

აშშ-ს პრეზიდენტის კონგრესისადმი მიმართვა, რომ პოლიტიკური სპექტაკლის ხასიათს ატარებს, ფაქტია. პრეზიდენტის ყველა წინადადებას კონგრესმენები ტაშით ეგებებიან, ხშირად ფეხზე ადგომით. ასე იყო ამჯერადაც, მაგრამ ერთი განსხვავებით — დემოკრატი კონგრესმენები ფეხზე არ დგებოდნენ. ისინი ტაშსაც არ უკრავდნენ — მათ ხომ ამ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე იმპიჩმენტი გამოუტანეს ტრამპს.

დარბაზი ერთსულოვანი იყო, მოწვეულ სტუმრებთან დაკავშირებით, მაგალითად ვენესუელის თვითმარქვია პრეზიდენტის გუაიდოს ხსენების დროს — მქუხარე ტაში ამის დასტურია. ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტად გუაიდო მოიხსენია, ხოლო არჩეულ, კანონიერ პრეზიდენტ მადუროს მოუწოდა მაღალი პოსტის დატოვება. რა ჰქვია ამას, თუ არა ძალისმიერი პოლიტიკა?

გუაიდო არა მარტო კონგრესში იყო მიწვეული, არამედ მას პრეზიდენტისთვის საკადრისი დახვედრა მოუწყვეს „თეთრ სახლში“, რაც აშკარა დემონსტრირებაა ტრამპის პოლიტიკისა, რასაც ქართულად — „მე ვარ და ჩემი ნაბადი“ შეეფერება.

გუაიდოს მაგალითი ბევრზე მიგვანიშნებს, მათ შორის იმაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გერმანიის კანცლერის შეცვლა მოუნდეს მისთვის სასურველი პიროვნებით და თავისი ხუშტური გაიტანოს კიდევაც. ამჯერად, მართალია ტრამპმა ვერ შეძლო ვენესუელის დღევანდელი პრეზიდენტის დამხობა და მის ნაცვლად „თავისი“ გუაიდოს დანიშვნა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ხვალ მოახერხოს ეს?

რომ იტყვიან ეკონომიკური სანქციები და მისი ჯანი. ტრამპმა რახანია სანქციები დაუწესა ვენესუელას, რამაც უმძიმესი სოციალური სიდუხჭირე მოუტანა ხალხს, მაგრამ გატანჯულმა ხალხმა ხელი არ აღმართა მადუროს წინააღმდეგ, რისი იმედი ჰქონდა ტრამპს და პრეზიდენტად გამზადებული გუაიდო ხელში შერჩა.

ვაშინგტონში გუაიდოს უმაღლეს დონეზე მიღება ნიშნავს ერთს — ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აგრძელებს სხვა ქვეყნის პრეზიდენტისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ცხადია ე.წ. „წითელ-ყვითელი“ რევოლუციის გზით. მან უკვე აუწყა მსოფლიოს, რომ ანალოგიურ პოლიტიკას გაატარებს ირანის, კუბის, ნიკარაგუის მიმართ. მტკიცე და მომთხოვნი იქნება ჩინეთთან მიმართებაში, ვინაიდან ჩინეთი მისთვის მთავარი მეტოქეა, ხოლო ჩინეთის კომუნისტური პარტია — მტერი (აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს განცხადება).

მკითხველმა იცის აშშ-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის თაობაზე და აქედან გამომდინარე შესაბამის დასკვნასაც აკეთებს — ჩინური გრიპი ხომ არ არის ბიოლოგიური იარაღის ნაირსახეობა — ხელოვნურად გამოყვანილი და ჩინეთში გავრცელებული?

ვერსიები აღნიშნულთან დაკავშირებით უხვადაა მსოფლიო მედიაში, ისე, როგორც ლოგიკური დასკვნები და შეკითხვები, თუნდაც ასეთი ვის აწყობს ჩინეთის ეკონომიკური დაჩოქება თუ არა აშშ-ს?!

ტრამპის კონგრესში გამოსვლის მეორე დღეს აშშ-ს სენატმა იმსჯელა იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ტრამპი გაამართლა, როგორც უმწიკლო. ასედაამრიგად დასრულდა დემოკრატთა მიერ დაწყებული ანტიტრამპული ომი, მათი დამარცხებით. მიუხედავად ტრამპის გამარჯვებისა, ბრძოლა გაგრძელდება, რამეთუ პრეზიდენტის არჩევნები მოითხოვს ამას. რესპუბლიკელი ტრამპის წინააღმდეგ ახალი შემართებით დაირაზმებიან დემოკრატები, რათა „თეთრ სახლში“ მეორე ვადით არ შეუშვან ის.

მავანი უდავოდ იფიქრებს, ესოდენ დაძაბული პროგრამის პირობებში შეძლებს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკისთვის ჯეროვანი ყურადღების მიქცევას?

აშშ-ს სახელმწიფო მანქანა ისეა აწყობილი, რომ მისი მუშაობა სულაც არ არის დამოკიდებული „თეთრ სახლში“ მყოფ პიროვნებაზე. ის ყოველთვის სამუშაო პროცესშია და მზადაა პრეზიდენტის მაგიდაზე დადოს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები. ასეთები კი უპირველესად რუსეთი, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთია — ისრაელ-პალესტინის სახით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ტრამპმა კონგრესში გამოსვლის დროს ილაპარაკა — მოკლედ და გამარჯვებულის სახით. თუ რამდენად მისაღები იქნება ტრამპის „საუკუნის პროექტი“ პალესტინელი არაბებისთვის, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა დასაწყისი უდავოდ არ არის დადებითის მომასწავებელი.

ტრამპმა ჩინეთიც ახსენა — მოკლედ და კონკრეტულად. ტრამპმა რუსეთი არ ახსნა, ვგონებ შეგნებულად, რომ არ გაეღიზიანებინა დამსწრე კონგრესმენები, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი ნაწილობრივ რუსეთსაც დაუკავშირეს.

ტრამპმა რუსეთი არ ახსენა, მაგრამ ისეთი ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიმართულებით — დიდ სამომავლო გეგმებს რომ გულისხმობს. და ამ გეგმებში ორი ქვეყნის ერთმანეთთან თანამშრომლობას პოზიტიურობა რომ არ უწერია.

რახანია ვაშინგტონის პოლიტიკური წრეები და სპეცსამსახურები ჩაუმუხლავად ადგენენ გეგმებს რუსეთის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციისთვის. ჯერ იყო და ნატოში გააწევრეს ყოფილი სოცქვეყნები და ბალტიისპირა საბჭოთა რესპუბლიკები; ევროკავშირი აამოქმედეს ე.წ. აღმოსავლური პარტნიორობით; შექმნეს „გუამი“ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვას კავშირი — მკვდრადშობილი, უინტერესო ორგანიზაცია; ახლა დსთ-ს წევრ ქვეყნებს შეუჩდნენ და თავისკენ გადაბირების მიზნით სახელმწიფო მდივანი პომპეო აფრინეს უკრაინა, ბელარუს, ყაზახეთ, უზბეკეთში. ვიზიტის მიზანი მარტივია — აღნიშნული ქვეყნების ხელმძღვანელებთან აშშ-ს მიმართ ნდობის ჩამოყალიბება და იმის მოსინჯვა, რამდენად არის შესაძლებელი ამ ქვეყნებსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური განხეთქილების ჩამოგდება.

ვაშინგტონი ყოველთვის იყო ორიენტირებული ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მოხიბლვაზე, რისთვისაც მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს. მოხიბლული ელიტა იყო მისთვის მთავარი საყრდენი და არა ხალხი. ეს უკანასკნელი მას არასდროს აინტერესებდა გარდა ერთისა — „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების განხორციელების დროს მასობრივი გამოსვლებისთვის. ცხადია, ამასაც ფულით აკეთებდა და აკეთებს, თუმცა გაცილებით ნაკლებით, ელიტების მოქრთამვასთან შედარებით.

ვაშინგტონისა და მიზანში ამოღებული ქვეყნების ლიდერებთა „თაფლობის თვე“, როგორც წესი ლიდერთა დამხობითა და უკეთეს შემთხვევაში ქვეყნიდან გაძევებით მთავრდება, უარეს შემთხვევაში სიკვდილით. მარტო ერაყისა და ლიბიის მეთაურების ჰუსეინისა და კადაფის მაგალითები რად ღირს. ფატალური ისტორიების შემყურე სხვა ქვეყნების ლიდერები რატომღაც თვლიან, რომ ვაშინგტონთან ფლირტი სამარადისოა და ის მხოლოდ სიკეთეს მოუტანს მათ.

რაღა შორს წავიდეთ, ჩვენი მაგალითებიც ხომ ამაზე მიგვანიშნებს — შევარდნაძე, სააკაშვილის სახით. შევარდნაძე, ასაკიდან გამომდინარე, სახლში გაისტუმრეს, სააკაშვილი კი თავისუფალ ცურვაში, რაც რეზერვის მიმანიშნებელია და სრული შესაძლებელია ისევ გამოიყენოს, როდესაც დასჭირდება, შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში აშშ-ს მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის იყო და არის მოკრძალებული, ხშირ შემთხვევაში აღფრთოვანებული. მათი ლიდერები მაქსიმალურად ცდილობდნენ ამერიკასთან მტკიცე კავშირების დამყარებას, მიუხედავად დსთ-ს წევრობისა და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებისა. ისინი თვლიან, რომ ჰუსეინისა და კადაფის მაგალითები მათ არასდროს შეემთხვევათ, რაც საფუძველს მოკლებულია.

ვიზიტის ფარგლებში პომპეომ უპირველესად უკრაინა მოინახულა — ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც თითებზე ჩამოსათვლელ წლებში რუსეთის მტრად აქცია. შემდეგ ბელარუსი, რომელსაც ვაშინგტონი რახანია უტრიალებს და ცდილობს მისი ლიდერის დასავლურ რელსებზე გადაყვანას. მინსკში პომპეომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს და მზად არის ეს ქვეყანა 100%-ით დააკმაყოფილოს ნავთობით.

ლუკაშენკო კმაყოფილებით შეხვდა პომპეოს ვიზიტს და ისიც აღნიშნა, რომ მაღალი სტუმრის ვიზიტს გულწრფელად მიესალმება. მისი სიხარული მართლაც გულწრფელია, ვინაიდან პოლიტიკოსი, რომელიც რახანია ევროპის ბოლო დიქტატორად მოიხსენებოდა,  კმაყოფილი უნდა ყოფილიყო ამერიკა-ბელარუსის ურთიერთობათა დათბობის.

პომპეოს ვიზიტმა არანაკლები კმაყოფილება გამოიწვია ყაზახეთ-უზბეკეთის ლიდერებში. რაც შეეხება საქართველოს — ოპოზიციამ უმალ აიტაცა პომპეოს მხრიდან საქართველოს იგნორირება და ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალა. აშშ-ს ადმინისტრაცია და პოლიტიკური ელიტა უკმაყოფილოა ივანიშვილისა და მისი გუნდის, ამიტომაც მან გვერდი აუარა საქართველოსო.

რეალობა კი ასეთია — ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი ის ქვეყნებია, რომელთა გადაბირების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. საქართველო კი ამერიკას რახანია გადაბირებულიც ჰყავს და ჯიბეშიც უზის. ასე, რომ გულდასაწყვეტი არაფერია.

პომპეოს ვიზიტმა ყოფილ საბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში წარმატებით ჩაიარა, რაც უდავოდ გულშემოსაყრელია რუსეთისთვის, ვინაიდან მაღალმა სტუმარმა არაფრად ჩააგდო მასპინძელი ქვეყნების დსთ-ს წევრობა, რუსეთის გავლენა, რითაც ყველას აგრძნობინა, რომ სამხრეთ ამერიკაც აშშ-ს ინტერესთა სფეროა და პოსტსაბჭოთა სივრცეც.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი