საქართველოს დამოკიდებულება მეზობელი რუსეთისადმი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს საზოგადოებისთვის წარდგენილი ისრაელ-პალესტინის უსერიოზულესი პრობლემების მოწესრიგების გეგმამ, რომელსაც ტრამპმა, მისთვის ჩვეული გაზვიადებით „საუკუნისა“ უწოდა, არასასიამონო აჟიოტაჟი გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინაში.

180 გვერდიანი დოკუმენტი კმაყოფილებით შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ, უკმაყოფილებით, პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. შესაბამისად დალაგდა ქვეყნებიც — ერთ მხარეს ტრამპის გეგმის მომხრეები, მეორე მხარეს — მოწინააღმდეგეები. არიან ისეთებიც, ვინც ნეიტრალურ პოზიციას გამოხატავენ, თან იმასაც აცხადებენ, რომ დოკუმენტი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, რის შემდეგაც უფრო გაადვილდება პოზიციის დაფიქსირება.

ახალი სამშვიდობო გეგმის საჯაროდ გამოცხადების დროს პრეზიდენტ ტრამპის გვერდში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ედგა. პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი აშშ-ი არ მიიწვიეს. თუნდაც ეს პროტოკოლური მომენტი, ერთობ მნიშვნელოვანი, მიანიშნებს იმაზე, რასაც აბასის ნეგატიური განწყობა ჰქვია.

არის რამე გასაკვირი ამაში? არც არაფერი — აშშ-ი იხილავს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთდამოკიდებულებას მხოლოდ ერთ მხარესთან. მეორესთან არა.

სამშვიდობო გეგმას მრავალთვიანი მუშაობა მიეძღვნა ამერიკელი ექსპერტების მხრიდან, პრეზიდენტის მრჩევლის, სიძის, ორთოდოქსი იუდეველის ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით. არც ჯგუფს და არც კუშნერს არაფერი უკითხავთ მაჰმუდ აბასისთვის.

პალესტინელებს არ მოეწონათ „კონსპირაციული“ მუშაობა. ისინი თვლიან, რომ საკითხი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის  განმავლობაში აზანზარებს ახლო აღმოსავლეთს, დროდადრო იწვევს ომებს ისრაელ-პალესტინას, სხვა არაბულ ქვეყნებს შორის, უნდა გადაწყვიტოს კვარტეტმა — აშშ-ს, რუსეთის, გაეროს და ევროკავშირის შემადგენლობით, რაც მეტნაკლებად ყველას ინტერესს დააკმაყოფილებს. რა ბედი ეწევა ამერიკულ პროექტს, რომელსაც კუშნერის პროექტსაც უწოდებენ, მალე გაირკვევა.

ახლა კი ზემოთმოყვანილი შესავლის შემდეგ გადავიდეთ მთავარ საკითხზე — რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ვეჭვობ, რომ მსოფლიოსთვის მას ისეთი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც ისრაელ-პალესტინისას. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ვაშინგტონიდან მოსკოვში ჩაფრინდა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად და იმ ნიუანსების პუტინისთვის გასაცნობად, რასაც ადგილი ჰქონდა ტრამპ-ნეთაიაჰუს მოლაპარაკების დროს.

აქვე მკითხველს შევახსენებ, რომ ეს იყო ნეთანიაჰუს მე-17 ჩასვლა რუსეთში. ბოლო შეხვედრა ერთი კვირის წინ ისრაელში გაიმართა, ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს, რომელშიც პუტინი იყო მიწვეული, როგორც მთავარი სტუმარი. იმ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ხელმძღვანელი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ვიმეორებ, ნეთანიაჰუ ვაშინგტონიდან მოსკოვში ჩაფრინდა და არა ისრაელში, ტრამპთან ცხელ-ცხელი მოლაპარაკების შემდეგ, აზრის საკითხად და პუტინის პოზიციის გამოსარკვევად. რა ჰქვია ამას, თუ არა პრაგმატული პოლიტიკა, საზრიანი დიპლომატია?

რუსეთ-ისრაელის ურთიერთობას მოკავშირულს, სტრატეგიულს ვერ დავარქმევთ. ის შორს არის ამერიკა-ისრაელს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობიდან. რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან მთელი რიგი საკამათო საკითხები აქვს, ისე, როგორც ისრაელს რუსეთთან, ორივენი აწარმოებენ, პრაგმატულ პოლიტიკას — ორი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველო? სამწუხაროდ, ჩვენ სხვა პოზიციაზე ვართ, რომელიც მეზობელი ქვეყნისადმი, ანტაგონიზმით არის გაჟღენთილი, არ ვიზიარებთ სხვის მაგალითებს, თუნდაც ისრაელის, რომელთანაც პოზიტიური ურთიერთობები გვაკავშირებს.

ქართულ პოლიტიკას, ქართველი ხალხისგან განსხვავებით, არ სურს რუსეთთან დალაპარაკება, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ის, სხვის დავალებას — ოკეანისგადაღმელის ასრულებს.

ქართული პოლიტიკა ისეთია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის საქართველოში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას რომ ანტაგონისტურად უდგება და 5 თვით ადრე ნეგატიურ მედიურ ფონს ქმნის. ამასწინათ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბოკერიამ კატეგორიულად გამორიცხა მტერი რუსეთის მინისტრის საქართველოში ჩამოსვლა.

თუ რატომ არის რუსეთი მტერი არც ჟურნალისტმა ჟიჟილაშვილმა და არც ვითომ პრორუსული პარტიის ლიდერმა ბურჯანაძემ იკითხა. ჟურნალისტის პოზიცია ცნობილია. ის ანტირუსია, მაგრამ ბურჯანაძის, პარტიის ლიდერის, რომელიც ხშირად ჩადის მოსკოვში, რუს პოლიტიკოსებთან შესახვედრად?

ერთ სტუდიაში, ერთ გადაცემაში, დამნაშავე ე.წ. პოლიტიკოსთან ყოფნა, მიუღებელი უნდა ყოფილიყო სხვა პოლიტიკური მრწამსის მატარებლისთვის, თუ ბოკერიასგან მართლაც განსხვავებულ პოზიციასთან გვაქვს საქმე, მიუღებელი უნდა იყოს ამ პოზიციის მატარებელი  პოლიტიკოსის განცხადება, რომ პარტიებს შორის კინკლაობა უნდა დასრულდეს და მგელი და კრავი ერთად უნდა ძოვდეს.

ბოკერია სწორედ ისაა, ვინც სააკაშვილთან ერთად წამოიწყო ცხინვალის ომი, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა, დაგვაკარგვინა ტერიტორიები და სხვა მრავალიც. ამის პატიება, შენდობა შეუძლებელია. პარტია, რომელსაც საკუთარი ხალხის გაუბედურებაში აქვს ხელი გასვრილი, დიდი ხანია იზოლაციაში უნდა ყოფილიყო და არა ტელესტუდიაში.

„TV-პირველის“ სტუდიაში ისიც გაისმა — ბოკერიას რომ საქართველოში არვინ აგინებს. ბურჯანაძემ ვერ გაიხსენა ასეთი. არადა, ბოკერიას ლანძღვა-გინების ჭიაკოკონით ქვეყანა ზანზარებს. პარლამენტში თავის შეყოფის მიზნით, საზოგადოებისთვის მიუღებელ პირთან სატელევიზიო დიალოგი, არც პოლიტიკურ გამჭრიხაობაზე მიუთითებს და არც დიდსულოვნებაზე.

რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვს, რომლის გვარიც ნებისმიერ თოქ-შოუს „ალამაზებს“, ვერც ბოკერია-ბურჯანაძის პოლიტიკურმა ჭუკჭუკმა აუარა გვერდი. ბოკერიამ, ჩვეული დემაგოგიით და ლანძღვით გავრილოვის მოქმედება პუტინ-ივანიშვილის „შეთქმულებას“ მიაწერა, ხოლო მართლმადიდებლური ასამბლეა რუსული გავლენის გაძლიერების პროექტად მონათლა. მისმა „ოპონენტმა“ კი ასამბლეის პარლამენტის შენობაში ჩატარება, მითუმეტეს, გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა ხელისუფლების შეცდომად შერაცხა.

საპარლამენტო ასამბლეა მართლმადიდებელ ქვეყნებს აერთიანებს და სხდომები მორიგეობით იმართება წევრი სახელმწიფოების პარლამენტის სხდომათა დარბაზებში და არა სხვა რომელიმე დარბაზში. საპარლამენტო ასამბლეა, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე გავრილოვია, სამი წლის განმავლობაში გაბეზრებული იყო საქართველოს ხელისუფლების სიტყვიერი თუ  წერილობითი მიმართვებით — ასამბლეის სხდომის თბილისში გამართვის თაობაზე. საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასამბლეის ხელმძღვანელობა სხდომის თბილისში ჩატარების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ოფიციალური თბილისის დაჟინებული თხოვნისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, რასაც თავის თავზე იღებდა მასპინძელი, დათანხმდა ღონისძიების თბილისში ჩატარებას.

რაც შეეხება დარბაზს — ტრადიციულად, მსგავსი სხდომები მასპინძლის პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართება, რომელიც სხდომის დღეს ასამბლეას ეკუთვნის და არა მასპინძელს. მასპინძელი ამ შემთხვევაში სტუმრის როლში ესწრება სხდომას. ასამბლეის სხდომაზე ადგილობრივთა შეჭრა ისეთივეა, როგორც საზღვარგარეთის საელჩოში მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეთა შეჭრა, რაც დაგმობილია დიპლომატიური ურთიერთობების ვენის 1961 წლის კონვენციით.

თუ რა ნეგატიური რეზონანსი გამოიწვია ოპოზიციის და მის მიერ დაქირავებული გოგო-ბიჭების აგრესიულმა ქმედებამ, ყველასთვის ცნობილია. რუსული მხარე დღემდე მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოხდას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილის ტოლსტოის მიერ: „თუ ქართული მხარე ბოდიშს მოიხდის იმ ინციდენტის გამო, რომელიც დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებით მოხდა, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს რუსეთის დელეგაციაც დაესწროს. არ შეიძლება წახვიდე სტუმრად ქვეყანაში, სადაც აგრესიული ხულიგნები დეპუტატს თავში ბოთლს ურტყამენ“.

მაშინ, როდესაც ბოკერია და სხვა მისთანები გაცხარებული მსჯელობენ ლავროვის საქართველოში შემოშვება-არშემოშვებაზე, რუსეთი ბოდიშის მოხდის გარეშე არ აპირებს მინისტერიალში მონაწილეობას. რას მისცემს საქართველოს რუსეთის დელეგაციის მინისტერიალში არ მონაწილეობა? ნეგატიურის მეტს, არაფერს.

აქვე აღვნიშნავ ქართული მხარის მხრიდან რუსეთის გინებას, რასაც გამუდმებით აქვს ადგილი. ანალოგიური იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამასწინანდელ სხდომაზეც. საქართველოს დელეგაციამ, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან და უკრაინასთან ერთად ისტერიკა გამართა და მოითხოვა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა, რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამო. არადა ეს საკითხი განხილვის პროცესშია და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევა ძალაში, რეფერენდუმის შემდეგ. გარდა ამისა, ვინ ჰკითხავს საქართველოს რა ცვლილებებს შეიტანს რუსეთი საკუთარ კონსტიტუციაში?

უფრო შორს წავიდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კუჭავა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია რუსეთის დელეგაციას ევროკავშირში მუდმივ დისკომფორტს შეუქმნის. ასეთი პოზიცია მხოლოდ დასავლეთს აწყობს და არა ამომრჩეველს, რომელიც რახანია ითხოვს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. ამ ორგანოში ნაყოფიერი მუშაობის ნაცვლად საქართველოს დელეგაცია ავანტიურის გზას ადგას, რაც უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის მოსახლეობამ.

კანონმდებლებს თავისი „ომახიანი“ ხმა შეაგება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას: „ოკუპანტია რუსეთიო“, რამდენჯერმე გაიმეორა და მასთან ერთად ისე გააკრიტიკა რუსეთი, ნაცებს რომ გაუხარდებოდა.

საქართველოს გარდა, არც აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს და არც სხვა ქვეყნის მეთაურს რუსეთი არ გაუკრიტიკებია. ჩვენ, გავაკრიტიკეთ, რითაც კიდევ ერთხელ მოვიხადეთ ვალი აშშ-ს წინაშე და დავანახეთ მას, რომ საქართველო რუსეთისკენ კი არ იყურება, არამედ ევროატლანტიკური სივრცისკენ. ეს კრიტიკა ერთგვარი პასუხი იყო ნაცების დახმარებით ამერიკელი კონგრესმენების მიერ შეთხზულ წერილებზე, სისტემატურად რომ უგზავნიან საქართველოს.

კრიტიკის დროს უნდა გვახსოვდეს რუსეთში გახიზნული მილიონამდე საქართველოს მოქალაქის მიერ გამოგზავნილი ფული, რომლითაც ირჩენს თავს შინ დარჩენილი ოჯახები და ნათესავები. ეს ფული, ერთად აღებული, აღემატება სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების მიერ გამოგზავნილ ფულს, ისე, როგორც რუსეთის ბაზარზე შეტანილი ღვინო, სხვა ქვეყნებში შეტანილს.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს 53 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, შეგვიტანია 94 მილიონი ბოთლი ღვინო, აქედან რუსეთის ბაზარზე 58384540 ბოთლი. რუსეთში ყოველთვიურად 4-ჯერ მეტი ღვინო შედის, ვიდრე აშშ-ი მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო, ისეა რუსეთის საქმე.

ხელისუფლება ერიდება რუსეთში არსებული ექსპორტის ხმამაღლა ხსენებას, მაგრამ რაც შეეხება ამერიკას — ისე გაჰყვირის, თითქოს რუსთაველის გამზირზე ვულკანმა ამოხეთქა. ვითომ ყვირილი გადიფარავს რუსეთში გაყიდულ 58384540 ბოთლს, აშშ-ი შეტანილი 678 148 ბოთლი? არც სხვა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე გვინდა ხმამაღლა ლაპარაკი, ვინაიდან ის გაცილებით მეტია, ვიდრე ერთად აღებულ სხვა ქვეყნებთან.

საქართველოს ეკონომიკის ნახევარი რომ რუსეთზეა ჩამოკიდებული — არც ამის დანახვა გვინდა, ვინაიდან ის ოკუპანტია და სააკაშვილის ნათქვამისა არ იყოს — ისტორიულად საქართველოს ყველა მტერზე მეტი მტერი.

ამერიკისადმი მონურმა მორჩილებამ ისე დაგვაბრმავა და დაგვაყრუა, რომ ვერ ვხედავთ საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ამ პროცესებში „ოკუპანტი“ რუსეთის ავტორიტეტის ზრდას. რუსეთის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი მსოფლიო საკითხი არ წყდება. რუსეთთან კონსულტაციებს სისტემატური ხასიათი აქვს. რუსეთის პრეზიდენტთან საკითხის შესათანხმებლად მოსკოვს თუ სოჭს მსოფლიო ქვეყნების წონიანი პოლიტიკოსები სტუმრობენ, ისე, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ — სტატიის დასაწყისში რომ ვახსენეთ.

ჩვენ სად ვართ, რას ვაკეთებთ, რას ვუყურებთ? რუსეთის დაშლას, ვიღაც გონგამოცლილმა რომ იწინასწარმეტყველა?

პოლიტიკოსებო! თქვენი საქმე ქვეყნებთან ურთიერთობების გაწყვეტა კი არა, დამყარება- განვითარებაა. ამას ითხოვს 30-წლიანი უნიათო მმართველობით დატანჯული ხალხი. ხალხი, რომელიც გადაღალეთ ნატო-ევროკავშირში შესვლის ტყუილი დაპირებებით — ორგანიზაციებში, რომლებზეც ხალხს ალერგია აქვს გაჩენილი და დიდი სიამოვნებით გაისტუმრებდა ყველა თქვენგას იქ, შინმოუსვლელად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი