იდლიბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
სირიის პროვინცია იდლიბში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ მთელი მსოფლიოს ყურადრება მიიპყრო, ვინაიდან მასში მონაწილე მხარეებთან, სირია-თურქეთთან ერთად, რუსეთის მოქმედებაც იკვეთებოდა. განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნებოდა აშშ-ს პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში, მის მოკავშირე ქვეყნებში, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ასტანისა და სოჭის მოლაპარაკებათა შემდეგ, პარტნიორებად გამოცხადებული რუსეთ-თურქეთი, სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, სამხედრო თვალსაზრისით ერთმანეთს შეიძლება დაპირისპირებოდა.
დასავლელთა ცრუ შეშფოთების მიღმა, მათი ნამდვილი სურვილი შეიმჩნეოდა — ომი რუსეთ-თურქეთს შორის. კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთ-თურქეთის მიმართ ცალსახაა და ნეგატიურობის ზღვარს კარგა ხანია ვერ შორდება. დასავლეთისთვის მოსკოვ-ანკარის პოლიტიკის აღქმა მთელ რიგ სიძნელეებთან არის ასოცირებული და შორს არის იმ დემოკრატიისგან, დასავლეთში რომ დომინირებს.
დასავლეთს არც ერთი მოსწონს და არც მეორე, მითუმეტეს მათი ლიდერები. სწორედ პოლიტიკური ლიდერების მოუწონლობა იწვევს მათში ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური კურსისადმი სკეპტიკურ, ხშირ შემთხვევაში უარყოფით დამოკიდებულებას. პუტინის რუსეთი ისეთივე გამაღიზიანებელია დასავლეთისთვის, როგორც ერდოღანის თურქეთი. პუტინის რუსეთი — სუვერენული, დამოუკიდებელი, განსხვავებული პოლიტიკის გამო, ხოლო ერდოღანის თურქეთი — სიჯიუტის, არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად მორჩილი პოლიტიკისთვის.
დასავლეთისთვის, ერდოღანის თურქეთი მოკავშირედ მოიაზრება — ნატოს წევრად, ევროკავშირის ზღურბლზე მდგომ ქვეყნად; პუტინის რუსეთი ისეთ პარტნიორად, უხვ ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციებს რომ არ იშურებს მისთვის, აშკარა მეტოქედ, სერიოზულ გამოწვევად, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით. სხვა ნეგატიური ფაქტორებიც უხვად არის და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აი, რაც შეეხება დადებითს, სანთლით საძებარია. ასეთ დროს დასავლეთს გულის კუნჭულში როგორ არ ექნებოდა რუსეთ-თურქეთის ერთმანეთთან დაჯახების სურვილი?!
ამ სურვილს, იდლიბის ბოლო მოვლენებამდე, რუსეთ-თურქეთის დაახლოვება აღვივებდა, განსაკუთრებით სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით. დასავლეთის თვალ წინ შეიკრა რუსეთის, თურქეთის, ირანის სამთა კავშირი — დასავლეთისთვის აშკარად მიუღებელი, ვინაიდან ამ სამის ინტერესი მარტო სირიით არ შემოიფარგლება. ის მთელს ახლო აღმოსავლეთს ეხება — დასავლეთისთვის, კერძოდ აშშ-სთვის მუდმივ ინტერესთა ზონას.
აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებით, მისმა წინამორბედმა ტრილიონი დოლარი დაახარჯა რეგიონს, ამერიკული პოზიციების გამყარებისთვის, სირიის პრეზიდენტის, ურჩი ბაშარ ასადის დამხობისთვის, სირიის მოსარჯულებლად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნისთვის; ამ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების იარაღით, ტყვია-წამლით უზრუნველყოფისთვის, შემდეგ აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ყასიდი ომის საწარმოებლად კოალიციის ჩამოყალიბებისთვის.
სირიის კონფლიქტში, სირიის ხელისუფლების თხოვნით, პუტინის რუსეთის ჩართვამ გადაარჩინა ასადის მთავრობა დამხობისგან — სირიის ტერორისტულ სახელმწიფოდ გადაქცევისგან. და რაც მთავარია წყალი შეუყენა დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკურ პოზიციას ახლო აღმოსავლეთში.
ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების შერყევის საწინააღმდეგოდ დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა, მათრახის და თაფლაკვერას ნაცადი ხერხი აამოქმედა, სამთა კავშირის ყველაზე სუსტ რგოლზე, თურქეთზე — ეკონომიკური სანქციების დაწესების, სამხედრო თანამშრომლობის შეჩერების მუქარით.
მიუხედავად დასავლური საგანგაშო სიგნალისა, ერდოღანი აგრძელებდა რუსეთ-ირანთან პოლიტიკურ „ძმობას“, ვიდრე მათი ინტერესები არ გადაიკვეთა იდლიბში, სადაც თავი მოიყარეს სირიის დანარჩენი ტერიტორიებიდან განდევნილმა ტერორისტებმა, როგორც შედარებით ზომიერებმა, სირიის განმანთავისუფლებელი არმიის სახით, ისე რადიკალმა ტერორისტებმა „ჯებხატ ან-ნუსრას“, „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ სახით.
სარწმუნო წყაროების მიხედვით, იდლიბის პროვინციაში 20000-ზე მეტი ტერორისტია თავმოყრილი. იქვე იმყოფება ქურთი მეომრების დაჯგუფებები, რომელთაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებად აღიქვამს.
სამთა შეთანხმების შედეგად, თურქეთის ჯარმა გადალახა სირიის საზღვარი და დაიკავა იდლიბის პროვინციის გარკვეული ნაწილი იმ პირობით, რომ ერთმანეთისგან დააშორიშორებდა ზომიერ და რადიკალ ტერორისტებს, მოახდენდა ამ უკანასკნელთაგან იდლიბის გაწმენდას და წესრიგის დამყარებას, რის შემდეგაც სირიის ტეროტორიას დატოვებდა.
სამწუხაროდ, პირობა არ შესრულდა. ტერორისტებმა გააქტიურეს სირიის ქალაქებზე თავდასხმა — არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო ბაზა ხმეიმიმზე, დაბომბეს დამასკოს შემოგარენი.
სირიის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, იდლიბელ ტერორისტებს, იარაღით ეხმარებოდა თურქეთის არმია და არა მარტო. ტერორისტებთან ერთად თურქი ჯარისკაცებიც იღებდნენ მონაწილეობას სირიის არმიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში. ფაქტიც სახეზეა — სირიის არმიის და ავიაციის მიერ განხორციელებული კონტრშეტევის დროს დაღუპული 30-ძე მეტი თურქი სამხედრო მოსამსახურე.
ოფიციალური ანკარის პასუხი იყო მკაცრი და მუქარით აღსავსე. მთელი სიგრძე-სიგანით ამოქმედდა იდლიბში მყოფი თურქეთის არმია, რასაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა სირიის მხარეს, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები.
ვითარება დაიძაბა და რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირების ვარაუდის რეალობად გადაქცევის შესაძლებლობაც გაჩნდა. თურქეთის პრეზიდენტმა დახმარებისთვის ნატოს მიმართა, მაგრამ, მისადა სამწუხაროდ, ნატომ მხოლოდ ვერბალური „დახმარებით“ დაამშვიდა. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, თურქეთმა მტკიცე უარი მიიღო, ვინაიდან მას თავს არვინ დასხმია, თავდასხმას ადგილი, სირიის ტერიტორიაზე ჰქონდა, სადაც თურქეთი არვის მიუწვევია. ანკარას ისიც შეახსენეს, რომ ნატოსთან შეუთანხმებლად შეიყვანა მან ჯარი სირიის პროვინცია იდლიბში.
ნატომ უკვე მეორედ არ აამოქმედა წესდების მე-5 მუხლი — ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის. პირველი მაშინ, როდესაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო პასუხით შეშინებულმა უმალ ნატოს მიაშურა დახმარებისთვის. მაშინ თურქეთს ურჩიეს თვით მოეგვარებინა პრობლემა რუსეთთან.
რას ნიშნავს ნატოს შტაბ-ბინის ასეთი მოქმედება თუ არა იმას, რომ წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებისთვის საკმარისი არ არის ემოციური ფორიაქი; რომ წესდების უსწრაფესი ამოქმედება არ ხდება; რომ წესდების ამ მუხლის ამოქმედება ნატოს წევრი დიდი სახელმწიფოების სერიოზული განხილვის შემდეგ შეიძლება შევიდეს ძალაში ან არ შევიდეს.
ასე რომ, ქართულმა პოლიტიკამ, ნატოსკენ კისრისტეხით გაქცეულმა, უნდა გაითვალისწინოს თურქეთის მაგალითი, სხვა მაგალითებთან ერთად და ზეცაში ილუზიებით მოფარფატემ, მიწაზე დაშვება დაიწყოს.
წონასწორობადაკარგულმა ერდოღანმა ვაშინგტონსაც მიმართა, რომელმაც დაახლოებით ისეთივე პასუხი გასცა, როგორც ბრიუსელმა, თუმცა სამხედრო დახმარება აღუთქვა. ერდოღანისთვის უშედეგო გამოდგა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრებიც. არც ერთმა არ ისურვა ფათერაკიანი, ჯიუტი ნატოელი პარტნიორის გამო რუსეთთან დატაკება.
ნატოში, თურქეთის არმია, რაოდენობით და შეიარაღებით მეორეა, აშშ-ს შემდეგ, რაც თავისთავად მის მიმართ სხვა დამოკიდებულებას უნდა იწვევდეს ნატოელი კოლეგების მხრიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, თუ პრობლემა რუსეთს უკავშირდება ანუ თანამედროვე, დახვეწილი შეიარაღების მქონე ბირთვულ ქვეყანას, საპასუხო სამხედრო მოქმედების ნაცვლად, ზეპირი განცხადებები გამოიყენება — „შეშფოთების“ მსგავსი, რაც ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს პოლიტიკამ.
დასავლეთის კარზე უშედეგო ბრახუნის შემდეგ, ერდოღანმა შანტაჟს მიმართა — თურქეთში მყოფ ლტოლვილებს გზა გაუხსნა ევროპისკენ. თურქეთში 4 მილიონამდე სირიელმა და სხვა ქვეყნების ლტოლვილებმა მოიყარეს თავი, რომელთა შენახვა მძიმედ აწვება თურქეთის ეკონომიკას. ევროკავშირმა, რომელიც წლებია აზია-აფრიკის მიგრანტთა შემოსევის მსხვერპლია, 6 მილიარდი ევრო გამოუყო თურქეთს, იქ მყოფი ლტოლვილების შესაკავებლად და შესანახად. თურქეთმა გამოყოფილი 6 მილიარდიდან, მხოლოდ სამი მიიღო, რამაც სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია მასში.
ასედაამრიგად, ახალი სერიოზული პრობლემები გაჩნდა თურქეთ-ევროკავშირს შორის. ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა სასტიკად დაგმეს ერდოღანის ქცევა და მოუწოდეს მას შეწყვიტოს შანტაჟი.
იდლიბის ისტორიიდან გამომდინარე, ერდოღანის პოლიტიკამ თვით მას მიაყენა სერიოზული დარტყმა, თან ისეთი, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რომ თეთრ მტრედად გამოაჩინა ევროატლანტიკოსთა თვალში. ერთობ შერყეული პოზიციით წარსდგა ის მოსკოვის მოლაპარაკებაზე, რომლის დროსაც კომპრომისების გარდა, სხვა გზა, როგორც რუსეთის, ისე თურქეთისთვის აღარ არსებობდა — ან ომი, რომელიც უდავოდ გადაიზრდებოდა რეგიონულ ომში, ან მშვიდობა.
ცხადია, ერდოღანი წამითაც არ იფიქრებდა ბირთვულ სახელმწიფოსთან შერკინებას, რომელსაც უხვად აქვს თანამედროვე არაბირთვული იარაღიც. გარდა ამისა, რუსეთის მხარეს დაიჭერდა სამეულის ისეთი წევრი, როგორიც ირანია — ქვეყანა, რომლის ინტერესი და გავლენა სირიასა და ერაყში, ისე, როგორც ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ დიდია. ირანის ოფიცრები და იორდანიაში ბაზირებული ორგანიზაცია „ჰესბოლა“, რომელსაც დიდ დახმარებას უწევს ირანი, რახანია იბრძვიან სირიაში, ბაშარ ასადის არმიის მხარეს.
„ნუ შეეცდებით მოთმინებიდან ჩვენს გამოყვანას. თუ ამას ექნა ადგილი, პასუხი არ დააყოვნებს. ირანი აგრძელებს სირიელი ხალხის და არმიის მხარდაჭერას, ვიდრე სირიის მიწა არ გათავისუფლდება ტერორისტებისგან“, — განაცხადა ოფიციალურმა თეირანმა.
იდლიბში განვითარებულმა მოვლენებმა ფარდა ახადა საქართველოს დაუბალანსებელ პოლიტიკას. პრესის და ოპოზიციის, ისე როგორც ხელისუფალთა განცხადებების მიხედვით —თურქეთი ჩვენი „ძმა“ და „მეგობარი“ ქვეყანაა, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. განა ამას არ ჩაგვჩიჩინებდა სააკაშვილი და მისი თურქოლოგი დედა? იგივე სიტყვები გაიმეორა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვთისიაშვილმა თურქ დიპლომატთან შეხვედრისას. მან დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თავდასხმები ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს.
თურქეთის პოლიტიკა სირიასთან მიმართებაში სულაც არ შემოიფარგლება ტერორისტებისგან იდლიბის გაწმენდით. მას შორსმიმავალი მიზნები აქვს — იდლიბის თურქეთთან მიერთება. მსოფლიოს კარგად ახსოვს თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსში დროებითი შეჭრა, თურქი მოსახლეობის დაცვის საბაბით. ეს დროებითობა ათეული წლებია გრძელდება.
ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეს, დღევანდელ თურქეთს სულაც არ განელებია დიდი ოსმალეთის აღდგენის სურვილი, რის შესახებაც სისტემატურად გვამცნობენ გადამდგარი თუ აქტიურ პოლიტიკაში მყოფი პოლიტიკოსთა ავტორობით გამოცემული წიგნები. ერთ დროს პრეზიდენტ ერდოღანის დამრიგებელი ფეთჰულა გიულენი, რომელსაც დღეს თურქეთის პრეზიდენტი მტრად მიიჩნევს, თავის ნაშრომებში მიგვანიშნებს იარაღის გამოყენების გარეშე ეკონომიკურ-სავაჭრო გავლენით, ახლო თუ შორეული ქვეყნების თურქეთში შებრუნების თაობაზე.
ასე რომ, ზომაზე მეტი ჩახუტება, მითუმეტეს პატარა და სუსტი ქვეყნისთვის, სულის შეხუთვით შეიძლება დასრულდეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი