ირანის სახალხო ზეიმისა და საპარლამენტო არჩევნეის შესახებ

თებერვალში ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართა — ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი და პარლამენტის არჩევნები. პირველთან დაკავშირებით ირანის საელჩომ წვეულება მოაწყო, რომელზეც მიიწვია საქართველოს პოლიტიკური, საზოგადო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და კულტურის, მედიის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების დიპლომატები.

ირანის ისლამური რევოლუციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელი, სულიერი ლიდერი, ქვეყნის მეთაური აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი ასე წერდა: „დიდი ისლამური რევოლუცია წარმოადგენს მილიონობით ძვირფასი ადამიანის, ათასობით ცოცხალი წამებულისა და დასახიჩრებულის მონაპოვარს, ანუ მარად ცოცხალ მოწამეთა მონაპოვარს, ვინც მილიონობით მუსლიმანისა და მსოფლიოს ჩაგრულთა იმედია. ამ დიდი რევოლუციის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მისი კალმით აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია“.

1979 წლის რევოლუციამ არა მარტო ირანის და მისი ხალხის ცხოვრება შეცვალა, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის. საკმაო დრო გავიდა იმ რევოლუციური, ბობოქარი დღეებიდან, შაჰის რეჟიმის მიერ სამშობლოდან გადასახლებული იმამ ხომეინის თეირანში დაბრუნებიდან, დედაქალაქის ქუჩებში მილიონობით ირანელის გულმხურვალე დახვედრიდან.

განვლილი წლები ისტორიისთვის ერთი გაელვებაა, მაგრამ ქვეყნისა და მისი ხალხისთვის თავდადებული ბრძოლის, შრომის, პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინების, ახალი ქვეყნის მშენებლობის წლებია. ირანელმა ხალხმა სულიერი ლიდერის იმამ ხომეინის და მისი საქმის გამგრძელებლის აიათოლა ხამენეის წინამძღოლობით წარმატებით გაართვა თავი ქვეყნის წინაშე წამოჭრილ გამოწვევებს და ირანის ისლამური რესპუბლიკა რეგიონის სანიმუშო ქვეყნად აქცია.

აშშ-ს პარტნიორის შაჰ რეზა ფეჰლევის ირანი — მჭიდროდ დაკავშირებული ვაშინგტონთან, ახლო აღმოსავლეთში მისი ინტერესების დამცველად და გამტარებლად მოიაზრებოდა. აშშ-ს და მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის შაჰის ირანი დასავლური ორიენტაციის მიმდევარი სახელმწიფო, სიმტკიცის ეტალონი იყო.

ამერიკა-ირანის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთდაკავშირებას ემსახურებოდა რევოლუციამდე ერთი წლით ადრე აშშ-ს პრეზიდენტის კარტერის ვიზიტი ირანში, რომელმაც, ამერიკელთა აღქმით, წარმატებით ჩაიარა. მაშინ ვერც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და ვერც დიპლომატიამ ვერ გამოიცნეს ქვეყნის წიაღში დაწყებული რევოლუციური დუღილი. აშშ-ს იმჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანს ბჟეზინსკის აშკარად უმტყუნა ინტუიციამ, რაც ძვირად დაუჯდა ამერიკას.

კარტერის ვიზიტის შემდეგ, სწრაფად განვითარდა მოვლენები. ვაშინგტონმა დაკარგა ირანში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი — საბოლოო ჯამში ქვეყანა. ირანის შაჰი ფეჰლევი, დამხობილი და შერცხვენილი ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა მასპინძელმა, შაჰის ირანის სტრატეგიულმა პარტნიორმა, მას მხოლოდ დროებითი თავშესაფარი არგუნა.

ახალ, რევოლუციურ ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარების მოიმედე აშშ-ს ადმინისტრაციამ აიძულა სტუმარი მალე დაეტოვებინა ამერიკა. ამერიკელთა იმედმა არ გაამართლა, ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის აიათოლა ხომეინის მიერ, აშშ-ი მსოფლიოს პირველ სატანად გამოცხადდა, ხოლო თეირანში არსებული აშშ-ს საელჩო 444-დღიან ალყაში მოექცა.

„ზნედაცემული შაჰი და მისი უმეცრი მამა, მათი მორჩილი მთავრობები, პარლამენტები, დიდი სახელმწიფოების საელჩოები თავს ახვევდნენ ხალხს უზნეობასა და გულგრილობას. უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში სამუშაოდ ღებულობდნენ პროდასავლურად განწყობილ მასწავლებლებს, რომლებიც ასი პროცენტით ისლამის წინააღმდეგ, ისლამური და თვით ეროვნული კულტურის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, თუმცა გარეგნულად ერისა და პატრიოტიზმის სახელით მოქმედებდნენ“, — წერს იმამი ხომეინი.

1979 წლიდან იწყება უძველესი ირანის ახალი ცხოვრება — წინააღმდეგობებით, დასავლეთთან, კერძოდ აშშ-თან დაძაბული ურთიერთობებით აღსავსე. აშშ-ა დახურა თავისი საელჩო ირანში, გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, დაიწყო ანტიირანული, ძირგამომთხრელი მუშაობა, ხელი მიჰყო სახელმწიფო ტერორიზმს, წააქეზა ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი ირანთან ომის წამოწყებაში.

ომმა, რომელმაც უდიდესი ნგრევა, მსხვერპლი მოუტანა ირანს, გამოწრთო ქვეყანა და მისი შეიარაღებული ძალები, აამაღლა პატრიოტიზმი, ერთ მუშტად შეკრა ერი. 10 წლის განმავლობაში ებრძოდა ახალგაზრდა რევოლუციის სახელმწიფო ერაყს, ამასთანავე ეკონომიკურ სანქციებს, რომელთა სულისჩამდგმელი აშშ-ი იყო.

ეკონომიკური სანქციები დღესაც გრძელდება. ირანს უკრძალავენ ყველაფერს, მათ შორის ენერგომატარებლების ექსპორტზე გატანას. ეკონომიკური სანქციების შემოღებას ადგილი ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. მისი ინიციატორი აშშ-ი იყო. თვით აშშ-ა ირანს საკუთარი სანქციები დაუწესა და მოუწოდა მის ევროპელ და არა მარტო, მოკავშირეებს ანალოგიური ქმედებისკენ. გარდა ამისა აშშ-ა დააშინა მსოფლიო ბიზნესი, რომ ირანთან ურთიერთობის შემთხვევაში მათაც დაუწესებდა სანქციებს.

მიუხედავად ამისა, ირანმა შექმნა საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო არმია — რეგიონში გამორჩეული დისციპლინითა და ბრძოლისუნარიანობით. ირანის ისლამური რესპუბლიკა საკუთარ ჯარს, საკუთარი იარაღით ამარაგებს. ირანი თვით ამზადებს მძიმე სამხედრო ტექნიკას, საშუალო და მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს. ამ იარაღის მოქმედების სიზუსტე და დამანგრეველი ძალა საკუთარ თავზე იწვნია ერაყში განლაგებულმა ამერიკულმა ორმა სამხედრო ბაზამ. თვით ამერიკელთა განცხადებით ირანის სარაკეტო თავდასხმამ ნანგრევებად აქცია ბაზების ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ნაგებობები, ხოლო 120 ამერიკელმა სერიოზული დაზიანება, კანტუზია მიიღო.

გენერალ სოლეიმანის განადგურებამ მსოფლიოს დაანახა აშშ-ს ავანტიურისტული სახე და მის მოკავშირეებშიც გააჩინა საწინააღმდეგო განწყობა, რასაც მოჰყვა აშშ-ს ადმინისტრაციის ცრუ განცხადებები და თავისმართლება, რომ გენერალი ყასემ სოლეიმანი ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ამერიკა-ევროპაში, რომ მისი ხელები ამერიკელთა სისხლით იყო დასვრილი და ა.შ.

გაიშალა ფართო ანტიირანული პროპაგანდა, რომელშიც ამერიკელთა მოწოდებით სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში არსებული ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებიც ჩაერთო — ცრუ განცხადებებით, რომ ისლამური სახელმწიფოს გუშაგთა ორგანიზაცია ტერორისტულია; რომ ეს ორგანიზაცია საქართველოში ფულის გათეთრებით არის დაკავებული; რომ ირანელთა მიერ საქართველოში შეძენილმა ბინების რაოდენობამ 134000 გადააჭარბა, რაც ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას და ა.შ.

ანტიირანულ პროპაგანდაში ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები აქტიურობენ, მათთან ერთად მედია და მათთადმი ლოიალურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, რომლებიც მოითხოვენ ირანთან მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას.

ირან-საქართველოს კავშირურთიერთობები არაერთ საუკუნეს მოითვლის. ამ ხნის განმავლობაში კარგიც იყო და ცუდიც, ისე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში. თანამედროვე ირანი, რეგიონის მძლავრი სახელმწიფო, ტერორიზმთან მებრძოლი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ეკონომიკური, ენერგეტიკული პოტენციალით, ინვესტიციებით, საქართველოსადმი კეთილი განწყობით, იყო და იქნება საქართველოსთვის საინტერესო ქვეყანა. 

ირანი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, რაც დასაფასებელია. აშშ-ნ სტრატეგიულმა ურთიერთობამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ირანთან.

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა პრეზიდენტმა ტრამპმა წამოიწყო. ის გავიდა გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის და გერმანიის მიერ ირანთან დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების ნაყოფი იყო. ხელშეკრულებიდან ამერიკელთა გასვლას, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ირანმა მკაცრად უპასუხა — უარი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მიერ ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებაზე.

აშშ-ს ადმინისტრაცია, სახელმწიფო მდივანი პომპეო დაუფარავად, საჯაროდ აცხადებენ, რომ ირანში, ადრე თუ გვიან შეიცვლება რეჟიმი. აშშ-ს გეგმის მიხედვით ირანის ჩრდილოეთში ორი რესპუბლიკა — აზერბაიჯანის და ქურთების უნდა შეიქმნეს, დანარჩენ ირანში კი აშშ-ს დამჯერი მარიონეტული მთავრობა.

არ გამართლდა ამერიკელთა ვარაუდი — ირანელთა მხრიდან საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. გასულ პარასკეს (21 თებერვალს) ირანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 83-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ.

 7000 კანდიდატი იბრძოდა 290 სადეპუტატო მანდატისთვის. ხმის მიცემის უფლებით 58 მილიონი ირანელი სარგებლობს, რომლებმაც სისხამ დილიდან დაწყებული გვიან საღამომდე საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები შექმნეს. ხმის მიცემის პროცედურა 18.00 საათზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ამომრჩეველთა გრძელმა რიგებმა აიძულეს არჩევნების ორგანიზატორები რამდენჯერმე გადაედოთ არჩევნების დასრულების დრო. საბოლოოდ ზოგ რაიონში არჩევნები 00.30 საათზე დამთავრდა.

საპარლამენტო (მეჯლისის) არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. არჩევნები მაჟორიტარულია. არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატების დაშვებას კონსტიტუციის დაცვის საბჭო წყვეტს. წელს, დეპუტატობის 17000-სი მსურველიდან 7000 შეირჩა.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის უფლებამოსილება სუსტია პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში, მას დიდი ავტორიტეტი აქვს და საკმაო გავლენით სარგებლობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პარლამენტს საპრეზიდენტო არჩევნებში ამა თუ იმ კანდიდატისთვის მხარის დაჭერის თვალსაზრისით. ასეთი მომავალ წელს გაიმართება. მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის პოზიცია ქვეყნის სულიერი ლიდერის შერჩევაშიც. ა.წ. აპრილში დღევანდელ მეთაურს აიათოლა ხამენეის 81 წელი უსრულდება.

პარლამენტთან ერთად ირანმა პარალელურად აირჩია ექსპერტთა საბჭო, ორგანო, რომლის უფლებამოსილებაში შედის ირანის მეთაურის დანიშვნა.

წლევანდელი არჩევნები ერთობ მძიმე მოვლენების გავლენის ქვეშ ჩატარდა. ხალხს დავიწყებული არ ჰქონდა ხელისუფლების ის ნაბიჯი, რომელმაც ბენზინზე ფასების გაზრდა გამოიწვია, რასაც ფართომასშტაბიანი სახალხო პროტესტი მოჰყვა — ქუჩაში გამოსვლით. ხელისუფლების განმარტებით, პროვოკატორებმა დაარბიეს პოლიციის შენობები, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, დაწვეს ავტომანქანები. ხელისუფლება იძულებული შეიქმნა ძალის გამოყენებით, დაეშალა დემონსტრანტები.

4 წლის წინათ საპარლამენტო არჩევნები დასავლეთთან ურთიერთობების გამოსწორების ნიშნით ჩატარდა და მასში 41%-ით რეფორმატორებმა გაიმარჯვეს, ხოლო კონსერვატორებმა 29%-ი მიიღეს, ამჯერად ვითარება კონსერვატორთა სასარგებლოდ იცვლება, რაშიც დიდი წვლილი, ცხადია ირიბად, ტრამპმა  და მისმა ადმინისტრაციამ შეიტანეს. კონსერვატორები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს ირანს.

ასედაამრიგად, აშშ-ს ადმინისტრაციის ნაკლებად გააზრებული პოლიტიკის შედეგად კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი კონფრონტაციულმა განწყობამ შეიძლება ჩაანაცვლოს, რაც ნაკლებად სახარბიელო ფაქტია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი