31.10.2024

ერთი აუდიო მასალის შესახებ (11.03.2021)

TV-I“-ს ეთერში გაშვებული აუდიო მასალის შემდეგ, რომელშიც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, სამი დღე გავიდა. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში სიწყნარეა. არავითარ მასობრივ სახალხო გამოსვლებს ადგილი არ აქვს. იყო ხანმოკლე, არახალხმრავალი საპროტესტო აფეთქება აუდიო-მასალის ეთერში გაშვების დღეს — ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასა და მთავრობის სახლთან. ეს იყო და ეს.

ხალხი ინდიფერენტულად შეხვდა უდავოდ არასასიამოვნო ამბავს. ოდნავ გაახილა თვალი და შემდეგ ისევ ძილს მიეძალა.

აუდიო მასალის მოსმენამ აღშფოთებასთან ერთად გულუბრყვილო მოსაზრება მომგვარა — პრემიერ-მინისტრის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების (რომლებიც სადამსჯელო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას) ნებაყოფლობითი გადადგომა. ანალოგიური გულუბრყვილობა 2008 წლის ცხინვალის ომისა და ნაცური ხელისუფლების მბრძანებლობის პერიოდში ე.წ. ციხის კადრებმა გამიჩინა. მაშინაც ვიფიქრე, რომ ხელისუფლება წამითაც არ დაფიქრდებოდა და თანამდებობას დატოვებდა.

არც მაშინ და არც დღეს ხელისუფლება არათუ თანამდებობას არ ტოვებდა და ტოვებს, კონტრშეტევაზეა გადასული, ლამის ყველა ჩვენგანი დაგვადანაშაულოს, განსაკუთრებით ოპოზიცია — თქვენს მიერ არის მომზადებულ-დამონტაჟებული აუდიო-მასალა — ცილისმწამებლური და მზაკვრული სამომავლო ბოროტი გეგმებით გაჯერებული, რათა უარი თქვათ ხელისუფლებასთან დიალოგზე და ქვეყნის საზიანოდ შექმნათ საყოველთაო არეულობის სიტუაციაო.

მმართველი „საოცნებო“ პარტიის პარლამენტარები, პირზე დუჟმორეულები, უმტკიცებენ საზოგადოებას აუდიო-მასალის სიყალბეს, არალოგიკურად ურევენ აუდიო-მასალაში აღბეჭდილი ფაქტების ქრონოლოგიას, თუმცა კატეგორიულად მაინც არ ამბობენ, რომ მსგავს საუბრებს არ ჰქონია ადგილი — ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნის წინათ, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი არ იყოო. თითქოს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

„ქართუ ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობის დროს ვეჭვობ ღარიბაშვილს შეძლებოდა „მიგალკებიანი“ სპეცრაზმი გაეგზავნა ბერა ივანიშვილის სიტყვიერი შეურაცხმყოფელების დასასჯელად. დავუშვათ, ეს ასე იყო, ამ პიროვნების ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მაზოხისტური გრძნობებით იყო გამოწვეული თუ ქვეყნის სიყვარულით?

სამწუხაროდ, ქვეყანა არსად ჩანს, რომ ჩანდეს, ასეთს არც ადრე დანიშნავდნენ პირველ პირად და არც ამჯერად გაიმეორებდნენ ადრე დაშვებულ უხეშ შეცდომას. მაგრამ არის თუ არა ეს შეცდომა იმისთვის, ვინც რახანია წაღმა-უკუღმა ატრიალებს ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადო ცხოვრებას? ვეჭვობ რომ ასეა.

ივანიშვილისთვის სულაც არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობაზე დასანიშნი პროფესიონალი, საქმის მცოდნე, პატიოსანი, ქვეყნის პატრიოტი, განათლებული ადამიანია თუ არა. მისთვის მთავარია ივანიშვილების ოჯახისადმი მონური მორჩილება, რომელიც უპირველესად მოემსახურება მას, შეასრულებს მის დავალებას, თუნდაც ქვეყნისთვის საზიანოს, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — ფასადურად, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, მაგრამ მხოლოდ ფასადურად, ვინაიდან ვერც ერთი მათგანი უივანიშვილოდ ნაბიჯს ვერ დგამს. ამ მოჩვენებით პრეზიდენტობას, პრემიერობას, პარლამენტის სპიკერობას ისე მიეჩვია ე.წ. პოლიტიკოსი, რომ ივანიშვილის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, ვირტუალური ივანიშვილის შიშით, ნაბიჯს არ გადადგამს.

როდესაც ვაფასებთ მილიარდერის 9-წლიან ბატონობას, უპირველესად იმაზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, რა გაარემონტა, რა ააშენა, ფული ვის მისცა, არამედ იმაზე რა მანკიერი, ავადმყოფური პოლიტიკური ვითარება დააფუძნა, ისეთი, მისი პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში რომ არ შეიცვლება.

არაერთხელ ნათქვამს გავიმეორებ — სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, არც ერთ პოლიტიკურ ჩარჩოში არ ჯდება. არც ერთ მართლმსაჯულებას არ ექვემდებარება, არც ერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას არ ითვალისწინებს. ან რა ადამიანის უფლებების დაცვასა და სიტყვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ივანიშვილის ვაჟი ავალებს ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, ვიღაც თინეიჯერის დასჯას, რომელმაც მას ინტერნეტში შეურაცხყოფა მიაყენა — მამა კი ამ დავალების, უფრო სწორად ბრძანების მხარდამჭერია?!

ლამის ნატოსა და ევროკავშირში შემსვლელი საქართველო (ყოველ შემთხვევაში ამ ზღაპრით ვიკვებებით თითქმის 30 წელიწადი), ადრინდელი ჰაიტის მსგავსად, ვიღაც თინეიჯერს (ჩუბინიძის ტერმინოლოგიით) „აკაჩავებს“.

გასული საუკუნის მეორე ნახევრის სამაგალითო (ნეგატიური თვალსაზრისით) მოვლენად იყო მიჩნეული მამა-შვილ დიუვალიეების დიქტატურა ჰაიტში. განსაკუთრებული „ჰუმანიზმით“ გამოირჩეოდა შვილი ანუ ბეიბი-დოკი, რომელიც სადამსჯელო პოლიციას ტონ-ტონ მაკუტის აგზავნიდა მოწინააღმდეგეთა დასასჯელად.

ბერა ივანიშვილის საქციელზე, მითუმეტეს ივანიშვილის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის, საზოგადოება, განსაკუთრებით ინტელიგენცია შეშფოთებას არ გამოთქვამს. ერთადერთი ვინც უმალ შეშფოთდა პაატა ბურჭულაძე იყო, რომელმაც სატელევიზიო ეთერში დაგმო აუდიო-მასალის „გმირების“ საქციელი და გულწრფელად ჰკითხა ხალხს — ასეთი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ბრიუსელშიო?!

მას ღარიბაშვილი ჰყავდა მხედველობაში. პაატა ბურჭულაძეს ჯერ-ჯერობით მხარი არვინ დაუმშვენია — ცნობილმა ანუ მოდურად, „ცნობადმა“ სახემ — არც ასაკოვანმა და არც ახალგაზრდამ. როგორც ჩანს, ივანიშვილის ქველმოქმედებაზე 10-წლიანმა პროპაგანდამ თავის შედეგი გამოიღო, ისეთი, როგორსაც ივანიშვილი გულისხმობდა — ფულით ვერბალური აპარატის ამოვსება იმისი, ვისაც კრიტიკული სიტყვის თქმა შეუძლია და ვის აზრს ხალხი ყურადღებას მიაქცევს.

ასეთი ინტელიგენციაა, ჩვენს შემთხვევაში, არაფრის მთქმელი და თუ იტყვის, მხოლოდ ასეთს — ივანიშვილმა „სამება“ ააშენა, „რუსთაველის“ და „მარჯანიშვილის“ თეატრები გაარემონტა, ხელოვნების მუშაკებს სტიპენდიები დაუნიშნა.

არ დაიღალეთ!!! ვერ ხდებით, რომ სტიპენდიები იმიტომ დაგინიშნათ, ხმა არ ამოიღოთ თუნდაც აუდიო-მასალაზე ან მის მსგავს ფაქტებზე? ვერ ხედავთ, რომ მსგავსი ფაქტებით ქვეყანა ჭაობში იძირება და საცაა სულს დალევს?

როგორც ჩანს, „ჯერ თაოდათაოს“ ფილოსოფია, ღმადაა გამჯდარი მიწიერ ქართველობაში. საქართელოს საზოგადოება ისეა ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში, ისეა მიჩერებული ადგილობრივ ვაიტელევიზიებს, ისეა გატაცებული ვაიპოლიტიკოსთა კინკლავით, სულაც არ აინტერესებს რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც „საზარელ“ რუსეთში, რომელიც მილიონერთა დეფიციტს არ განიცდის და არც ამ მილიონერ-მილიარდერთა მიერ უანგაროდ გაწეულ ქველმოქმედებას. ავიღოთ მაგალითად მილიარდერი პოტანინი, რომელიც იმ ქალაქებს აშენებს, სადაც მისი საწარმოებია განთავსებული. ამჯერად ერთ-ერთ ქალაქში 16 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აგებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით — დახურული საცურაო აუზით, სპორტული მოედნით, ბაგა-ბაგებით, სკოლებით, … . მოსახლეობამ არცკი იცის ვინ აშენებს. არც პოტანინს აქვს სურვილი აალაპარაკოს მოსახლეობა მის ქველმოქმედებაზე, ვინაიდან ეს კანონია, დაუწერელი კანონი მთელს მსოფლიოში არსებული, რომ მილიარდერმა, რომელმაც დიდი ფული იშოვნა ქველმოქმედებას უნდა შესწიროს გარკვეული ნაწილი.

ასეა ნებისმიერ ქვეყანაში. იქ თავში არვის მოუვა ბილ გეიტსის, ილონ მასკის, ცუკერბერგის, სხვა მილიარდერების გაღმერთება.

ქართული გამოთქმა — „არცოდნა, არცოდვაა“, ამ შემთხვევაში დიდი ცოდვაა, ისეთი, ქვეყანას რომ აზიანებს. არცოდნამ და მასზე დამატებულმა ინდიფერენტიზმმა არ ააღელვა ხალხი. არ მიაყენა სახელმწიფო კანცელარიას — პრემიერის გადადგომის მოთხოვნით. მან იოლად გადაყლაპა ბავშვი (ბეიბი) ივანიშვილის ნაბოძები ავსუნიანი ლუკმა. ყმაწვილ ივანიშვილს, რომელიც მამას ჩაანაცვლებს, ხანგრძლივი ცხოვრება აქვს გასავლელი და დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი, ისეთს აკადრებს ყმებს, დღევანდელი რომ ბუმბულივით მოეჩვენებათ.

ქართული საზოგადოება არაფერს ამბობს, მაგრამ სად არიან ჩვენი ევროპელ-ამერიკელი პარტნიორები, ადამიანის უფლებების განუხრელი დამცველები, ნამდვილი დემოკრატები? მარტო ჟან მიშელის თეატრალიზებული გასეირნება უშველის მძიმე სენით დაავადებული საქართველოს განკურნებას, თუ მოლაპარაკებების გაუთავებელი რაუნდები — ვადამდელი არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით?

მედიატორ დასავლეთს რომ გულწრფელად სურდეს საკითხის მოგვარება, უმალ გადაწყვეტდა, ხელისუფლებისთვის თითის დაქნევით, მაგრამ არა! ის ამას არ აკეთებს, ვინაიდან სურს გონებამიხდილი საზოგადოების კიდევ უფრო გამოთაყვანება. როდესაც დასავლეთს სურდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავის სასარგებლოდ გადაეწყვეტა, საარჩევნო ბიულეტენში მეორე საკითხი — ნატოში შესვლა ჩაგვიწერა და როდესაც ხმათა რაოდენობა — 60% მცირედათ ჩათვალა, 10%-ით და მეტით გაგვაზრდევინა. შემდეგ გვაყვირა — საქართველოს მოსახლეობამ გადავწყვიტეთ ნატოში შესვლა — უდიდესი უმრავლესობითო.

გვრჩება არასასიამოვნო მოსაზრება მათ თავშეკავებასთან დაკავშირებით. იქნებ გასული საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწის ალენ დალესის პროექტის შეუსრულებლობა აფერხებს მათ. პროექტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხალხებზეა მორგებული და მიზნად ისახავს მათ გადაგვარებას — კორუფციით, მოსყიდვით, ნარკომანიით, პროსტიტუციით, სხვა „სიკეთეებით“.

პროექტში ჩართულ საქართველოს ჯერაც ბევრი აქვს გასაკეთებელი „სანუკვარი“ მიზნის მისაღწევად და ფინიშის სწორამდე ხელის შეშლა პროექტის ჩაშლის ტოლფასი იქნება.

დალესის მოძღვრების დედაარსი იმაშია, რომ ნიშანში ამოღებულმა ქვეყანამ თვით გამონახოს ერთმანეთთან დაპირისპირების საგანი. ამ თვალსაზრისით დასავლეთისთვის ფასდაუდებელია ქვეყნის ოლიგარქატის დატაკება ხალხთან — შენიღბულად, ფარულად, მაგრამ თანმიმდევრულად. თუ აღნიშნულს ადგილი არ აქვს, რით ავხსნათ დასავლელ პარტნიორთა სიბრმავე, გაურკვეველი რევერანსები ხელისუფალთა მიმართ?!

P.S. ჩიტმა ამბავი მომიტანა — თურმე, ბილ გეიტსის შვილს დაურეკავს პრეზიდენტ ბაიდენისთვის — ბიძია, ჯო! ვიღაცაები ინტერნეტში მლანძღავენ და იქნებ ეროვნული გვარდია გაგზავნო მათ „მისაკაჩავებლადო“.

ვაი, ჩვენს პატრონს!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი