თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე (14.03.2021)

TV-I“-ს მიერ გასაჯაროებულმა აუდიო მასალამ ვერადავერ მოიპოვა ფართო საზოგადოების ყურადღება. გაზეთებმა, რომლებიც ვითომ ოპოზიციურობით გამოირჩევიან და ასეთები თითო-ოროლაა, „ოსტატურად“ აუარეს გვერდი უაღრესად საყურადღებო, ჩემის აზრით, საგანგაშო ამბავს და ჩვეულ რითმში გააგრძელეს მუშაობა.

თემას, თითო-ოროლა ავტორი და ზოგიერთი რესპონდენტი შეეხო — ტენდენციურად, ზედაპირულად და ისე აზილეს ეს ამბავი საერთაშორისო თუ საშინაო საკითხებში, მთლად დაუკარგეს აუდიო მასალაში გაჟღერებულ დანაშაულს, შავი ელფერი, რომელიც უდავოდ შეგვახსენებს თავს უახლოეს მომავალში.

საზოგადოებრივმა გაკიცხვამ ჩაისვარა, უპირველესად იმიტომ, რომ 30-წლიანმა დამოუკიდებლობამ ხალხს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაუჩინა, რაც ჰქონდა, საბჭოეთის 70-წლიანი ცხოვრების პერიოდში, ისიც ჩაუკლა. მასთან ერთად ჩაკლა პატრიოტიზმი. თვით ეს სიტყვა დაცინვის ობიექტად გადააქცია. რაშია საქმე? — ვკითხულობთ და მორიდებით ვპასუხობთ — იქნებ დამოუკიდებლობაში, რომელიც არც დამოუკიდებლობაა და მითუმეტეს არც მასზე მიტმასნილი თავისუფლება?

დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა და ხალხი სხვაგვარად იქცევა, ვინაიდან საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ღრმად აქვს გამჯდარი სულსა და გულში; ვინაიდან თითოეული ფიქრობს, რომ ქვეყანა, რომელშიც ის ცხოვრობს, მისი სამშობლოა და მისი — სამშობლოს გასაჭირი, მისი გასაჭირია.

ქართველებსაც ჰქონდათ ასეთი გრძნობა — დიდი ხნის წინათ, როდესაც ხმლით ებრძოდნენ ურიცხვ მტერს; როდესაც გასულ საუკუნეში ებრძოდნენ ფაშიზმს, საბჭოეთში მცხოვრებ სხვა ერებთან ერთად; როდესაც აშენებდა ქვეყანას, რომელიც 1991 წლის დეკემბრამდე მოიტანეს და რომელიც „დამოუკიდებლებმა“ ჩვენს თვალსადახელსშუა დაშალეს.

ღიმილით მოსულმა მომხდურმა — ფოჩებიანი კამფეტებით, სულიერად გაგვაიარაღა, გამოგვაცალა ოჯახის, სოფლის, ქალაქის, ქვეყნის სიყვარული და ჩამოთვლილი ცნებები ფულის სიყვარულით ჩაგვანაცვლებინა, თან ისე მძლავრად, თავი და სინდის-ნამუსიც რომ დაგვაკარგვინა.

მატერიალურისადმი სიყვარული და თაყვანისცემა არც ერთი ერისთვის უცხო არ არის. არც ჩვენთვის ყოფილა უცხო, მაგრამ მასშტაბი? — უკიდეგანო და ყოვლისმომცველი, უცხო და საგანგაშოა. „პატარა, ვიწრო გრძნობისა და ტვინის ადამიანი, თუ იგი მდიდარია, თავს ბედნიერად ჰრაცხს, რადგან ყოველგვარ მოთხოვნილებას ცხოველურს, ფიზიკურს იკმაყოფილებს, შეიძლება ფიქრობდეს, მე განვიცდი გაზაფხულს სულისასო, მაგრამ დიდად მოტყუებული იქნება, რადგან ამგვარი ადამიანი მხოლოდ გამანადგურებელია იმისა, რაც გაზაფხულის შემოქმედების წყალობით მიგვიღია ადამიანებს. … ნუთუ საზღვარი აღარ უნდა იყოს სულით გაზაფხულისა და კუჭით გაზაფხულის მფლობელთა შორის“,— ვაჟა-ფშაველა (1915 წ.).

30-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ თავდავიწყებით შეგვაყვარა მდიდარი — მისი მეხოტბე და მონა გაგვხადა. დაგვიბინდა თვალთახედვა, საღი აზროვნება, სამართლიანობის, თავმოყვარეობის შეგრძნება, მდიდრის სუფრიდან გადმოგდებული ძვლების დაუფლების მოიმედე გაგვხადა; გაგვაზარმაცა, შრომას გადაგვაჩვია და მასთან ერთად აზროვნებას, რომლის გარეშე დამოუკიდებლობა, მითუმეტეს თავისუფლება ლიტონი სიტყვებია — პირის ღრუდან და არა გულიდან ამოსული.

გადამთიელი — საღეჭი რეზინებით ხელდამშვენებული, ჩვენს სულიერ სისუსტეებში ღრმად ჩახედული, იოლად ახერხებს მისდამი პატივისცემის გაღვივებას, მისადმი მორჩილებას, მისი ცხოვრებით აღტაცებას, მწვანე დოლარებისადმი თაყვანისცემას, მდიდრის გაფეტიშებას, ყველა იმ „სიკეთისადმი“ კუდის ქიცინს, რაზეც კაპიტალი, კაპიტალიზმია დაფუძნებული.

ფულისადმი თაყვანისცემამ საზღვრები არ იცის, მაგრამ გულის კუნჭულში შენს, მეტ პატივს სცემ, ვინაიდან მდიდარი, შენია, შენი ფულიანია. და ერთი წამითაც ვერ იაზრებ, რომ ის სიმდიდრე, ის ფული შენი ქვეყნის, შენი ჯიბიდან არის ამოღებული და არა ფულიანის მიერ აგუგუნებული ფაბრიკა-ქარხნების მიერ დამზადებული პროდუქციიდან; დოვლათის შემქმნელი საწარმოებიდან, სადაც შენც ხარ დასაქმებული და არა ერთი ბაზრიდან მეორეში გატანილი საქონლის ყიდვა-გაყიდვიდან; პრიმიტიული დისტრიბუციიდან, რომლის ძირითადი არსი საზღვარგარეთ იაფფასიანი ან ჩამოწერილი საქონლის ყიდვა და მამასისხლად საკუთარ (თუკი ვინმე ვაჭარი მას საკუთრად თვლის) ქვეყანაში გაყიდვაა.

და როდესაც ყოველივე ზემოთქმულს ვერ იაზრებ, ცხოვრების მუქი ფერებიც არ უნდა გაშფოთებდეს, უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს შენში, მითუმეტეს ისეთს, რომელიც საკუთარი სამზარეულოს საზღვრებს არ სცდება, გარეთ არ გამოდის და მრავალ შენისთანასთან ერთად სახალხო მოძრაობაში არ გადადის.

ზემოთ აღვნიშნე, რომ გვიჭირს საკუთარი ფულიანის გაკრიტიკება, მითუმეტეს იმის, ვისაც ფულთან ერთად გავლენაც აქვს — ქვეყანასა და ხელისუფლებაზე გავლენა. თორემ ქართველ ფულიანს, ფულით გაყოყოჩებულს საკუთარ ოჯახში, ნათესავებში, ახლობლებში, მის ირგვლივ არსებულ ვიწრო ან ფართო წრეში რომ ჭარბზე-უჭარბესი გავლენა აქვს — მტკიცება არ სჭირდება.

სხვა ფულიანთან, სიმდიდრით გამორჩეულ აი იმ მდიდარს ისე ეთაყვანება ერი და ბერი, როგორც მესიეს. ცდილობს ისე ააშოროს კრიტიკის ისრები მას, თითქოს არაფერ შუაშია. თითქოს ის კი არა, სხვაა დამნაშავე, მაგალითად ხელისუფლება. ხელისუფლება — მის მიერ დანიშნული და განტევების ვაცად გადაქცეული. ხელისუფლება, რომელიც დანიშნულია მხოლოდ ერთი ნიშნით — ემსახუროს მას. ხელისუფლება, რომელიც ვერც საშინაო და ვერც საგარეო საკითხებში ნაბიჯსაც ვერ დგამს მასთან შეუთანხმებლად.

ხელისუფლება, რომლის მიზანი ისაა, დიდხანს გაიხანგრძლივოს ამ პოზიციაში ყოფნა, ვინაიდან ხელისმოთბობის აურაცხელ შანსს იძლევა. დასტურად ამისა უამრავი ფაქტია „კალოშებიანი“ პარლამენტარებისა და სახელმწიფო მოხელეების სწრაფი გამილიონერებისა. ისეთი, მაგალითად, როგორიც უპოვარი პოლიციელი, ამჟამად გამილიონერებული ჭელიძე ან გურიიდან პარლამენტარი, სხვა პარლამენტარებიც. სამშობლოსადმი მათი სამსახური ივანიშვილისთვის სამსახურითაა ჩანაცვლებული, ვინაიდან ივანიშვილმა მისცა შანსი გამდიდრებისა და არა სამშობლომ. სამშობლო მეწველი ძროხაა, რომელსაც ორივენი გამეტებით წოვენ. ასე, რომ კრიტიკული ისრები, რომლებიც ივანიშვილისთვის უნდა იყოს გამიზნული, „მეისრეს“, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ხვდება, რომელსაც არც არასდროს უფიქრია სახელმწიფო საქმეებზე მამა-მარჩენლის ბრძანების გარეშე.

ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხიც ხელისუფლებას შეეწერება და არა ივანიშვილს — სახელმწიფო სამსახურის არც ერთი თანამდებობის მფლობელს. მედიაც და ექსპერტობაც კრიტიკას ხელისუფლებას აყრის, მის გუშინდელ პრემიერ-მინისტრს გახარიას, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, თურქულ კომპანია „ენკას“ 1 ლარად გადაეცა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. კომპანიის მიხედვით, ეს ტერიტორიებია — რიონის ხეობა, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის. კომპანიას შეუძლია გამოიყენოს არა მარტო რიონი და მისი შენაკადები, ასევე მდინარე ცხენისწყალი. კომპანიას ულიცენზიოდ შეუძლია კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების მოპოვება. სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების გაზრდის შემთხვევაში კომპანია გათავისუფლდება მისი გადახდისგან.

კომპანიას ჰესის მშენებლობაში შეუზღუდავად შეუძლია საკუთარი ქვეყნის მოქალაქის დასაქმება. თუ კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტიდან გამომდინარე ვერ გააგრძელებს მშენებლობას, საქართველო ვალდებული იქნება კომპენსაციის სახით გადაუხადოს მას 400 მილიონი დოლარი. მიუხედავად ამისა, მას მფლობელობაში დარჩება მიწის ნაკვეთები, რომელსაც ის გამოიყენებს თავისი შეხედულების მიხედვით.

თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე წერს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ ვაჟა ოთარაშვილი: „ნებისმიერი იდეის მქონე დღევანდელი თურქეთი არა მხოლოდ რიონის ხეობას ყიდულობს, ის მთელს დასავლეთ საქართველოში იქმნის პლაცდარმს შემდგომი ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიისთვის. ჩვენს შვილებს, ჩვენს შვილიშვილებს მოუწევთ კაბალურ პირობებში ყოფნა იმ თურქი ფაშების შთამომავლებთან, რომელთა წინაპრები ჩვენს მიწა-წყალს სისხლით რწყავდნენ“.

ვეთანხმები ბატონ ვაჟას — საუკუნოვანი გასესხება, გაჩუქებას უფრო ჰგავს და რეალურად 576 ჰექტარი მიწის ფართობის სამუდამოდ დაკარგვას. თურქი თავისი მოწოდებით და შემართებით არაფრით დათმობს მისთვის თუნდაც დროებით გადაცემულ ტერიტორიას. ვისი-ვისიდა აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის თურქის მენტალიტეტის ცოდნა რომ სინამდვილესთან ახლოა, ფაქტია. მისი მეთაურობის დროს გარდა ერთი ბიზნესმენისა (შენერ არდა), რომელიც საბორნე გადასასვლელს აშენებდა, არც ერთი სხვა თურქი ბიზნესმენის ჭაჭანება იქ არ იყო, ვინაიდან ბატონი ასლანის ღრმა რწმენით აჭარაში ფეხჩადგმულ თურქს, ფეხს ვეღარაფერი ამოადგმევინებდა.

მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვაჟას ხელისუფალთა გამყიდველური პოლიტიკის გამომზეურებისთვის, თუმცა არც ის არის ბოლომდე გულწრფელი, ვინაიდან ამ კაბალური ხელშეკრულების მთავარ შემოქმედზე არაფერს ამბობს.

ძნელად დასაჯერებელია, რომ გახარიამ ესოდენ საპასუხისმგებლო საკითხი ივანიშვილთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა. უფრო მეტიც, ლოგიკიდან გამომდინარე, განკარგულება მან გასცა — ქვეყნის უგვირგვინო მეფემ და არა ვითომ პრემიერმა, რომელიც თავისი რეალური შესაძლებლობებით რიგით რეფერენტს უფრო ჰგავდა. ამასაც რომ არ ჰქონოდა ადგილი, ივანიშვილი ხომ იმყოფებოდა ქვეყანაში, ხომ თავმჯდომარეობდა „ოცნებას“, ხომ იცოდა რა ხელშეკრულებას ამზადებდა მის მიერ დანიშნული ხელისუფლება?

საზოგადოება, განსაკუთრებით ინტელიგენცია ისე, როგორც აუდიო მასალასთან დაკავშირებით, დუმილს ამჯობინებს, რითაც აშკარად ამტკიცებს საკუთარ გულგრილობას ქვეყნის ტერიტორიების გასხვისებაზე.

თურქეთისთვის თუ შეიძლება, რატომ არ შეიძლება აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის საკამათო ტერიტორიის ჩუქება? ან სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს ძირძველი მიწების გადაცემაზე თანხმობის მიცემა?

პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკა ყველა საკითხში, განსაკუთრებით ტერიტორიულში ზეპრინციპული უნდა იყოს!!!

მელაშვილიც, ილიჩოვაც, გახარიაც, ივანიშვილიც  ერთნაირად უნდა აღიქმებოდნენ, თუმცა მელაშვილ-ილიჩოვას საკითხს მაინც გამოვყოფდი და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ამ ორმა ისარგებლა რუკით, რომელიც სტალინური ეპოქის რუკასთან შედარებით გვიან იყო გამოცემული. რა უფლება ჰქონდა ამ ტანდემს არ ესარგებლა ახალი რუკით და დაჟინებით მოეთხოვა ძველით სარგებლობა?

ჩვენ გვაწყობს, რომ ასე მოქცეულიყვნენ და არა ისე, როგორსაც ჰქონდა ადგილი. დამერწმუნეთ, ნებისმიერი სხვა, მათზე გაცილებით პატრიოტი სახელმწიფო მოხელე ისე მოიქცეოდა, როგორც ტანდემი — ჩვენს მიერ ათვალწუნებული და მოღალატედ შერაცხული. თუ ისინი მოღალატეები არიან, სხვა ადგილას, სხვა ტერიტორიის გამსხვისებელი ვინღაა?

თუ 2008 წლის ომის გამჩაღებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის ავანტიურისტულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს დააკარგვინა ძირძველი საკუთარი ტერიტორიების 20% — ჯერაც თავისუფლად „დაგულაობს“ მსოფლიოში სამშობლოს მოღალატის დამღის გარეშე, მისაღებია და მელაშვილ-ილიჩოვას ქმედება მიუღებელი?

უფრო შორს წავიდეთ და გავიხსენოთ მენშევიკური მთავრობა, რომელმაც იმავე თურქეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბათუმი და მისი ოლქი, ასევე ახალქალაქ-ახალციხე და ყარსის ტერიტორიები თურქეთს გადასცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე უდიდესი პატივისცემით სარგებლობს თანამედროვე ქართველებში, ხოლო ამ გასხვისებული ტერიტორიების დამბრუნებელი ბოლშევიკური ხელისუფლება მოღალატედ არის შერაცხული ჩვენს მიერ!!!

სხვა მაგალითებიც უხვია, მაგრამ ყველას გახსენება შორს წაგვიყვანს. ჩვენ არ მოგვწონს მელაშვილ-ილიჩოვას გადაწყვეტილება იმ რუკით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლოა, ვინაიდან ჩვენთვის წამგებიანია, მაგრამ წამითაც არ ვუფიქრდებით, აზერბაიჯანი დაგვთანხმდებოდა ძველი რუკით სარგებლობას, როდესაც ახალი მის სასარგებლოდ ღაღადებს?

ისე, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა მელაშვილ-ილიჩოვას უფრო ძველი, თუნდაც თამარისეულით ესარგებლად, სადაც საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული?

მართლაც რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი ოპონენტი დაგვთანხმდებოდა ამაზე?!

ნაცვლად ამისა, ჩემის აზრით, უმჯობესი იქნებოდა მეცნიერთა ჯგუფის მოსკოვში მივლინება იმის დასადგენად რამ გამოიწვია სტალინური რუკის შეცვლა. მაგრამ არა! ჩვენი ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ვინაიდან საქმე მოსკოვში გამგზავრებას ეხება, რაც მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. და რატომ, იმიტომ კი არა, რომ „აგრესორთან“ თავის დახრა და რაღაცის თხოვნა მოუწევს, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია გალანძღავს — „ხომ ვამბობდით ესენი მოსკოვის მონები არიან და მის საქმეს აკეთებენო“ — სიტყვებით.

აი, ამ პრიმიტიული მოსაზრების გამო და ამერიკელთა შიშით ხელისუფლება არ მიდის მოსკოვში, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის — ტერიტორიული რომ ჰქვია, გასარკვევად. არც ჩვენი ე.წ. ნაღები საზოგადოება იღებს ხმას, თითქოს არაფერიო.

ზემოთ ვახსენე აგრესორთან თავის დახრა — რუსეთი მყავდა მხედველობაში. უარესი შეიძლება ვთქვათ თურქეთთან მიმართებაში, რომელთანაც თავიც დავხარეთ და კაბალურ ხელშეკრულებასაც მოვაწერეთ ხელი.

ვპატიობთ ერთს, ვაძაგებთ მეორეს. ვაღმერთებთ ერთს, ვაკნინებთ მეორეს. ვაღმერთებთ იმას, ვისაც ფული და სიმდიდრე აქვს, ვინაიდან დროებამ მოიტანა. დროებამ გვიკარნახა და აინუნშიც არ ვაგდებთ, რომ დროება ქარს მიაქვს და მოაქვს, მაგრამ ტერიტორია, მიწა, საკუთარი და ღვიძლი, მითუმეტეს მცირემიწიანი საქართველოსთვის ყველა სიმდიდრეზე ძვირფასია. მისი ხელაღებით სხვისთვის გადაცემა, დანაშაულის, ღალატის ტოლფასია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი