2008 წლის ომის გახსენება

ბატონ გურამ გოგიაშვილს

მეთერთმეტე წელია საქართველო იხსენებს 2008 წლის აგვისტოს სისხლიან მოვლენებს — ცხინვალის ომად წოდებულს. მეთერთმეტე წელია დაჟინებით ვკიცხავთ რუსეთის აგრესიასა და ტერიტორიების ოკუპაციას. მეთერთმეტე წელია ინტენსიურად ვუხსენებთ რუსეთს საქართველოს მიმართ ჩადენილ ისტორიულ დანაშაულებს, თუმცა რატომ მარტო თერთმეტი წელი — რუსეთის ლანძღვა-გინება ხომ ბოლო 30 წელია მიმდინარეობს?  

მეთერთმეტე წელია რუსეთის ლანძღვით და აგრესორ-ოკუპანტის სახელის მიკერებით ნაცთა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულს ვაბათილებთ და სააკაშვილის ბინძურ, ავანტიურისტულ საქმიანობას ვათეთრებთ.

მეთერთმეტე წელია ჩვენი „მეგობარი“ სახელმწიფოები სამძიმარს გვიცხადებენ.

მეთერთმეტე წელია ქართული მედია, პოლიტოლოგია, ინტელიგენცია, არასამთავრობო სექტორი რუსეთს არა მარტო ომის დაწყებაში, არამედ ომამდე ვითარების დაძაბვაში, ქართული მხარის მეთოდურ გაღიზიანებაში და მის ომში ჩათრევაში ადანაშაულებენ. თუმცა აქა-იქ გაჩნდა სხვა მოსაზრებაც, სადაც ნაწილობრივ გამომზეურდა ომის დაწყების პერიპეტიები, სადაც ომის გამჩაღებლის ვინაობას მკითხველი, მსმენელი იოლად ამოიკითხავს, გაიგებს, რაც უდავოდ სიმართლისკენ წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი.

როგორც ჩანს რაღაც გვაფერხებს, რაღაცის გვეშინია. ეს შიში უპირველესად ნაცმოძრაობას უკავშირდება და საზოგადოების გარკვეული ნაწილის რისხვას —  რუსეთუმედ, რუსეთისა და პუტინის აგენტად არ მოგვნათლოს, ისე, როგორც ეს გააკეთა გაქცეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მისმა ხელისბიჭებმა ვაშაძემ, ბოკერიამ, სხვებმა — ვიცე-სპიკერ ვოლსკის, „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ღარიბაშვილის მიმართ.

ბოკერიამ ბრძანა — ვოლსკი  კგბ-ს, მოსადის, ფსბ-ს და კიდევ ათასი სხვა ქვეყნის აგენტიაო. ის, მათ, უპირველეს ყოვლისა კი პუტინის დავალებას ასრულებსო. ყოჩაღ გია, რა კავშირები ჰქონია?! ასეთი ადამიანი, უდავოდ დიდი ნიჭითაა დაჯილდოვებული და სალანძღავი კი არა, საქებარია. მიუქარავს რიხარდ ზორგეს, კიმ ფილბის, სხვა სახელგანთქმულ ჯაშუშებს ვოლსკისთან.

ამის მთქმელ ბოკერიას, აშშ-ს აგენტობას რომ აბრალებენ?  

აი, ასეთ ლანძღვას ვერიდებით, მაგრამ ვითარება გვაიძულებს ვთქვათ სიმართლე სავალდებულო სიტყვების წამძღვარებით: „არვის ეპარება ეჭვი, თუ ვინ დაიწყო ომი, ცხადია რუსეთმა და არა 11 წლის წინათ … “, —  წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“) და აგრძელებს: „ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ კი სააკაშვილის უგუნური და პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც აგვისტოს ომის საბაბი გახდა“.

ის, რასაც ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს —  სიმართლეა და მასში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, თუმცა ვერ დავეთანხმები შემდეგს: „ძნელია დაიჯერო იმ ხალხის, ვინც ომის საფრთხე ვერ აიცილა, ვინც მიუხედავად ყველას გაფრთხილებისა (მარტო აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გაფრთხილება რად ღირს) …“.

შინაგანად ვგრძნობ ბატონი ლევანი არ იტყოდა „არვის ეპარება ეჭვი იმაში, თუ ვინ დაიწყო ომი, ცხადია, რუსეთმა“, რომ საქართველოში საწინააღმდეგო მოსაზრება მისაღები იყოს და ქვეყნის ღალატად არ ითვლებოდეს, არადა რაც არ უნდა ვამტკიცოთ — ომი რუსეთმა დაიწყო — სიმართლეს გვერდს ვერ აუვლით და წავალთ იმ ცივილიზებული დასავლეთის წინააღმდეგ, საითკენაც მიგვიხარია.

თერთმეტი წლის წინ ევროპის რესპექტაბელურმა საგანგებო კომისიამ შეისწავლა რა ცხინვალის ომის პერიპეტიები, დაასკვნა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. გაერო კი უფრო შორს წავიდა და ქართული მხარე არა მარტო აგრესიაში დაადანაშაულა, არამედ აკრძალული ჭურვების გამოყენებაში.

რაც შეეხება კონდოლიზა რაისის „გაფრთხილებას“ — ცალყბად იყო ნათქვამი, მკაცრ ტონს არ შეიცავდა. ეს, რომ ასე ყოფილიყო, სააკაშვილი ომს არ დაიწყებდა. კონდოლიზა რაისმა „გააფრთხილა“ იმიტომ, რომ შემდეგ ეთქვა — „გავაფრთხილეო“.

ვინ, ვინ და აშშ-ს მიერ გამოზრდილმა სააკაშვილმა კარგად იცოდა მამა-მარჩენალის ბრძანების შეუსრულებლობა რას მოუტანდა მას. აშშ-ს ადმინისტრაცია ფარულად ხელს კრავდა სააკაშვილს ომისკენ, რათა საბოლოოდ გაეგო — რა რეაქცია ექნებოდა რუსეთის ხელისუფლებას, ამასთანავე შეექმნა რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან ცხელი წერტილი.

ცნობილი ფაქტია — აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) რა გაღიზიანებით შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის სამშვიდობო შუამავლობას. ისიც ცნობილია, რომ პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მყოფმა ბუშმა, მხოლოდ დაჟინებული თხოვნის შემდეგ და ისიც დაგვიანებით, მიიღო იქ მყოფი რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი. რას ელოდა ის, თუ არა ცხინვალში აგრესორი სააკაშვილის პოზიციების გამაგრებას?!

სად იყო საქართველოში აშშ-ს ელჩი, როდესაც ჯარი და სამხედრო ტექნიკა გორი-ცხინვალისკენ მიდიოდა?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ —  განა აშშ-ს საელჩომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესმა, თეთრმა სახლმა არ იცოდა რას წარმოადგენდა სააკაშვილის ნაცური ხელისუფლება?

ვერვინ დაიჯერებს მსოფლიოში ცნობილი სპეცსამსახურების მქონე ქვეყანას არ სცოდნოდა ის არაადამიანური მოპყრობა საკუთარი მოსახლეობისადმი, რასაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სჩადიოდა?

იცოდა, მაგრამ მისთვის უმთავრესი ქართველი ხალხი კი არა, ხელისუფლება იყო — მორჩილი და ბრძანების უყოყმანო  შემსრულებელი.

გადავხედოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორიას და აშშ-ს დამოკიდებულებას ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, სხვა ქვეყნების მიმართ, სადაც აშკარად ჩანს საკუთარი ხალხის მჩაგვრელი დიქტატორებისადმი ამერიკელთა მხარდაჭერა.

იმჟამად და დღესაც აშშ-ი ის სახელმწიფოა, ვინც ავადმყოფურად უყურებდა და უყურებს საქართველოს ოდნავ შერბილებულ ურთიერთობებს რუსეთთან. მას არ აწყობს კავშირების აღდგენა, ვინაიდან გამოიწვევს აშშ-ს პოზიციების შესუსტებას კავკასიაში. ამით არის გამოწვეული ამერიკელი ექსპერტების გახშირებული ვიზიტების დროს ქართველების გაფრთხილება —  რუსი ტურისტების ნაკადის ზრდა, ნიშნავს ფსბ-ს გააქტიურებას საქართველოში, ხოლო რუსთა მიერ უძრავი ქონების შეძენა, ბინების სახით, 20%-იანი ოკუპაციის, 100%-იან ოკუპაციაში გადაზრდას (კარპენტერი).

აშშ-ს აწყობს, საქართველომ მუდამ იძახოს — აგრესორი რუსეთი და ჰქონდეს მასთან დაძაბული ურთიერთობა. აშშ-ს აწყობს ნაცმოძრაობის ოპოზიციონერობა — ჯერ-ჯერობით, ხვალ კი ამ კრიმინალური პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება. და რახან ეს ასეა, ის მტკიცედ დაუჭერს მხარს ნაცთა აგრესიულობას, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ხელისუფლების წინააღმდეგ შემართულ მარჯვენას.

ჩვენ რა გვაწყობს, ის, რაც აშშ-ს? დანარჩენს რა აწყობს — სიმართლის არ თქმა? რუსეთის აგრესორად მონათვლა? თვალში ნაცრის შეყრა? თუ ჩამოთვლილი გვაწყობს, ნაცთა შემობრუნება არ უნდა გაგვიკვირდეს.

ნაცები და მათი მხარდამჭერები რომ გაცილებით ორგანიზებულები არიან, ვიდრე დანარჩენები, არაერთხელ დავინახეთ ა.წ. ივნის-ივლისში და დღესაც ვხედავთ პარლამენტის წინ არსებული პერმანენტული აქციის სახით, აქტიურობით — საჯარო ღონისძიებების დროს, პარლამენტში, მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულში.

ნაცები და მათი თანამგზავრი პარტიები გრძნობენ რა ხელისუფლების სისუსტეს, დროს არ კარგავენ მისი დისკრედიტაციისა და დამხობისთვის. ხელისუფლება დუნედ რეაგირებს, თავის მართლების რეჟიმშია. არადა, მას ხელში კრიმინალ ნაცთა ისეთი კოზირები აქვს, გაციმბირება რომ გარდაუვალია. გამოიყენებს მათ „ოცნება“?

ჯერ-ჯერობით რომ ვერ იყენებს, ფაქტია. ადრე რომ გამოეყენებინა და ნაცმოძრაობა კანონგარეშედ გამოეცხადებინა, მისი ბობოლა წევრები დაეჭირა და კანონით სამუდამოდ აეკრძალა მათთვის არჩევნებში მონაწილეობა, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, მედიასივრცეში გამოჩენა, დღეს სხვა ვითარება იქნებოდა.

ახლა რა ხდება?

ძებნილი კეზერაშვილი ტელევიზიის გახსნას აპირებს. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი, უცხოეთში გაქცეული, ჯიბეს, სამშობლოში არსებული ბიზნესით ისქელებდეს?!

არვის მოსვლია აზრად — საიდან აქვს სააკაშვილს, კეზერაშვილს, ადეიშვილს, ოქრუაშვილს, სხვა ნაცებს უცხოეთში სამოგზაურო ფული; სახლების, ვილების შესაძენი თანხები; ტელეკომპანიების გახსნისთვის საჭირო ფული და სხვა. რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება სახელმწიფო ძარცვით მიღებული ფულის უკან დაბრუნებას, ქონების კონფისკაციას?

კითხვა აქტუალურია და თუ მას დროულად არ გაეცემა პასუხი, ხალხი „ოცნებას“ ნაცთა გვერდით დააყენებს.

დავუბრუნდეთ რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას. პატივცემულო მკითხველო, თუ ევროკავშირის კომისია დიპლომატ ტალიავინის ხელმძღვანელობით ასკვნის, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო; თუ გაერო ადასტურებს იგივეს და ამასთანავე ამტკიცებს, რომ ცხინვალის დაბომბვის დროს ქართულმა ჯარმა აკრძალული „კასეტური“ ბომბები გამოიყენა და რუსი სამშვიდობოები (70-მდე სამხედრო) დახოცა, აგრესორი რუსეთია?

თუ 8 აგვისტოს შემდეგ სააკაშვილი განაცხადებს, ძალისმიერი გზით დაიბრუნებს დაკარგულ სამხრეთ ოსეთს და მედვედევ-სარკოზის ხელშკრულებიდან ამოშლის პუნქტს — საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან,  სტატუსის განმსაზღვრელი მოლაპარაკება, ხოლო ახალი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით „აგრესორი“ რუსეთი ყოფილ ავტონომიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად მონათლავს, რუსეთი ოკუპანტია?

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს რომ შეესრულებინა მევედევ-სარკოზის ხელშეკრულების ყველა პუნქტი და სოხუმ-ცხინვალთან დაეწყო სტატუსის განმსაზღვრელი მოლაპარაკება — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდნენ, თუნდაც კონფედერაციის სახით.

დამოუკიდებლობის თერთმეტმა წელმა ისე დაგვაშორა ერთმანეთს, როგორც ცა და დედამიწა. თუ ამას დავუმატებთ ოფიციალური თბილისის მხრიდან მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორუმზე, ორმხრივი შეხვედრების დროს თერთმეტწლიან ძახილს — მარიონეტები, კრიმინალები, ე.წ. ხელისუფლება, მივიღებთ თბილისისთვის ჩიხურ მდგომარეობას.

რაც შეეხებდა სოხუმ-ცხინვალს, როგორც თვითონ აცხადებენ თავი ქუდში აქვთ რუსეთის წყალობით და საქართველოსთან საერთოდ არ აპირებენ მოლაპარაკებას პოლიტიკური ურთიერთობების აღსადგენად.

თერთმეტი წლის განმავლობაში მათ ერთხელაც არ გასჩენიათ თუნდაც ნახევარსურვილი ჩვენთან რაიმე კონტაქტების დასამყარებლად. არც თბილისს გამოუჩენია ინიციატივა. მას „საერთაშორისო თანამეგობრობის“ იმედი აქვს და ჰგონია, ის მოუგვარებს საქმეს. ის აიძულებს სოხუმ-ცხინვალს დაბრუნდეს საქართველოში. ის, გამოაცლის ძალას, დაანგრევს და დააქუცმაცებს რუსეთს, ისე, როგორც ყოფილ იუგოსლავიას, რაც საწინდარი გახდება წასულების უპრობლემო დაბრუნების. ამ აუსრულებელი ზღაპრის არვის სჯერა მსოფლიოში, გარდა საქართველო-უკრაინისა, რომელსაც თავქარიანობის გამო ისეთივე პრობლემები აქვს, როგორც „ძმადნაფიც“ საქართველოს.

საქართველოს ხელისუფლება, საგარეო უწყების სახით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს: „რუსეთის ფედერაციას ჯერაც არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. … უგულებელყოფს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. …“.

ეს განცხადება ისეთივე არაფრისმომცემია რუსეთისთვის, როგორც ადრეგაკეთებული ყველა. რუსეთს აქვს ამაზე პასუხი — „ახალი რეალობა“, ანუ 12 აგვისტოს შემდეგ სააკაშვილის გამუდმებული მუქარის (ძალის გამოყენება) თავიდან აცილების მიზნით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება, მათ შორის სამხედროს.

რაც არ უნდა ვიძახოთ ჩვენ და „საერთაშორისო საზოგადოებამ“ — რუსეთმა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს ოკუპაცია, ისეთივე აბსურდია, როგორც მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის ტერიტორიაზე, გამარჯვებული ერთ-ერთი მოკავშირე ქვეყნის, აშშ-ს „საოკუპაციო“ ჯარების გაყვანის მოთხოვნა.

11 წელია საქართველოს ხელისუფლება დაბეჯითებით იმართლებს თავს — 2008 წლის ომში გამოვლენილ როლთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ განუსაზღვრა მას — ომის დამწყები.

ნაცვლად ამისა, დაჟინებით აცხადებს რუსეთის აგრესორობასა და ოკუპანტობაზე, რაც ბეტონის კედელზე თავის რტყმის მაგვარია. ეს პროცედურა მხოლოდ თავს ამტრევს და არა ბეტონს. აი, ამის თქმაა საჭირო, გულახდილად, უშიშრად, ობიექტურად და არა სხვისი ოკუპანტობის უშედეგო მტკიცება, ფსევდოპატრიოტიზმის დემონსტრირება.

მე-11 წელია ნაცთა მიერ დაწერილ პროგრამას მივყვებით, რომლის მიხედვით საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება უდანაშაულოა, რუსეთი კი დამნაშავე. სააკაშვილი უმანკო კეავია, რუსეთი კი მგელი. არადა, სინამდვილეში სააკაშვილი აგრესორია — საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამომყენებელი. მისი აგრესიის შედეგად ქვეყანამ ტერიტორიების 20% დაკარგა, ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  

გავიხსენოთ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით არგენტინა-ინგლისის ომი, რომელიც არგენტინამ წამოიწყო და დამარცხდა. ომში დამარცხებული სამხედრო ხუნტა არგენტინელმა ხალხმა დაამხო და ციხეში გამოამწყვდია.

სააკაშვილის დანაშაული, როგორც ომის გამჩაღებლის, ფაქტია, რაც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია, გაცილებით მეტი, ვიდრე ის, რაშიც მას დებენ ბრალს. ასეთი ციხეში უნდა იჯდეს სამუდამოდ, მიუტევებელი დანაშაულის მოსანანიებლად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი