მკვდარი, მკვდარს აეკიდა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

დამოუკიდებლობის მიღებიდან, დღემდე, საკმაო დრო გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ყოფის ექსტერიერში, ისე ინტერიერში, განსაკუთრებით ინტერიერში. ვინც დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისს მოესწრო ვერაფრით იფიქრებდა ისეთი ქვეყნის შექმნას, როგორიც შევქმენით, ისეთებად გადავიქცეოდით, როგორებიც დღეს ვართ.

დამოუკიდებლობის გარიჟრაზე ვერვინ წარმოიდგენდა რა მასშტაბები ექნებოდა ცენტრისა და ავტონომიების დაპირისპირებას. ვერ იფიქრებდა სიტყვიერი დაპირისპირების „ცხელ“ დაპირისპირებაში გადასვლას და ძმათამკვლელ კონფლიქტში დამარცხებას; ტერიტორიების დაკარგვას; სულიერების, მორალის დეგრადაციას. ვერც იმას იფიქრებდა, რაოდენ მტრულად განვეწყობოდით „დიდ ძმასთან“, საბჭოთა ოჯახის შემდუღებელთან 70 წლის განმავლობაში რომ მართლაც ძმური დამოკიდებულება გვქონდა.

პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ, ახალი სტრატეგიული პარტნიორები გვარგუნა შორეული, არა მარტო გეოგრაფიულად, მენტალურადაც. მათ დაიწყეს საქართველოს გარდაქნა, ისეთად, როგორიც ისინი არიან. პროცესი რთული გამოდგა. მესამე ქვეყნებისთვის გათვლილმა გარდაქმნის პროგრამამ ნაკლები შედეგი მისცა „დამრიგებლებს“, თუმცა თანმიმდევრული მოქმედებით, სისტემატური ტრენინგებით მოახერხეს პოლიტიკური ელიტის გარდაქმნა, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, დასავლური აზროვნების ჟურნალისტიკის ჩამოყალიბება. ერთი სიტყვით, ვინც მართავს და ვინც ამ მართვას ხოტბას ასხამს, ევროატლანტიკურად მოქცევა.

როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა ხელისუფლება-ოპოზიციის სახით, არასასმთავრობო ორგანიზაციები და მედია დასავლურია, იქ სხვაგვარი ორიენტაცია და აზროვნება შეუძლებელია.

„სწავლა-განათლების“ დამღლელ პროცესს პირადად „დიდი მასწავლებელი“ აშშ-ი წარმართავდა და წარმართავს, მასთან ერთად მის მიერ შერჩეული, გამოზრდილი, ნავარჯიშევი, წარსულში მუყაითი მოსწავლე. საქართველოს, ისე, როგორც უკრაინას, ასეთად ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დაუნიშნეს. ასე დაიწყო ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის მაღალ-დაბალი რანგის დელეგაციების, ცალკეული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების სისტემატური ვიზიტები საქართველოში და პირიქით. კვირა ისე არ ჩაივლის ამ სამეულიდან რომელიმემ არ ჩამოგვაკითხოს, ჭკუა არ დაგვარიგოს, გაკეთებული საქმე არ შეგვიფასოს, არ წაგვახალისოს ან საყვედური არ გვითხრას.

ქართული პოლიტიკა ისე შეეჩვია ბალტიისპირულ „მზრუნველობას“, ვერცკი წარმოუდგენია მათ გარეშე არსებობა. უმალ გამოიძებნა საერთო ენაც მეზობელი რუსეთის ლანძღვა-გინება. ასე ითხოვს მათი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.

ეს, ის თემაა,  არც მათ და არც ჩვენ დაძალება რომ არ გვჭირდება. ორივეს გვაქვს დაგროვილი ნეგატივი გასული საერთო ცხოვრებიდან ჩვენ მეტი, მათ ნაკლები. ორივე ამ საქმეს პირნათლად ვასრულებთ საკუთარი გულის მოსაფხანად, ევროატლანტიკური მოთხოვნების სადარად.

ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დასავლეთისთვის ვიტრინად იყო ქცეული. ვისაც სურდა საბჭოურ ცხოვრებაში  ჩახედვა, თუნდაც ფასადურში ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს სთავაზობდნენ. ამ ფასადისთვის ერთიანი საბჭოეთის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი თანხები იყოფოდა. შენდებოდა ფაბრიკა-ქარხნები, კულტურის ობიექტები, ყოველივე ის, რაც საშუალებას აძლევდა იქაურ მაცხოვრებელს თავი გაცილებით უკეთ ეგრძნო, ვიდრე საბჭოეთის უკიდეგანო სხვა კუთხეში.

ბალტიისპირა ქვეყნები თუ უცხოელებისთვის საბჭოური წარმატებული ცხოვრების ერთგვარი განსახიერება იყო, თვით საბჭოელებისთვის უცხოეთად აღიქმებოდა. ნებისმიერი საბჭოთა რესპუბლიკის მცხოვრებისთვის ლიტვაში, ლატვიაში თუ ესტონეთში გამგზავრება უცხოეთში გამგზავრების ტოლფასი იყო.

ანალოგიური შეგრძნება არსებობს დღესაც, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა კარგა ხანია ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან და თუნდაც აქედან გამომდინარე მათ, როგორც დამრიგებლებს, ბევრის თქმა შეუძლიათ ჩვენთვის. და ისინიც მენტორული ტონით გვარიგებენ, როგორც უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელ აბიტურიენტს.

ბალტიისპირელთა ხმა სისტემატურად ისმის ევროპარლამენტსა თუ ევროსაბჭოში და ძირითადად გამოიხატება რუსეთის ლანძღვაში. ბალტიისპირელები დაბეჯითებით მოუწოდებენ „ძველ“ ევროპას, აშშ-ს თვალი გაახილონ და დაეხმარონ მათ მზარდი რუსული აგრესიისგან დაცვაში.

ბალტიისპირელთა შემართებას მუდამ მხარს უჭერს ისტორიულად ანტირუსულად განწყობილი პოლონეთი. და შეიქმნა კვარტეტი, რომელიც დასპეციალდა რუსული საფრთხის შემაკავებელ პროპაგანდაში თითქოს ის არის მთავარი ბარიერი რუსული პირველი შეტევისა. სხვათაშორის ამავეს იჩემებს უკრაინა და მისი მოკავშირე საქართველოც.

კვარტეტი თხოვს აშშ-ს გახსნას სამხედრო ბაზები მათ ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელიც მზად არის დაუყოვნებლივ შეასრულოს თხოვნა დემოკრატიის და თავისუფლების დაცვის მიზნით.

აღნიშნული კვარტეტის პოლიტიკას ეჭვის თვალით უყურებენ „ძველ“ ევროპაში, ისე, როგორც აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისას, თუმცა გარკვეული რიდი აქვთ მათ მიმართ, რამეთუ ვაშინგტონი, ევროკავშირში ბერკეტების ასამოქმედებლად სწორედ ამ კვარტეტს იყენებს.

„ძველ“ ევროპაში კვარტეტს ხშირად ევროპელ ხულიგნებადაც მოიხსენიებენ, მაგრამ სიტყვიერი განცხადებების გარდა, სხვა ქმედებას, უფრო საქმიანს და საგრძნობს ადგილი არ აქვს. ევროკავშირი კატეგორიულად ხუჭავს თვალს ბალტიისპირა ქვეყნებში მცხოვრები რუსული წარმოშობის ადამიანების მეორეხარისხოვნად გამოცხადებასთან და მათ შევიწროებასთან დაკავშირებით.

აბორიგენი მოსახლეობისთვის რუსები საბჭოთა კავშირთან ასოცირდებიან, ანუ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელმაც ბევრი დაუშავა მათ. აქედან გამომდინარე სამივე ქვეყნის ხელისუფალთა გადაწყვეტილებით აღებულიქნა სამამულო ომში დაღუპული რუსი თუ ადგილობრივი მეომრების ძეგლები, რომლებმაც თავი შესწირეს ბალტიისპირა სამეულის ფაშისზმისგან განთავისუფლებას.

სულ ახლახანს აიკრძალა საზეიმო ღონისძიებებზე ომის ვეტერანთა საბჭოთა სამხედრო ფორმის ტარება. კარგა ხანია აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკაც.

ევროკავშირი თვალს ხუჭავს ფაშისტი ბალტიელების გახშირებულ მარშებზე. ფაშისტი  ვეტერანები და მათი მიმდევრები თავს კომფორტულად გრძნობენ, ვინაიდან დემოკრატიის „აკვნები“ აშშ-ი და ევროკავშირი ლმობიერად უდგებიან ბალტიისპირელთა, აგრეთვე უკრაინელთა „ყავისფერ“ თამაშს.

იბადება კითხვა – რატომ? პასუხი მარტივია რუსეთის გამო! ფაშისტური მარშები, რუსულენოვანთა შევიწროვება, ანტირუსული კამპანია და სხვა მრავალი იმ კონტექსტში ჯდება, რასაც გლობალური მასშტაბით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია.

ბალტიისპირელებს (მათი გაგებით) რუსეთი გავარვარებულ ტაფაზე ჰყავთ დადებული, რომელსაც ცეცხლს ხან მოაკლებენ, მან მოუმატებენ. მომატების თვალსაზრისით გასულ თვეს რიგაში ჩატარდა მორიგი კონფერენცია, რუსეთისთვის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში კომპენსაციის დაწესების თაობაზე. კონფერენციაზე ითქვა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ცენტრი კი არ დებდა ინვესტიციებს ბალტიისპირეთში, არამედ ბალტიისპირელები არჩენდნენ საბჭოთა კავშირს.

გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ჩვენ მსგავსი პერიოდი გასული საუკუნის 90-იან წლებში გავიარეთ, განსაკუთრებით გამსახურდიას ხელისუფლების დროს, როდესაც გაუანალიზებლად ვაცხადებდით, რომ ჩვენს მიერ მოსკოვისთვის ჩარიცხული ფული გაცილებით მეტი იყო, ვიდრე იქიდან წამოსული.

ლატვიელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ „საბჭოთა ოკუპაციის“ წლებში ლატვიელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა, დიდი ზარალი მიადგა ბუნებას, ეკოლოგიას. გამოთვლით დაადგინეს, რომ მარტო ლატვიას „საბჭოთა ოკუპაციამ“ 300 მილიარდი ევროს ზარალი აგემა.

თუ გადავხედავთ რეალურ სტატისტიკას, დავინახავთ რა მოუტანა „საბჭოთა ოკუპაციამ“ ლატვიას. აი ისიც: ლატვია წლიურად ამზადებდა 1567 ათას რადიომიმღებს, 17000 ავტობუსს, 100000 მაგნიტოფონს, 22000 – მსხვილფეხა საქონლის საწველ აპარატს, 570000 – სარეცხ მანქანას, 107000 ტონა ქაღალდს, 175000 მოპედს, 2500 როიალს და ფორტეპიანოს, 2546 – სამრეწველო რობოტს, 282 მილიონ ტელეფონის აპარატს, … .

გათბობაზე და სხვა კომუნალურ გადასახადებზე მოსახლეობა ხარჯავდა შემოსავლის 2,5%, რაც 8-ჯერ ნაკლები იყო დიდ ბრიტანეთთან შედარებით.

ყოველივე აღნიშნული საბჭოთა ინვესტიციის შედეგად განხორციელდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ბალტიისპირელთა ევროკავშირში გაწევრებასთან ერთად, ზემომოყვანილი ფაბრიკა-ქარხნები დაიჭრა და ჯართად გაიყიდა, ხოლო მოსახლეობა 2.7 მილიონიდან 1.8 მილიონამდე შემცირდა. სამუშაოს ძებნის გამო ლატვიელთა დიდი რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში გადაბარგდა და უკან დაბრუნებას არ აპირებს.

საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ლიტვასა და ესტონეთში ისეთივე პოზიტიური შედეგი მოიტანა, როგორც ლატვიაში, თუმცა ევროკავშირში 15-წლიანმა წევრობამ  მძიმე და მსუბუქი, ქიმიური მრეწველობის დარგები ლატვიელთა გზას გაუყენა. დღეს, ლიტვა ევროკავშირის ლიდერია მოსახლეობის შემცირების თვალსაზრისით 3.7 მილიონიდან (1991 წლის მონაცემებით) 2.7 მილიონამდე (2019 წლის მონაცემებით). ნიშნავს თუ არა ეს „საბჭოთა ოკუპაციის“ წარმატებულობას?

ლატვიის საზოგადოებრივ სექტორში დაკავებულია 290000 კაცი, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტზე 215000, რაც 3-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მონაცემებს. ქვეყანამ სრული სოციალური კრახი განიცადა და ამ ფონზე პრემიერ-მინისტრის ხელფასი 1722 (თვიურად) ევროთი გაიზარდა, ხოლო სეიმის დეპუტატების, გარდა დამატებებისა 500 ევროთი და ჯამში 3000 ევრო შეადგინა.

ლატვიის მთავრობა ხელმომჭირნეა მედიცინის, განათლების და სხვა დარგების დაფინანსებაში, მაგრამ ხელგაშლილია სამხედრო საქმეში.

რუსოფობია ლატვიაში ისე, როგორც ლიტვა-ესტონეთში ყველაზე მომგებიანი პროდუქტია. ლატვიის მოსახლეობა ორადაა გაყოფილი. რუსული ენა ამოღებულია განათლების სისტემიდან. ნატოს სამხედროები განლაგებული ლატვიაში, განცხრომით ცხოვრობენ რიგის ფეშენებელურ სასტუმროებში, დროს ატარებენ კაფეებსა და ბარებში, შეზარხოშებულები მოურიდებლად აშარდავენ თავისუფლების მონუმენტს რიგის ცენტრში. რიგელები ამ სცენას მოთმინებით უყურებენ, ისე, როგორც ლატვიის ფაშისტური ლეგიონის მარშს.

15 წელია ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ევროკავშირში არიან, თუმცა შვეიცარიული ცხოვრება, რისი იმედიც ჰქონდათ და ხმამაღლა აცხადებდნენ, ვერადავერ მოვიდა. სამივემ ქარს გაატანა „საბჭოთა ოკუპაციის“ წლებში შექმნილი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ერთადერთი რაც მათ მოახერხეს ანტირუსული პროპაგანდის გაძლიერებაა. ჯერ-ჯერობით ეს პროდუქტი კარგად გადის ევროატლანტიკურ სივრცეში, თუმცა … .

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბალტიისპირა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა განიცადეს სერიოზული ეკონომიკური ჩავარდნები, დეინდუსტრიალიზაცია, რამაც განაპირობა მოსახლეობის კატასტროფული გადინება უცხოეთში. პროცესი გრძელდება, რაც სავალალო პერსპექტივას უსახავს ბალტიისპირა სამეულს. ასეთთაგან ჭკუის დარიგება, რბილად რომ ვთქვათ უხერხულად ჟღერს.

ქართული გამოთქმისა არ იყოს „მკვდარი, მკვდარს აეკიდაო“. ისეა მასწავლებელ-მოსწავლის საქმე. პრობლემები, რომლებიც იქ არის, აქაც არის. ხელისუფალთა სურვილი პრობლემების გადაჭრისა იქაც ისეთია, როგორიც აქ. მაშ, რაში გამოიხატება ჩვენს მიმართ იქაურთა მხრიდან დამრიგებლობა?

მხოლოდ რუსეთის ლანძღვაში? ამაში ხომ ჩვენც დიდი პროგრესი გვაქვს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი