ხელისუფლება და ეკოლოგიური პრობლემები

სულ ახლახანს საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტო IEA-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით – ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველია.

ღრმად რომ ჩავწვდეთ აღნიშნული ანგარიშის რაობას, უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რას ნიშნავს ჰაერის დაბინძურება – ფილტვების სიმსივნეს, ფილტვებისა და გულის ქრონიკულ დაავადებებს, დაბალ შობადობას, ტუბერკულოზს, კატარაქტას, ხორხის სიმსივნეს. კვლევაში მოცემულია მოკვდაობის მაჩვენებელი საქართველოში – ყოველ 100000-ს კაცზე, 290. 2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მიზეზით 7 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა.

სავალალო მდგომარეობაა, რასაც უდავოდ კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება და არა ისეთი ქარაფშუტული განცხადებები, რასაც წლების განმავლობაში ვისმენთ. გახსოვთ ალბათ, ეკოლოგიის საკითხებში მსოფლიო ფორუმზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ომახიანი გამოსვლა, თან იმის მტკიცედ დაფიქსირება, რომ საქართველო იცავს უცხოეთის რეკომენდაციებს. დასამახსოვრებელი იყო პრემიერის სიტყვა იმდენად, რამდენადაც აღსავსე იყო არა კონკრეტული მსჯელობით, არამედ ზედაპირული, ლოზუნგური შემართებით.

დასამახსოვრებელი იყო ე.წ. ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტოლოგის განცხადებაც შემდეგი შინაარსის – გლობალურ კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობა ანუ ქვეყნისა, რომელსაც არც ქარხანა აქვს და არც ფაბრიკა – სასაცილოა. იქ ისეთი ქვეყნები მონაწილეობენ, მრეწველობა რომ აქვთ და აქედან გამომდინარე პრობლემებიო.

ზოგიერთი ექსპერტის გაგებით, ჰაერის დაბინძურებაზე მარტო ქარხნის გამონაბოლქვი მოქმედებს. არადა არანაკლები ზიანი მოაქვს წიაღისეულის არასტანდარტულ მოპოვებას, მშენებლობას, მწვანე ნარგავების, ხეების გაჩეხვას, მშენებლობაში ჯანმრთელობისთვის საზიანო დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალების, მოსაპირკეთებელი ფილების (კაფელის, მეტლახის) გამოყენებას, გზის საფარი ასფალტის უხარისხო ბიტუმისგან დამზადებას, უხარისხო ავტოსაწვავის გაყიდვას, გაუმართავი 15-20 წლის ავტომანქანების ექსპლუატაციას და ა.შ.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს უმალ გასცა პასუხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა: „ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ სწორ სისტემას ტექნიკური დათვალიერების, რომელიც იქნება ხელმისაწდომი, კორუფციისგან თავისუფალი სისტემა საუკეთესო ევროპული პროექტის მიხედვით“. პრემიერმა „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდიც გააკრიტიკა ავტომანქანების ტექდათვალიერების გაუქმებისთვის. ასე და ამრიგად, მან ბუნების დაბინძურება მთავარ „დამნაშავეს“ ავტოტექდათვალიერების უქონლობას გადააბრალა.

მართალია პრემიერი. ძველი ავტომანქანები, თანაც გაუმართავი ჰაერს რომ აბინძურებს, ფაქტია, მაგრამ მარტო ძველი ავტომანქანებია დამნაშავე, თანაც კერძო სექტორში არსებული?

არანაკლები დამნაგვიანებლებია კერძო კომპანიების ბალანსზე რიცხული ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, რომლებმაც უკვე ამოწურეს ექსპლუატაციის ვადა, საქალაქო ტრანსპორტი, უკრაინული ავტობუსების „ბოგდანების“ სახით. მათ არათუ ექსპლუატაციის ერთი ვადა ამოწურეს, არამედ რამდენიმე და „დაღლილ-დაქანცულს“, უფრო სწორად დაშლილ-მოშლილს, ისევ გადაჰყავს მგზავრები.

რამდენი დაპირება მოისმინეს თბილისელებმა მერიის მხრიდან საქალაქო ავტობუსების განახლების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. პრემიერმა, რატომღაც კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერებაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ არა სახელმწიფო ტრანსპორტზე, რაც უდავო შეცდომაა.

მარტო ავტომანქანის გამონაბოლქვი აბინძურებს ქალაქს?

აბინძურებს, უდავოდ, მაგრამ ვინ უწყობს ხელს ამ დაბინძურებას? განა ხელისუფლება არ არის ჰაერის დაბინძურების უშუალო შემოქმედი?

ავტომანქანა ყველაზე მძიმე გაზებს დაძვრის დროს გამოჰყოფს. რამდენი ასეთი „დაძვრა“ უწევს მას დღის განმავლობაში? უამრავი – ქალაქში არსებული დანგრეული გზების სიუხვის გამო. ორმოს დანახვისთანავე მძღოლი იძულებულია შეანელოს სვლა და პირველ-მეორე სიჩქარით იმოძრაოს, რაც მომაკვდინებელი გამონაბოლქვის გაზრდას იწვევს. არ იქნება ორმო და არ იქნება უხვი გამონაბოლქვი.

გამონაბოლქვის უდავო ხელშემწყობია თბილისის ქუჩებში, ხშირ შემთხვევაში, უაზროდ გამოკიდებული შუქნიშნები, რომლებიც მძღოლებს აიძულებენ გაჩერებას და ხელახლა მოძრაობის დაწყებას პირველ-მეორე სიჩქარით – შესაბამისი გამონაბოლქვის გამოფრქვევით.

ყოვლად დაუშვებელია პატარ-პატარა ქუჩებზე შუქნიშნების დამონტაჟება. ამ ქუჩებზე თითო-ოროლა ავტომანქანა თუ გაივლის. შუქნიშანი არათუ აფერხებს მოძრაობას, გრძელ საცობებსაც ქმნის, შესაბამისი გამონაბოლქვით. უმჯობესი იქნებოდა შუქნიშნების მოციმციმე რეჟიმში გადაყვანა, რაც გააფრთხილებდა მძღოლებს გზაჯვარედინის მოახლოებას, მაგრამ არ გააჩერებინებდა ავტომანქანას.

შუქნიშნების მოწესრიგება ხელისუფლების პრეროგატივაა, ისე, როგორც ქუჩების ორმოების ამოვსება, საკომუნიკაციო ჭების დახურვა და სხვა. ყოველი მცირედი შეფერხება უმალ იწვევს საცობს, გამონაბოლქვი გაზების მოჭარბებულ რაოდენობას, ტრანსპორტელთა ნერვების მოშლას. ყოველივე აღნიშნულის უკან ხელისუფლებაა. მან ვერაფრით შეიგნო, რომ პიკის საათებში ქუჩის ჩაყოლებაზე არსებული ხეებისთვის ტოტების მოჭრა და ამით საცობის შექმნა დაუშვებელია. ის ვერაფრით მიხვდა, რომ საგზაო სამუშაოების წარმოება, ასფალტის დაგება და სხვა, დასვენების დღეებში და ღამის საათებში უნდა ხდებოდეს, საღამოს 8 საათის შემდეგ. ყველა შუქნიშანი მოციმციმე რეჟიმზე გადადიოდეს. ცარიელ ქუჩაზე წითელ ნიშანზე დგომა, თანაც რამდენიმე წუთით, ჰაერის დაბინძურებაა.

ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშენებლობაა. სამშენებლო ბუმმა წალეკა ქალაქი. აშენებენ ყველგან – ტროტუარიდან დაწყებული, ბაღ-პარკებით დამთავრებული. აშენებენ ერთმანეთის მიჯრით, ერთმანეთის პირდაპირ 2-3 მეტრის დაშორებით. აშენებენ ვიწრო ქუჩებზე, სადაც ისედაც მცირეა ტრანსპორტის გამტარიანობა.

აშენებენ ქალაქის ცენტრში. აშენებენ უსუფთაოდ, სამშენებლო მასალის (ცემენტის, ქვიშის) მშენებარე სახლის წინ ტროტუარზე დაყრით. სამშენებლო მასალის მტვერი ეფინება ქუჩებს, სახლებს, ავტომანქანებს, ადამიანთა ფილტვებს. წვიმის დროს სამშენებლო მტვერი ყვითელი წვიმის სახით აბინძურებს ავტოტრანსპორტს, ტანსაცმელს, საცხოვრებელი სახლებისა თუ დაწესებულებების მინებს, ფასადებს. ვინ უნდა მიაქციოს ყოველივე ამას ყურადღება? ცხადია ხელისუფლებამ, თუმცა მან ისიც ვერ მოახერხა აეკრძალა ტროტუარებზე და ბაღ-პარკებში მშენებლობა.

თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქთაგანია, სადაც თავდავიწყებით მიმდინარეობს „მწვანე ფილტვების“ განადგურება. ქალაქი მწვანე ნარგავების ნაკლებობას განიცდის და რაც არის, ისიც ნადგურდება, ხელისუფალთა წაყრუების გამო.

საქართველოს ხელისუფალთა გულგრილობის შედეგია ვაკის პარკის გაყოლებაზე, წყნეთის მიმართულებით ხის საფარის გაჩეხვა და ნაცვლად საცხოვრებელი სახლების, უცხო ქვეყნების საელჩოების, ადმინისტრაციული შენობების წამოჭიმვა. მშენებლობისთვის გაჩეხილი ხეები, წინა თაობების მიერ იყო დარგული. ახალმა ვერ იგუა და ისეთი ძალით შეუტია, თითქოს სარეველა ყოფილიყო. განადგურებული ტყის ზოლის ნაცვლად უსახური არქიტექტურის შენობები წამოიჭიმა.

აღნიშნულ დანაშაულს სწორედ ხელისუფლების გულგრილობამ შეუწყო ხელი. ხელისუფალთა გულგრილობით მიმდინარეობს „დეველოპერთა“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის შემცირება-ათვისება.

რა ეკოლოგიაზეა ლაპარაკი, როდესაც დღისით-მზისით ტალახში ჩურჩხელასავით ამოვლებული ბეტონმმრევი მძიმე წონის ავტომანქანები შედიან და გამოდიან სამშენებლო პოლიგონზე, სადაც ღია ცისქვეშ მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი. მსგავსს ვერ იხილავთ ვერცერთ ევროპულ ქვეყანაში. სახელმწიფო არათუ ბინძურ სამშენებლო პროცესს კრძალავს და გარკვეულ ჩარჩოებში სვამს, არამედ ეკოლოგიურად ბინძური სამშენებლო მასალებისგანაც ვერ იცავს მოსახლეობას.

დაბალი ხარისხის მოსაპირკეთებელი ფილები (მეტლახი, კაფელი), აგრეთვე არმატურა, საღებავები, სხვა სამშენებლო მასალები სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს, მათ შორის კიბოს. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ დაიწერა ცნობილი სპეციალისტის ანზორ საკანდელიძის მიერ, თუმცა რეაქცია ხელისუფლების მხრიდან არის ნულის ტოლი.

ზემომოყვანილი მაგალითები ხელისუფლების გასაკეთებელია – პირდაპირი და გადაუდებელი. რაც შეეხება კერძო ავტომანქანებს და მათ გამართულ მუშაობას, ისიც ხელისუფლების მისახედია.

ყველა ზემომოყვანილი მანკიერების გამოსწორების ნაცვლად, ხელისუფლება ისე, როგორც ყოველთვის დაბალ ღობეს ეცა და ისედაც გაუბედურებული ხალხის ხარჯზე ცდილობს ფონს გასვლას, ავტოტექდათვალიერების შემოღებით. დარწმუნებული ვარ – ტექდათვალიერება ფულის კეთების ახალ წყაროდ იქცევა, ჰაერის დაბინძურებას კი არაფერი ეშველება.

ისე, კაცმა რომ თქვას, ხანდაზმული ავტოტრანსპორტის არსებობაც ხომ ხელისუფლების ბრალია? 25 წლის განმავლობაში მან არაფერი იღონა ხალხის მატერიალური დონის გასაუმჯობესებლად. საქართველოს მოსახლეობას რომ ოდნავი შესაძლებლობა ჰქონდეს, განა 15-20-25 წლის და მეტი ასაკის ავტომანქანით ივლიდა?

გაღლეტილი ხალხის ჯიბიდან უკანასკნელი თეთრების ამოღებას მოემსახურება ხელისუფლების მიერ შემოღებული ავტოტექდათვალიერება. სადამდე?!

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.