რა მოგვიტანა 2016 წელმა

ახალი წლის დადგომასთან ერთად ჯამდება განვლილი წლის მუშაობის შედეგები როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში. რა მოუტანა ქვეყანას უკვე ძველმა 2016 წელმა და რას მოუტანს  ახალი 2017 წელი?

ეს კითხვა მეტად აქტუალურია საზოგადოებაში, რაც არ არის გასაკვირი. ღვთის ანაბრად მიტოვებული ხალხი ზეცისკენ იყურება და იმედს მაინც არ კარგავს. მამაზეციერი თუ შეინდობს საქართველოს მოსახლეობას, თორემ ხელისუფლების იმედი ნამდვილად აღარ აქვს.

არადა, როგორი იმედი ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? ბანდიტი, ჯალათი „ნაცური“ მთავრობის ხელისუფლებიდან მოსროლის შესაძლებლობა ხალხმა მილიარდერ ივანიშვილში დაინახა და გაუმართლდა კიდევაც. მაშინ სააკაშვილის კრიმინალური ბანდის მოშორებაზე ოცნებობდა ხალხი და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ეკონომიკას.

ყურადღება ივანიშვილმა მიაქცევინა ათასი სახის დაპირებებით, ეკონომიკურ-სოციალური პროგრამებით, ერთი სიტყვით შესანიშნავი ცხოვრებით – დაყოფილი წლებზე – „ოცნების“ მმართველობის პირველი წელი ასეთი, მეორე – ისეთი, მესამე და მეოთხე, განსაკუთრებით მეოთხე – უბედნიერესი. და ხალხმაც დაიჯერა, თანაც იმდენად, რომ დანაპირების საწინააღმდეგოდ მიღებული შედეგებიც ტრაგიკულად არ მიიჩნია. ალბათ ასეა საჭიროო – იფიქრა, თან. ისიც იფიქრა – ძნელბედობას უდავოდ კარგი ცხოვრება მოჰყვებაო. ამ იმედებში გაილია „ოცნებური“ მმართველობის ოთხი წელი.

კარს მოგვადგა საპარლამენტო არჩევნებიც და დაიწყო იგივე დაპირებების ხელახალი დატრიალება. „ოცნების“ შემქმნელმა ივანიშვილმა ახალი იდეების და ლოზუნგების შემოთავაზებით თავიც არ შეიწუხა და ძველითაც, უკვე ცუდად ნაცადითაც იოლას გავიდა. თუ 2012 წლის არჩევნების წინ მთავარი ლოზუნგი „ნაცთა“ ხელისუფლებიდან გაყრა იყო, 2016 წელს „ნაცთა“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობის მოსპობა გახდა. შემობრუნების „მოსპობის“ ლოზუნგიც ხალხზე გადიოდა – თუ „ოცნებას“ არ დაუჭერთ მხარს – იცოდეთ, „ნაცები“ მობრუნდებიან და ცოცხის ტარები მონაგონი იქნებაო.

ოღონდ „ნაცები“ არ დაბრუნდნენ და შიმშილსაც ავიტანთო – იყო ხალხის პასუხი.

მარტო ამ ლოზუნგით „ოცნება“ ვერაფერს გახდებოდა და როგორც ამბობენ მას (ლოზუნგს) სხვა საქმეც დაუმატა – ამომრჩეველზე სახელისუფლებო ზეწოლა, კვერთხის და კამფეტის პოლიტიკა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საბიუჯეტო სახსრების ამოქმედება და სხვა. „ოცნებამ“ მძიმე ამოცანა დაუსახა ხალხს – ცუდიდან და უარესიდან ამორჩევა. მეტი რა გზა ჰქონდა ამომრჩეველს. ამ ორიდან, ისევ პირველს დაუჭირა მხარი, თუმცა კი გული ეთანაღრებოდა.

დამთავრდა არჩევნები და ის-ის იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებულმა „ოცნებამ“ მუშაობა დაიწყო, ხელისუფლების უნიათობამაც იჩინა თავი. მძიმე სტარტი აქვს „ოცნებას“, იმდეენად მძიმე, რომ ოდნავი გამოსწორებაც შეუძლებელი ხდება. ლარი გაუფასურდა, მოსახლეობის ცხოვრების ისედაც დაცემული დონე, კიდევ უფრო დაეცა. ეკონომიკა –  ისედაც მძიმე დღეში ჩავარდნილი, ქაოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხელისუფლების შემოთავაზებულმა „გაჯანსაღების“ პროგრამამ თავშივე მძიმე რეაქცია გამოავლინა და ე.წ. წელში გამართვის გეგმები სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა.

ყოველივე აღნიშნულმა მოსახლეობის გულისწყრომა გამოიწვია. ხალხი, რომელიც ივანიშვილს დადებითად მოიხსენიებდა, წყევლა-კრულვით იხსენებს. და არა მარტო მას, არამედ ყველაფერ იმას, რასაც საზოგადოება ძალდატანებით ისმენდა უკანასკნელი წლების განმავლობაში: ევროინტეგრაცია, ნატო, ვიზალიბერალიზაცია, ევროატლანტიკური სივრცე, სტრატეგიული პარტნიორი ანუ აშშ-ი და სხვა.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ 2016 წელი უდავოდ გამოირჩეოდა ვიზალიბერალიზაციაზე მოჭარბებული ლაქლაქით. ხელისუფლება წამსაც არ კარგავდა, რათა ეს თემა, როგორც საკუთარი დამსახურება, ცხვირში შეეტენა ხალხისთვის. ერთი სიტყვით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა პოლიტიკურ-ეკონომიკური ჩავარდნები, ევროპაში უვიზო მოგზაურობით გადაეფარა.

ხელისუფლებამ ისეთი სურათი დახატა, თითქოს საქართველოს მოსახლეობას სოციალური საკითხები იმდენად მოგვარებული აქვს, ვიზალიბერალიზაციის გარდა სხვა მეტი არაფერი დარჩენია. ევროპაში უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც გართობა-დასვენებაზე ფიქრობს კაცი, როდესაც შემოსავალი სტაბილური და მაღალია. ასეთი, საქართველოში, თითო-ოროლაა, რომელთაც ისედაც მოგვარებული აქვთ ევროპაში მრავალჯერადი ერთწლიანი შენგენის ვიზით მოგზაურობა.

ხელისუფლების უდიდეს დამსახურებად მიჩნეული უვიზო მგზავრობა, რომ არცთუ ისეთი იოლი იქნება, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე გამოჩნდება. ევროპის ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც კონა საბუთებს წარადგენ საზღვარზე და თუ მესაზღვრე ეჭვს შეიტანს რომელიმეში, მოგზაურობაც იქვე დამთავრდება.

ხელისუფლება მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის  სიკეთეზე ამახვილებს ყურადღებას და არ ცდილობს ხალხს აუხსნას იმ პროცედურების თაობაზე, რასაც უდავოდ შეიძლება მოჰყვეს პრობლემები უცხო სახელმწიფოს საზღვარზე. ასე, რომ ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაკეთებულ საქმეშიც კი ბევრი რამ არის ისეთი, რაც დადებითად ვერ ჩაითვლება.

დავუშვათ ყველაფერი ისე იოლად წარიმართა, როგორც ხელისუფლებას ჰგონია და ევროპის საზღვარს ე.წ. საქართველოს ტურისტების დიდი რაოდენობა მიადგა. ერთობ გაუარესდება ისედაც მძიმე დემოგრაფიული სურათი. ისედაც შემცირებული საქართველოს მოსახლეობა, კიდევ უფრო შემცირდება. ამის მაგალითები უხვად არის ევროკავშირის წევრ ბულგარეთში, რუმინეთში, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი).

ამ სამი ქვეყნის მოსახლეობა – ევროპასთან მიერთების შედეგად, განახევრდა. არადა ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა რომ ასჯერ უკეთესია, ვიდრე საქართველოს, მტკიცება არ სჭირდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს ქვეყნის აბორიგენი მოსახლეობისგან დაცლას. როდესაც საკუთარ ხალხს სამშობლოში შრომის საშუალებას ვერ აძლევ, უვიზო გამგზავრებაზე უნდა იფიქრო. და ასეც ფიქრობს ხელისუფლება.

2016 წელს, ისე, როგორც წინა წლებში, ჭარბი ლაპარაკი იყო ევროკავშირის ასოცირებული წევრობით მიღებულ სიკეთეებზე, ნატოში გაწევრებაზე, აშშ-ნ სტრატეგიულ პარტნიორობის დადებით მომენტებზე და ყველაფერ იმაზე, რასაც დასავლეთი ჰქვია. შესაბამისად საწინააღმდეგო, ერთობ არასასურველი განცხადებები ისმოდა ევრაზიულ სივრცისა და რუსეთის მიმართ.

„ოცნების“ ოთხწლიანი მართვის პერიოდში ანტირუსულ გამოხდომებს, ისეთს, როგორსაც სააკაშვილის ხელისუფლების ზეობისას ჰქონდა ადგილი, არ შეინიშნებოდა, მაგრამ ზღვარგადასული კრიტიკა და ლანძღვა მაინც არსებობდა, რაც არაერთხელ გახდა რუსი პოლიტიკოსების კომენტარების საბაბი. მარტო ის რად ღირს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რუსეთის საელჩოს შენობასთან, მიტინგი გამართეს ალეპოსთან დაკავშირებით. ისე, როგორც ყოველთვის, დასავლეთის მიერ დაპურებულმა არასამთავრობოებმა – „ფაშისტების, მშვიდობიანი მოსახლეობის მხოცველების“ ძახილით, იქაურობა გააყრუეს.

ქართველებმა პირნათლად შეასრულეს დასავლეთის დაკვეთა, რითაც გვერდში ამოუდგნენ პოლიტიკური წრეების მიერ ინიცირებულ საპროტესტო გამოსვლებს ამერიკა-ევროპის ქალაქებში. უნებლიედ იბადება კითხვა – რას ემსახურებოდა აღნიშნული საპროტესტო გამოსვლები – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას თუ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის გაშავებას? გამოცნობა ამისა ძნელი არ არის. ცხადია რუსეთის, რომელიც თავისი კონკრეტული მოქმედებით ყელში ეჩხირება დასავლეთს.

2016 წელი ტერორისტული აქტების წელიც იყო, რომელთაც ასეულობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა არა მარტო ევროპაში, არამედ სხვაგანაც. ამ წელს რუსეთმა გააფართოვა თავისი სამხედრო მოქმედება სირიაში, რითაც გადაარჩინა სირიის კანონიერი ხელისუფლება დამხობისგან და სირიაში ისლამური რადიკალიზმის შავი დროშის აღმართვისგან. რომ არა რუსეთი, სირია მთლიანად ტერორიზმის უღელქვეშ მიექცეოდა, რითაც უდიდეს პრობლემებს შექმნიდა არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოში.

სირიის ომი 2011 წელს დაიწყო. აშშ-ს მიერ შექმნილი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთო ანტიასადურ ომში – გაიზიარა რა საკუთარი შემქმნელების ანუ ამერიკა-დასავლეთის მოწოდებები სირიის პრეზიდენტის ასადის გაგდებასთან დაკავშირებით.

ხუთი წლის განმავლობაში ებრძოდა სირია მასზე მისეულ 100-ზე მეტი ქვეყნის ტერორისტს, მაგრამ ნაკლები შედეგით, რამეთუ დასავლეთის მიერ გაწვრთნილ, დაპურებულ და შეიარაღებულ ტერორისტებთან ბრძოლა ძნელი გამოდგა. მაშ რა იყო მიზანი აშშ-ს და მის მიერ შექმნილი კოალიციის თუ არა ტერორიზმთან ბრძოლა?

მიზანი იყო და არის – ტერორიზმის საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, საკუთარი ჰეგემონიზმის განმტკიცება.  სიტყვით ტერორიზმთან ბრძოლა, საქმით – ტერორისტემის ხელით სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, ახლო აღმოსავლეთში პოზიციების განმტკიცება. ცხადია მსგავსი მიზნების საწინააღმდეგოდ რუსეთის ამოქმედებამ არა მარტო აშშ-ს ადმინისტრაციაში, არამედ მის მოკავშირე ევროპელებში რუსეთის მიმართ სასტიკი გულისწყრომა გამოიწვია, რასაც მოჰყვა პროპაგანდა რუსეთის, ირანის და სირიის ბარბაროსობისა აღმოსავლეთ ალეპოში.

რა არ დაბრალდა რუსეთს – მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟღლეტვიდან დაწყებული საავადმყოფოების დაბომბვით დამთავრებული. პროპაგანდა ფაქტების გარეშე გახდა აშშ-სა და დასავლეთის მედიის მთავარი მამოძრავებელი. რუსეთმა პროპაგანდისტულ ბრძოლაში წააგო. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. ხუმრობა საქმე ხომ არ არის აშშ-ს ხელისუფლების მიერ დაქოქილ მსოფლიო მედიასთან ჭიდილი?

საქართველოს მოსახლეობა, ისე, როგორც ყოველთვის დასავლური პროპაგანდის მთარგმნელი ქართული მედიის მსხვერპლი გახდა. ამას დაემატა ადგილობრივ პოლიტიკოსთა და არასამთავრობოთა ანტირუსული გამოხდომები – უდავოდ ფალსიფიცირებული და რეალურ ვითარებას აცდენილი.

2016 წელს ისე, როგორც მთელი 25 წლის განმავლობაში წამითაც არ შეწყვეტილა ლაყბობა ნატოში გაწევრებასა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე. სიტყვა „ლაყბობას“ იმიტომ ვიყენებ, რომ სხვა შესაფერი დახასიათება არ შეიძლება იყოს ფუჭ ლაპარაკთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკამ, მითუმეტეს ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ამ ორივე ორგანიზაციაში საქართველოს არვინ შეუშვებს. გარდა ამისა, რა შეშვებაზეა ლაპარაკი, როდესაც ერთსაც და მეორესაც ისეთი პრობლემები შეექმნათ, ლამის დაიშალონ.

აშშ-ი ტრამპის გამარჯვებამ კარდინალური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ნატოსთან დაკავშირებით. არჩეულ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნატო ანაქრონიზმია და საერთოდ არ უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, ნატოს წევრები არ იხდიან საწევროს, რაც ტრამპისთვის მიუღებელია. მისი განმარტებით, გადაუხდელობის შემთხვევაში აშშ-ი დატოვებს ნატოს. თუ ნატო, როგორც ორგანიზაცია დარჩება, ის კარდინალურად შეიცვლება და წერტილი დაესმება ახალი წევრებით ამ ორგანიზაციის „გამდიდრებას“.

ასე ფიქრობს ტრამპი. ჩვენი ხელისუფლება კი ნატო-ნატოს გაიძახის. როგორც ჩანს დაყრუვდა და არ ესმის ახალი პრეზიდენტის ხმა. არანაკლები ნეგატიური რეაქცია აქვს ტრამპს ევროკავშირის მიმართ. ის მიიჩნევს, რომ ასეთი კავშირი არ უნდა არსებობდეს, ხოლო აშშ-ს ევროპის თითოეულ ქვეყანასთან ცალკე ხელშეკრულებები უნდა ჰქონდეს გაფორმებული.

თვით ევროკავშირის არსებობას ლახვარი ჩასცა 2016 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა. ინგლისის გასვლა ევროკავშირიდან 2017 წელს დაიწყება, რაც სტიმული იქნება ევროკავშირში მყოფი მემარჯვენე ძალებისთვის, რომელთა მიზანიც ისეთია, როგორიც დიდი ბრიტანეთის. ასეთ რთულ ვითარებაში ევროკავშირთან ჩახუტებაზე ოცნებაც კი ვირტუალური აზროვნების ნაყოფია.

რა მიიღო საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობით? ჯერ-ჯერობით არაფერი. თუ რა მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ – მოგახსენებთ. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოლდოვამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას. საკმაო დროა იმისთვის, რომ მოლდოველთა იმედი ნაწილობრივ მაინც გამართლებულიყო. ახალი პრეზიდენტი დოდონი აჯამებს განვლილი 2 წლის შედეგებს და სავალალო დასკვნებს აკეთებს.

მოლდოვამ დაკარგა რუსული გასაღების ბაზარი და ნაცვლად ვერაფერი მიიღო ევროკავშირისგან. დღეს, უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ასოცირება გეოპოლიტიკური პროექტი იყო და არა ეკონომიკური. ის მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ ანუ ემსახურებოდა რუსეთის გავლენის სფეროდან მოლდოვას გამოყვანას.

„ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების გაფორმებით მოლდოვამ დაკარგა რუსეთში ექსპორტის 50%, სანაცვლოდ ევროკავშირიდან არაფერი მიუღია. პირიქით, მოლდოვას ბაზრის გახსნის შედეგად ევროკავშირიდან შემოსულმა საქონელმა შექმნა დიდი დისპროპორცია იმპორტსა და ექსპორტს შორის. წელს მოლდოვაში შემოვიდა ერთნახევარი ათასი ტონა ევროპული ვაშლი. ხილი ევროპაში გავიტანეთ 55 ტონა. ასეა ყველა სხვა საქონელთან დაკავშირებით.

ჩვენ, გარდა ისტორიისა, კულტურისა, ეკონომიკისა, წარსულისა და აწმყოსი რუსეთთან ბევრი საერთო გვაკავშირებს. დღეს, რომ მოლდოვაში ჩატარდეს რეფერენდუმი, მოსახლეობის 65% მხარს დაუჭერს „ევროზესში“ გაწევრებას. მოლდოველები რუსეთს მეგობრულ სახელმწიფოდ აღიქვამენ. ჩვენთან არ არის ისეთი რუსოფობია, როგორც დსთ-ს წევრ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა დოდონმა.

მოლდოვამ ისე, როგორც უკრაინამ განიცადა ევროკავშირთან ინტეგრაცია, მაგრამ კიშინიოვმა გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე კიევმა – უვიზო მიმოსვლის დაწესების სახით, თუმცა ამით მოლდოვის ეკონომიკას არაფერი დატყობია. ინტეგრაციამდე, რუმინეთის წყალობით, მოლსოვა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროკავშირთან. საგარეო ვაჭრობის 65% ევროკავშირზე მოდიოდა. რუსეთი კი მეორე ადგილზე იყო –  35-40%. ხელმოწერის შემდეგ რუსეთში ექსპორტი შემცირდა 40-50%-ით, მაშინ, როდესაც ექსპორტი ევროკავშირში კი არ გაიზარდა,  არამედ შემცირდა 10%-ით. 2016 წლის პირველ ნახევარში მოლდოვის სახელმწიფო ვალი გაიზარდა 6,4 მილიარდ დოლარამდე.

მოლდოვასთვის ევროკავშირის გახსნილი ბაზარი ტყუილი გამოდგა. ევროინტეგრაციის ჩარჩოებში ევროკავშირმა დააწესა კვოტები, გადასახადის გარეშე მოლდოვა-უკრაინის საიმპორტო საქონელზე, თუმცა მოლდოველმა მწარმოებლებმა ვერ შეძლეს კვოტების სრული გამოყენება. მიზეზი – ადგილობრივი მწარმოებლის ნახელავის შეუთავსებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან, მოლდოველი ფერმერების ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა.

გარდა ამისა, არც ერთმა ევროპულმა ბიზნესმა ფული არ ჩადო მოლდოვას აგრო-სამრეწველო კომპლექსში. რატომ? იმიტომ, რომ თავის საქონელს არ შეუქმნეს კონკურენცია. ევროკავშირს მოლდოვიდან მიაქვს ის, რაც მას აინტერესებს – ხორბალი, ყურძენი, ვაშლი – მცირე მოცულობით, იმ შემთხვევაში, თუ თავისი არ კმარა. დანარჩენი საქონელი მოლდოვაში რჩება – გაუსაღებლად. ანალოგიური მდგომარეობაა უკრაინასთან მიმართებაში, ოღონდ უკრაინაში გაცილებით მძიმე სურათია, რამეთუ უკრაინა ინდუსტრიული ქვეყანაცაა.

ორივე ქვეყნის გაღარიბება ევროინტეგრაციის ნათელი მაგალითია. მოლდოვაში საშუალო ხელფასმა 199 დოლარი შეადგინა, უკრაინაში – 195 დოლარი. ამ მონაცემებით 108 ქვეყანას შორის ისინი ბოლო ადგილებზეა, ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა ნეპალი და უგანდა. ეგვიპტეშიც კი ხალხი საშუალოდ, თვიურად მეტს იღებს (288 დოლარს), ვიდრე მოლდოვა-უკრაინაში.

სხვა ბევრი ნეგატიური მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ვგონებ საკმარისია იმ თავგახურებული ადამიანებისთვის, ვინც დიდ იმედებს ამყარებს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. საქართველოს პოლიტიკამ უნდა შეიგნოს, რომ თითო ბოთლი ღვინის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე, ვერავითარ ხსნას ვერ მოუტანს ქვეყანას. ერთადერთი ხსნა ისევ ტრადიციული რუსული და დსთ-ს ბაზარია. იქ იციან ქართული პროდუქციის ფასი – ჯერ-ჯერობით. და ვიდრე ჯერ-ჯერობით იციან, უნდა ვიჩქაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც დავკარგავთ დიდი კონკურენციის გამო.

მძიმე გამოდგა 2016 წელი საქართველოსთვის. არანაკლები მძიმე იქნება 2017 წელიც და ეს სიმძიმე ხელისუფლების სიჯიუტით არის განპირობებული, რომელსაც თითის განძრევაც არ სურს იმ ანტიხალხური პროექტის შესაცვლელად, პრემიერმა რომ „ახარა“ მოსახლეობას. პირიქით, ყველაფერი ქვეყნის სამომავლო ბიუჯეტში აისახა, რომელიც უყოყმანოდ მიიღო საქართველოს პარლამენტმა.

ბიუჯეტით თითქმის იგივე ხარჯებია გათვალისწინებული, რაც აქამდე იყო. ხელისუფლება არ ფიქრობს პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე და ამით მსუყე საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე. ხელისუფლება არ აუქმებს იმ სამინისტროებს და უწყებებს, რომელთა ფუნქციონირებაც „მაძღარი“ ყოფის პირობებშიც კი გაუმართლებელია (ევროპასთან ინტეგრაციის, შერიგების, ლტოლვილთა და განსახლების).

ხელისუფლება არ აუქმებს საზღვარგარეთის ეკზოტიკურ ქვეყნებში გახსნილ საელჩოებს. ხელისუფლება უარს არ ამბობს უცხოეთში უსაგნო მოგზაურობებზე. ხელისუფლებას არ სურს სერიოზულად განიხილოს და გადაწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებების საკითხი. ხელისუფლება აგრძელებს ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის დაქირავების ხარჯების გაღებას, მაშინ, როდესაც არაერთი ადმინისტრაციული შენობა მიტოვებულია. ხელისუფლება არ აპირებს სამინისტროებსა და უწყებებში საშტატო ერთეულების შემცირებას, პირიქით ჯანდაცვის მინისტრი ახალ სამსახურს ქმნის, რომელსაც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი დაევალება. და სხვა.

ხელისუფლება გააგრძელებს ისეთ „მუყაით“ შრომას, რამაც ლამის დაქცევამდე მიგვიყვანა. ასე საქმე არ გაკეთდება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.