„იალტა-45“-დან დღემდე

2015 წლის თებერვალში სრულდება იალტის კონფერენციის 70 წლისთავი, უდიდესი ღონისძიების, რომელსაც ოდესმე ჰქონია ადგილი მსოფლიოს ისტორიაში. 1945 წლის თებერვალში უკვე ცნობილი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე თითზე ჩამოსათვლელი თვეები იყო დარჩენილი. იალტაში შეკრებილი სამი სახელმწიფოს ლიდერი – სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი, ერთი წლის წინათ, თეირანში დაწყებული საკითხების შეჯერების და ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ.

გერმანიის ფაშიზმი წელში იყო გადატეხილი, წინ მილიტარისტული იაპონიის დაჩოქების კონტურები მოჩანდა, რომელშიც თავისი წვლილი ისევ საბჭოთა კავშირს, მის უძლეველ „წითელ“ არმიას უნდა შეეტანა – ასეთი იყო აშშ-ს პრეზიდენტის რუზველტის სურვილი, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა საბჭოეთის ლიდერს – სტალინს. სტალინმა თხოვნა მიიღო და, შესაბამისი წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის მზადყოფნა გამოთქვა.

თუ რა წინადადებები იყო სტალინის მიერ გაჟღერებული აშშ-ს პრეზიდენტის თხოვნაზე, ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, იალტის კონფერენციის მონაწილის, ლეგენდარული ანდრია გრომიკოს მოგონებების წყალობით შევეცდები  იმ ატმოსფეროს ასახვა, რაც იალტის კონფერენციაზე სუფევდა.

გრომიკოს მიერ, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი, გაცილებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა იმ ადამიანთათვის, რომლებიც ზედაპირულად იცნობენ საკუთარ თუ მსოფლიოს ისტორიას, მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს და იმ გმირობას, რომელიც საბჭოთა ხალხმა, მათ შორის ქართველებმა ჩაიდინეს.

მეორე მსოფლიო ომი თავისი მასშტაბით, მსხვერპლით მსოფლიოს ომების ისტორიაში შეფასებულია, როგორც ყველაზე დიდი და მუხანათური ომი. ამ ომს გაცილებით მეტი მსხვერპლი ახლდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ნგრევაზე, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში არსებულ ომებს, თუნდაც ასწლიანს.

მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელობა განუზომელია, ისე, როგორც განუზომელია მასში მოქმედი ძალების მნიშვნელობა. მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიოს დიდი გაკვეთილი შესთავაზა – გაკვეთილი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლისა; ნგრევისა და აღმშენებლობისა; სიკეთის, ბოროტებაზე გამარჯვებისა.

მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიოს დაანახა ფაშიზმის ნამდვილი სახე, ბოროტებით გაჟღენთილი, ხალხთა წამებასა და ხოცვა-ჟღლეტაზე დაფუძნებული; დაანახა ოსვენციმი, მაიდანეკი, სხვა საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის საკნებითა და იქ გაგუდულ ადამიანთა თმების ზვინები, კბილების ოქროს პროტეზები, ადამიანის კანისგან დამზადებული ხელჩანთები.

დაანახა! მაგრამ გავიდა ხანი, არცთუ დიდი – 70 წელიწადი და არცთუ მცირე. ნაწილობრივ მივიწყებას მიეცა მე-20-ე საუკუნის 40-იან წლებში დატრიალებული საშინელება. საშინელების ჩამდენთა სახელები, როგორც გმირები, ისევ წამოიწივნენ წინა პლანზე. მეორე მსოფლიო ომში, ფაშისტური გერმანიის მხარეზე მეომარმა, სხვადასხვა ჯურის ადამიანმა, სამართლიან ტყვიას გადარჩენილმა, ომში გამარჯვებული კოალიციის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს მიაშურა, თვით იმ სახელმწიფოს ხელისუფალთა შორსმიმავალი გეგმების განხორციელების საქმეში ხელშესაწყობად.

გასული საუკუნის 40-იანი წლების სიბოროტის მარცვალმა ნაყოფი გამოიღო 70 წლის შემდეგ და ასე დადიან უკრაინელი ფაშისტები, ბანდერასა და შუხევიჩის მემკვიდრეები ჩირაღდნებით უკრაინის ქალაქების ქუჩენში, დემოკრატიისა და თავისუფლების ლოზუნგებით ხოცავენ თავიანთ სისხლსა და ხორცს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.

რა განსხვავებაა 40-იანი წლების ფაშისტებსა და დღევანდელ უკრაინელ ფაშისტებში? არც არაფერი – იგივე სისასტიკე; იგივე შეგრძნება დაუსჯელად პარპაშისა; იგივე სიცრუის მანქანა, ამოქმედებული კოალიციის სამი წევრიდან – ორის ხელშეწყობითა და დახმარებით.

ვინ იფიქრებდა, რომ განადგურებული, მიწასთან გასწორებული გერმანიის ფაშიზმის შემდეგ, ესოდენ დიდ ყლორტებს გამოისხამდა უკრაინული ფაშიზმი? იმჟამინდელი იალტიის სამეულიდან არც არავინ. ფიქრი, ფაშისტთა შემდგომ გამოყენებაზე, მათ შორის უკრაინულისა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის დროს დაიწყო, მაშინ როდესაც საღადმოაზროვნე რუზველტი, „ქორი“ ტრუმენით შეიცვალა.

ისტორიას არ უყვარს ვარაუდებით ლაპარაკი, ის ფაქტებს ეფუძნება, მაგრამ მაინც ვივარაუდოთ – რა მოხდებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი  უეცრად არ გარდაცვლილიყო? იქნებოდა თუ არა საბჭოთა კავშირ-აშშ-ს შორის ისეთი დაძაბულობა, რასაც ადგილი ჰქონდა ტრუმენის პრეზიდენტობის დროს?

დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსს ადგილი არ ექნებოდა. რუზველტი, თავისი ბუნებით „მტრედი“ და არა „ქორი“, მტრედის შესაფერ პოლიტიკას გაჰყვებოდა, ისე, როგორც ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლომდე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობდა ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის განმტკიცებას, ახალი სისტემის ფეხზე დგომას.

რუზველტს სიმპათიები ჰქონდა როგორც სტალინის, ისე „წითელი“ არმიის მიმართ – თანაგრძნობა მილიონობით დაღუპული საბჭოელის და დანგრეული ქვეყნის. „ჭეშმარიტება მოითხოვს განვაცხადო, რომ არც სტალინი მალავდა თავის კეთილ განწყობას რუზველტის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით ჩერჩილზე. ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო განსხვავებამ რუზველტისა და ჩერჩილის პოლიტიკურ შეხედულებებს შორის“, – წერს გრომიკო.

შეიძლება ითქვას, რომ რუზველტის ამერიკა არ დააყრიდა ატომურ ბომბებს იაპონიის ქალაქებს ხიროსიმასა და ნაგასაკს. იაპონიის არმიის დამარცხება და კაპიტულაცია „წითელი“ არმიის დახმარებით მოხერხდებოდა, რის შესახებაც სთხოვა რუზველტმა სტალინს იალტის კონფერენციაზე.

ფაქტია, რომ ტრუმენის ადმინისტრაციამ, ბირთვული ბომბით, თითქმის დამარცხებული იაპონია გაანადგურა, ამასთანავე თითი დაუქნია საბჭოთა კავშირს – თუ ჭკუით არ იქნები, იგივეს მიიღებო.

იალტის კონფერენციას, პოტსდამის კონფერენციამდე თვეები აშორებს, მაგრამ ისტორიული განზომილებით – საუკუნეები. თითზე ჩამოსათვლელ დროში მოხდა აშშ-ს პოლიტიკის ცვლა და მოკავშირის პოზიციების მოსასხამის, მეტოქის მოსასხამზე შეცვლა. პოსტდამში აშშ-ს დელეგაციას ახალი პრეზიდენტი ტრუმენი ხელმძღვანელობდა, შემდგომში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილთან ერთად „ცივი ომის“ შემქმნელი. სწორედ მათი დაუღალავი მეცადინეობით ჩამოეფარა „რკინის ფარდა“ საბჭოთა კავშირს, ნაცვლად ურთიერთთანამშრომლობისა.

ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტრიუმვირატი დაიშალა. მან ვერ შეძლო მშვიდობიანობის ჟამს თანამშრომლობა. ურთიერთეჭვიანობამ გამოიწვია ყოველივე – განსაკუთრებით კი საბჭოეთის სიძლიერემ, „წითელი“ არმიის შეუდრეკელობამ, საბჭოთა იარაღის სიმტკიცემ და სტალინის პოზიციის გამჭრიახობამ.

დიდი იყო საბჭოეთის განმანთავისუფლებელი როლი ევროპისა და მსოფლიო ქვეყნებისთვის. საბჭოთა მეომრებს – ევროპის ქალაქების და სოფლების განმანთავისუფლებლებს ძეგლებს უდგამდნენ ევროპაში. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 70 წლის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, უკრაინის პრემიერი იაცენიუკი, თავს უფლებას მისცემდა ეთქვა – გერმანიისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესია საბჭოთა კავშირმა განახორციელა. ვინ იფიქრებდა, რომ პოლონეთის პირველი დიპლომატი, სხეტინა, პროფესიით ისტორიკოსი, აბსურდს-აბსურდზე დაახვავებდა, მათ შორის ასეთს – ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის ზეიმი მოსკოვში კი არ უნდა გაიმართოს, არამედ ვარშავაში, ლონდონში და ა.შ..

არც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთია მაინცდამაინც კატეგორიული მეორე მსოფლიო ომის გმირთა მოხსენიებაში. იქაურ პოლიტიკოსებს დღესაც, ერიდებათ პირდაპირ განაცხადონ სტალინის დაუფასებელ როლზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში. და არა მარტო ომში. ჯერაც, აბსტრაქტულად აცხადებენ ისინი, რომ ომი საბჭოთა ხალხმა მოიგო. კეთილი, მაგრამ ვინმეს უნახავს თუნდაც ერთი ომის, მხედართმთავრის გარეშე მოგება?

კაცობრიობის ისტორიაში მსგავსს ადგილი არ ჰქონია და თუ მართლაც ჰქონია, რატომ არ აქვს მას გამეორება მშვიდობიან ცხოვრებაში?

ვერ დავიჯერებ, რომ საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ხალხმა დაანგრია. საბჭოთა ხალხი გორბაჩოვ-ელცინის გამყიდველური  პოლიტიკის უსიტყვო მაყურებელი იყო, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგი საბჭოეთის დაშლისა. და ისევ „კოლექტიური ხალხი“. თუ ხალხს, ხელმძღვანელის გარეშე ომის მოგება შეუძლია, რატომ არ შეუძლია მშვიდობიანობის ჟამს თავი დააღწიოს იმ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც საბჭოეთის თითქმის ყველა ყოფილ რესპუბლიკაშია, მათ შორის რუსეთში?

ქვეყნისთვის პიროვნების როლი განუზომელია. იმჟამინდელი მსოფლიოსთვის კი სტალინის როლი ფასდაუდებელი. სტალინის და შემდეგ რუზველტის, ჩერჩილის პოლიტიკური პორტრეტები, მუდამ დაამშვენებს მსოფლიოს ისტორიას, მიუხედავად იმისა, ძეგლებს დაუდგამენ მათ  თუ არა.

სტალინის შესახებ ლაპარაკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ განსჯის, მისი მოღვაწეობის შეფასების – ერთეულებს, მათ შორისაა ანდრია გრომიკო.

„1945 გამარჯვების წლის თებერვალი… იალტა. ლივადის სასახლე – თავის დროზე აქ დასვენება უყვარდა რომანოვების დინასტიის უკანასკნელ გვირგვინოსანს.

ყველაფერი საზეიმოდ გამოიყურებოდა, გრანდიოზულად. საკონფერენციო დარბაზში შედის სტალინი. მას საბჭოთა დელეგაცია მიჰყვება. სამარადისო სიჩუმე სუფევს. სტალინს, პატივისცემით თავს უკრავენ რუზველტი და ჩერჩილი, რომლებიც თავიანთ ადგილებზე იმყოფებიან. სტალინი მიდის მაგიდასთან და ესალმება მისკენ გამართულ ჩერჩილს და მჯდომარე რუზველტს. ამერიკის პრეზიდენტს დახმარების გარეშე ადგომა უჭირს.

არ მახსოვს, რომ სტალინს ყურადღება არ მიექცია ან ზუსტად არ ჩამწვდარიყო თავისი პარტნიორების ნათქვამის არსში. ის, ჰაერში იჭერდა მათ სიტყვებს. მისი ყურადღება, მახსოვრობა, ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანას ჰგავდა. ლივადის სასახლეში მე საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ რა ფენომენალური ხარისხის მატარებელი იყო ეს ადამიანი.

სტალინს დამაჯერებლად მიჰყავდა საბჭოთა დელეგაციის მუშაობა, რაც ყველა ჩვენგანს აღაფრთოვანებდა. მიუხედავად დროის სიმცირისა, სტალინი გამონახავდა საშუალებას ემუშავა დელეგაციის წევრებთან. ერთხელ მან „კოქტეილ-პართი“ მოაწყო, რომლის დროსაც ის ცალ-ცალკე მიდიოდა დელეგაციის წევრებთან და ესაუბრებოდა მათ. ის მოძრაობდა დინჯად, შეფიქრიანებული იყო. დროდადრო ცოცხლდებოდა და ხუმრობდა. დარბაზში მყოფებს ყველას სახეზე ცნობდა. ეს ამ პიროვნების განსაკუთრებული თვისება იყო. მას ბევრი ადამიანი ახსოვდა. შეეძლო მათი გვარებისა და სახელების დასახელება – იმის გახსენება, სად, რა ვითარებაში გაიცნო ისინი. ეს, თავისთავად აღაფრთოვანებდა მოსაუბრეს.

სტალინი თვითონ ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ყურადღებით უსმენდა მოლაპარაკეს. ასე იგებდა მის აზრს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქაც კი ის მუშაობდა, ემზადებოდა რა მორიგი სხდომისთვის.

ყირიმის კონფერენციის მონაწილეებისთვის ნათელი იყო, რომ ლივადიის სასახლეში მიღებულ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა ევროპისა და მსოფლიოსთვის. დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი გრძნობდა, რომ მსოფლიო ისტორიის ფოკუსში იმყოფებოდა. სამი ისტორიული ფიგურა – სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი, უდიდესი ძალაუფლების მატარებლები იყვნენ იმჟამინდელ მსოფლიოში და გარდა იმისა, რაშიც შეთანხმდნენ, სხვა შეუთანხმებელშიც, რომ კონსენსუსისთვის მიეღწიათ, მსოფლიო სხვაგვარი იქნებოდა, თუმცა…“, –  წერს გრომიკო.

სტალინი იუსუფოვის სასახლეში ცხოვრობდა. იქ ჰქონდა სამუშაო კაბინეტი. ერთ-ერთი სხდომის წინ, რომელიც, 7 კილომეტრის დაშორებით, ლივადიის სასახლეში იმართებოდა, მან თავისთან მოუხმო გრომიკოს და წერილი აჩვენა. წერილი რუზველტისგან იყო. გრომიკომ ზეპირად უთარგმნა წერილი.

„სხდომის დაწყებამდე მინდა ვიცოდე შინაარსი“, – თქვა სტალინმა. წერილი კურილის კუნძულებსა და სახალინს ეხებოდა. რუზველტი იტყობინებოდა, რომ ცნობდა საბჭოთა კავშირის უფლებას აღნიშნულ ტერიტორიებზე, რომლებიც იაპონიის მიერ არის ოკუპირებული. სტალინი  კმაყოფილი იყო. „აშშ-ს პოზიცია, ნიშნავს ჩვენს თვალში რეაბილიტაციას 1905 წელს, პორტსმუტში, იაპონელთა მხარდაჭერაში. იმჟამად აშშ-ა დახმარება გაუწია იაპონიას რუსეთისთვის ამ ტერიტორიების წართმევაში“, – თქვა სტალინმა და დაამატა: – „მნიშვნელოვანი წერილია. აშშ-ა ამჟამად აღიარა ჩვენი სიმართლე კურილის კუნძულებისა და სახალინის მიმართ. ამერიკელები მოგვთხოვენ, სანაცვლოდ, იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვას“.

საბოლოოდ ეს საკითხი ლივადიის კონფერენციაზე გადაწყდა.

„სტალინის თანამედროვეებისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მასთან მუშაობდა, ჰქონდა მასთან ლაპარაკი ან მოწმე იყო ლაპარაკისა, ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა მისი გამონათქვამები სხვადასდხვა საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად აღიქვამდა მას. მოწმე მისი მუშაობისა და ნალაპარაკისა გრძნობდა, რომ მის წინაშე იყო ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული იყო არა მარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ბედი. ეს, სულაც არ ეწინააღმდეგება მარქსიზმის შეხედულებებს ისტორიაში პიროვნების როლთან დაკავშირებით. ბუმბერაზები, განსაზღვრული, კონკრეტული დროის „პროდუქტები“ არიან. მაგრამ მეორე მხრივ ამ ადამიანებს ძალუძთ გავლენა იქონიონ მოვლენების განვითარებაზე.

ერთის შეხედვით, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა სტალინის პიროვნებაზე? უპირველეს ყოვლისა, ის იყო გონიერების, ფიქრის ადამიანი. არასდროს შემინიშნავს, რომ მის ნათქვამს არ გამოეხატა დამოკიდებულება საკითხისადმი. მას არ უყვარდა გრძელი შესავალი, გრძელი წინადადებები ან არაფრის გამომხატველი სიტყვები. ამასთანავე სტალინს მოთმინებით შეეძლო მოესმინა ადამიანებისთვის, ვისაც არ შეეძლოთ აზრის ჩამოყალიბება.

ვუყურებდი რა სტალინს, როდესაც ის გამოთქვამდა თავის აზრს, მისი სახეც ლაპარაკობდა. განსაკუთრებული გამომხატველობა ჰქონდა თვალებს, რომელსაც დროდადრო ჭუტავდა, რაც მის სახეს უფრო მკვეთრ ელფერს აძლევდა.

მოძრაობაში სტალინი იყო აუჩქარებელი. არასდროს მინახავს მას ნაბიჯი მოემატებინოს, აჩქარებით წასულიყოს. მეჩვენებოდა, რომ თვით დრო ანელებდა სვლას, როდესაც ეს ადამიანი საქმით იყო დაკავებული. მის კაბინეტში თავს იყრიდა ყველა მასალა, რაზედაც მუშაობდა. სტალინი ღამეებითაც მუშაობდა. ღამის მუშაობასთან ის უფრო მეგობრობდა, ვიდრე დღის.

სტალინი თითქოს უმადოდ ჭამდა. მაგარ სასმელებს არ სვამდა. სვამდა ღვინოს, ბოთლიდან, რომელსაც თვითონ ხსნიდა. მას უხდებოდა მარშალის ფორმა, უნაკლოდ შეკერილი. მას მოსწონდა ფორმა. თუ ფორმა არ ეცვა, ეცვა ნახევრად სამოქალაქო, ნახევრად სამხედრო ტანსაცმელი. მას არასდროს ეტყობოდა ზერელეობა ჩაცმაში.

სტალინს უყვარდა მუსიკა. კრემლში გამართულ კონცერტებს ის დიდის ინტერესით აღიქვამდა და ტაშით აჯილდოებდა ვოკალისტებს. უყვარდა ძლიერი ხმები. მოსწონდა კლასიკური მუსიკა, ემილ გილელსის შესრულებით.

სტალინი კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას, თანაც ბევრს. მისი ერუდიცია არა მარტო გამოსვლებიდან ჩანდა. მან იცოდა რუსული კლასიკური ლიტერატურა. მოსწონდა გოგოლი, სალტიკოვ-შჩედრინი. იცნობდა შექსპირის, ჰაინეს, ბალზაკს, ჰიუგოს, გი დე მოპასანს, სხვა უცხოელი მწერლების შემოქმედებას. წაკითხული ჰქონდა ისტორიული ჟანრის წიგნებიც.

ერთი სიტყვით, სტალინი განათლებული ადამიანი იყო. არც ერთი ფორმალური განათლება არ მისცემდა მას იმდენს, რამდენიც მისცა საკუთარ თავზე მუშაობამ. შედეგი ამისა იყო სტალინის ცნობილი ენა, მისი უნარი მარტივად და პოპულარულ ფორმაში ჩამოეყალიბებინა რთული აზრი.

ქცევაში ის იყო კორექტული, მას არ უყვარდა ძმაკაცური, მხრებზე ხელის დარტყმა. სიბრაზეში – სტალინი არასდროს გამოდიოდა ჩარჩოებიდან, მას უცენზურო სიტყვების თქმა არ უყვარდა.

იალტაში სადილობის დროს მან შეაქო ქართული ღვინო და ჰკითხა რუზველტსა და ჩერჩილს: „დაგილევიათ არაყი ჭაჭა? ჩემის აზრით, ყველა სახის არაყთან შედარებით, ჭაჭა საუკეთესოა, თუმცა მე არ ვსვამ, ვამჯობინებ მსუბუქ, მშრალ ღვინოებს“. „როგორ უნდა გავსინჯო ჭაჭა?“, – იკითხა ჩერჩილმა. „შევეცდები, გაგასინჯოთ“, – მიუგო სტალინმა. მეორე დღეს, სტალინმა ერთსაც და მეორესაც გაუგზავნა ჭაჭა“, – იხსენებს გრომიკო.

იალტის კონფერენციის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის განუსაზღვრელია, შეფასება – შეუძლებელი. 70 წელიწადია მოქმედებს იალტაში შექმნილი მსოფლიო წესრიგი, რომელსაც მეტნაკლებად არეგულირებს გაერო და მისი უშიშროების საბჭო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს ყველაფერი იალტიდან იწყება.

იალტის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იყო „ცივი ომი“, პატარ-პატარა ცხელ-ცხელი ომები, იალტაში შექმნილი საზღვრების ცვლა, მაგრამ მთავარს – „დიდთა“ სამხედრო დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

იალტის შეთანხმებას ბუმბერაზები წყვეტდნენ, საკუთარი ნიჭისა და ცოდნის წყალობით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.