ქართულ-რუსული ურთიერთობების ფონზე გაუფასურებული ლარი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ქართულ-რუსული ურთიერთობების ოდნავი გამოსწორების ნიშანიც არ ჩანს, ისე, როგორც ლარის კურსის გამყარება. არადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ორი ნათქვამიდან, რომელიც ამ ურთიერთობების დარეგულირებას ეხება, ვერც ერთმა ვერ იმოქმედა ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე ნაცურზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მათი მიზანი მარტივია — ხალხის სოციალური პირობების გაუარესება, ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დამხობა.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის  მყისიერი გაუარესება და ლარის კურსის დაცემა პირდაპირ კავშირშია რუსეთთან და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განკარგულებასთან — ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის შეჩერებით. ლავროვმა ისიც თქვა, რომ თუ შეწყდება ქვეყანაში მოჭარბებული რუსუფობიური ისტერიკა, აღდგება საჰაერო მიმოსვლა და ტურისტული ნაკადი.

საქართველოში ბევრს, მათ შორის ვისაც ჭკუა უნდა მოეკითხებოდეს, სჯერა, რომ პუტინის გადაწყვეტილება მიმართულია საქართველოს ეკონომიკის დასაქცევად, რაც შორს არის ჭეშმარიტებისგან. პუტინს, რომ საქართველოს ეკონომიკის განადგურება ნდომებოდა, უმალ გაიზიარებდა რუსეთის დუმის მკაცრ გადაწყვეტილებას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. პუტინმა უარჰყო დუმელთა წინადადება. არადა, „რუსთავი-2“-ის „ჟურნალისტის“ მიერ მისი უხამსი შეურაცხყოფის შემდეგ, შეეძლო დუმის წინადადების გაზიარება ამას დუმის უკლებლივ ყველა წევრი მოითხოვდა.

ქართულმა პოლიტიკამ, ნაცვლად დაფიქრებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისა, პუტინის მოქმედება „მათრახისა და თაფლაკვერას“ პოლიტიკას შეადარა და ახალი შემართებით გააგრძელა რუსეთის ლანძღვა. ამ „კეთილშობილურ“ საქმეში პირველობას ვერვინ წაართმევს ნაცმოძრაობას და მის მიერ დაჩეკილ პარტიებს, ჟურნალისტიკას, არასამთავრობო სექტორს, საზოგადოების ნაწილს — ერთობ აგრესიულს და რუსოფობიით გაჟღენთილს.

როგორც ჩანს მათ სულაც არ ანაღვლებთ მძიმე სოციალური ვითარება, ლარის კურსის დაცემა, საწვავზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების კატასტროფული ზრდა. ანდა როგორ უნდა აწუხებდეთ, როდესაც „რუსთავი-2“-ს „საამაყო“ჟურნალისტებს, „საამაყო“ ხელმძღვანელის გვარამიას დროს თვიური ხელფასი 15000-დან ეწყებოდათ და 80000-მდე ადიოდა, ხანდახან მეტზეც. ვიმედოვნებ ახალი მენეჯმენტის პირობებში მსგავს ღორმუცელობას, დამშეულ ქვეყანაში, სადაც პენსია კვირის ბოლომდე რომ გაგყვეს — ეკვილიბრისტიკის მოშველიებაა საჭირო, წერტილი დაესმება.

მსგავსი თვიური ხელფასებით და პრემიებით არიან გათავხედებული მარეგულირებელი კომისიები, ვითომ არასახელმწიფო სტრუქტურები, სადაც, როგორც ნაკრძალში, ისე გრძნობენ თავს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობებიდან დათხოვნილი მოხელეები, მათი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები.

გაფხეკილი ბიუჯეტის მქონე ხელისუფლება პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ყოველი თეთრის ხარჯვას და საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე ფულს არ უნდა ყრიდეს ველობილიკებში, ისედაც ვიწრო ქუჩების დავიწროებაში; ისეთი ექსპერიმენტების ჩატარებაში, რასაც ჭავჭავაძის, ხოლო შემდეგ რუსთაველის პროსპექტებზე აპირებენ — ქუჩის შუაგულში საქალაქო ტრანსპორტის გადატანით, ველოსიპედის სასარგებლოდ, პროსპექტების დავიწროებით.

ხელისუფლებამ თავისი მტკიცე სიტყვა უნდა თქვას პარლამენტის შენობის წინ გამართულ მუდმივ მიტინგებთან დაკავშირებით. მან უნდა შეიგნოს, რომ მსგავსი ღონისძიება ანტირეკლამაა ქვეყნისთვის და აშკარა მანიშნებელია, რომ „რაღაც ვერ არის კარგად საქმე დანიის სამეფოში“.

მიტინგები, თანაც მუდმივი, რასაც საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები ყურადღებით აკვირდებიან, არ მისცემთ მათ საშუალებას ურჩიონ საკუთარ ხალხს საქართველოში დასასვენებლად და დროსსატარებლად ჩამოსვლა.

პუტინის გადაწყვეტილება რუსი ტურისტების ჩამოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს  და არ ისახავს მიზნად  საქართველოს ეკონომიკის განადგურებას.

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები კი რას აკეთებენ — ხოტბას ასხამენ პარლამენტის შენობის წინ თავშეყრილ მომიტინგეებს — რა შესანიშნავი ახალგაზრდები გვყავს, წარმატებული მომავალი ქვეყანას გარანტირებული აქვსო.

წარმატებული მომავალი ვერ ექნება ქვეყანას, რომელიც 30 წლის განმავლობაში მუდმივ მიტინგებშია. ნაცვლად იმისა, ამ ახალგაზრდებს შეუძახონ — თქვენი მიტინგით ქვეყანა ნადგურდება და სწავლას მიხედეთო, პირიქით აგულიანებენ და ტელეეკრანებიდან მოუწოდებენ ყველას — მიტინგებზე მოდითო, რასაც ტელევიზიით ვერ გაიგებთ, მიტინგზე გეტყვიან, ე.წ. საინფორმაციო მიტინგზე — რა ხდება ქვეყანაშიო.

„საინფორმაციო მიტინგები“ — რა შესანიშნავი გამოგონებაა, ყოჩაღ ახალგაზრდებო, — ამბობენ საშუალო ასაკის ადამიანები ტელეეკრანებიდან — უპასუსმგებლოდ, დაუფიქრებლად და იმასაც ვერ გრძნობენ, რომ საარსებო საფუძველი ფეხიდან ეცლებათ, ვერც იმას ხედავენ ლარი ყოველდღიურად კი არა, ყოველსაათობრივად სულს რომ ღაფავს.

ახლა, რაც შეეხება „საინფორმაციო მიტინგს“ — ნოვაციად რომ მონათლეს, არავითარი სიახლე არ არის. 1990 წლის შემოდგომით, ის-ის იყო გამსახურდიას ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო და მოულოდნელად უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე პატივცემულმა ზვიადმა, მიტინგებს მონატრებულმა, განაცხადა — რამდენი ხანია მიტინგი არ ჩაგვიტარებია, მოდით დავიწყოთ ჩვენი შენობის წინ საინფორმაციო მიტინგების გამართვაო.

ხელისუფალის ამ „ბრძნულ“ წინადადებას, უმალ მხარი დაუჭირეს უზენაესი საბჭოს წევრებმა და დაიწყო მიტინგები. თუ რით დამთავრდა — ყველამ კარგად იცის.

ტელეკომპანია „პირველების“ ჟურნალისტებთან „დაკითხვაზე“ (ინტერვიუ დაკითხვას უფრო ჰგავს, ვიდრე ინტერვიუს) მყოფმა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ქობულიამ ილაპარაკა რა ქვეყნის ეკონომიკაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიტინგები, მუდმივი დემონსტრაციები, აგრესიული სატელევიზიო განცხადებები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და აფერხებს ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას.

რას არ ეცადნენ „ჟურნალისტები“, რომ ქობულიას ეთქვა რუსეთია ყველაფერში დამნაშავეო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რესპონდენტი ვერ გატეხეს და ბოლოს გაკვირვებაც გამოთქვეს. მათი აზრით ასეთი რუსოფილური აზრების მატარებელი მინისტრი, რატომ გაუშვა „ოცნებამ“ თანამდებობიდანო.

არადა, ქობულიას პასუხებში არავითარ რუსოფილობას ადგილი არ ჰქონია. მან ობიექტურად შეაფასა ვითარება და თქვა სიმართლე, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს.

ქართულ საზოგადოებას პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მოწესრიგება იოლად შესაძლებელი ჰგონია, რაც არაერთხელ ითქვა კიდევაც ზოგიერთი „ბრძენის“ მიერ ტელეეკრანზე. არ იქნება რუსეთი და ღვინოს უკრაინაში ან სხვაგან შევიტანთო. არ იქნებიან რუსი ტურისტები და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები შეავსებენ რუსთა არყოფნით დაცარიელებულ ადგილებსო.

ტურისტების მოზიდვას მრავალი წელი და დაუღალავი, მუდმივი შრომა ესაჭიროება, გარდა ამისა ძვირადღირებული სარეკლამო რგოლების დამზადება და საზღვარგარეთის ქვეყნების ტელეარხებით გადაცემა, რაც ბევრ ფულთან არის დაკავშირებული.

რუსეთთან მრავალსაუკუნოვანმა ურთიერთობებმა ეს პრობლემები მოგვიხსნა. რუსს არ სჭირდება რეკლამა. მან იცის საქართველო, მისი მინერალური წყლები, ღვინო, სამზარეულო და ბევრი სხვა რამ, რაც მას მაგნიტივით იზიდავს. ეს მიზიდულობა ერთად ცხოვრებამ ჩამოაყალიბა და მას კონკურენციას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუწევს. ქართული პროდუქციის უცხოეთის ბაზარზე შეტანას მრავალი წელი დასჭირდება.

ერთ მაგალითს მოვიყვან — რუსეთის წინააღმდეგ ამერიკელთა მიერ შემოღებულ სანქციებზე ფეხაყოლილმა ნორვეგიამ რუსეთში აღარ შეიტანა თევზეული. რუსეთმა იოლად შეავსო ეს დანაკარგი. რაც შეეხება ნორვეგიას, მან დიდი ზარალი იგემა და იძულებული გახდა ზურგი შეექცია სანქციებისთვის და რუსეთისთვის თხოვნით მიემართა — დაეშვა ნორვეგიული თევზი რუსულ ბაზარზე. მხოლოდ დიდი ხვეწნისა და ძალისხმევის შედეგად შეძლო მან რუსული ბაზრის (ისიც ნაწილის) დაბრუნება.

ყველა ქვეყანა, მათ შორის ყოფილი საბჭოელები ცდილობენ რუსული ბაზრის დაკავებას. ჩვენ, უჭკუო პოლიტიკიდან გამომდინარე, დაკავებულსაც ვკარგავთ. შემშურდა მოლდოვის, რომელიც ყველა ქვეყანას უსწრებს ვაშლით რუსეთის მომარაგებაში. მას არც აზერბაიჯანი ჩამორჩება. განა ჩვენ არ შეგვიძლია ვაშლის ან სხვა ხილის რუსეთში შეტანა?

მაგრამ გულმოსულები სულ იმას ვითხოვთ — შევეშვათ რუსეთს, სხვაგან გავყიდოთო, თითქოს ის „სხვაგან“ საქართველოს პროდუქციას გულისფანცქალით ელოდება.

რუსეთს, რომელიც ელოდება, ლანძღვით ვიკლებთ, დიდ ოკუპანტად და მტრად, ჩვენი მიწების ისტორიულ მიმტაცებლად ვაცხადებთ, არადა, ისტორია რომ სხვას გვეუბნება?

აი, მაგალითად ამას: მე-16 საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი — ტაო-კლარჯეთი, მესხეთ-ჯავახეთი, აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს და „გურჯისტანის ვილაითი“  უწოდეს. ეს ტერიტორიები მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარებით  — 1828 წლის და 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად დაუბრუნდა საქართველოს.

როდესაც ვახსენებთ ტოპონიმებს ბათუმი, ქობულეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის გარეშე ეს ყველაფერი თურქეთის იქნებოდა. დანარჩენი საქართველო რა იქნებოდა და იქნებოდა თუ არა — ღმერთმა იცის.

რომ არა ერეკლე II-ს გონივრული გადაწყვეტილება საქართველოს არსებობას მსუყე კითხვის ნიშანი დაესმებოდა.

კომუნისტების დროს განხორციელდა საქართველოს ერთ რესპუბლიკად ჩამოყალიბება-განმტკიცება. ამ საქმეში სტალინმა და ბერიამ უდიდესი წვლილი შეიტანეს. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა თურქეთში დარჩენილი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება და გარდა ამისა ტრაპიზონის მხარის შემოერთება. ამაზე ინტენსიური მუშაობა იყო გაშლილი, როგორც მოსკოვში, ისე საქართველოში, მაგრამ ამერიკელთა მიერ ატომური ბომბების ჩამოყრამ ხიროსიმასა და ნაგასაკში, სტალინური პროექტი შეაჩერა.

ეს უბრალოდ ცნობისთვის. რაც შეეხება თანამედროვეობას, ვერ გამოვდექით წინაპართა საქმის ისეთ გამგრძელებლად, ქვეყანას რომ წაადგება. ვერ გავაცნობიერეთ, რომ მტრობა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანასთან — ვიღაც მესამის მოიმედებით, კარგს არაფერს მოგვიტანს.

რეალობის აღსაქმელად ვურჩევდი ყველას გლობუსის ან მსოფლიო რუქის შეძენას და იქ საქართველოს მოძებნას (თუ არ გაგიჭირდებათ), შემდეგ იმის გააზრებას — რამდენად არის შესაძლებელი ამ პატარა ქვეყნის მიერ დიდი პრეტენზიების გამოთქმა, დიდ პოლიტიკაში ყოფნა და უსაფუძვლო ფიქრი, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს ირგვლივ ტრიალებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი