ფსევდო პატრიოტიზმი

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს მოსახლეობა, კერძოდ ქართველობა „ჭრელო პეპელას“ მდგომარეობაში ჩააყენებდა მეზობელ რუსეთს — ბირთვული და ჩვეულებრივი იარაღით დახუნძლულს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მსოფლიო ტერიტორიის 1/6 მფლობელს და რაც მთავარია მართლმადიდებლურ ქვეყანას — საქართველოსთან მრავალი საუკუნის განმავლობაში მჭიდრო კავშირების მქონეს, სადაც ნათესაურიც იმდენია, თვლაც რომ გაჭირდება.

ძნელად წარმომედგინა, რომ ქვეყანას, სადაც ღრმა ფესვები აქვს გადგმული საქართველოს მოსახლეობის თითქმის მილიონზე მეტ ადამიანს — საკუთარ ქვეყანაში ულუკმაპუროდ დარჩენილსა და რუსეთს, შიმშილისგან თავის დახსნის იმედით თავშეფარებულს,ქართველობა შავ დღეში ჩააყენებდა. რუსეთი ისაა, სადაც იოლად ახერხებდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის საქართველოს არა მარტო „შავი“ სამუშაოს შოვნას, არამედ საკმაოდ პრესტიჟულისაც. მიზეზი ამის მრავალია და უპირველესად ის სულიერი სიახლოვე, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი ორი ქვეყნის ხალხებს შორის.

„აქვს“-ო შემთხვევით არ წამომცდენია, ვინაიდან კავშირები, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის არის, იმდენად მტკიცე ცემენტითაა შეკრული, მას ვერაფერი დაანგრევს, ვერც ვიღაც-ვიღაცაების წივილ-კივილი რუსეთის ოკუპანტობისა და აგრესიულობის, ჰეგემონიზმისა და დამპყრობლური პოლიტიკის თაობაზე. სიკეთე, საუკუნეთა განმავლობში გამოვლენილი ერთ-ურთის მიმართ გაცილებით მეტია, ვიდრე მტრობა, თუმცა ეს მტრობაც ისეთია, შეუნიღბავი თვალითაც კარგად რომ ჩანს.

ქართველობა, სიტყვა „მტრობის“ დასტურად ისეთ ისტორიულ მომენტებს ასახელებს, რომელთა სიღრმისეული შესწავლა არ იძლევა ამ სიტყვის მათზე მისადაგების საშუალებას. ისტორიული წიაღსვლებოდან თავი რომ შევიკავოთ და თანამედროვეობის ჭრილში განვიხილოთ ორი ქვეყნის „მტრობა“, უდავოდ უნდა მოვიშველიოთ 9 აპრილი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოვლენები და აქედან გამომდინარე ქვეყნის ტერიტორიების 20%-ს დაკარგვა.

ამათუ იმ მოვლენის განხილვა, მითუმეტეს შეფასება მხოლოდ იმჟამინდელი საშინაო და საგარეო ურთიერთობების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს და არა ზერელედ, ზედაპირულად — ისე, როგორც ხშირად გვჩვევია.

9 აპრილის ტრაგედია უპირველესად საბჭოთა კავშირის არსებობის ჟამს მოხდა, მაშინ, როდესაც სუსტი იყო დისიდენტური მოძრაობაც და ანტისახელმწიფოებრივი სულისკვეთებაც. საბჭოთა სისტემისთვის უცხო იყო მოთხოვნა, მითუმეტეს ლოზუნგი მისი შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა მაშინდელი მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეების ხმამაღალ გამოსვლებში.

იყო მოწოდებები დაახლოებით ასეთი — ძირს კრემლი, გაუმარჯოს ნატოს და რაც მთავარია რუსეთის დადანაშაულება შენსავე ტერიტორიაზე, შენსავე ხალხში (აფხაზეთში მცხოვრებში) ანტიქართული განწყობის გაჩენისთვის.

წარმოვიდგინოთ რას მოიმოქმედებდა ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფლება, საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში, თუნდაც რესპუბლიკად წოდებულში, სეპარატიზმის გამოვლინების საწინააღმდეგოდ? ეს მაშინ, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში.

მოსკოვმა გადადგა ნაბიჯი მომიტინგეების დაშლისთვის, რისთვისაც გამოიყენა სამხედრო ძალა, მაგრამ არა შეიარაღებული და არა საბრძოლო ანდა რეზინის ტყვიები, რასაც ადგილი ჰქონდა ახლახანს პოლიციის მხრდან პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ეგზალტირებული, აგრესიული მომიტინგეების უკან დასახევად, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის შენობაში შეჭრა და მთავრობის დამხობა.

ამ შეტაკებას ბევრი დაშავებული ჰყავს ორივე მხრიდან, თუმცა არა მსხვერპლი, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ანალოგიური შეტაკების დროს, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ბურჯანაძე და მისი მომხრეები მიტინგობდნენ, მაშინაც ქართული პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მომიტინგეებს.

1989 წლის 9 აპრილის დროს „ორლესული“ ნიჩბებით მომიტინგეთა ხოცვას ადგილი არ ჰქონია. ჯარის მიზანი იყო ძალისმიერი გზით და არა ხოცვა-ჟლეტვით მთავრობის სახლის წინამდებარე მოედნის განთავისუფლება. არავითარ მსხვერპლს ადგილი არ ექნებოდა, მომიტინგეებს რომ ყური დაეგდოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის და სალოცავად ქაშვეთის ეკლესიაში გადაენაცვლებინათ.

— არაო! — ბრძანეს ე.წ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა. როგორც ჩანს ვითარების დაძაბვისთვის მსხვერპლი იყო საჭირო.

9 აპილის ტრაგედიის საფუძველი აფხაზეთში განვითარებული მოვლენები იყო და ის გულისწყრომა აფხაზთა მხრიდან ოფიციალური თბილისის მიმართ, რაც გამოწვეული იყო საყოფაცხოვრებო პრობლემების მოუგვარებლობით, საბიუჯეტო საკითხებით, აფხაზეთისთვის საკუთარი ტელევიზიის შექმნის სურვილით და სხვა.

საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას — მოსკოვის ჩაურევლდ, იოლად შეეძლო წამოჭრილი პრობლემების მოგვარება, მაგრამ ქარაფშუტულმა ამბიციებმა მოიცვა ის, რასაც შესწირა ხალხიც და ქვეყნის ტერიტორიაც.

განა შეცდომა არ იყო საქართველოს მაშინდელი მეთაურის მხრიდან აფხაზეთის რკინგზის მონაკვეთის „დასაცავად“ არშექმნილი, უმწიფარი, ჩამოუყალიბებელი ჯარის გაგზავნა?

და ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთის ლიდერი არძინბა წერილობით მომართავდა შვარდნაძეს საქართველოში ნამდვილი ავტონომიის, ფედერაციის ან კონფედერაციის შესაქმნელად. ათასობით ადამიანი შეეწირა ცენტრის ავანტიურისტულ, ამბიციურ გამოხდომას. ფაქტიურად დაიკარგა აფხაზეთი. 

და ეს ყველაფერი რუსეთს დაბრალდა. ქართველობას ეთაკილებოდა იმის თქმა, რომ მცირემოსახლიანმა აფხაზეთმა სძლია მასზე გაცილებით დიდ საქართველოს. შინ და გარეთ თავის მართლების მიზნით დაიწყო რუსეთის დადანაშაულება, თითქოს საქართველო, რუსეთის არმიასთან ომში დამარცხდა და არა აფხაზეთთან.

მიუხედავად ამ ომისა და ათასეულობით ლტოლვილისა, საქართველოს ხელისუფლებას უპრობლემოდ შეეძლო აფხაზეთის დაყოლიება საქართველოს შემადგენლობაში დასარჩენად — ფართომასშტაბიანი ავტონომიის მინიჭებით.

უცხოეთში გამართული შეხვედრების დროს აფხაზეთის მხარესთან მივაღწიეთ კიდევაც შეთანხმებას, რასაც ჯეროვანი ყურადღება არც შევარდნაძემ დაუთმო და არც მისი მთავრობის რომელიმე წევრმა.

შევარდნაძის შემცვლელმა სააკაშვილმა კი ყოფილ ავტონომიებთან, ნაცვლად პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა,  ძალისმიერი, მუქარის გზა აირჩია, რაც პირველ შემთხვევაში ცხინვალში ტყვედ ჩავარდნილი პოლიციელების დაჩოქებით დამთავრდა, ხოლო მეორეში (2008 წელს) — ომით.

დღევანდელი ქართული პოლიტიკა რუსეთს ადანაშაულებს ომის დაწყებასა და ოკუპაციაში, რაც დეზინფორმაციაა და მეტი არაფერი. ის, რომ ომი თბილისმა დაიწყო, კერძოდ სააკაშვილმა, დამტკიცებულია ევროპული სპეცკომისიის და გაეროს მიერ. ფაქტია ისიც, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ადგილი არ ექნებოდა, რომ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, კერძოდ პრეზიდენტ სააკაშვილს უარი არ ეთქვა რუსეთის წინადადებაზე, ავტონომიების სტატუსის განსაზღვრის მიზნით, მათთან მოლაპარაკების დაწყება. ნაცვლად თანხმობისა, სააკაშვილმა მუქარის ანუ დაკარგულის ძალისმიერად დაბრუნების გზა აირჩია, რითაც აიძულა რუსეთი განდეგილთა დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.

მოყვანილ მაგალითებში რატომ არის რუსეთი დამნაშავე, ხოლო საქართველო მართალი? იმიტომ ხომ არა, რომ ასე სურს აშშ-ს?

ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის დასმაც არ არის საჭირო. ყველაფერი ნათელია. აშშ-ი, რომელიც რუსეთის მეტოქე, უფრო ზუსტად მტერია, ყიდულობს საქართველოს პოლიტიკოსებს, მედიას, ექსპერტობას, არასამთავრობო სექტორს და დავალებად — რუსეთის გინებას უბრძანებს.

ეს პროცესი თითქმის 30 წელია მიმდინარეობს და მან წარმოუდგენელი რევოლუცია მოახდინა საზოგადოების ტვინში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. საქართველო გაიყიდა ამერიკულ დოლარებსა და საღეჭ რეზინებზე — რუსეთის ლანძღვა-გინების საფასურად.

რუსეთს ლანძღავს ყველა, ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული. რუსეთს ლანძღავენ ტელეკომპანიები და ბეჭდვითი მედია, ახალგაზრდები და ჭკუადამჯდარი საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანები. ამ უკანასკნელებს თითქოს ჭკუა უნდა მოეთხოვებოდეთ, მაგრამ არა — შიშით თუ ანგარებით ისინიც რუსეთს აგრესორსა და ოკუპანტს უწოდებენ. მას აბრალებენ ყველაფერს — ისტორიულ ჩავარდნებს, წარუმატებლობას და დღევანდელ გაუსაძლის სოციალურ ყოფას, დავით გარეჯსა და ამჟამინდელი ანტისახელმწიფოებრივი მიტინგების გამართვას.

 განა ასე არ ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში?

საკუთარი დანაშაულისა და მომაკვდინებელი შეცდომების სხვაზე გადაბრალება, ამ შემთხვევაში რუსეთზე, ჩვეულებადაა ქცეული. და როდესაც ამერიკული დარიგებით გაბრუებული ხელისუფლება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ლამის 30 წელია ჩასჩიჩინებენ საზოგადოებას — რუსეთი მტერია, არ უნდა გაგვიკვირდეს მძიმე შედეგის, რაც სახეზეა. არ უნდა გაგვიკვირდეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მიკროფონთან მიჭრილი არცთუ ახალგაზრდული ასაკის კაცის მუქარა — რუსების ხოცვასთან დაკავშირებით.

არ უნდა გაგვიკვირდეს რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომით გამოწვეული მძიმე რეაქცია, სახალხო ბუნტი და პარლამენტის შენობის აღების მცდელობა.

„ოკუპანტი“ გავრილოვი რატომ ჩაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშიო, აღშფოთდა ნაცური ოპოზიცია, უცოდინარი საზოგადოება, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს საერთაშორისო პროტოკოლზე, რომლის მიხედვით გავრილოვი იმ სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო, როგორც მართლმადიდებლური საპარლამენტო ორგანიზაციის პრეზიდენტი და არა სხვა სკამზე.

გაივლის წლები და თვალდაკრულგულები სინანულით გაიხსენებენ გავრილოვისთვის უაზროდ შეწირულ მხედველობას. ეს არ არის სამშობლოსათვის თავის გაწირვა. ეს არის ნაცმოძრაობისთვის, ამერიკელებისთვის გაწეული სამსახური, დაახლოებით ისეთი, რასაც შორეულ 9 აპრილს ჰქონდა ადგილი.

მაშინაც და დღესაც თავის გაწირვა ე.წ. პოლიტიკოსებს სურდათ, ცხადია არა საკუთარის, არამედ სხვისი. სამშობლოს ასეთი თავგაწირვა არ სჭირდება. მას დინჯი, მშვიდი, პრაგმატული მოქმედება ესაჭიროება, თუნდაც ისეთი, სოციალურ ყოფას რომ ეხება და რომელიც აიძულებს ხელისუფლებას შეეშვას განუზომელ ჭამას, სახელმწიფო ფულის „უპრაგონოდ“ ხარჯვას, საზღვარგარეთის მოგზაურობებში, თანაც ქვეყნისთვის არაფრის მომტანში, ხეტიალს.

მარტო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უცხოურ ვოიაჟებში 78 მილიონი დახარჯა, რომ არაფერი ვთქვათ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენაზე, დიდ ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე.

აი, ეს არის გამოსასწორებული. ეს არის თავდასადები და არა რუსეთის ლანძღვა-გინება. რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებისკენ უნდა აიძულოს ხალხმა ხელისუფლება და არა კავშირების გაწყვეტისკენ. ისედაც მძიმე ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებაზე.

ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება დანიშნოს რეფერენდუმი შეკითხვით — უნდა თუ არა საქართველოს ნატოში შესვლა. ხალხმა უნდა გაარკვიოს, რამდენად შეეფერება სინამდვილეს მისი ანუ ხალხის „ურყევი“ სურვილი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, რასაც რახანია გვიკიჟინებს ყველა ხელისუფლება.

ხალხმა უნდა მოითხოვოს მისი კონსტიტუციური უფლება შრომაზე და აიძულოს ხელისუფლება შექმნას სამუშაო ადგილები, საწარმოები, ქარხნები. ხალხმა უნდა მოითხოვოს,  ხელისუფალთა ხელფასების ზომიერება.

ხშირად გაისმის ხელისუფლების მხრიდან ცინიკური განცხადებები, რომ ის ხალხის მსახურია, ხალხის მიერ დაქირავებული. და თუ ასეა, განა ხალხმა არ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას მოკრძალებული ქცევა, პროფესიონალიზმი, დისციპლინა, საბიუჯეტო თანხების ყაირათიანი ხარჯვა. განა ხალხმა არ უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში უმიზნო, საკუთარი თავისთვის სალაღობო, მოგზაურობების აღკვეთა. დააკვირდით პრეზიდენტს, რომელიც ყოველ კვირას უცხოეთში უსაგნო ვიზიტებში ხარჯავს დროს და მასთან ერთად საბიუჯეტო თანხებს.

ეს და სხვა მრავალი არის მოსაწესრიგებელი უპირველეს ყოვლისა და არა იმის ძახილი, რომ რუსეთი ოკუპანტია. გავიმეორებ — რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მიერ საკუთარი ხალხის „გრადებით“ დაბომბვა, არ იქნებოდა ოკუპაცია, ისე, როგორც არ ყოფილიყო 9 აპრილის ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგები და მოწოდებები, მომიტინგები დათანხმებულიყვნენ ბრძენი პატრიარქის რჩევას, არ იქნებოდა მსხვერპლი, ტრაგიკული დღე, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს ერის ცხოვრებას.

დაუფიქრებელი, ფიცხი გადაწყვეტილებების მიღება დასჩემდა ერს, რაც მძიმე შედეგებს იწვევს. ყველა გადაწყვეტილების უკან უპრინციპო, აგრესიული, საკუთარ კუჭზე მოფიქრალი პოლიტიკოსები დგანან. ასე იყო გუშინ და ასეა დღეს. პოლიტიკოსები ქებას არ ზოგავენ იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა ზურგსა და სახეზე გადაიარეს პოლიციელთა მიერ ნასროლმა რეზინის ტყვიებმა და ხელკეტებმა. მათმა ძალისხმევამ გამოიწვია მმართველი პარტიის თანხმობა საპარლამენტო არჩენების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე.

წამით დავფიქრდეთ და გულახდილად ვთქვათ — მეამბოხე ახალგაზრდებისგან რამდენმა იცის — რას ნიშნავს მაჟორიტარულ-პროპორციული ან პროპორციული სისტემა?

ძალიან ცოტამ, შესაძლოა არც არავინ. ისინი მარიონეტის ფუნქციას ასრულებდნენ, მაშინ, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა. განა საგანგაშო არ არის გაეროს კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვით 11 წლის შემდეგ საქართველოში ქართველი, უმცირესობაში იქნება?

და ასეთ დროს გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გაპროტესტება ხომ არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობას?

შეკითხვაც უსაფუძვლოა, ვინაიდან ყველამ, ვინც პოლიტიკურ ცხოვრებას უთვალთვალებს, კარგად იცის, რომ ბრბოს უკან არა მარტო აშშ-ს მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსებია, არამედ აგრესიული ამერიკელებიც. მათი მიზანი ერთია — საქართველო-რუსეთს შორის იმ უმნიშვნელო კავშირების გაწყვეტა, რასაც დღეს აქვს ადგილი.

რას გამოიწვევს ყოველივე რუსეთის მხრიდან — ძნელი გამოსაცნობი არ არის. უპირველესად რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებას; საჰაერო მიმოსვლის შემცირებას ან სრულ გაუქმებას; რუსეთის ბაზარზე ქართული ნაწარმის შეტანის შემცირებას; სხვა უფრო საგრძნობ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში ფულია. შემცირებული ბიუჯეტი კი ნიშნავს პრობლემებს ქვეყნის სხვადასხვა დარგების მუშაობაში.

რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ სერიოზული პოლიტიკური რყევები გამოიწვია საქართველოში, რაც ფსევდოპატრიოტიზმის, უვიცობის, ყოყლოჩინობის და პოლიტიკოსთა ეგოიზმის ბრალია — იმათი, ვინც სხვისი ანუ ხალხის მოტყუებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას — საკუთარი კუჭური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი