ბატონი არმაზ სანებლიძის სტატიასთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ 2019 წლის N43 ნომერში (27 ნოემბერი—3 დეკემბერი) — გამოქვეყნდა ბატონი არმაზ სანებლიძის სტატია სათაურით — „რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს „ულტიმატუმზე““.

საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტს აცნობს საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებელ გეგმას, რუსეთის პრეზიდენტი კი თავის მხრივ გამოთქვამს მოსაზრებებს და სურვილს ჩაერთოს ამ პროცესში, როგორც მომრიგებელი, თან ურჩევს კოლეგას იმ უპირველესი და აუცილებელი საკითხების აფხაზეთის მხარესთან შეთანხმებას, რომელთა გარეშე არსებული პრობლემების მოგვარება ეჭვქვეშ დადგება.

მიმოწერა 2008 წლის ივნის-ივლისში ხდება ანუ ომის დაწყებიდან ერთი თვითა და 8 დღით ადრე. სააკაშვილი წერილს უგზავნის მაშინდელ პრეზიდენტს მედვედევს და არა პრემიერ-მინისტრ პუტინს, რაც თავისთავად აბათილებს ჩვენთან მოარულ მოსაზრებას, რომ პუტინმა დაიწყო ომი და არვინ სხვამ. მიუხედავად მედვედევის არაერთი სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუსი, რომ რუსეთის არმიის იერიშის განკარგულება მან გასცა, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, ქართული მხარე მაინც თავისას გაიძახის — ომი პუტინმა დაიწყო.

თავის ინტერვიუში მედვედევი წუთებში აღწერს ქართული ჯარის საომარ მოქმედებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე; იმას, რამდენჯერ შევიდა მასთან კაბინეტში თავდაცვის მინისტრი სერდიუკოვი თხოვნით მოეხდინა რეაგირება; რამდენჯერ შეეცადა პუტინთან დაკავშირებას, რომელიც პეკინში იმყოფებოდა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, რათა მას (პუტინს) მიემართა აშშ-ს პრეზიდენტის ბუშისთვის, რომელიც ასევე იმყოფებოდა პეკინში, სტადიონზე, თუმცა ამაოდ. და როდესაც ქართულმა ტანკებმა ცხინვალის ქუჩებში დაიწყეს სვლა, მედვედევს სხვა არჩევანი აღარ დარჩა, გარდა ერთისა — თავზე მდგომი მინისტრისთვის შეტევის ბრძანების გაცემა.

პუტინთან კავშირი მოგვიანებით შედგა, როდესაც რუსეთის ტანკები ცხინვალის შემოგარენში იბრძოდნენ. პუტინმა სცადა ბუშთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ დაჟინებამ საბოლოოდ გაჭრა — პუტინი დაელაპარაკა ბუშს, რომელსაც დიდი გაოცება აღნიშნულის მიმართ არ გამოუხატავს. მართალია პუტინი სასწრაფოდ დაბრუნდა მოსკოვში და აქტიურად ჩაერთო პროცესებში, მაგრამ ომის დაწყების ბრძანება მას არ გაუცია.

ეს უბრალოდ, ცნობისთვის. ახლა, რაც შეეხება სააკაშვილის წერილს. ვეთანხმები ბატონი არმაზის შეფასებას წერილის „დიპლომატიურობასთან“ დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით წერილს და მასში გაჟღერებულ წინადადებებს არაფერი აკავშირებს არათუ დიპლომატიასთან, არამედ ელემენტარულ ტაქტთან, ზრდილობასთან. წერილის მბრძანებლურმა ტონმა უმალ გამახსენა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძისთვის გაგზავნილი, სააკაშვილის ბატისფეხურით ნაჯღაბნი რვეულის ფურცელი, რომელიც აბაშიძეს მერაბიშვილმა გადასცა. ქაღალდზე ჩამოწერილი იყო „ახალი მბრძანებლის“ სურვილები, რომელთა შესრულებას ის სასწრაფოდ ითხოვდა. მათში პირველი იყო ახალაიას სარფის საბაჟოს მთავარ კონტროლორად დანიშვნა.

ასლან აბაშიძე, უპატივცემლობით აღშფოთებული, ხშირად აჩვენებდა ამ ქაღალდის ნაგლეჯს უცხოელ დიპლომატებს, რომლებიც 2004 წლის მაისამდე ხშირად ჩადიოდნენ აჭარაში თბილის-ბათუმს შორის არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად. მათი რეაქცია იყო ისეთი, როგორიც ბატონი ასლანის, თუმცა ამას ვითარება არ შეუცვლია, ანდა რაღა შეცვლიდა  ვაშინგტონის მიერ სააკაშვილისთვის, საქართველოს ხელისუფლების სათავეებისკენ გახსნილ კარს?!

დიპლომატიაში ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში არასდროს შემხვედრია  სააკაშვილის წერილის მსგავსი „შედევრი“, რაც არა მარტო მისი „დამსახურებაა“, არამედ მაშინდელი საგარეო უწყებისაც, იმ მრჩევლებისაც, უხვად რომ ეხვივნენ თავს „მამა-მარჩენალს“.

არ შევუდგები წერილში მოყვანილი წინადადებების განხილვას. დაინტერესებული მკითხველი თვით გაეცნობა, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს წინადადებები — თბილის-სოხუმის იმჟამინდელი დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, აბსტრაქტულად, განუხორციელებლად მოსჩანდა. იქნებ წერილის ხელმომწერის მიზანიც ეს იყო ანუ პრიმიტიული, უბრალო ფანდი, რის შესახებაც მიგვანიშნებს ბატონი არმაზი: „ სააკაშვილმა მედვედევისთვის წერილის გაგზავნით შექმნა ალიბი: ყველაფერი ვიღონე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაწესრიგებლად, მაგრამ არ გამოვიდა, მშვიდობიან შეთავაზებაზე  მივიღე ცივი უარი, ომი დავიწყეთ, რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო“.

არადა მედვედევის პასუხში, რომელმაც არ დააყოვნა, იოტისოდენადაც არ ჩანს „დერჟავნიკობა“, უხეშობა, დიდი ქვეყნის ძალისმიერი პოლიტიკა. რაც ჩანს, პრობლემების ღრმა ცოდნაა, თან რჩევები მათი გადაჭრისთვის. მედვედევი, სააკაშვილს სთავაზობს ერთ თვეში შეხვედრას. მედვედევის საპასუხო წერილის შინაარსი საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ის შეგნებულად დამალა სააკაშვილმა, ვინაიდან ომის დაწყების გამაღიზიანებელ ფაქტორად ვერ გამოიყენებდა.

მედვედევისთვის „ალიბი-წერილის“ გარდა სააკაშვილმა ომის დაწყებამდე ერთი-ორი დღით ადრე, სპეციალური სატელევიზიო „ალიბი“ გამოსვლით მიმართა „ძმურ“ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას — მტკიცე, მყარი მეგობრობის ჩამოყალიბების და მშვიდობიანი, უშფოთველი, ერთობლივი ცხოვრების აშენებისთვის, რითაც მოადუნა ოსების ყურადღება და „მშვიდობიანი“  თანაცხოვრება „გრადებით“ დაიწყო.

სააკაშვილს, აფხაზეთთან პრობლემების მოგვარების სერიოზული სურვილი რომ ჰქონოდა, მოიკითხავდა ქართულ-აფხაზური შეხვედრების (შლაინინგის პროცესი) მასალებს, რომლის ერთ-ერთ რაუნდში დავით ბაქრაძეც მონაწილეობდა.

როგორც ამ მოლაპარაკებების მონაწილეს, შემიძლია ვთქვა, რომ გერმანიაში გამართული ბოლო რაუნდის მიხედვით, ისეთ ერთობლივ შეთანხმებას მივაღწიეთ, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით, თუმცა ყოველივეს ხაზი გადაუსვა აფხაზეთის მიმართ განხორციელებულმა სააკაშვილის პროვოკაციამ, შემდეგ წინასწარ დაგეგმილმა და აშშ-ს გარკვეული წრეების მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის ომმა.

აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის წიგნში წერს, რომ გააფრთხილა სააკაშვილი ომი არ დაეწყო, მაგრამ სააკაშვილმა არ დაუჯერა. აშშ-ს სპეცსამსახურების გამოჩეკილი სააკაშვილი, ამერიკელების ყურმოჭრილი მონა, რომელიც მათი თანხმობის გარეშე ტუალეტშიც ვერ შედიოდა, სახელმწიფო მდივნის ნათქვამს ფეხებზე დაიკიდებდა და ომს გააჩაღებდა?

რაისმა ეს იმიტომ დაწერა, რომ ჩვენ და მსოფლიოს გვეთქვა ის, რასაც ვამბობთ — აშშ-ი არაფერ შუაშია, ომი სააკაშვილმა დაიწყოო. სააკაშვილი — ცნობილია თავისი სიბრიყვით და იმპულსური მოქმედებით, მაგრამ ის ისეთი ბრიყვი არ არის, ომი დაეწყო რუსეთისთვის ამერიკელთა მხარდაჭერის გარეშე. ამის დასტურად გამოდგება მისი აღელვებული სატელეფონო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ ბუშთან.

სააკაშვილმა უღალატა ქვეყანას. დააკარგვინა მას ტერიტორიები, რუსეთი აიძულა ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა — მედვედევ-სარკოზის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან იმ მუხლის ამოღებით, სადაც თბილისს მოუწოდებენ სოხუმ-ცხინვალთან პოლიტიკური სტატუსის განსასაზღვრად მოლაპარაკების დაწყებას.

ერთ-ერთი უცხოური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა გაიხსენა ამის შესახებ და თავი ასე იმართლა — ამოვშალე იმიტომ, რომ რუსეთი, მოლაპარაკების დროს მაიძულებდა დათმობაზე წასვლასო.

სააკაშვილის გაჩაღებული ომი მაგონებს არგენტინის სამხედრო ხუნტის მიერ ფოლკლენდის კუნძულებისთვის დაწყებულ ომს, რაც ხუნტის მარცხით დამთავრდა. ინგლისის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაანადგურეს არგენტინის საზღვაო ძალები, რამაც დიდი სახალხო ჯანყი გამოიწვია არგენტინელებში, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ საკუთარი ხელისუფლების დასამხობად, რაც განახორციელეს კიდევაც. სამხედრო ხუნტა დაიჭირეს და ხანგრძლივი ვადით ციხეში გამოამწყვდიეს. აქ, რა მოხდა?

დამნაშავე სააკაშვილი და მისი „ხუნტა“ ლამის გმირებად აქციეს. პარლამენტის შენობის წინ გამართულ სცენაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხელოვნების მუშაკები, მომღერლები, ე.წ. ორატორები, აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ მეომარი „ამირანის“ დასაცავად. არც მომრიგებელი სარკოზი — საფრანგეთის პრეზიდენტი დავიწყნიათ. იქაურობას აყრუებდა — „სარკო, სარკო, მიშა-მიშას“ ძახილი. შემდეგ ცოცხალი ჯაჭვიც გაკეთდა — რუსული აგრესიის დასაგმობად. გონსმოსულმა სააკაშვილმა საზოგადოებას ამაყად ამცნო — ომში გამარჯვება და აგრესორი რუსეთის დამარცხება.

სააკაშვილს აპატიეს შინ და გარეთ. რა იყო ეს — ხელისუფლების წინაშე შიში? არც ერთ პარტიას არ გამოუთქვამს პროტესტი ომის დაწყებისთვის. არათუ პროტესტი, ხმამაღალი სიტყვაც არ დასცდენიათ. პირიქით, მხარში ამოუდგნენ დამნაშავეს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სპეცკომისიამ დიპლომატ ტალიავინის მეთაურობით და გაერომ საქართველოს ქმედება შეაფასეს, როგორც ომის გაჩაღება, აგრესია, დანაშაული.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააკაშვილმა და ნაცურმა ხელისუფლებამ, აშშ-ს დახმარებით, ფართო PR-კამპანია გააჩაღეს და მსოფლიოს ყურები გამოუჭედეს რუსეთის „აგრესიით“. ნაცურმა ხელისუფლებამ, გამუდმებული პროპაგანდით, საქართველოს საზოგადოება არათუ დაარწმუნა რუსეთის მზაკვრობაში, არამედ დააშინა კიდევაც საწინააღმდეგო მოსაზრების გაჟღერებისთვის.

მხოლოდ ივანიშვილის მართალმა სიტყვამ — ომი სააკაშვილმა დაიწყო, კარდინალურად შეცვალა ვითარება. მაგრამ მიუხედავად ამისა ნაციონალები, მისი განშტოებები, ე.წ. ექსპერტობა, საზოგადოების ნაწილი დღესაც ძველებურად გაჰყვირიან, უფრო მეტიც ისინი (უგულავა) სატელევიზიო გამოსვლების დროს მოგვიწოდებენ შევწყვიტოთ ამ თემაზე ლაპარაკი და ვაშენოთ ახალი საქართველო. ე.ი. ყველამ დავგმოთ რუსეთი, დავაბრალოთ მას აგრესორობა, გავამართლოთ სააკაშვილის ავანტიურა, შევუნდოთ მას და ნაცებს დანაშაული.

საქართველოს პოლიტიკა, ვითომ ანტაგონისტურდ განწყობილი ნაცთა მიმართ, იოლად ივიწყებს ნაცთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, განსაკუთრებით 2008 წლის ომის გაჩაღებას და ერთიანდება ივანიშვილის წინააღმდეგ, მუხლმოდრეკით ეახლება დამნაშავე სააკაშვილს უკრაინაში, როგორც მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსს, რომლის პოლიტიკური პერსონა უდავოდ გასათვალისწინებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

მან დაუშვა შეცდომა, მაგრამ ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ამოგდება შეუძლებელია. ასეთია გაერთიანებულთა აზრი, რომლის მიხედვით ცხინვალის ომის დაწყება, ათასობით ადამიანის მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა, ნგრევა უბრალო შეცდომაა.

არა, მეგობრებო. სიტყვა „შეცდომას“ სხვა განმარტება აქვს, რომელიც ვერაფრით დაიტევს ზემომოყვანილ საშინელებებს, რომელსაც დანაშაული ჰქვია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი