ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები საქმიან, სერიოზულ განხილვას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას რომ საჭიროებს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ქართული პოლიტიკა ისეა მონუსხული ევროატლანტიკური კურსით — ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ხელისუფლება და ოპოზიცია ისეთ პოლიტიკას აწარმოებენ რუსეთთან მიმართებაში, ძნელია იფიქრო ორ ქვეყანას შორის დათბობაზე ანდა თუნდაც ისეთ დამოკიდებულებაზე, მედიურ ლანძღვა-გინებას რომ არ ჰქონდეს ადგილი. ამ მიმართებით საქართველო უდავოდ უსწრებს რუსეთს და დღითიდღე ისეთ რეკორდებს ამყარებს, გულს უნათებს ლანძღვა-გინების შემკვეთ კოლექტიურ დასავლეთს.

დასავლეთიდან ბევრი შეკვეთა ყოფილა, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის ანდა თუნდაც არჩევნების სამართლიანად ჩატარების დარგში, მაგრამ ხელისუფლებას აინუნშიც არ ჩაუგდია და ნაცვლად უყოყმანო შესრულებისა, მინიმუმიც არ გაუკეთებია ქვეყნის ცხოვრების გამოსწორების მიზნით.

ქართული პოლიტიკა მიიჩნევს, რომ ზედმიწევნით წარმატებით ართმევს თავს უმთავრეს დავალებას — რუსეთის ლანძღვა-ქილიკს და სხვა დავალებები მასთან შედარებით არაფერია. დასავლეთიც იზიარებს ამ მოსაზრებას, რაც საბოლოო ჯამში ისევ საქართველოს აზარალებს.

საქართველოს პოლიტიკას და მასთან ერთად საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, ჯერაც ზედაპირული წარმოდგენა აქვს მეზობელი რუსეთის პოტენციური შესაძლებლობების თაობაზე და ისე იქცევა, უფრო სწორად ექცევა მას, თითქოს საქართველო იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ბირთვული სახელმწიფო და შეიარაღების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა — უდიდესი წიაღისეული სიმდიდრეებით.

რუსეთის არცოდნას და მასზე ცრუ წარმოდგენის ქონას არაერთხელ ჩაუყენებივართ უმძიმეს მდგომარეობაში. ერთ-ერთი ასეთი 2008 წლის ომი იყო, როდესაც საქართველოს პოლიტიკამ  ხელი აღმართა საკუთარ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც, საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რუსეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იმყოფებოდნენ.

„დაჟანგული ტანკები და როსტოვამდე ჩასვლა“ — სწორედ რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეუფასებლობა იყო, ამასთანავე „სტრატეგიულ პარტნიორზე“ გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა. სააკაშვილის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ი საქართველოს გულისთვის რუსეთს შეებრძოლებოდა, რითაც არათუ რეგიონის, მსოფლიო მშვიდობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

ცრუ წარმოდგენა რუსეთთან მიმართებაში და მოჭარბებული აშშ-ს, ნატოს, ევროკავშირის შესაძლებლობებზე არც „ოცნების“ ხელისუფლებას აკლია. ისიც ისე, როგორც წინამორბედი დარწმუნებულია რუსეთის უსუსურებაში. ისიც, ისე, როგორც წინამორბედი არათუ ლანძღავს რუსეთს — აქილიკებს, მასხრად იგდებს მას და ნაცვლად იმისა, რუსული ფაქტორის გათვალისწინებით, სერიოზულად გააანალიზოს რეგიონში არსებული ვითარება, სააკაშვილის გზას ადგას — პრეზიდენდყოფილისა, რომელმაც ისედაც მცირე ქვეყნის ტერიტორიებიც დაგვაკარგვინა და ხალხიც.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. უმნიშვნელო შეხების წერტილები — პრაღა-ჟენევის ფორმატში არსებობს, მაგრამ არა ისეთი, სერიოზული კვალი დაამჩნიოს შექმნილ ვითარებას. არადა სხვა ტემპი, სხვა შემართებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ჩიხში შეიძლება აღმოვჩნდეთ — „სტრატეგიული პარტნიორის“ თეორიული დახმარებაც კი არაფრის მომტანი იყოს.

საქართველოს არაერთი შესაძლებლობა გააჩნია იმისთვის, რომ მისმა ხალხმა ხელგაწვდის გარეშე იცხოვროს. ერთ-ერთი გეოგრაფიული მდებარეობაა. ორ ზღვას შუა მოქცეული ქვეყანა ერთ-ერთ უმოკლეს დამაკავშირებელ საკომუნიკაციო მაგისტრალად ითვლება დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც დიდი შესაძლებლობების მატარებელია ხელისუფალთა საზრიანი მოქმედების პირობებში, რასაც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით სანახევროდაც არ აქვს ადგილი. უკვე მერამდენე წელია საშველი არ დაადგა დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი საავტომობილო მშენებარე გზის დამთავრებას, ხოლო, რაც შეეხება ჩრდილოეთ-სამხრეთის საავტომობილო გზაზე ოცნებაც კი — ნეგატიურ რეაქციას აწყდება, როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან.

გაურკვეველ მდგომარეობაშია რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთიც. არადა მისი აღდგენა არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკურითაც მისაღები უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის.

აღდგენილი რკინიგზა ნიშნავს ქართველ და აფხაზ სპეციალისტთა, მგზავრთა ყოველდღიურ ურთიერთობას, საერთო ინტერესების გაჩენას, ერთმანეთთან დაახლოებას, ერთობლივ ბიზნესს და ყოველივე იმას, რასაც კავშირი ჰქვია.

რკინიგზა დააკავშირებს საქართველოს, სომხეთთან და რუსეთთან, პერსპექტივაში (არცთუ შორეულში) ირანთან, ინდოეთთან, სამხრეთ აზიის ქვეყნებთან, ისე, როგორც ევროპასთან. აღმოსავლეთიდან წამოსული ტვირთები ირან-სომხეთ-საქართველოს და რუსეთის გავლით შევა ევროპის ქვეყნებში და პირიქით. ტრანზიტი — ფულს ნიშნავს და მისი გონივრულად გამოყენება დიდ ფულს.

ქართული პოლიტიკა კი რას აკეთებს?

გაბუტულის პოზაშია და ამ თემაზე ლაპარაკის უარზეა. მაგრამ მარტო საქართველოს ხელისუფლება არის წინააღმდეგი?

ცხადია არა. წინააღმდეგია „სტრატეგიული პარტნიორი“, რომელსაც არ სურს რუსეთ-ირანის ისედაც მჭიდრო კავშირს სარკინიგზოც დაუმატოს. ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან აშშ-ი ისეა გაფეტიშებული საქართველოში, რომ არათუ რკინიგზის დანგრეული მონაკვეთის არ აღდგენა, არსებულის დანგრევაც რომ მოისურვოს — საქართველოს ხელისუფლება გაგებით შეხვდება.

ასე იცის აშშ-ს ყველა წინადადებაზე თავის ქნევამ. არადა თავმოყვარე ხელისუფლება, ამასთანავე საკუთარი ხალხის მოყვარე, გაბუტულის პოზაში კი არ ჩადგებოდა, საერთო ენას გამონახავდა ამერიკელებთან, დაარწმუნებდა მათ ამ მაგისტრალის აღდგენის აუცილებლობაში და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

გაივლის არცთუ დიდი დრო, აშშ-ი და რუსეთი საერთო ენას გამოძებნიან. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პომპეოს ვიზიტი სოჭში და მისი მოლაპარაკება პუტინთან და ლავროვთან, ისე, როგორც პუტინ-ტრამპის მომავალი შეხვედრა „ოცეულის“ სამიტზე, ამის საწინდარია და ეს რკინიგზაც ამუშავდება ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არცკი ჩააყენებენ საქმის კურსში.

მკითხველი უმალ შემედავება — ეს როგორო? პასუხი — ისე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით.

საზოგადოებას კარგად ახსოვს აღნიშნული პროექტის დაწყების დროს მაშინდელი პრეზიდენტის დაპირება, რომ თბილისიდან-ლონდონში შეეძლებოდათ მგზავრებს ამ მატარებლით ჩასვლა. და აი, გზაც გაიხსნა. მისი ძირითადი დანიშნულება — აზიიდან წამოსული ტვირთების ევროპაში ჩატანაა და პირიქით.

მშენებლობა საქართველოს 750 მილიონი დოლარი დაუჯდა ანუ ეს ფული აზერბაიჯანმა ასესხა საქართველოს, რომელმაც ტრანზიტული გადაზიდვებიდან შემოსული ფულით უნდა დაფაროს აზერბაიჯანის ვალი.

ახალქალაქში მოეწყო ჰაბი, გარდა ამისა იქ ხდება საბჭოთა სისტემის რკინიგზის ევროპულთან მისადაგება ანუ ვაგონების ბორბლების დავიწროება-გაფართოება, აგრეთვე სხვა ტექნიკური სამუშაოები.

რკინიგზას გარკვეული რაოდენობის ტვირთები უნდა გადაეზიდა, თუმცა მილიონები არ ჩანს, რაც ჩანს ათასებია (200 000 ტონა). ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანმა და თურქეთმა გამოსავალი მოძებნეს — რუსეთის ჩართვით. ანუ ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსული ტვირთები რუსეთის რკინიგზის მეშვეობით, რუსეთის ტერიტორიას გაივლის და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი მაგისტრალით წავა ევროპისკენ.

ჩინეთი, ისე, როგორც აზიის სხვა ქვეყნები, რახანია იყენებენ რუსეთის რკინიგზას, ევროპაში საკუთარი ტვირთების გადასაზიდად. ასე, რომ რუსეთს შეუძლია ნაწილი ამ ტვირთებისა საკუთარი რკინიგზის მეშვეობით შეუერთოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რითაც ის დაიტვირთება. ამ შემთხვევაში რუსეთიც იგებს ისე, როგორც აზერბაიჯან-თურქეთი.

გასულ 6 მაისს საკითხთან დაკავშირებით  მემორანდუმი თურქეთში გაფორმდა. მას ხელი რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის მესვეურებმა მოაწერეს. საქართველო არ იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე, რაც უდავოდ მიანიშნებს აზერბაიჯან-თურქეთის თავდაჯერებულობაზე, რომ საქართველოს რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს.

არის თუ არა ორი სტრატეგიული პარტნიორის ქცევა პარტნიორობის შესაფერისი?

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით — არა. გაცილებით უკეთესი იქნებოდა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, მოწვევა. ცხადია საქართველოს შეუძლია პროტესტის გამოხატვა თავის ტერიტორიაზე რკინიგზის ახალი, მოკლე ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის დამთავრების შემდეგ ყარსი და არა ახალქალაქი გახდება მთავარი ჰაბი, მაგრამ ამით გაამწვავებს ურთიერთობას ორივე ქვეყანასთან, რაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგს მოუტანს საქართველოს.

საკითხი, გარდა ეკონომიკური დატვირთვისა, პოლიტიკურს შეიძენს. როგორც აზერბაიჯანმა, ისე თურქეთმა კარგად იციან საქართველოს მჭიდრო კავშირურთიერთობების თაობაზე აშშ-ნ. ის არის ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თანამშრომლობს აშშ-თან. აზერბაიჯანი ამ მხრივ შორს არის ასეთი კავშირებისგან, ხოლო ნატოს წევრ თურქეთს ერთობ მძიმე ურთიერთობები აქვს აშშ-თან.

თურქეთ-რუსეთის წარმატებულმა ეკონომიკურ-სამხედრო და პოლიტიკურმა კავშირებმა, თურქეთის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემა C-400-ის სამომავლო შეძენამ, რუსეთ-თურქეთის ე.წ. „სამხრეთის ნაკადმა“, რომელიც რუსული გაზით მოამარაგებს სამხრეთ ევროპას — დიდი გაღიზიანემა გამოიწვია ვაშინგტონში. აშშ-ს ადმინისტრაციამ ულტიმატუმი წაუყენა თურქეთის ხელისუფლებას რუსულ სარაკეტო სისტემის შეძენასთან დაკავშირებით.

ულტიმატუმი ასეთია — თურქეთმა უარი უნდა თქვას უფრო იაფ და უმჯობეს სარაკეტო სისტემა C-400-ზე ამერიკული „პეტრიოტის“ სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი თურქეთს დაუწესებს სამხედრო-ეკონომიკურ სანქციებს და ა.შ.

თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობა თითქოს არაფერ შუაშია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან, მაგრამ საქართველოს პროტესტმა აღნიშნულ საქმეში რუსეთის ჩართვასთან დაკავშირებით მძიმე რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ანკარა-ბაქოში.

რკინიგზა მომგებიანი უნდა იყოს, სწორედ ამისთვის დაიხარჯა დიდძალა ფული, თუმცა ამ ეტაპზე მას არ აქვს სერიოზული დატვირთვა. 200 000 ტონამდე გადაზიდული ტვირთი მინიმალურიც არ არის 6-7 მილიონ ტონასთან შედარებით, რისი შესაძლებლობაც აქვს ამ რკინიგზას. ამიტომაც მიიწვიეს რუსეთი და მანაც მზადყოფნა გამოთქვა.

ძნელია ვივარაუდოთ საქართველოს, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შემთხვევაში, რუსეთი დაეხმარებოდა თუ არა მას ახალქალაქის ჰაბად დარჩენაში, ნაცვლად ყარსისა. მაგრამ მჯერა, რომ ეს ასეც იქნებოდა.

საქართველოს ხელისუფლება მუდამ გაიძახის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციის შესახებ, თუმცა არაფერს ამბობს პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე. ამ თვალსაზრისით კურსი, რომელიც ვაშინგტონმა ამოგვირჩია უცვლელია, რაც ერთობ წამგებიანია ქვეყნის, როგორც ეკონომიკის, ისე პოლიტიკისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი