ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის მოტყუების საქმე დიდ იშვიათობას რომ არ წარმოადგენს, არახალია. რაც დრო გადის, პროცესი სულ უფრო დახვეწილ სახეს ღებულობს, თუმცა არის განსხვავება – ქვეყნების დემოკრატიულობიდან გამომდინარე. მაგალითად, დემოკრატიად წოდებულ დასავლეთში, არჩეული ხელისუფლების მიერ, ამომრჩევლის მოტყუების საქმე დაბალპროცენტიანია, ვინაიდან ხალხი – გათვითცნობიერებული პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავს უფლებას არ მისცემს, მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თავი მოატყუებინოს.

მოტყუების ოდნავი ნიშნების შემთხვევაში საზოგადოება მკაცრად რეაგირებს – მიტინგებით, მასობრივი დემონსტრაციებით, სხვა ხალხმრავალი აქციებით, რაც აფრთხილებს ხელისუფალთ, რომ მის მიერ გაგორებულ ტყუილს, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში უხვად გაცემული დაპირებების შეუსრულებლობას, მოკლე ფეხები აქვს და ამომრჩეველი ნეგატიურად შეაფასებს ყოველივეს.

მაგალითის მოსაყვანად შორს წასვლა არ დაგვჭირდება – ავიღოთ საფრანგეთი და მისი გუშინდელი სოციალისტური პარტია – ამჯერად დამარცხებული და ლამის დაშლამდე მისული. სოციალისტურმა პარტიამ და მისმა ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა გამარჯვება იმ დაპირებებით გამოჭედეს, რასაც სოციალური საკითხების მოგვარება, მტკიცე საშინაო და საგარეო პოლიტიკა ჰქვია.

ოლანდმა ვერ შეასრულა დანაპირები, რაც არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გამომჟღავნდა. მან არ გაიზიარა მილიონზე მეტი ადამიანის საპროტესტო ფართომასშტაბიანი გამოსვლები ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ბავშვის აყვანის დაკანონების, შრომის ახალი კანონის, მიგრანტების ქვეყანაში შესვლის საწინააღმდეგოდ და 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული მარცხი განიცადა.

მეორე მაგალითი. ამომრჩეველი კმაყოფილებას არ გამოხატავს, მის მიერ არჩეული პრეზიდენტის ტრამპის მიერ დაპირებების შესრულებლობის გამო, ვინაიდან მისი დაპირებები – გაცემული წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სხვა შემართებას ითხოვს პრეზიდენტისგან. კონგრესისგან და პოლიტიკური ელიტისგან ჩიხში მომწყვდეული ტრამპი, ცდილობს არ გააღიზიანოს მოწინააღმდეგე ბანაკი, რაც გარკვეულწილად საკუთარი ამომრჩევლის რისხვას იწვევს.

ტრამპის მრავალი დაპირებიდან ერთ-ერთი მთავარი რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაა, მაგრამ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ელიტის გამოისობით, ჯერ-ჯერობით დანაპირების შესრულებას სასიკეთო პირი არ უჩანს, პირიქით რუსოფილობის თავიდან აშორების მიზნით, ისეთი ანტირუსული მოქმედების გამოვლინებას აქვს ადგილი, მის წინამორბედ ობამასაც კი შეშურდებოდა.

სხვა დაპირებებს ტრამპი ძნელად, მაგრამ მაინც ასრულებს – მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებიდან დაწყებული, ნატოსთან და ევროკავშირთან ახალი ურთიერთობებით დამთავრებული. ტრამპის მიდგომა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, განსაკუთრებით უკრაინასთან ისეთი არ არის, როგორსაც ის აცხადებდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ არც ისეთია, „ჩახუტებას“ რომ ნიშნავდეს.

პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ტრამპი აცხადებდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე არ უნდა ყოფილიყო აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის შეცვლილი, თუმცა კარდინალურ უკუსვლას ადგილი არ აქვს, რაც გამომჟღავნდა უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს ვაშინგტონში ვიზიტის დროს. პოროშენკოს, მასპინძლობას ვიცე-პრეზიდენტი პენსი უწევდა და მასთან მოლაპარაკების შემდეგ მასპინძელმა პრეზიდენტთან შეიყვანა.

შეყვანა, ცხადია სულაც არ ნიშნავს მოლაპარაკებას. ის, უფრო საერთო თემებზე ლაპარაკს ნიშნავს, აგრეთვე  ფოტოსურათების გადაღებას და ჟურნალისტების თანდასწრებით პროტოკოლური სახის წინადადებების გაცვლას.

თეთრი სახლის მიერ შემუშავებული ახალი პოლიტიკის მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების პრეზიდენტთან შეხვედრა 6 წუთს არ აღემატება. მართალია, პოროშენკოსთან ლაპარაკი 27 წუთს გაგრძელდა, ნაცვლად დაგეგმილი 6 წუთისა, მაგრამ ამით პოროშენკოს ნანატრ „ჩახუტებას“ ადგილი არ ჰქონია. რასაც ადგილი ჰქონდა იყო ის, რომ თეთრი სახლიდან გამოსულმა პოროშენკომ აღფრთოვანებით ილაპარაკა, თუ როგორ მტკიცედ უჭერს და მომავალშიც მხარს დაუჭერს ტრამპი უკრაინას და მის ხელისუფლებას.

პოროშენკოს მიღებით ორივე პრეზიდენტი კმაყოფილი იყო. ტრამპი, იმიტომ, რომ უკრაინის საკითხში გამოავლინა ყურადღება, რაც მისი მოწინააღმდეგეებისთვის ძვლის გადაგდებას ნიშნავს. პოროშენკო კმაყოფილი იყო იმიტომ, რომ პრეზიდენტმა მიიღო, რაც ასევე ნიშნავს უკრაინაში პრეზიდენტის მოწინააღმდეგე ბანაკისთვის ძვლის გადაგდებას.

კარდინალური ცვლილება ამერიკა-უკრაინის ურთიერთობაში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ჯერ-ჯერობით არ ჩანს და ალბათ არც იქნება, ვიდრე ერთმანეთს არ შეხვდებიან ტრამპი და პუტინი. როგორც ამბობენ ასეთს ადგილი ექნება „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს, რომელიც სულ მალე გაიმართება გერმანიაში.

თეთრი სახლის ახალი პროტოკოლი „დროპ ინ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტის დროსაც იქნა გამოყენებული, თუმცა განსხვავებული ნიუანსებით, რაც უფრო დაბალ მიღებაში გამოიხატება. კვირიკაშვილიც, დაბარებისთანავე, ვაშინგტონში აღმოჩნდა – ტრამპთან შეხვედრა-მოლაპარაკების მოლოდინში, მაგრამ ისიც, როგორც პოროშენკო, ვიცე-პრეზიდენტ პენსს ვერ გასცდა. სწორედ მასთან ლაპარაკის შემდეგ შეუყვანა პენსმა კვირიკაშვილი ტრამპს.

„თათარიახნი“ შეყვანა, „დროპ ინ“-ად მონათლული, არც ტრამპის სამუშაო მაგიდიდან წამოდგომას ითვალისწინებდა და არც სკამის შეთავაზებას. ფეხზე მდგარმა კვირიკაშვილმა, ტრამპის მაგიდაზე ხელდაყრდნობილმა, დაზეპირებული ქათინაურების გუნდა ტყორცნა ტრამპს და შეხვედრაც მორჩა. რაც შეეხება პოროშენკოს – ის სკამზე დასვეს – ბუხრის ფონზე, ტრამპის გვერდით. პროტოკოლის დარღვევით, შეხვედრა ნაცვლად 6 წუთისა, 27 წუთი გაგრძელდა, რითაც უდავოდ იამაყა პოროშენკომ.

რა გაეწყობა, უკრაინა დიდია და მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, მაგრამ თუ რამდენად ტრამპისთვის – ძნელი დასადგენია. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას – რაღაცას წარმოადგენს ამერიკისთვის, მაგრამ „რაღაცას“ და არა ისეთ ბაჯაღლოს, საქართველოს პოლიტიკა რომ ხატავს. ეს „რაღაცა“ კი უდავოდ არ არის საკმარისი ქვეყნისთვის, თავს რომ ამერიკის „სტრატეგიულ პარტნიორად“ წარმოაჩენს.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაინტერესება კავკასიით და კერძოდ საქართველოთი, გაცილებით შეზღუდული იქნება, ვიდრე პრეზიდენტ ობამას დროს. მაშ, რას გვიცხადებს პირაქაფებული კვირიკაშვილი – ურთიერთობები იმაზე უკეთესი იქნება, ჩვენ რომ ვიმედოვნებდითო.

„ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავების. 25 წლის მანძილზე ასე იყო და მომავალი 25 წლის განმავლობაში შევძლებთ რომ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა შევქმნათ აშშ-თან“, – განაცხადა თეთრი სახლიდან გამოსულმა პრემიერმა.

ურთიერთობა, უდავოდ არ ნიშნავს ერთის ძალისხმევას. ის ორმხრივ მოქმედებას ნიშნავს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საეჭვოა, ვინაიდან ტრამპმა დაიწყო წინასაარჩევნო დაპირებების ერთ-ერთი პუნქტის შესრულება. კერძოდ: ამერიკის მიერ საგარეო დახმარების შემცირება. 2018 წლისთვის ტრამპის ადმინისტრაცია 75%-ით შეამცირებს სამხედრო დახმარებებს კავკასიის 3 ქვეყნის მიმართ. საქართველოს ასეთი 6-ჯერ შეუმცირდება.

2012 წელს საქართველომ აშშ-გან მიიღო 192.48 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება. მეტნაკლებად ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი 2018 წელს ის 6 მილიონს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო კარგავს ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის სახეს.

მაგრამ მარტო საქართველო იქნება ასეთ დღეში?

ნამდვილად არა! ანალოგიურ ვითარებაში იქნებიან სომხეთი და აზერბაიჯანიც. სომხეთი ნაცვლად 2017 წლის 4 მილიონისა, მიიღებს 2.8 მილიონს; აზერბაიჯანი 2017 წლის 2 მილიონისა, მიიღებს ერთ მილიონს. საქართველო ნაცვლად 37 მილიონისა – 6 მილიონს.

მომავალი წლისთვის საგრანტო დაფინანსება იგეგმება შემდეგნაირად: სამხედრო სწავლება და წვრთნა – 2,2 მილიონი; ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ ბრძოლა – 3 მილიონი; ანტიტერორისტული საქმიანობა – 900000. მომავალი წლისთვის საქართველოს ისე, როგორც მის მეზობლებს არ გამოეყოფათ ფული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად. წელს გამოყოფილი ჰქონდა 30 მილიონი.

დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში საქართველომ სამხედრო დახმარების სახით 463,63 მილიონი დოლარი მიიღო; სომხეთმა – 106,69 მილიონი; აზერბაიჯანმა – 83,55 მილიონი.

ზემომოყვანილი დახმარება თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად იყო და არის საქართველო დაკავშირებული აშშ-თან; რამდენად სერიოზულად აღიქვამდა აშშ-ი საქართველოსთან ურთიერთობას. აშშ-ს ინტერესი ამიერკავკასიის მიმართ არც ისეთია, როგორიც წინა წლებში. მაშინ ვაშინგტონი დიდ იმედებს ამყარებდა აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე და მის გამოყენებაზე ევროპაში, რუსული გაზის საპირწონედ.

ამ თვალსაზრისით არაერთი პროექტი შეიქმნა, მაგრამ ვერ განხორციელდა, სერიოზული დაფინანსების მოუძიებლობის გამო. ვაშინგტონმა ვერ შეძლო აზერბაიჯანის ენერგეტიკული რესურსების რუსეთის „გაზპრომისთვის“ დაპირისპირება. გარდა ამისა მას ეჭვი გაუჩნდა ბაქოს ენერგომატარებლების მოცულობაზეც.

ამერიკის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ კავკასიის ქვეყნები სწრაფად შეითვისებდნენ ამერიკელთა შეგონებას დემოკრატიასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ქვეყნების ტრადიციებმა, კულტურამ და ცხოვრებისეულმა ყოფამ ისე სწრაფად ვერ განიცადა ტრანსფორმაცია, როგორსაც ვაშინგტონი მოელოდა. ამერიკული დემოკრატიის აბები სამკურნალოდ გამწესებულმა ახალმა დამოუკიდებულმა ქვეყნებმა მხოლოდ ნაწილობრივ შეითვისეს, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი სწრაფი დემოკრატიისთვის.

ისე, როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ამერიკელთა მიერ გამოყენებულმა მეთოდებმა ბოლომდე ვერ გაჭრა და კავკასია მისთვის ძნელად მოსარჯულებელ რეგიონად იქცა. იმედგაცრუებული ვაშინგტონი შეეცდება კავკასიიდან გარიდებას?

იოლი გამოსაცნობი არ არის, მაგრამ ტრამპის დამოკიდებულება მისადმი, რაღაცის მომასწავებელია, ცხადია ნაკლებად დამამშვიდებლი საქართველოსთვის. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, მათზე ნაკლები აქცენტები კეთდებოდა. საქართველო იყო ამიერკავკასიაში აშშ-ს დასაყრდენი. მომავალშიც ალბათ ასეთად დარჩება, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად, ვიდრე უწინ.

ამიერკავკასიას სხვა ხიბლი აქვს ამერიკისთვის და მას კასპიის ზღვის ქვეყნების, განსაკუთრებით ირან-რუსეთის მონიტორინგი ჰქვია. ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ირანს ნომერ პირველ მტრად აღიქვამს, ისე, როგორც არაბული ქვეყნების ზოგიერთი მონარქიები, ამიერკავკასიას იოლად ხელიდან არ გაუშვებს, თუმცა ნაკლები დანახარჯებით სამივე ქვეყნის მიმართ არა მარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

ტრამპის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს მომავალი წლისთვის სამჯერ შეამციროს უცხო ქვეყნების ეკონომიკური დახმარება, განსაკუთრებით კავკასიის ქვეყნებისთვის. მაგალითად, სომხეთს შეუმცირდება 5-ჯერ, ვიდრე ობამას ადმინისტრაციის დროს; საქართველოს – 2,5-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანს – არაფერი ექნება მომავალ წელს.

თუ სომხეთი წელს იღებდა 22,41 მილიონ დოლარს, მომავალ წელს მიიღებს 4 მილიონს; საქართველო, ნაცვლად 63,02 მილიონისა, მიიღებს 28 მილიონს; აზერბაიჯანი, ნაცვლად 10,93 მილიონისა, ნულს. დაფინანსება განხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით.

დამოუკიდებლობის წლებში, საერთო ჯამში სომხეთმა მიიღო 145,82 მილიონი დოლარი; საქართველომ – 331,01 მილიონი; აზერბაიჯანმა – 63,78 მილიონი.

თუ შევაჯამებთ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას დამოუკიდებლობის წლებში მივიღებს შემდეგს: სომხეთი – 252,52 მილიონი დოლარი; აზერბაიჯანი – 149,34 მილიონი; საქართველო – 794,65 მილიონი. აქედან გამომდინარე ამიერკავკასიის დახმარებიდან 66% – საქართველომ მიიღო – აშშ-სთვის პრივილეგირებულმა ქვეყანამ კავკასიაში. უნებლიედ იბადებ აკითხვა – ღირდა ამ არც თუ დიდი თანხის გამო საქართველოს, ამერიკაზე მიბმა? საქართველოს ყველა ხელისუფლებამ კაპიკად გაყიდა სამშობლო, საკუთარი ბედნიერების ფასად.

აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება 2018 წლის დახმარების თაობაზე ერთობ მოკრძალებულია და სიმბოლურს უტოლდება, რაც არ უნდა აძლევდეს იმის თქმის შესაძლებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რაც მან თეთრი სახლიდან გამოსვლის შემდეგ ოპტიმისტურად განაცხადა. საქმე აქ სულაც არ არის დახმარების რაოდენობაზე, აქ გასააზრებულია ის მთავარი, რასაც პოლიტიკური ინტერესის განელება ჰქვია.

საქართველოს საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს ამგვარი რამ, ვინაიდან პოლიტიკური ინტერესი მუდამ ექვემდებარება ცვალებადობას. ქართული პოლიტიკისთვის მსგავსი რამ ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, მაგრამ როდესაც მას მხოლოდ ერთ ბუდეში, ამერიკულში, აქვს კვერცხები ჩადებული და მათზე უდიდეს იმედს ამყარებს, მდგომარეობა პანიკური ხდება. სწორედ ამით არის გამოწვეული ხან ვაშინგტონის, ხან ბრიუსელის კარზე ატუზვა და დაპირებების კორიანტელის დაყრა მასპინძლებისთვის.

არადა, ნაცვლად ფუჭი ხეტიალისა, ხელისუფლებას რომ მეზობლებისკენ გაეხედა, განსაკუთრებით რუსეთისკენ, პრობლემები არ ექნებოდა, უპირველეს ყოვლისა სამხედრო საქმეში იმ თანხებს არ დახარჯავდა, რასაც რუსეთის შიშით აკეთებს

აქვე აღვნიშნავ – რაც არ უნდა მოინდომოს საქართველოს ხელისუფლებამ – შეიარაღების თვალსაზრისით, თავს ზევით ვერ ახტება და რუსეთს ვერ გაუტოლდება. ვერც აშშ-ი და ვერც ნატო – გაპარპაშებული საქართველოში, ვერაფრით შეაჩერებენ რუსეთის შეტევას, თუკი რუსეთი შეეცდება ამას. რუსეთი კი არ ცდილობს და ალბათ არც შეეცდება, თუ ისეთ გამოწვევას არ ექნება ადგილი ჩვენი მხრიდან, რასაც 2008 წელს ჰქონდა.

ქართულმა პოლიტიკამ საკუთარი ლექსიკონიდან რახანია ამოიღო სიტყვა „მოლაპარაკება“ – მსოფლიო ისტორიის მანძილზე არაერთხელ ნაცადი. ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით თავდება. ასე იყო და არის დედამიწაზე სიცოცხლის დაწყებიდან, მაგრამ რატომღაც ხელისუფლება არ იზიარებს მსოფლიო პროქტიკას და აგრესიულად მიყვება გზას, რომელიც მას დასავლეთმა გაუკვალა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.