რას მოუტანს მსოფლიოს ორთა ჭიდილი?

დიდ სახელმწიფოთა სამხედრო დაპირისპირების საკითხი კარგა ხანია არ ყოფილა ისე მწვავე, როგორც დღეს. აქ უპირველეს ყოვლისა ამერიკა-რუსეთის პაექრობის თემა იპყრობს ყურადღებას, რამეთუ ის (პაექრობა) სისტემატურად ავლენს მშვიდობიანობიდან კონფრონტაციაში გადასვლის ნიშნებს. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მწვავე დაპირისპირების წყარო ისე, როგორც ყოველთვის, განვლილი 70 წლის განმავლობაში, აშშ-ს პოლიტიკოსები არიან. ანტირუსული პროპაგანდა, მითუმეტეს ქმედება, აშშ-ს კონგრესიდან მოედინება და წარღვნით ემუქრება არა მარტო რუსეთს, არამედ კაცობრიობას.

სხვას ვერაფერს იტყვი სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომელიც წარმომადგენლობათა პალატაში გადავიდა განსახილველად და კანონად გადასაქცევად. მოულოდნელად, წარმომადგენლობათა პალატამ თავი შეიკავა განხილვისგან და როგორც კაპიტოლიუმში ამბობენ, მანამ არ განიხილავს, ვიდრე თვით სენატი არ შეარბილებს ანტირუსულ ახალ სანქციებს, რომლებიც არა მარტო რუსეთს შეეხება, არამედ ევროკავშირსაც, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია, ავსტრია, სხვები. მათი ბიზნესი აქტიურად არის ჩართული ჩრდილოეთის გაზსადენის მშენებლობაში.

უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს „გაზპრომის“ მიერ დაწყებული მშენებლობა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, რომელიც გაზით უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ამერიკელი სენატორების მიერ შემუშავებული კანონპროექტით – დაჯარიმდება ის ბიზნესი, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ გრანდიოზულ მშენებლობაში, რაც თავისთავად გამოიწვევს მშენებლობის შეჩერებას, საბოლოო ჯამში ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეფერხებას და შემცირებას.

ამერიკელი სენატორების გადაწყვეტილება, რომელსაც თითქმის ყველამ დაუჭირა მხარი, გარდა 2 სენატორისა, გამოწვეულია იმით, რომ რუსულმა გაზმა პოლიტიკური ზეგავლენა არ მოახდინოს ევროკავშირზე; რომ ევროკავშირმა გაზით მომარაგების საკითხში მიმართოს დივერსიფიკაციას და ნაცვლად რუსული „აგრესიიული“ გაზისა, ამერიკული დაჭირხლული გაზი შეიძინოს. მერე რა, რომ ამერიკული გაზი გაცილებით ძვირი დაუჯდება ევროპას?

ეს საკითხი ამერიკელ სენატორებს არ ანაღვლებთ. მათთვის მთავარია რუსული გაზის ევროპიდან განდევნა და ევროპაში ამერიკული გაზის გასაღება, რაც აშკარა დემონსტრირებაა იმ ძალისმიერი პოლიტიკისა, რასაც აშშ-ი მიმართავს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ათეული წლების განმავლობაში. მკითხველი უდავოდ იკიხავს, რატომ ახლა და სად იყვნენ ამერიკელები, როდესაც „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთი ნაკადი-1“ გაიყვანა?

მაშინაც იყო დიდი წინააღმდეგობა ამერიკის პოლიტიკოსთა მხრიდან, მაგრამ იყო აშშ-რუსეთის დიალოგიც, რომელსაც წერტილი 2014 წელს დაესვა, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციამ მოახერხა უკრაინის „რევოლუციის“ აგორება მაიდნის სახით და კანონიერი ხელისუფლების დამხობა. ამერიკელთა უშუალო ჩარევის გზით უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდნენ მეორე მსოფლიო ომში გამობრძმედილი უკრაინელი ბანდერელების ნაშიერები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმავე ამერიკელების დახმარებით, ამერიკაში გაიხიზნენ და შესაფერის მომენტს ელოდნენ უკრაინაში ფაშიზმის ასაღორძინებლად.

მკითხველს შევახსენებ, რომ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ამერიკის ხელისუფლებამ, სპეცსამსახურებმა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მაიდანი 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა ამერიკას. 2014 წლის რევოლუცია, თავისი ანტირუსული ბუნებით, არა მარტო რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ თვით უკრაინაში მცხოვრები მილიონობით რუსის. „რევოლუციონერთა“ პირველი მოთხოვნა იყო და არის – უკრაინა, უკრაინელთათვის.

შევიწროვდა რუსული ენა და ყველაფერი დაკავშირებული რუსეთთან, რამაც საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია დონბასში, ყირიმში, სხვაგან. „რევოლუციურმა“ ხელისუფლებამ ძალას მიმართა, ხოლო ყირიმის მოსახლეობამ – რეფერენდუმს. ოფიციალური კიევისა და მისი დასავლელი მრჩევლების დახმარებით დონბასში დღესაც ადგილი აქვს სამხედრო მოქმედებას, მსხვერპლს, უაღრესად გართულებულ საცხოვრებელ ვითარებას.

გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის ძალისხმევით და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით დაიდო ე.წ. მინსკის ხელშეკრულება, რომელიც მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს – უკრაინას, დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ სახალხო რესპუბლიკებს მოლაპარაკებისკენ და მშვიდობიანი გზით საკითხის მოგვარებისკენ.

სამწუხაროდ, ოფიციალური კიევის გამოისობით, პროცესი ჩიხშია შესული, რაშიც დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს. ყირიმის მიერთების და დონბასში საომარი მოქმედების გაშლის შემდეგ დასავლეთი იღებს ანტირუსულ სანქციებს, რასაც მოჰყვა რუსეთთან კავშირების განელება,ზოგი პარამეტრებით გაწყვეტა.

დასავლურ სანქციებს რუსეთი თავისას უპირისპირებს, რამაც ევროკავშირს 100 მილიარდი დოლარის ზარალი აგემა, თვით რუსეთს – 50 მილიარდის. სამწელიწადნახევარია მძვინვარებს დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება – უკრაინიდან გამომდინარე, რასაც მოჰყვა თვით უკრაინაში ანტირუსული პროპაგანდა, რუსული საწარმოების, ორგანიზაციების დახურვა, რუსული ენის შეზღუდვა, უკრაინა-რუსეთს შორის საჰაერო-სარკინიგზო მიმოსვლის შეზღუდვა, უკრაინაში საბჭოთა პერიოდის მოღვაწეთა ძეგლების აღება, ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა და ბანდერასა და არანაკლები ფაშისტის შუხევიჩის ძეგლების დადგმა, ქუჩებისთვის მათი სახელების დარქმევა. უკრაინაში მიდის გამალებული დერუსიფიკაცია, რასაც ტაშით ეგებება დასავლეთი და უფრო მეტს მოითხოვს მონადქცეული უკრაინის ხელისუფლებისგან.

სამი წლის განმავლობაში ამერიკელთა ძალისხმევით შეიქმნა ისეთი უკრაინა, რომელიც სასტიკად უპირისპირდება რუსეთს, ლანძღავს, აგინებს მას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმსა თუ ოფიციალური შეხვედრების დროს თავს არ ზოგავს რუსეთის აგრესორად დახატვისთვის. უკრაინის ხელისუფლება ჯიქურ მოითხოვს ევროპა-ამერიკისგან როგორც ფინანსურ, ისე სამხედრო დახმარებას, ვინაიდან, რომ არა უკრაინა, რუსეთის ტანკები ევროპის ქალაქებში ინავარდებდნენ.

უკრაინელი პოლიტიკოსები სისტემატურად იმეორებენ მათ მიერ გამოგონილ ნათქვამს – უკრაინა იცავს ევროპას და ის იმსახურებს დასავლურ დახმარებას. ეს ლოზუნგი არახალია და მრავალჯერ გვსმენია ქართველი, ბალტიისპირელი, პოლონელი პოლიტიკოსებისგან. მიზანი მარტივია – ანტირუსული ისტერიით დასავლეთისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების დაცინცვლა.

განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ. ყველას ერთი სული აქვს ვაშინგტონში გაიქცეს და ტრამპს უთხრას, რა საშიშია რუსეთი, რომ ზემომოყვანილი ქვეყნები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან და საჭიროებენ დახმარებას.

რთული საქმეა ამდენი „ჩამშვების“ მოსმენა, მაგრამ მათზე არანაკლები ჩამშვებები ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები არიან. მათ ურთულესი დამოკიდებულება აქვთ „თეთრ სახლთან“, პირადად პრეზიდენტ ტრამპთან, ამერიკის პოლიტიკის ნახევარზე მეტი ტრამპს რუსეთის აგენტად მიიჩნევს. თვით ამერიკელი ექსპერტების განმარტებით, სენატორთა მიერ ინიცირებული კანონპროექტი იმდენად რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, რამდენადაც ტრამპის წინააღმდეგ.

„მერუსეთე“ ტრამპი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. ფაქტიურად ის ჩიხშია მოქცეული იმ წინასაარჩევნო კამპანიის გამო, რომელშიც მან გაიმარჯვა, მაგრამ, როგორც მისი მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ – გაიმარჯვა რუსეთის დახმარებით.

აშშ-ს ისტორიაში არასდროს ჰქონდა ადგილი ინაუგურაციის შემდეგ, თითზე ჩამოსათვლელ დღეებში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. რაც არ უნდა თქვას ტრამპმა, ყველაფერი მედიის კრიტიკის საგანი ხდება. ის ხელშებორკილია და ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმეებზე იფიქროს, საშინაო შემოტევებისგან თავდაცვითაა დაკავებული, რაც იწვევს იმას, რასაც ადმინისტრაციის გაუგებრობა, ჩამოუყალიბებლობა ჰქვია.

საშინაო საქმეებში ჩამოუყალიბებლობა ცუდია, მაგრამ გაცილებით ცუდია, რისკის შემცველია, ჩამოუყალიბებლობა საგარეო საქმეებში. ამას უნდა მიეწეროს აშშ-ს მიერ სირიის აეროდრომის დაბომბვა. სულ ახლახანს სირიის გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდება, ჩრდილო კორეისკენ საზღვაო არმადის დაძვრა და სხვა. სირიის მიმართ სამხედრო გამოხდომებს თავისუფლად შეეძლო რუსეთის გამოწვევა და სირიაში მოქმედი რუსული სამხედრო ძალების პასუხი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის თავშეკავებამ გადაგვარჩინა.

ჩიხში მომწყვდეული ტრამპი უმტკიცებს თავის მტრებს, რომ რუსოფილი არ არის და თავს ესხმის სირიას. მაგრამ სრული შესაძლებელია მან ვერ მოზომოს სიტუაცია და ისეთი ნაბიჯი გადადგას, რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება რომ მოჰყვება.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ამბობდა – ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები პროვოკატორები არიან და სრული შესაძლებელია ერთმანეთს წაჰკიდონ ამერიკა-რუსეთი. მაგრამ ეს იყო ერთი წლის წინ. დღეს სხვა ვითარებაა. პრეზიდენტი ტრამპი უკან იხევს და სხვაგვარ განცხადებას აკეთებს, რაც მის მიერ დასახელებულ „პროვოკატორებს“ სტიმულს აძლევს, ტრამპის გადასაბირებლად, ახალი ანტირუსული ქმედების განსახორციელებლად.

აღნიშნულ პროვოკატორთა რიგებში მყარად დაიკავა ადგილი უკრაინამ, რომლის პრეზიდენტი პოროშენკო მიიღო ტრამპმა. საუბარი 2 პრეზიდენტს შორის, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 6-დან 27 წუთამდე გრძელდებოდა, რაც არ იძლეოდა საკითხების სრული განხილვის შანსს, მაგრამ პოროშენკოს, ტრამპამდე ვიცე-პრეზიდენტი პენსი მასპინძლობდა – ხანგრძლივი მოლაპარაკებით, რის შემდეგაც „შეიარეს“ პრეზიდენტ ტრამპთან.

უკრაინული წყაროების მიხედვით, პოროშენკოს აშშ-სთვის მომზადებული ჰქონდა მინსკის შეთანხმების ალტერნატიული გეგმა, რაც ითვალისწინებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების რეინტეგრაციას და ცენტრალურ ხელისუფლებაზე მათ დაქვემდებარებას, რაც უდავოდ გამოიწვევს ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებას.

განიხილეს თუ არა პოროშენკოს ალტერნატივა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ტრამპთან შეხვედრისას, გაჟღერებული „მინსკის შეთანხმება“ იმაზე მეტყველებს, რომ ის ძალაშია. აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია – ჩაფლული საშინაო ბრძოლებში, ვერ პოულობს დროს უკრაინის, მსოფლიოს სხვა მნიშვნელობის საკითხების გულდასმით განხილვისთვის და შესაბამისი დასკვნების გაკეთებისთვის.

პოროშენკოს მიღება „თეთრ სახლში“ ტრამპის მიერ სენატორებისთვის გადაგდებული ძვალია, რომელმაც უნდა დაამშვიდოს მაკკეინი და მისი მსგავსი ანტირუსულად განწყობილი სენატორები, რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის წინ, რომელიც „დიდი ოცეულის“ ჩარჩოებში გაიმართება. ამერიკელი სენატორები – უაღრესად ანტირუსულად განწყობილები, არ მიესალმებიან რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას, ყველანაირად ცდილობენ რუსეთის დასჯას სანქციებით და არა მარტო. სადამსჯელო სანქციების კანონპროექტიც მათ მიერ არის შემუშავებული, თუმცა კონგრესის წარმომადგენლობათა პალატაში ჯერ-ჯერობით შეჩერებული. ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრი იღვაწა შეჩერებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალ დონეზე მოლაპარაკება მიზანს დაკარგავდა.

„თაეთრ სახლში“ გამართულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს პოროშენკოსთვის, ცხადია ქვეყნის შიდა ვითარებიდან გამომდინარე. მან შეიძლება ავანტიურისტული ნაბიჯები გადადგას დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, რაც სხვას აფიქრებინებს, რომ ყველაფერი „თეთრ სახლში“ შეთანხმდა.

ასეა თუ ისე, „ავანტიურისტი“ ქვეყნები, საკუთარი ვიწრო პოლიტიკდან გამომდინარე, ცდილობენ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის წაქეზებას რუსეთის წინააღმდეგ. ისინი ანგარიშს არც იმას უწევენ, რა შეიძლება მოჰყვეს წაქეზებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თვით აშშ-იც ბევრია ადმინისტრაციის წამქეზებელი, რომელიც რუსეთის დაჩოქების მომხრეა.

წაქეზების პოზიცია რახანია უკავია საქართველოს ხელისუფლებას. ამ თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის „ნაცურ“ ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის. საქართველოს მოსახლეობას დავიწყებული არ აქვს სააკაშვილის წამქეზებელი მილიტარისტული ნაბიჯი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გადაიდგა და რომელმაც საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. იმჟამად ორმაგ წაქეზებას ჰქონდა ადგილი – ამერიკის რეაქციული წრეების მხრიდან, საქართველოს „ნაცური“ ხელისუფლების მისამართით და სააკაშვილის მხრიდან აშშ-ს ადმინისტრაციის წაქეზება – რუსეთთან ომში დახმარების მიზნით. მაშინ ამერიკამ ვერ გარისკა. არადა რომ გაერისკა, რა ვითარება იქნებოდა მსოფლიოში ან იქნებოდა თუ არა მსოფლიო, ღმერთმა იცის.

2008 წლის ომი აღსანიშნავია იმითაც, რომ რუსეთმა მიიღო შეტევის გადაწყვეტილება და 3-5 დღეში აიძულა საქართველო შეეწყვიტა ომი. და არა მარტო საქართველო, არამედ ამერიკელი „ქორები“, რომლებსაც არ სჯეროდათ რუსეთის მილიტარისტული ნაბიჯის. 2008 წლის ცხინვალის ომმა შეაკავა ანტირუსულად აზვირთებული დასავლეთი შეტაკებისგან, რაც დღემდე გრძელდება. ამასთანავე გრძელდება „ავანტიურისტი“ ქვეყნების ძალისხმევაც, ამერიკის, რუსეთზე წასაკიდებლად. სამწუხაროდ მათ რიგებში საქართველოც მოიაზრება.

მხოლოდ ბეცს, პოლიტიკაში ჩაუხედავს ან პირწავარდნილ პროვოკატორს შეუძლია იფიქროს, რომ დიდი ქვეყნების ჭიდილიდან, ამერიკა გადარჩება. ცხადია  – მათთან ერთად ისინიც. ფუჭი ოცნებაა. რუსეთი უკან დახევას არ აპირებს, რაც 2008 წელს დაამტკიცა და რაც კარგად უნდა ახსოვდეს ყველას, მათ შორის საქართველოს პოლიტიკასაც.

არის საკითხები, რომელთა გადაჭრაც ბრძოლის ველზე არ ხდება. ასეთია დასავლეთ-რუსეთის ჭიდილი. სხვა გზაა მოსაძებნი – დიალოგის, მოლაპარაკების გზა, რაც ყველამ, მათ შორის ჩვენც, უნდა გავითვალისწინოთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.