პოლიტოლოგ უმლანდის ნაშრომიდან გამომდინარე

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ა.წ. 27 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა გერმანელი პოლიტოლოგის ანდრეას უმლანდის ნაშრომი, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას პერსპექტივა ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები, არაფრით განსხვავდება მისი ევროპელი კოლეგების ვარიანტებისგან, რომლებიც შეფარულად თუ ღიად გვიმტკიცებენ რუსეთიდან მომავალი საფრთხის თაობაზე და აქედან გამომდინარე თავდაცვითი ღონისძიებების გატარების შესახებ.

ნაშრომის ავტორი ისეთივე ბაცილით არის დაავადებული, როგორითაც ყველა (იშვიათი გამონაკლისის გარდა) მისი დასავლელი კოლეგა. ნაშრომში აშკარად ჩანს თანამედროვე რუსეთის ცალმხრივი შეფასების, ცხადია ნეგატიურის, მაგალითები, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან პატივცემული უმლანდი მიჰყვება იმ პროპაგანდისტულ გზას, რაც აშშ-ს და მისი ქვეშევრდომების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებებმა დასახეს – რუსეთის არაობიექტური შეფასებით, საკუთარი პოზიციების განმტკიცებისათვის.

უმლანდი ვერაფრით შეძლებდა მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვას, ვინაიდან მიუხედავად დასავლური „დემოკრატიისა“, ასეთს აითვალისწუნებენ ხოლმე და პრობლემებს შეუქმნიან. უმლანდისა და მისი დასავლელი კოლეგებისთვის გაცილებით იოლია, თანაც ხელისუფლებათა მხრიდან წახალისებული, რუსეთის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება. მათგან რა მიდის?! და ამით დაინტერესებული მკითხველისთვის თავგზის აბნევა.

უმლანდი, ცხადია, შედეგებზე მოგვითხრობს და აქედან გამომდინარე რაღაც გეგმებსაც გვისახავს, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შედეგების გამომწვევ მიზეზებზე. ერთ-ერთი და მე ვიტყოდი უმთავრესი არის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვება, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ ამას ადგილი არ ექნებოდა.

დაპირებები კი გორბაჩოვ-შევარდნაძის დროს გაიცა დასავლეთის მხრიდან, კერძოდ აშშ-ს, რასაც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ისე, როგორც გუშინდელი, თავხედურად უარყოფს.

დიპლომატიაში ხშირად გამოიყენება მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც თაობიდან-თაობაზე გადადის და ისეთივე ძალა აქვს, როგორიც წერილობითს, თუმცა წერილობითი – დოკუმენტია, სიტყვიერს კი – საქმეში ვერ ჩააკერებ.

ის, რომ ასეთ სიტყვიერ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი, გასულ წელს, საიდუმლოების მოხსნის შემდეგ აეხადა ფარდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამომზეურებული მასალებიდან ირკვევა, რომ აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაცია და გერმანიის მთავრობა, გერმანიის გაერთიანებისთვის, ვალდებულებას იღებდნენ ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოების თაობაზე.

არადა, გორბაჩოვ-შევარდნაძის გულუბრყვილობამ და დასავლეთისადმი ნდობამ გამოიწვია ყოველივე. დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში გაცილებით ნაკლებად იყო მოსალოდნელი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. დღეს რა გვაქვს?

რუსეთის საზღვრებზე მიბჯენილი ნატო და აშშ-ს სამხედრო კონტიგენტი – მძიმე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი, პერმანენტული სამხედრო წვრთნები და მუდმივი განცხადება რუსული აგრესიის შეკავებასთან დაკავშირებით. არ იქნებოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და არ იქნებოდა  ბელარუსში სამხედრო წვრთნები.

უმლანდი ზემომოყვანილ ფაქტს არ განიხილავს, მხოლოდ შედეგი გამოაქვს საჯაროდ, თან უსაფრთხოების საერთაშორისო სტრატეგიის ექვს მიმართულებას უსახავს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას. უახლოეს წლების განმავლობაში (5-15 წელი) – „რამდენ ხანსაც, რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი იარსებებს“.

უმლანდის ნაღვაწი მნიშვნელოვანია თვალის გასახელად და შექმნილი ვითარებიდან შესაბამისი დასკვნების გამოსატანად. ავტორი პესიმისტურად არის განწყობილი, რაც გაზეთს უდავოდ არ უნდა აძლევდეს ნაშრომის ოპტიმისტური სათაურით – „მხოლოდ ევროპისკენ, სხვა გზა არ გვაქვს“ – გამოქვეყნების საშუალებას.

მივყვეთ ნაშრომს: „როგორც ჩანს, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხოების მდგომარეობა უახლოეს წლებში ისეთი სახით შენარჩუნდება, როგორიც დღესაა და შესაბამისად მათი საერთაშორისო სტატუსიც მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ….

უკრაინასა და საქართველოში პოპულარულია ისეთი წარმოდგენები, რომ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით თუ იარაღის დახმარებით, შესაძლოა ისეთი ძლიერები გახდნენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მათ ექნებათ უნარი თავიდან აიცილონ ან მოიგერიონ რუსეთის მსხვილმასშტაბიანი შეტევა. ასეთი წარმოდგენები მხოლოდ სასურველის სინამდვილედ წარმოსახვის მცდელობაა“.

პოლიტოლოგის მოსაზრება რეალობას შეესაბამება და ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. რუსეთთან გამკლავებას არათუ უკრაინა-საქართველო ვერ შეძლებს, არამედ ნატოც. რუსეთში გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ძირფესვიანად შეცვალა ის, რაც იყო. ჯარი აღიჭურვა თანამედროვე იარაღით, რომელთაგან ზოგიერთს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში.

რუსეთი მილიარდობით დოლარის სამხედრო იარაღს ჰყიდის მთელს მსოფლიოში, რითაც მან (სამხედრო იარაღის გაყიდვამ) ენერგომატარებლების ექსპორტს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. პირველზე – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა. რაც არ უნდა გაიჭაჭოს საქართველო და დასავლური იარაღის შეძენაში მილიარდობით დოლარი ხარჯოს (რაც მას არ გააჩნია), ის ვერ გაუტოლდება რუსეთს – ბირთვული იარაღის მქონეს.

ასე, რომ სრულიად გაუმართლებლად მომეჩვენა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ხიდაშელის ძალისხმევა ფრანგული სარაკეტო სისტემის შეძენის თაობაზე. რუსეთთან და არა მარტო მასთან, ჩვენი მთავარი იარაღი დიპლომატიური მოლაპარაკება უნდა იყოს. მოსალაპარაკებელ მაგიდასთან მსხდომთათვის მთავარი ჭკუა-გონება, განსწავლულობაა და არა იარაღის ჟღარუნი.

რაც შეეხება საკუთარ ძალებში თვითდარწმუნებას – არახალია. განა 2008 წლის ომის წინ საქართველოს მედიასივრცეში გამოსული „სამხედროები“ დაბეჯითებით არ აცხადებდნენ – როსტოვამდე ჩავალთო?

„სამივე, ისეთი ქვეყნები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული რუსეთთან სამართლიანი და ყოვლისმომცველი ზავის დადებით, მაგრამ ეს ვერ დაეხმარება მათ მთავარი პრობლემის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. როგორც ჩანს, მოსკოვი დასავლეთს დათმობებს მოსთხოვს – მაგალითად, რომ საქართველოსა და უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირში ნუ მიიღებთო“.

შემდეგ ავტორი წერს, რომ ამგვარი შეთანხმებით რუსეთი ყირიმს არ დააბრუნებს და არც აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან არ შეწყვეტს მხარდაჭერას. რაც შეეხება დონბასს – სათანადო შეთანხმების მიხედვით, რუსეთი თავის სამხედრო ფორმირებებს და სამხედრო დაქირავებულებს გაიყვანს.

ვერ გავიზიარებ ავტორის ვარაუდს, ვინაიდან არ ეფუძნება რეალობას. ყირიმი რუსეთის ნაწილია – რუსეთის კანონებით და ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, რომლის დროს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ არა უკრაინასთან, არამედ რუსეთთან ყოფნა არჩია. დონბასში არავითარი რუსული სამხედრო ფორმირებები არ არის, რის შესახებაც ხმამაღლა ითქვა თვით დასავლელი პოლიტიკოსების მიერ.

რაც შეეხება სამხედრო დაქირავებულებს, სრული შესაძლებლობაა, რომ ისინი იქ იყვნენ, რაც არ არის გასაკვირი. თუ ამერიკელი და ნატოელი სამხედრო სპეციალისტები, აგრეთვე უცხოელი დაქირავებული მეომრები უხვად არიან უკრაინის მხარეს, გასაკვირი არ უნდა იყოს მათი ყოფნა, მითუმეტეს რუსების, დონბასელთა მხარეს.

„ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმზე ხელმოწერისას, რომლითაც უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, რუსეთმა ივალდებულა, რომ პატივს სცემდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა მოგვიანებით საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო“.

რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი უდავოდ მიუთითებს საერთაშორისო ხელშეკრულების უგულებელყოფას, თუმცა ის არ იყო რატიფიცირებული რუსეთის დუმის მიერ. გარდა ამისა, 2014 წელს უკრაინაში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას, რომელსაც მოჰყვა ბანდერელი ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლა – შესაბამისი შედეგებით, უპირველეს ყოვლისა რუსული ენის აკრძალვის მუქარით და რუსული მოსახლეობის სრული დამორჩილების სურვილით, რამაც გამოიწვია დონეცკის რუსულენოვანი უმრავლესობის გამოსვლები, რომელიც გადაიზარდა სამოქალაქო ომში.

ოფიციალურმა კიევმა, დონბასის დათრგუნვის მიზნით, სამთავრობო ჯარი მიაყენა ამბოხებულ დონეცკსა და ლუგანსკს, საკუთარ ქვეყანაში ომი გააჩაღა ისე, როგორც 2008 წელს ოფიციალურმა თბილისმა ცხინვალში.

ფაშიზმის შიშმა გამოიწვია ის, რაც დონბასში მოხდა – ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით. არ ყოფილიყო არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა და აღორძინებული ბანდერიზმის მიერ გამოცხადებული ომი დონეცკის და ლუგანსკის რუსი მოსახლეობის წინააღმდეგ და ისეთივე ვითარება იქნებოდა უკრაინაში, როგორც 2014 წლამდე.

ბანდერული ხელისუფლება უდავოდ გაატარებს სადამსჯელო ღონისძიებებს დონბასში, თუ ის მოახერხებს უკრაინის კანონმდებლობის აღდგენას ამ რეგიონში. ამ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს დასავლეთი?

„შეშფოთდება“ – ეს იქნება და ეს და არა სხვა რამ – მკაცრი და კარდინალური. რა მოიმოქმედა მან ოდესის პროფკავშირების სახლში ოდესელთა ცოცხლად გამოწვის შემდეგ?

50 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ბარბაროსულ აქტს, რომელიც ახალგაზრდა უკრაინელმა ფაშისტებმა განახორციელეს ოდესის რუსი მოსახლეობის მიმართ. დასავლეთს – გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სახით, რომლებმაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და ოპოზიციურ ძალებთან დადებულ შეთანხმებაზე, ხმაც არ ამოუღიათ, როდესაც ხელმომწერმა ოპოზიციამ სულ რამდენიმე საათში დაარღვია შეთანხმება და ძალისმიერი გზით დაიკავა პრეზიდენტის რეზიდენცია, სამინისტროები და უწყებები.

ხელშეკრულების გაფორმება მორიგი დასავლური ფანდი იყო, რომელსაც იანუკოვიჩის ყურადღება უნდა მოედუნებინა. იანუკოვიჩმა იმარჯვა და სასწრაფოდ დატოვა რეზიდენცია. რომ არა, დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა.

„კიევი და თბილისი მიიჩნევენ, რომ თავიანთი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების წამალი მხოლოდ ნატოში გაწევრებაშია. ფაქტია, რომ ორი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრებას. მათ განაცხადი 2008 წელს შეიტანეს, მაგრამ განცხადება უარყოფილ იქნა, თუმცა ნატო დაპირდა, რომ ისინი აუცილებლად გაწევრდებიან ნატოში.

პროუკრაინულად განწყობილი ნატო ისეთ ზეეროვნულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, რომ უფლება ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების რომელიმე ქვეყნის გაწევრების თაობაზე. ალიანსის წევრებმა ერთად უნდა მიიღონ გაწევრების გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების შანსი ძალზე მცირეა ან სრულიად არ არსებობს.

ასეთი სიტუაცია იქნება მანამ, სანამ არ მოგვარდება კონფლიქტი ერთი მხრივ, კიევსა და თბილისს და მეორე მხრივ კი რუსეთს შორის.“ – წერს ავტორი და კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენთვის, საქმეში ჩახედულთათვის იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც არც ხელისუფლება და არც ზოგიერთი პოლიტიკოს-პოლიტოლოგი არ იზიარებს. მათმა გაურკვეველმა ოპტიმიზმმა გამოათაყვანა ხალხი, რომელიც თურმე დიდი უმრავლესობით მხარს უჭერს იმას, რაც არასდროს არ იქნება ან თუ იქნება მრავალი წლის შემდეგ.

ეს სიმართლე, გერმანელმა პოლიტოლოგმა კი არ უნდა გვითხრას, არამედ ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და მისმა ხელქვეითებმა, რომლებიც მუდამ გაიძახიან გამრუდებულ „პლასტინკასავით“ ერთსადაიმავეს – ნატოს კარი ღიაა თქვენთვის და როდესაც საშინაო დავალებებს შეასრულებთ, უმალ გაწევრდებით ნატოშიო.

დავალებები კი ისეთია, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკების გარეშე. მოლაპარაკება კი ამ ხელისუფლებას არ უნდა, არც ე.წ. ექსპერტებს უნდათ ოკუპანტთან მოლაპარაკება, ვინაიდან თურმე მოლაპარაკება ჩვენთვის ფაქტობრივი ვითარების აღიარებას ნიშნავს. ამას აცხადებს პოლიტოლოგი საყვარელიძე. მას გართულება აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ სახელთანაც, ვინაიდან პატრიოტი არადა არ უნდა წავიდეს მოსკოვში მოსალაპარაკებლად. პატრიოტი შინ უნდა იჯდეს, სანგრებში და იქიდან ტყორცნიდეს რუსეთს შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

როდესაც ასეთი ვაიპატრიოტიზმი ზეიმობს, თან პროვინციული და უგონო, იქ საქმე არ გაკეთდება. და ვიქნებით მუდამ ნატო-ნატოს ძახილში, ვიდრე ეს ორგანიზაცია არ დაიშლება.

რაც შეეხება ევროკავშირს, მასში გაწევრება ავტორს შესაძლებლად მიაჩნია და თვლის, რომ ამის გაკეთება „არცთუ შორეულ მომავალში განხორციელდება“, მითუმეტეს სამივენი უკვე არიან ასოცირებული წევრები. …

თუმცა „რადგანაც ევროკავშირთან სრული ინტეგრირების პროცესს საკმაო ხანი დასჭირდება. იბადება კითხვა, რა მოხდება გარდამავალ პერიოდში?“ – კითხვას სვამს ავტორი და შემდეგ თავის ვარიანტს გვთავაზობს: „ნატოს არაწევრი მნიშვნელოვანი მოკავშირის“ სტატუსის შეძენას, რაც აშშ-ზეა დამოკიდებული, თუმცა ამ შემთხვევაში ის უკრაინას პრიორიტეტად მიიჩნევს, ვინაიდან მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩააბარა ბირთვული იარაღი. მაშინ აშშ-ა და საფრანგეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა ივალდებულეს. ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობები საქართველოზე არ ვრცელდება, შესაბამისად თბილისს ვაშინგტონისგან ზემონახსენები სტატუსის მიღება გაუჭირდება“.

ნაშრომის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ გაჟღერებული საკითხი ნაკლებად დამაშვიდებელია სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის და დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ ძვრებზე, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე. „პავლეს მოსვლამდე, პეტრეს“ რომ თავპირი არ დაამტვრიონ, საჭიროა დასავლეთის მხრიდან კარდინალური ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საქართველო-უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური ლეტალური (სასიკვდილო) იარაღის მიწოდება და სხვა.

ისევ იარაღი, ისევ დაპირისპირება რუსეთთან, არადა ვერავითარი ლეტალური იარაღი ვერ უშველის რუსეთის შეტევას. ეს ფაქტია და ვერსად გავექცევით. პირიქით, ლეტალური იარაღი გააღიზიანებს რუსეთს, ხოლო რაც შეეხება უკრაინას, რომელიც დონბასის ომშია ჩართული, საკუთარ ძალებში თავდაჯერებას გამოიწვევს, რასაც უდავოდ მოჰყვება პასიური შეტაკებების გააქტიურება და ნამდვილ ომამდე მისვლა.

გერმანელი პოლიტოლოგის ნაშრომში ყველგან ხაზგასმითაა ნახსენები რუსეთი და მასთან ურთიერთობა, თუმცა ავტორი არ მოითხოვს არც ერთი ყოფილი საბჭოთა სამივე რესპუბლიკისგან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას რუსეთთან, რაც ჩემის აზრით შეგნებული „შეცდომაა“.

ავტორმა კარგად იცის, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ევროკავშირის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წამოწყება, სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის სრულიად შეუფერებლად „ევროკავშირის ასოცირებული წევრობის“ სტატუსის მირთმევა, „სუამის“ შექმნა და სხვა პროგრამები გულისხმობენ ერთს – რუსეთის ნატოს რკალში მოქცევას, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსეთის გავლენის შესუსტებას, რუსეთის დაძაბუნებას და საბოლოო ჯამში დაშლას.

რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის რას უმზადებს მას აშშ-ი  და ევროკავშირ-ნატო. ამდენად სრულ მზადყოფნაშია და დღენიადაგ ხვეწს საკუთარ სამხედრო ძლიერებას.

გამალებული შეიარაღება, რასაც თანამედროვე მსოფლიოში აქვს ადგილი, კარგს არაფერს გვიქადის, ვინაიდან პატარა ნაპერწკალს შეიძლება მოჰყვეს დიდი ხანძარი, რომლის ჩაქრობა ბირთვული იარაღის პირობებში შეუძლებელი იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.