22.12.2024

სტოლტენბერგის განცხადებიდან გამომდინარე

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს ნატოში გაწევრების თემა იმდენად გადაღეჭილი და მომაბეზრებელია – უშედეგობის გამო, რომ არც კი ღირს მასზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ რას ვიზამთ. საქართველოს ყველა ხელისუფლება, შევარდნაძიდან დაწყებული დღემდე, ამ ორგანიზაციაში შესვლით გვაპურებდა და გვაპურებს, თუმცა კარზე, რომელზეც ვაკაკუნებთ – ეს სიტყვა შევარდნაძეს ეკუთვნის, ჯერ-ჯერობით არ იღება.

არც ერთ ხელისუფლებას ნატოსკენ მიმავალი ნაბიჯები ისე სწრაფად და ეფექტიანად არ გადაუდგამს, როგორც შევარდნაძის. პირველი ნაბიჯიც მან გადადგა და აშშ-ის პრეზიდენტის კლინტონის დროს, ნატოს, კავკასიაში, ფართოდ გაუხსნა კარი. შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ნატოს მთელ რიგ პროგრამებს. შევარდნაძის დროს დაიწყო საზოგადოების ნატოს გაცნობა-დაახლოების პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება.

„დაკაკუნების“ თემაც შევარდნაძის მიერ ითქვა გასულ საუკუნეში, მას შემდეგ, რაც მან დასავლეთიდან დასტური მიიღო – ორგანიზაციაში შესვლის თაობაზე. შევარდნაძის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას – სააკაშვილის სახით, არც არაფერი დაუკლია ქვეყნის ნატოსკენ მიმავალი პროცესისთვის, მაგრამ მისმა შიდა პოლიტიკამ, დიქტატორულ-სადისტურმა მმართველობამ, ცხინვალში გაჩაღებულმა ომმა და სხვა ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ მძიმედ იმოქმედა ნატოს შტაბ-ბინაზე და ნატოს წევრ სახელმწიფოებზე. მათ მტკიცედ ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ ნატოში გაწევრებული საქართველო დიდი თავის ტკივილი იქნებოდა ნატოსთვის და არა მარტო.

„საოცნებო“ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს წინამორბედის მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომების გამოსწორებას და ნატოსთვის თავის ისე მოჩვენებას, თითქოს ისეთივე დემოკრატიული იყოს, როგორც ნატოს უხუცესი წევრები, მაგრამ ისიც, ისეთს თუ არა,  მაინც შეცდომებს უშვებს, როგორც წინამორბედი.

მარტო გასულ წელს ჩატარებულ საპრზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ დაწერილი ნეგატიური დასკვნა რად ღირს. სხვა ხარვეზებს რომ თავი დავანებოთ (არაფორმალურ მმართველობას, სასამართლო სისტემის გაუმართაობას, მეზობელ ქვეყნებთან მოუწესრიგებელ საზღვრებს და სხცა) საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილი ნაკლოვანებები ნატოს არ უქმნის პოზიტიურ შთაბეჭდილებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ, რის შესახებაც ნატოს შტაბ-ბინაში ამბობენ კიდევაც, მაგრამ დიპლომატიურად, მოზომილად ლანძღვა-გინების გარეშე.

„რბილი“ ნათქვამი, ნაცვლად დაფიქრებისა და სათანადო დასკვნების გამოტანისა, პოზიტიურად განაწყობს ხელისუფალთ, რასაც მოსახლეობისთვის გულის გასაკეთებელი განცხადებები ახლავს – ნატოში შესვლასთან დაკავშირებით.

ასე გაილია მრავალი წელი „მიკაკუნების“ ხსენებიდან, დღემდე. ნატო კი – არ ჩანს ანუ კარი ღიაა, მაგრამ არა ჩვენთვის. ნატოს მერამდენე გენერალური მდივანი გვეუბნება, რომ „კარი ღიაა“, მაგრამ … .

დღევანდელიც გვპირდებოდა და გვპირდება გაწევრებას, მაგრამ, როგორც ჩანს ისე დაამთავრებს ნატოში თავის მოღვაწეობას, დანაპირებს ვერ შეგვისრულებს. მასაც, ისე, როგორც მის წინამორბედებს უჭირთ სიმართლის თქმა, ვინაიდან ისინი შემსრულებლები არიან და არა გადაწყვეტილების მიმღებნი. გადაწყვეტილებას კი ღებულობენ ნატოში შემავალი ქვეყნების ლიდერები და ამ ლიდერთა შორის ბობოლები – აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, … მეთაურები. აი, აქ კი ჯერ-ჯერობით ისეთი არაფერი თქმულა, ნატოს კარი რომ გაიღოს.

პირიქით, საწინააღმდეგო ითქვა – აშშ-ის პრეზიდენტის ობამას მხრიდან – საქართველო უახლოეს მომავალში ვერ გახდება ნატოს წევრი. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ გავიგეს“ პრინციპით იმოქმედა და მტკიცედ გააგრძელა ნატოში გაწევრების საკითხზე ლაპარაკი, თითქოს დღეს თუ არა ხვალ უდავოდ აგვისრულდებოდა ოცნება.

ნატოში შესვლა-არშესვლის მიზეზი არაერთია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთი რუსეთის ფაქტორია, რომელსაც არც ნატოს შტაბ-ბინაში და არც წევრ-სახელმწიფოებში ხმამაღლა არ ამბობენ, პირიქით, რასაც გვეუბნებიან ისაა, რომ ნატოში შესვლის საკითხს ნატოელები წყვეტენ და არა არაწევრი ქვეყნები ანუ რუსეთი.

გადაწყვეტისა რა მოგახსენო, მაგრამ ბრიუსელი რომ რუსეთის მოსაზრებას ყურადღებას აქცევს, ფაქტია. რუსეთს კი არაერთხელ უთქვამს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინა-საქართველოს ნატოში შესვლას. შეუძლია თუ არა ბრიუსელს პირდაპირ გვითხრას, რომ ნატოსთვის საქართველო მზად არ არის და კარგა ხანს არ იქნება?

შეუძლია და გვეუბნება კიდეც, მაგრამ ჩვენ ვერ ან არ ვიგებთ, ვინაიდან გაგების შემთხვევაში ხელისუფლება დაკარგავს იმ საკენკს, რომელსაც ხალხს უყრის – გადააქვს რა ყურადღება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან ნატოში გაწევრებაზე. ნატოსაც არ აწყობს გაჭრილად, მტკიცედ და უყოყმანოდ იმის განცხადება, რომ ნატოს შესაფერისი არ ვართ – უპირველესად იმიტომ, რომ ზურგი არ შევაქციოთ დასავლეთს და ჩრდილოეთისკენ არ გავიხედოთ.

გარდა ამისა ნატოს არ სურს ჩვენზე დახარჯული ფულის წყალს გატანება. მისი აზრით, თუ ნატოში არ შეგვიშვებს – ნატოს ზღურბლთან გვამყოფინებს. არ ვიქნებით ნატოში, მაგრამ ნატო იქნება ჩვენში – სამხედრო ექსპერტების, დამრიგებლების, სამხედრო მანევრების, სამხედრო-საწვრთნელი ცენტრების სახით. ჩვენი მეომრები იქნებიან მსოფლიოს ცხელ წერტილებში და იქნება დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან პერმანენტული მხარზე ხელის თათუნი, სამადლობელი სიტყვები ავღანეთსა თუ სხვაგან კარგი სამსახურისთვის.

ჩვენი ზომის ნატოს წევრი რომელი ქვეყანა დაიკვეხნის იმ რაოდენობის მეომრების ყოლას ავღანეთში, როგორც არაწევრი საქართველო?!

ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე იყო საუბარი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და საინფორმაციო სააგენტო „აქცენტის“ ჟურნალისტ მარიკა ჩუბინიძეს შორის, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. სტოლტენბერგმა თქვა – ნატოს 30-ე წევრად ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენს გასაგონად კი აღნიშნა – ნატოს კარი ღიაა დემოკრატიული ქვეყნებისთვის.

მან ჩამოთვალა ყველა ის საკითხი, რომელთა გადაჭრა აუცილებელია ნატოში შესასვლელად. აი ისინიც: „საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებასა და კანონის უზენაესობაზე; სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობაზე; თავდაცვისუნარიანობის ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვითარებაზე. მომავალი არჩევნებისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული ნაკლოვანებების გამოსწორებაზე  და ყველასთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაზე“.

ჩამოთვლილი საკითხების გამოსწორება და დასავლეთისთვის მისაღებ რელსებზე დაყენება საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკისა და საზოგადოებისთვის უაღრესად ძნელად განსახორციელებელი ამოცანაა.  ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ამ თაობისთვის შეუძლებელი. თუ კარგად ჩავუკვირდებით სტოლტენბერგის თითოეულ სიტყვას და მის მნიშვნელობას, ჩემი ნათქვამი, უფრო სწორად სკეპტიციზმი  გაზვიადებულად არ მოგეჩვენებათ.

სტოლტენბერგმა თქვა ისიც, რაც არაერთხელ გვსმენია: „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. …“.

რუსეთს არაერთხელ მოუსმენია მსგავსი განცხადებები და ისიც უთქვამს, რომ დასავლეთმა ეს საკითხი ახალი რეალობის ჩარჩოებში უნდა განიხილოს. ახალი რეალობა კი სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ შექმნეს – ცხინვალში ომის გაჩაღებით.

სტოლტენბერგმა და მისმა წინამორბედებმა, ისევე, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა მშვენივრად იციან – ვინ უბიძგა სააკაშვილს ომისკენ. რომ არა დასავლური, კერძოდ ამერიკული წაქეზება, სააკაშვილი ომს არ დაიწყებდა, ცხადია რუსეთის შიშით. ის რაც მოხდა ისეთი გამოუსწორებელი შეცდომაა, ნატოს კარის გაღებას რომ ხელს უშლის, თუმცა ამას სტოლტენბერგი არ ამბობს, რაც მიუღებელია.

სიმართლე უნდა ითქვას – რა არის მთავარი შემაფერხებელი ნატოში გაწევრებისთვის. სტოლტენბერგს ჩრდილო მაკედონიის მაგალითი მოჰყავს – ქვეყნის, რომელსაც ნატოში სახელწოდების გამო არ იღებდნენ, ვინაიდან სახელი დიდ გართულებას იწვევდა საბერძნეთში. და ამ დროს სტოლტენბერგი არაფერს ამბობს მთავარზე – ნატოს წესდებიდან გამომდინარე საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე მას ტერიტორიების საკითხები არ ექნება მოგვარებული.

აღნიშნულის მოგვარების ორი გზა არსებობს – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ან დაბრუნება. დაბრუნებაც 2 გზით შეიძლება – მოლაპარაკებით ან ომით. მეორე გამორიცხულია და თვით დარჩენილი საქართველოს გაქრობით დამთავრდება. მოლაპარაკებაც უმნიშვნელო პერსპექტივასაც არ აჩენს – „ცდა, ბედის ანაბარას“ დონეზეც.

მოლაპარაკების პროცესი ხანგრძლივი და უსასრულობაში გადასული იქნება, თუმცა არვინ იცის როგორ განვითარდება მოვლენებები მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე. ასეა თუ ისე, საქართველოს ერთადერთი გზა რჩება – მოლაპარაკება რუსეთთან, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან. სტოლტენბერგიც, თუ მას ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე უნდა, აქედან უნდა გამოვიდეს და არა რუსეთისადმი მემილიონე მოწოდებით – უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

სტოლტენბერგმა და მისმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ განცხადებებით და მოწოდებებით რუსეთს ვერ შეაშინებენ, მითუმეტეს გულს ვერ აუჩუყებენ, ვერც ეკონომიკური სანქციებით დააჩოქებენ.

თანამედროვე მსოფლიო, დაფუძნებული ძალის პოლიტიკაზე, არც საერთაშორისო სამართალს ექვემდებარება და არც პლიტიკურ ლოგიკას. აღნიშნულის მაგალითად თვით ნატოს მოქმედებაც კმარა, როდესაც რუსეთის გულის გასახეთქად ნატოს აღმოსავლეთით აფართოებ თან აცხადებ, რომ გაფართოება არ გულისხმობს აგრესიასო, რუსეთს მშვიდობის მტრედად ვერ აქცევ.

მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე პოლიტიკური თამაშის წესებია შესაცვლელი და ვიდრე ამას ადგილი არ ექნება, არც დასავლეთის მიერ საჭადრაკო პარტიაში დაშვებული შეცდომები გამოსწორდება, მათ შორის 2008 წლის ცხინვალის ომის.

შეცდომებს კი არვინ ასწორებს, პირიქით ახალ შეცდომებს უშვებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი