ფულის შოვნაზე აგებული პოლიტიკა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

„პუტინს გადაწყვეტილი აქვს მიიერთოს საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინის ძირითადი ნაწილი — გარდა დასავლეთისა. ამ ეტაპზე რუსეთი მიაღებინებს მათ ნეიტრალიტეტს და დაასუსტებს ამ ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს. მთები, რომლებიც თქვენს უკანაა, აღარ გაყოფს ორ ქვეყანას, ეს ერთი ქვეყანა იქნება, სადაც თავისუფლად გადაადგილდებიან ჯარისკაცები, ჩამოვლენ მათი მოხელეები, რათა გვმართონ. ჩვენ დავუსხამთ მათ ღვინოს, გავართობთ, ფეხებს დავულოკავთ და გავხდებით მათი მონები. აი, ეს არის მათი გეგმა, რომელსაც განუხრელად მისდევს ივანიშვილი. ამ გეგმის არ ესმით ძველ პოლიტიკოსებს, მაგრამ ამ გეგმის წინააღმდეგ თქვენ, საქართველოს ახალგაზრდობავ, შეგიძლიათ აღდგეთ, რომლებიც დაიბადეთ დამოუკიდებელ საქართველოში“.

ეს მიმართვა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან ა.წ. 27 სექტემბერს გააკეთა. სააკაშვილის მრავალწახნაგოვან, ხშირად აბსურდსა და შიზოფრენიაში გადასულ გამოსვლას, არა მარტო ჩვენ, საქართველოს საზოგადოება მივეჩვიეთ, არამეთ სხვაც — საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნიც.

მივეჩვიეთ და ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ ვუსმენთ — არა მარტო ტელეეკრანის მაგიური მაგნიტური მიზიდულობის გამო, არამედ ინტერესის. დიახ! დიახ, ინტერესის. თუ არა ეს, სხვას რას უნდა მოვენუსხეთ?

„ნახეთ ამ გიჟმა რეები ილაპარაკა“ — ასე მეუბნებიან ნაცნობები, თან გინებას აყოლებდნენ. როგორც ჩანს, მიუხედავად სააკაშვილის „გიჟობისა“, მოუსმენიათ მისთვის.

სააკაშვილმა იცის რას ნიშნავს ტელევიზია, მისი გავლენა საზოგადოებაზე. ამდენად ენერგიას არ იშურებს და სისტემატურად გვეხატება გვარამიას ტელეეკრანზე. სააკაშვილმა ისიც იცის, რომ საბჭოთა კავშირში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებზე ვერ მოახდენს სერიოზულ გავლენას, მაგრამ ახალგაზრდებზე, რომლებიც დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში და რომლებსაც ცოტა და ისიც ცუდი სმენიათ წინა ცხოვრებაზე, უდავოდ მოახდენს.

NDI-ის გამოკითხვის მონაცემებით — რუსეთის, ისე, როგორც საბჭოთა კავშირის  მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება საგრძნობია, თუმცა ახალგაზრდები არ ფიქსირდება. არადა, საინტერესო იქნებოდა მათი აზრის გაგება. დარწმუნებული ვარ, გამუდმებული ანტირუსული პროპაგანდა, რომელიც იოლად იკვლევს გზას ახალგაზრდათა ჯერაც ჩამოუყალიბებელ ტვინებზე, მიზანს მიაღწევდა.

ახალგაზრდა კი — მოჭარბებული ენერგია, ემოცია, „თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის“ ბრძოლაა — ჩვენს პირობებში „ოკუპაციის“ წინააღმდეგ, განა ეს ლოზუნგში არ იყო გამოტანილი ა.წ. 20-21 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, როდესაც ახალგაზრდობა, დასავლელი თუ ადგილობრივი ე.წ. პოლიტიკოსების ავი ზრახვების ბრმა შემსრულებლები გახდნენ?!

სააკაშვილის და მის ზურგს უკან მდგომი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების, კარპენტერების, ვოლკერების, ბრაიზების, პოლონელი, მოჭარბებულად ნაციონალური ბალტიისპირელი პოლიტიკოსების, მოყავისფრო უკრაინელების შეხმატკბილებული ანსამბლის მიზანი ერთია — ანტირუსულ კამპანიაზე დიდი ფულის შოვნა.

„რუსი მოდის, რუსი მოდის!“ — გამუდმებული ბღავილით ბალტიისპირა სამმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, ევროკავშირის და ნატოს წევრმა, როგორც იქნა დაიყოლია აშშ-ი და ლამის ანტირუსულ სამხედრო პლაცდარმად აქცია საკუთარი ტერიტორია — აშშ-ს ბაზების გახსნით.

ვირტუალური რუსული საფრთხე ექსტრა კონფერენციების, შეკრებების, თავდასაცავი ტრენინგების საბაბი ხდება. ხშირად მუდმივმოქმედი ინსტიტუტების (მაკკეინის) ჩამოყალიბების სტიმულიც.

ყოველივე აღნიშნულს სპეციალისტები ესაჭიროება — ისეთები, რომლებმაც მრავალი წელი გაატარეს პოლიტიკაში და სიბერეში ანტირუსული პოლიტიკა  შემოსავლის წყაროდ აქციეს. ყოფილი პოლიტიკოსების შეხმატკბილებული „მოღვაწეობა“ გარკვეულ მიზანსაც აღწევს, ვინაიდან არცთუ ძნელად ახერხებენ საკუთარი აზრების და იდეების კონგრესში ლობირებას.

უკრაინაში აშშ-ს სპეცწარმომადგენელი ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისეთ საქმეებში ყოფილა გარეული, რომ აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის შვილს, ჰანტერსაც შეშურდებოდა. არადა, ვოლკერი წლების განმავლობაში „მუშაობდა“ უკრაინაში. მის აზრს იზიარებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ადმინისტრაცია. უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთვის ვოლკერის მოსაზრება ლამის აშშ-ს პრეზიდენტის მოსაზრებად აღიქმებოდა.

შესაბამისი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა არა მარტო ვოლკერი მოიშორა თავიდან, არამედ ევროპა-უკრაინის მიმართულებით მომუშავე ოთხი გავლენიანი ამერიკელი დიპლომატი, ელჩი უკრაინაში ქალბატონი იოვანოვიჩი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კენტი, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ბრეხბული, ევროკავშირთან აშშ-ს ელჩი სონლანდი.

ვოლკერის გათავისუფლება კიდევ უფრო გააღრმავებს მედიაში ბაიდენისა და მისი შვილის უკრაინული კორუფციის თემას და ნებისმიერი მცდელობა დემოკრატებისა მიჩქმალონ ეს საქმე, ხელს შეუწყობს ბაიდენის რეიტინგის დაცემას.

ბაიდენის რამდენიმე მილიონ დოლარიანი უკრაინული საქმე არაფერია ჩინურთან შედარებით, სადაც 1.5 მილიარდი დოლარი ფიქსირდება. ამ საქმეს არამარტო კორუფციის სუნი ასდის, არამედ სხვა სახელმწიფოს ინტერესებისთვის მუშაობისაც, რასაც ვოლკერის შემთხვევაშიაც აქვს ადგილი.

მახსენდება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ბოჩოლას მაგვარი აღტაცება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტის დროს — „აი, ასეთად წარმოგვედგინა აშშ-ს დამაარსებელი მამებო“. საინტერესოა, რამდენი დაუჯდა საქართველოს, სააკაშვილის მიმართ ბაიდენის ქებათა-ქება, სააკაშვილის დედის და ოჯახის წევრების თანდასწრებით? „ბარაქალა თქვენს დედობას, ასეთი შვილის გაზრდისთვისო“ — თქვა ბაიდენმა.

უკრაინა გამონაკლისი არ არის. საქართველოშიც ასე იქცეოდნენ და იქცევიან ამერიკელი დიპლომატები, მაღალჩინოსნები. როგორც იტყვიან — ამღვრეულ წყალს ბევრი თევზი მოჰყვება. ჩვენც ხომ ისეთივე ამღვრეულები ვართ, როგორც უკრაინა?!

და რაც უფრო მეტად ვიქნებით, მით უკეთესი არა მარტო სააკაშვილისა და მისთანებისთვის, არამედ აშშ-ს გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვის. ვიმეორებ — ამღვრეულმა წყალმა ბევრი თევზი იცის — ჰოდა, სააკაშვილიც თავს უფლებას აძლევს რუსული აგრესიით, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით, რუსი „ჩინოვნიკების“ ქართველთა მიერ ფეხის ლოკვით ტვინი აუმღვრიოს საქართველოს ახალგაზრდობას, თან ფული აკეთოს.

ახლა რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ნათქვამ საბჭოთა კავშირის აღდგენას. სხვათა შორის, ამ თემას არა მარტო ნაცები აჟღერებენ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რაც აშკარად მიუთითებს მათ უცოდინარობაზე. საბჭოთა კავშირის მთავარ შემაკავშირებელ ცემენტად კომუნისტური პარტია იყო, რომლის ვერტიკალური პარტიული მმართველობა, ცენტრიდან დაწყებული, რესპუბლიკებით, ყველა დაწესებულებითა თუ საწარმოთი, საზოგადო ორგანიზაციითა თუ სასწავლო დაწესებულებით დამთავრებული — ერთიან სახელმწიფოდ ადუღაბებდა ყველას და ყველაფერს.

კომპარტიას, მხარში ედგა კომკავშირი — მომავალი პარტიული მუშაკების სამჭედლო. ამ ორი უმთავრესი კომპონენტის არ არსებობის პირობებში აბსტრაქციის საგნად იქცევა ნებისმიერი ადამიანის, თუნდაც ისეთის, როგორიც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სურვილია, აღადგინოს საბჭოთა კავშირი.

პუტინს ამის თაობაზე არასდროს არაფერი არ უთქვამს. რაც მან თქვა იყო ის, რომ ნანობს საბჭოთა კავშირის დაშლას, ვინაიდან ერთბაშად სამშობლოს (რუსეთს) 20 მილიონი რუსი მოწყდა და უკვე „უცხო“ ქვეყანაში უწევს ცხოვრება.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, განსაკუთრებით სომხეთის. სააკაშვილს დაავიწყდა, რომ სომხეთი არა მარტო დსთ-ს, ევრაზიული კავშირის, „ოდეკაბეს“ წევრია, არამედ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორიცაა. ასე რომ, არც მას და არც რუსეთს ნეიტრალიტეტი არ სჭირდებათ, ისე, როგორც ბელარუსს, რომელსაც სამოკავშირო ხელშეკრულება აქვს დადებული რუსეთთან.

მოლდოვას უკვე აქვს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი და გამეორება აღარ ესაჭიროება. რაც შეეხება საქართველოს — როგორც წყალი, ისე სჭირდება ნეიტრალიტეტი, გამომდინარე ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან. სამწუხაროდ, აღნიშნულის წინააღმდეგ არა მარტო ნაცები ილაშქრებენ, არამედ სხვა პოლიტიკოსებიც. მათი აზრით, ნეიტრალურ საქართველოს ადვილად ჩაყლაპავს რუსეთი. ამ მოსაზრებაში სააკაშვილი და ქართული პოლიტიკა ერთიანია, რაც ქვეყანას არ წაადგება.

საკვირველია სააკაშვილისეული განმარტება რუსი მოხელეების მასპინძლობასთან დაკავშირებით: „ჩამოვლენ, რათა გვმართონ, ჩვენ კი დავუსხამთ ღვინოს, გავართობთ, ფეხებს დავულოკავთ. …“. თითქოს ამჯერად ამას არ ვაკეთებთ, ცხადია არა რუსების მიმართ, არამედ დასავლელი ე.წ. პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით ამერიკელების.

ვის, ვის და სააკაშვილის არაფერი ეთქმის ღვინის დასხმისა და უცხოელთა ფეხების ლოკვაზე, რამეთუ თვით ზედმიწევნით კარგად აკეთებდა ამას, როგორც აქ, ისე უცხოეთში. თავის დროზე პრესა აჭრელებული იყო ამერიკელი ბრაიზას თურქეთში ქორწილით, რომელიც სააკაშვილმა ანუ საქართველომ დააფინანსა. მისი აზრით, როდესაც ამერიკელს ელაქუცები და ფეხს ულოკავ, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობაა, მაგრამ თუ რუსს — მონობა.

სულ ახლახანს, ტელეკომპანია „პირველებში“ მიწვეულმა ჭიაბერაშვილმა, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა „ქართლის დედის“ მონუმენტთან დაკავშირებული საკუთარი ფილოსოფიური ბოდვებით, კიდევ ერთხელ აგვიხსნა — რამდენად საშიშია რუსეთი და მასთან ერთი-ერთზე დალაპარაკება.

მისი ავადმყოფური აზრით, რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და თუ მაინცდამაინც საჭიროა მასთან დიალოგი, დასავლელი პარტნიორები უნდა გვახლდნენ — რუსმა რომ არ მოგვატყუოს.

და ამას ამბობს „პოლიტიკოსი“ საკუთარ ქვეყანაზე — სუვერენულსა და დამოუკიდებელზე, რითაც შეურაცხყოფს მას. 28 წელია „დამოუკიდებლად“ ვარსებობთ, მაგრამ ჭიაბერაშვილსა და მასავით „ღრმად“ მოაზროვნეებს ქვეყნის სრული „დაღვინებისთვის“ ეს ასაკი საკმარისად არ მიაჩნიათ.

ჭიაბერაშვილმა არა მარტო ამ მოსაზრებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ ისეთით, რაც  ნაცთა სასარგებლოდ არის გათვლილი და ემსახურება ხალხის დარწმუნებას მათ უდანაშაულობაში. ჭიაბერაშვილმა მოგვიწოდა შევწყვიტოთ იმაზე ლაპარაკი, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო. შევწყვიტოთ სააკაშვილის დადანაშაულება ამ საქმეში, ვინაიდან ის კი არ ყოფილა დამნაშავე, არამედ რუსეთი. მან ბრძანა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი ცხინვალში და არა გამსახურდიამ; რუსეთმა დაიწყო ომი აფხაზეთში და არა შევარდნაძემ; რუსეთმა დაიწყო ომი 2008 წელს და არა სააკაშვილმა.

მისი მიხედვით, არც ერთი მათგანი — გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი დამნაშავეები არ არიან, დამნაშავე რუსეთია. ჭიაბერაშვილის ნათქვამის დედააზრი ხალხში გამჯდარი სააკაშვილის დანაშაულის წაშლაა, რაც არ არის გასაკვირი. რახანია ნაცები გვიმტკიცებენ, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა კი არა რუსეთმა დაიწყო, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნას, გაეროს რეზოლუციას.

ჭიაბერაშვილმა, დამნაშავე სააკაშვილი გვერდში ამოუყენა გამსახურდიას და შევარდნაძეს. თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მაშინ გამსახურდია და შევარდნაძეც დამნაშავეები არიანო და გვირჩევს ყველაფერი რუსეთს დავაბრალოთ.

ჭიაბერაშვილის მოსაზრება „ღორის ტილის თავზე აღოღების“ მაგვარია ანუ კოჰაბიტაციის „უდიდესი მონაპოვარი“, რომელსაც იმკის „ოცნება“ და რაც მთავარია ხალხი.

გათავხედებული ნაცები და მისი მოკავშირე პარტიები შეტევაზე არიან გადასული, ვინაიდან იციან, რომ „ოცნება“, უსუსურობის გამო, საკადრის პასუხს ვერ გასცემს. თავისმართლების პოზიციაში ჩამდგარმა მმართველმა პარტიამ ნაცთა წამოძახილის საპასუხოდ (7 წლის განმავლობაში რა გააკეთეთო) „ბრძნულად“ უპასუხა — ომი ავირიდეთ თავიდანო.

კეთილი, მაგრამ რა ომზეა საუბარი და ვინ აპირებდა საქართველოსთან ომს?

ამ კითხვაზე პასუხიც აქვს გამზადებული „ოცნებას“, თუმცა ირიბი, რაც გაგვანდო ჭიაბერაშვილთან „მოპაექრე“ „ოცნებელმა“ ხუნდაძემ. მან ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური კოლაფსი და ფასების ზრდა საერთაშორისო მოვლენებს დაუკავშირა, ისე, როგორც სამეზობლოს — თუ ბალტიისპირა ქვეყნები შეშინებული არიან და არ იციან რას მოიმოქმედებს მათ წინააღმდეგ რუსეთი, ჩვენ რა, უკეთეს დღეში ვართო — დაახლოებით ასეთი იყო მისი „სპიჩის“ შინაარსი, რითაც ტოლი არ დაუდო ჭიაბერაშვილისას.

„ოცნების“ ბანაკში ხუნდაძის მოსაზრება არ იქნება იშვიათი. რუსეთთან მიმართებაში მათი გამონათქვამები მეტყველებენ ამაზე, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოწესრიგებას, საგარეო საქმეთა მინისტრების ერთჯერადი შეხვედრა კი არა, ასჯერადიც ვერ უშველის.

აზროვნების შეცვლას დიდი დრო სჭირდება. ერთადერთი გამოსავალი დიალოგის ინტენსიურობაშია. ტვინნაღრძობი პოლიტიკოსების წყალობით საქართველომ ბევრი დრო დაკარგა, რომლის ანაზღაურება მხოლოდ სისწრაფით შეიძლება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი