გავრილოვის „თავგადასავალი“

თანახმად თქვენი დავალებისა გიგზავნით განმეორებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის და ჟურნალისტიკის წყალობით რუსოფობია ვარსკვლავებს წყვეტს ციდან. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თანხმდება, რომ რუსეთი აგრესორი, ოკუპანტი და მტერია. ზოგიერთთა მიხედვით უფრო მტარვალი და საშინელი, ვიდრე თურქი და სპარსელი იყო.

მაინც რამ გამოიწვია რუსეთის მიმართ „მთვლემარე“ მდგმარეობაში მყოფი „სიყვარულის“ უცაბედი გამოფხიზლება?

მიზეზები მრავალია და მათში ლომის წილი მედიაზე მოდის. 30 წლის განმავლობაში ყოველდღიური ანტირუსული განცხადებები, რომ მიზანს მიაღწევდა და ტვინს გადაუტრიალებდა საქართველოს მოსახლეობას, ფაქტია.

ამ ხნის განმავლობაში რუსეთის დადებითად მოხსენიების ერთი შემთხვევაც არ ყოფილა. რუსეთი არის დამნაშავე ყველაფერში, იმაშიც, რაშიც მისი მონაწილეობის კვალი დაუდასტურებელია. ასე რომ, რაც არ უნდა არგუმენტები მოვიყვანო, ვიცი ურწმუნო თომებს ვერაფერს შევაგნებინებ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას.

დავსვამ კითხვას — მარტო რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა იყო მთავარი გამაღიზიანებელი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა?

პასუხი — გავრილოვის თემა იყო მასტიმულირებელი, მაგრამ მასთან ერთად იყო „ლგბტს“, „პრაიდის“, გეი-პარადის ჩატარების თემებიც და მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება. საქართველოს ხელისუფლება დადგა პრინციპულად, რაც დასაფასებელია.

ყველა აღნიშნულმა თემამ ერთ მუშტად მოიყარა თავი და ნაცების თაოსნობით მას ანტირუსული პატრიოტიზმი დაერქვა. ვერც ერთ ჩამოთვლილ საკითხზე ნაცები ქუჩაში ხალხს ვერ გამოიყვანდნენ, ამდენად, ისე, როგორც „მშვიდობიანობის“ დროს აქცენტი რუსულ ოკუპაციაზე, აგრესიულობაზე გაკეთდა. ნაცთა მზაკვრულმა გათვლამ გაამართლა, მაგრამ მარტო მათმა?

ნაცებს ზურგს უმაგრებდა და კარნახობდა ოკეანისგადაღმელი პარტნიორი. ერთ-ერთი მათგანი მაიკლ კარპენტერი, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მრჩეველი, ამბოხებამდე 3 დღით ადრე იმყოფებოდა თბილისში. თუ რა უთხრა მან ქართულ პოლიტიკას, განსაკუთრებით ნაცებს — ასახვა ჰპოვა მედიაში — რუსი ტურისტების მოჭარბებული რაოდენობა (მას ასე ჰგონია) კატასტროფულად იმოქმედებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ისე, როგორც რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენა. დღეს, თუ რუსეთს, საქართველოს 20% უკავია, ხვალ ის (ბინების შეძენით) 100%-ს დაიკავებს.

ამერიკელმა „კეთილისმსურველმა“ კარგად აუღო ალღო საქართველოს საზოგადოების მტკივნეულ პრობლემას და აშშ-ს სასარგებლოდ ააბუნტა ხალხი რუსეთის წინააღმდეგ. ბუნტის შედეგი, რომ სერიოზულია და მის სასიკეთოდ შემობრუნებას წლები დასჭირდება, საკამათო არ არის. ასე რომ, არ იქნებოდა გავრილოვი, სხვა საბაბი გამოიძებნებოდა, მაგალითად გეი-პარადი.

ლავის ამოფრქვევისთვის პატარა ნაპერწკალიც საკმარისია, თორემ რუსეთის დუმის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა რა სერიოზული განხილვის საგანია?

გავრილოვი არის მართლმადიდებელი საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩეული თავმჯდომარე, რელიგიაში ზედმიწევნით გათვითცნობიერებული. როგორც თვითონ განაცხადა, სწავლობს სასულიერო სემინარიაში და მღვდლობას აპირებს.

საქართველოს ხელისუფლებამ 2 წელზე მეტია მიმართა მას და აღნიშნულ ორგანიზაციას თბილისში ასამბლეის ჩატარების თხოვნით. გავრილოვმა და სხვებმა გაიზიარეს რა საქართველოს თხოვნა — გადაწყვიტეს თბილისში ასამბლეის ჩატარება.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომები წესისამებრ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის დარბაზში ტარდება, რაც დიდი პატივია მასპინძელი პარლამენტისთვის. სხდომის დღეს, დარბაზი, ასამბლეას ეკუთვნის, ხოლო ადგილობრივი პარლამენტარები სხდომის სტუმრების როლში არიან.

საპარლამენტო ასამბლეის პროტოკოლით, ასამბლეის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი იკავებენ დარბაზში არსებულ საპატიო ადგილებს. ასეთად სპიკერის ადგილი მოიაზრება. გავრილოვმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი, არა როგორც რუსეთის დუმის დეპუტატმა, არამედ როგორც საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა). მას რომ სხვა ადგილის დაკავების სურვილი გასჩენოდა, მასპინძელთა შეურაცხყოფა იქნებოდა. მაშინ იტყოდნენ — რუსმა გავრილოვმა არ იკადრა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომაო.

ეს არ ჰგავდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მიერ უკრაინის მთავრობის სხდომაზე მაგიდის თავში, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომას. ამით ბაიდენმა ხაზი გაუსვა — ვინ არის უკრაინაში უფროსი. ბაიდენის ქცევამ ჩრდილი მიაყენა უკრაინის სუვერენიტეტს, რასაც ვერ ვიტყვით გავრილოვზე. როგორც ჩანს გავრილოვის შემთხვევაში ფართო საზოგადოებამ იფიქრა, რომ მან საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დაიკავა სპიკერის ადგილი. ასეთს რომ ჰქონოდა ადგილი გავრილოვის მოქმედება დასაგმობი იქნებოდა.

გავიმეორებ, დარბაზი იმ დღეს ეკუთნოდა მართლმადიდებელ საპარლამენტო ასამბლეას და მისმა პრეზიდენტმა დაიკავა ის ადგილი, რაც უნდა დაეკავებინა.

ასე რომ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პარლამენტის პროტოკოლის სამსახურს შეცდომა არ დაუშვიათ. შეცდომა იყო ის, რომ კობახიძემ ბოდიში მოიხადა გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გამო და გადაგა თანამდებობიდან.

აი ასე, რუსები რომ იტყვიან — სრულიად „სწორ ადგილას“ ააგორა ნაცმოძრაობამ „პატრიოტული“ ბუნტი, რითაც გამოიწვია ასამბლეაში მონაწილე 20-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტარის და უცხოელი დამკვირვებლების გულისწყრომა.

გავრილოვი და ასამბლეის მონაწილეები დარბაზიდან გარეკეს. ასამბლეა ჩაიშალა, რასაც მოჰყვა საქართველოსთვის და არა ნაცმოძრაობისთვის არასახარბიელო დასავლური პრესა. საქართველომ და არა ნაცმოძრაობამ დაამტკიცა, რომ შორს, ძალიან შორს არის ევროპული ცივილიზაციისგან, დემოკრატიისგან, სტუმართმოყვარეობისგან, პროტოკოლის ელემენტარული ცოდნისგან, რაც ესოდენ საჭიროა თანამედროვე საერთაშორისო ცხოვრებაში.

რუსოფობიის ახალმა გამოვლინებამ უზნეობის მწვერვალები დაიპყრო, რასაც რუსეთის ხელისუფლების რეაქცია მოჰყვა. დროებით გაუქმდა რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა. ტურფირმებს რეკომენდაცია მიეცათ არ გაყიდონ ტურები საქართველოში. „როსპოტრებნადზორმა“ უკმაყოფილება გამოთქვა ქართული ღვინის ხარისხზე და ა.შ.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი ჭარბობს ყველა სხვა ქვეყნის ტურისტებს და მათ მიერ აქ დახარჯული თანხა ერთ მილიარდ დოლარს უტოლდება — ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია; თუ „როსპოტრებნადზორი“ შეამცირებს ქართული ღვინის იმპორტს, აქაც დანაკარგი საგრძნობი იქნება, ვინაიდან ქართული ღვინის ექსპორტის 70% რუსეთზე მოდის. თვითმფრინავების მიმოსვლა მარტო ტურისტების ტრანსპორტირება არ არის, მას სხვა დატვირთვაც აქვს — ტვირთბრუნვა.

ტყუილად ცდილობს ქართული მედია რუსთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მტრული გრძნობებით ახსნას. პრეზიდენტი უპირველესად საკუთარი ხალხის უსაფრთხოებაზე უნდა ფიქრობდეს, რასაც ის ავლენს. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, როდესაც მოისმენდა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ვიღაც შეშლილის მიერ მიკროფონში ჩაძახილ მუქარას — რუსებს ვხოცავდით, ვხოცავთ და დავხოცავთო.

ქვეყნის შიდაპოლიტიკური არეულობა მძიმე დაღს ასვამს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ტურიზმს, ორმხრივ ურთიერთობებს, ქვეყნის იმიჯს და კიდევ სხვა მრავალს, რაც ესოდენ აუცილებელია ბიუჯეტის შევსებისთვის.

იქნებ დაფიქრდეს ვინმე და გულწრფელად თქვას — განა ლარის კურსის ვარდნა ზემონახსენები მაგალითების შედეგი არ არის?

საქართველოს პოლიტიკამ, განსაკუთრებით ოპოზიციამ ქვეყანა ლამის ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა და მიჰყავს, ხელისუფლება კი შეშინებული კურდღლის როლშია და არ იცის რა იღონოს; მედია მაქსიმალურად ძაბავს ვითარებას, ნაცვლად კონსტრუქციული ქმედებისა. საბოლოო ჯამში კი ქვეყანა ეფლობა ეკონომიკურ გაუსაძლისობის ჭაობში, რომლიდანაც ამოსვლას მრავალი წელი დასჭირდება.

30 წლის განმავლობაში რაც ქართულმა პოლიტიკამ მიაყენა ქვეყანას — ეკონომიკის ნგრევა, სოციალური ვითარების უკიდურესი დაცემა, თავხედობის, უზნეობის ტირაჟირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში და მედიაში, მრავსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არც ერთ მტერს არ მიუყენებია.

ტყუილად იშვერენ ხელს სხვისკენ, ტყუილად ადანაშაულებენ სხვას. საკუთარ თავს შეხედონ, ჩაიხედონ საკუთარ გულში, ხალხს ჩახედონ თვალებში — მათ მიერ დაბეჩავებულს, გაწამებულს, მოტყუებულს და გამოიტანონ მარტივი, სამართლიანი დასკვნა — პოლიტიკიდან წასვლა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი