სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ

„ – ქალბატონი მანანა, პრემიერმა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანაზე ისაუბრა და ალბათ მისი ეს ინიციატივა სისრულეში ძალიან მალე მოვა. ხომ არ იცით, რა პოზიცია აქვს მას სტალინის ძეგლის დადგმაზე?

– დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი, ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.

სტალინის ძეგლის დადგმაზე თუ არის რაიმე სიახლე?

– ვისი? და რა სიახლე უნდა იყოს, რა ხდება?

გორში აქციების დაწყებას გეგმავენ, ითხოვენ, რომ სასწრაფოდ დაიდგას.

– სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია არ შეცვლილა.

ანუ, სტალინის ძეგლი არ დაიდგმება?

– არა.“

ეს დიალოგი პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის თანამშრომლის მანანა თოქმაჯიშვილსა და გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ს ჟურნალისტ ეკა ნასყიდაშვილს შორის გაიმართა და გამოქვეყნდა კიდევაც გაზეთის წინა ნომერში სათაურით „ვინ უშლის სტალინის ძეგლს თავის ადგილას დაბრუნებას გორში“.

საკითხი ერთობ რთული და ამასთანავე ბურუსით მოსილია, ისე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების „საქმენი საგმირონი“.

ორივე ძეგლთან დაკავშირებული პრობლემები და რაც მთავარია თავსატკივარი „ნაცურმა“ ხელისუფლებამ გააჩინა და თუ პირველ შემთხვევაში (დავით აღმაშენებლის) ინიციატივა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გუნება-განწყობილების ნაყოფია, მეორე (სტალინის) – კოლექტიური შემოქმედებაა ანუ დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს პოლიტიკოსთა და მათი ყურმოჭრილი მონის სააკაშვილის და მისი „ნაცური“ გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. მათ მიეკუთვნება ქუთაისის „დიდების მემორიალის“ აფეთქებაც.

ღარიბაშვილს ორივე საკითხი თავსატეხად ექცა, ვინაიდან ობიექტურ, კანონიერ, სწრაფ რეაგირებას მოითხოვს მისგან. ასეთია ხალხის სურვილი. და რომ ეს ასეა, პრემიერის განცხადებიდანაც ჩანს – ნაწილობრივ, მხოლოდ აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით, მაგრამ ეკა ნასყიდაშვილის მასალამ ცივი წყალი გადაგვასხა მეც და სხვებსაც, ვინც აღნიშნული საკითხების სწრაფ გადაჭრას ველოდით.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მუშაკის პასუხი არის „ცივი შხაპის“ ავტორი. თავისი ზერელე პასუხით – „კულტურის სამინისტრის პრეროგატივააო“ – რომ ბრძანა. ჩვენ კი გვეგონა პრემიერის ნათქვამი, მიწაზე დაშვებამდე, მერიის მიერ ჰაერში იქნებოდა დაჭერილი და ნაცვლად ამისა – უსუსური კულტურის სამინისტრო და მისი პრეროგატივა.

საზოგადოება მოითხოვს ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნებას, მაგრამ არის თუ არა ამის შესაძლებლობა?

წინა ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედების და ამჟამინდელის გულგრილობის შედეგად სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ისე შეიცვალა და ჩაიხერგა უსახო შენობებით, კაფეებით – თქვენი მოწონებული. „ნაცურმა“ ხელისუფლებამ ისე უსწრაფესად მოაოხრა ის მიდამო, ძეგლის კი არა ნემსის ჩადგმაც  გაჭირდება.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ დავით აღმაშენებლის ძეგლი უსახო, ყოვლად შეუფერებელი მინის შენობის წინ, რომელშიც სავაჭრო ცენტრი განთავსდება. ამ შენობის აშენებით დაიკარგა სივრცე – ნებისმიერი ძეგლის აღქმისათვის საჭირო და აუცილებელი. აღნიშნულ ტერიტორიას „ნაცებმა“ ისეთი დამართეს, როგორც პარლამენტის შენობას. მიზანი – რომ არც პარლამენტის შენობა ყოფილიყო პარლამენტისთვის და არც დიდი მეფის ძეგლი დაბრუნებოდა ძველ ადგილს.

სტალინის ძეგლთან დაკავშირებით კი უნიათო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე და ის, როგორც აღვნიშნე, დასავლეთს უკავშირდება. გორელებს და არა მარტო მათ, ისე მოსდით – ჩხუბის შემდეგ, მუშტების ქნევა რომ ჰქვია. კარგად გვახსოვს გორის და ქუთაისის ამბავი. ისიც გვახსოვს – ძეგლთა დაცვის მსურველთა ერთობ მცირე რაოდენობა. არც გორსა და არც ქუთაისში ქუდზე კაცი არ გამოსულა. სააკაშვილის ჯალათი პოლიციისა შეეშინდათ. გარდა ამისა, ყველამ გაუწია ანგარიში საკუთარ ოჯახს. ოჯახები ვერ აიტანდა რეპრესიებს. ძეგლები კი ყველაფერს იტანენ.

გორელები რომ მრავლობით რიცხვში გამოსულიყვნენ და მათ თბილისლებიც მიმატებოდნენ, სხვა შედეგი იქნებოდა.

დღეს, სხვა ვითარებაა სადამსჯელო ოპერაციებთან დაკავშირებით, მაგრამ საზოგადოება ისეთივე ინდიფერენტულია, როგორც მაშინ. არადა, კატეგორიული სახალხო მოთხოვნის შემთხვევაში, არათუ სტალინს, ჰიტლერსაც დაუდგამენ ძეგლს.

ხელისუფლებამ იცის, რომ საზოგადოების მასობრივ მოთხოვნას ადგილი არ ექნება და რახან ასეა, ისიც ცდილობს კოჭი უგოროს დასავლეთს. საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში პრეზიდენტიც შეიცვლიდა აზრს და ივანიშვილიც, რომელმაც ერთხელ თქვა – სტალინთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება მაქვსო. „ამ მოსაზრებამ“ აფიქრებინა პრემიერს ის, რაც თოქმაჯიშვილმა გაახმოვანა.

ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და არა ერთმა პირმა, თუნდაც პრემიერი ერქვას მას. მაგრამ საზოგადოების ნაწილი აყოლილია ანტისტალინურ, ანტისაბჭოურ პროპაგანდას და ისტორიის  ფალსიფიცირებულ ფურცლებს, სინამდვილედ აღიქვამს. ცოტას თუ შეაქვს სინათლე ამ ბოროტების და სიცრუის მორევში და მათ რიცხვში გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“-ა. მადლობა გრიგოლ ონიანს, რომელიც გაზეთის ყველა ნომერში აქვეყნებს იმჟამინდელ სიმართლეს, რამაც თვალი უნდა აუხილოს სიცრუეს აყოლილ საზოგადოებას.

სტალინის პიროვნება იყო, არის და იქნება საზოგადოების, მათ შორის უცხოელთა დიდი ინტერესის საგანი. გასული საუკუნის სამოციან წლებში, ტურიზმის სისტემაში მომუშავეს, სისტემატურად მიწევდა ტურისტულ მარშრუტში სტალინის სახლ-მუზეუმის შეტანა – ამერიკელი, ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი, სხვა ქვეყნების ტურისტების თხოვნით. ამ სახლ-მუზეუმს დღესაც არ აკლია უცხოელი სტუმრები. ჩვენ კი რა გავხდით?!

უნდა შევიგნოთ ერთი რამ – სტალინის სახელი საქართველოსთან არის დაკავშირებული და გაცილებით მეტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, ვიდრე დიდი მეფე დავით აღმაშენებლის, ბუმბერაზი რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, სხვების.

საბჭოთა კავშირის პრაქტიკულმა ჩამოყალიბებამ, ფაშიზმზე გამარჯვებამ, სხვა დიდმა საქმეებმა მოუტანეს სტალინს უკვდავება. ჩვენ კი ძეგლსაც ვამადლით. ტირანი იყოო, მაგრამ არანაკლები ტირანი იყო ჩინგის ყაენი. დრო იყო მაშინ ისეთი, მასთან ერთად მსოფლიო, ადამიანი. რაც შეეხება სტალინის ტირანობას – სერიოზული შესწავლის საგანია – ფალსიფიცირებული ისტორიის ჩამოშორებით და სინამდვილის გამომზეურებით.

ტირან ჩინგის ყაენს ლონდონის ცენტრში ძეგლს უდგამენ, ინგლისელი მკვლევარების მიერ შექმნილი სქელტანიანი წიგნის თანხლებით, რომელშიც განმარტებულია მის მიერ წარმოებული ომები და ამასთანავე პროგრესი, წინსვლა არა მარტო მონღოლთათვის, არამედ კაცობრიობისთვის. ჩინგის ყაენის მიერ ნამოქმედარი პოზიტივი გაცილებით აჭარბებს ნეგატივს – ასეა წიგნში. მონღოლი ხალხი დიდი მოწიწებით და სიყვარულით ეკიდება ჩინგის ყაენის პიროვნებას. მისი ძეგლები ამშვენებს ულან-ბატორს.

ქართველებს სტალინისთვის ძეგლი, სხვა რომ არა, მარტო ქართული საგანძურის დაბრუნებისთვის უნდა დაედგა. არამცდაარამც არ ვაკნინებ ექვთიმე თაყაიშვილის სახელს, მაგრამ ვიაზროვნოთ რეალურად და ვთქვათ სიმართლე – შეძლებდა გასული საუკუნის ოციან წლებში გაუქმებული საქართველოს მთავრობის წევრი, საფრანგეთის საკუთრებაში გადასული ქართული საგანძურის დაბრუნებას? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ექვთიმეს ეს საგანძური თავის სახლში ჰქონდა? მხოლოდ სტალინის უშუალო მეცადინეობით განხორციელდა საფრანგეთის საკუთრებაში შესული საგანძურის დაბრუნება.

საბჭოთა კავშირის მეთაურის სტალინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დე გოლის მოლაპარაკებით გადაწყდა ეს საქმე.

მხოლოდ სტალინის ნებით შეიტანეს საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენა და ეს მაშინ, როდესაც მსგავსი ჩანაწერი არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას არ ჰქონდა. მხოლოდ შევარდნაძემ მოახერხა, საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის შექმნის დროს, პროექტიდან ქართული ენის ამოღება და როდესაც გამოსვლები მოჰყვა ამას, ხალხი დაარწმუნა საკუთარ უცოდველობაში და ყველაფერი მოსკოვს გადააბრალა.

სტალინი იყო ის პიროვნება, რომელმაც აგრარული საქართველო სამრეწველოდ აქცია – რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, საავიაციო ქარხანა და ა.შ., რომ აღარაფერი ვთხვათ სამგორის სარწყავ სისტემაზე, მეცნიერებათა აკადემიაზე და სხვა მრავალზე. ჩვენ კი ასეთ პიროვნებას ვაგინებთ, ვლანძღავთ – სხვის ფალსიფიცირებულ ფეხისხმას აყოლილნი.

დიახ! სტალინის ძეგლი უნდა დაუბრუნდეს გორს და არა მარტო მას. და ეს საქმე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მან უნდა ითავოს.

   ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.