„დიდთა“ ჭიდილში, „სუსტი“ იჭყლიტება

როდესაც საქართველოს პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა უმრავლესობა მეზობელი რუსეთის ცხოვრების „პიკანტური“ მომენტების მიმართ ავადმყოფურ ინტერესს იჩენეს; როდესაც რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარება ქართული ტელევიზიების განხილვის მთავარ თემადაა ქცეული; როდესაც „გაუჩინარებული“ პუტინის საჯარო გამოჩენა ახალი ჭორების თემას აღვივებს – პუტინის ორეულთან დაკავშირებით; როდესაც რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში გახმოვანებული თემა – პუტინის ორეულის მიერ სანკტ-პეტერბურგის პრეს-კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით, უმალ ჟღერდება ქართული ტელევიზიებით; როდესაც რუსეთის „აგრესიას“ უკრაინასთან მიმართებაში (ყოველგვარი დაფიქრების გარეშე), ქართული ტელევიზიები საუზმის, სადილისა და ვახშამის ნაცვლად სთავაზობენ ტელემაყურებლებს; როდესაც მოსკოვის ყველა ნათქვამი ქართული საზოგადოების მიერ ტყუილად აღიქმება, დასავლური ტყუილი – სიმართლედ,; როდესაც . . . რამდენი „როდესაც“ ჩამოვთვალო?

ყოველივე აღნიშნული ნიშნავს ერთს – ქვეცნობიერად ქვეყნის მოსახლეობა, მათ შორის პოლიტიკოსებიც, ფარული ინტერესით არიან განმსჭვალული რუსეთის მიმართ, თან იმის ოცნებაში – რაღაც ძალამ, ნატო იქნება ის თუ აშშ-ი, დააძაბუნოს, დააკნინოს, დააუძლუროს რუსეთი. არის ამ „ინტერესში“ ბევრი გაუთვითცნობიერებელი, საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით კულისებში მიმდინარე პოლიტიკური თამაშების არცოდნა, ერთი სიტყვით პოლიტიკური მოუმწიფებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთთა სურვილს – რუსეთის დაშლა-დაქცევის გამო არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

რუსეთის, მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს დაშლა, რომ გაცილებით მტკივნეულად წარიმართება, ვიდრე საბჭოთა კავშირის, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ დაშლის პროცესი საქართველოსთვის დიდი კატაკლიზმების მომასწავებელი იქნება და არა მარტო საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისა და მსოფლიოსთვის, მაგრამ უპირველესად, ვიმეორებ, საქართველოსთვის.

დიდი სახელმწიფოების ჭიდილის არენამ ბოლო 25 წელიწადია რუსეთის სიახლოვეს, ფაქტობრივად რუსეთის საზღვრებისკენ გადმოინაცვლა. არა ჩრდილოეთის, არამედ სამხრეთ-დასავლეთის საზღვრებისკენ, ე.ი. იმ სივრცისკენ, სადაც საქართველოც მოიაზრება. არის თუ არა სამხედრო მოქმედების „თეატრის“ მოახლოება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი? – უდავოდ არის, მაგრამ ქართული საზოგადოება, ქართული ტელევიზიების მიერ ინფორმაციულად დაბეჩავებული, ვერ ითავისებს ამას.

 სულ ახლახანს, რუსეთის ტელეეთერში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ტელეფილმი ყირიმის რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირველად გააჟღერა იმ სამხედრო დაძაბულობის თაობაზე, რასაც ერთი წლის წინათ ჰქონდა ადგილი – იმჟამად, შავ ზღვაში ნატოსა და აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ძალების მიერ წვრთნების გამართვა; აშშ-ს სამხედრო გემის მიერ ყირიმისკენ კურსის აღება; ყირიმის ნახევარკუნძულზე თავდაცვის რუსული სისტემის „ბასტიონის“ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა; რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მიერ ამერიკული სამხედრო გემის თავზე, დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა; პუტინისა და ობამას სატელეფონო საუბარი, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ „მიწა რუსეთისაა“.

ამერიკულმა გემმა უმალ შეცვალა ყირიმისკენ აღებული კურსი და საწინააღმდეგო მიმართულებით გაცურა.

რომ არ გაეცურა? – იქნებოდა კონფლიქტი, ბირთვული, დამანგრეველი, უმძიმესი შედეგებით. დაზარალდებოდა ყველა – ტერიტორიულად ახლომყოფიც და შორს მყოფიც. ახლომყოფებიდან უპირველესად ჩვენ, თუმცა „დაზარალება“ უდავოდ რბილად ნათქვამი სიტყვა იქნებოდა იმათ მხრიდან, ვინც მრავალი ათეული წლის შემდეგ (ბირთვულ ომსგადარჩენილი) შეაფასებდა ვითარებას.

გამოიტანეს თუ არა დასავლეთმა და მისმა სატელიტებმა ყირიმის კრიზისიდან შესაბამისი დასკვნები?

ერთი წელი გავიდა იმ მოვლენებიდან დღემდე, მაგრამ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას ადგილი არ აქვს. ორჯერ იყო მინსკის მოლაპარაკება, მრავალჯერ სატელეფონო აზრთა გაცვლა-გამოცვლა რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის პრეზიდენტებს შორის, მაგრამ მყარი სიტყვა, მითუმეტეს საქმე არ ჩანს. უკრაინის ხელისუფლება, ისე, როგორც საქართველოს, 2008 წლის ომამდე, პროვოკაციებით, შანტაჟით, ფაქტების გაყალბებით არის შეპყრობილი და არ ფიქრობს იმას, რომ მსგავსი ქმედება შესაძლოა მსოფლიო ხანძრის გამოწვევის საბაბი გახდეს.

 აშშ-ი, ევროკავშირი, უკრაინა პოლიტიკური ავანტიურით გაჟღენთილ თამაშს თამაშობენ. ამ სამეულიდან კარგად მესმის პირველი ორის, მაგრამ არ მესმის მესამის. აშშ-ი, რომელმაც მსოფლიო პირველობა, მეტოქე საბჭოთა კავშირის უნიათო ხელისუფალთა წყალობით, იგდო ხელთ, პოზიციის განმტკიცებისთვის იბრძვის და ამ საქმისთვის ყველაფერზე გამოთქვამს მზადყოფნას. არანაკლებ ამბიციურია გაერთიანებული ევროპა, თუმცა მისი მთავარი მიზანი, მსოფლიო ჰეგემონიზმთან დაკავშირებით, გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე აშშ-ს.

რაც შეეხება უკრაინას – მას, პირველი ორის მსგავსი ამბიციები არც შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან ამისთვის საჭირო არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო შესაძლებლობები გააჩნია. მაგრამ მასაც აქვს თავისებური ამბიციები, რაც რუსეთზე ისტორიულ აღმატებულებაში გამოიხატება. უკრაინა თვლის, რომ ის უფრო განსწავლული, დიდი ისტორიის და კულტურის ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. უკრაინა თვლის, რომ არა რუსეთი, უკრაინა დიდად წარმატებული სახელმწიფო იქნებოდა.

უკრაინული ნაციონალიზმი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშიზმზე არანაკლები საშიში სახელი დატოვა, ამერიკელთა წყალობით, ბოლო 23 წლის განმავლობაში, აღმავალი გზით მიდის. შედეგიც სახეზეა, იმ ხელისუფლების სახით, რომელიც ერთი წელიწადია მართავს მას.

ახალი უკრაინა, ის ქვეყანაა, რომელიც ნამდვილად არ ტოვებს არავითარ სიმპათიას. ტყუილის, სისასტიკის, კორუფციის, ძალადობის ქვეყანა, საკუთარი მოქალაქეებისადმი აშკარად მტრულად განწყობილი. ასეთი, სხვათა მისაბაძი, სამაგალითო ვერასდროს გახდება. თანამედროვე უკრაინა, სწორედ ის ქვეყანაა, აშშ-ი და მისი სატელიტები რომ ინატრებდნენ – ანტირუსული, რუსეთის დაუძინებელი მტერი.

ფუჭად არ ჩაუვლია ბოლო 23 წლის ამერიკულ ძალისხმევას. უკრაინა არის ისეთი, როგორიც აშშ-ს სურდა, ამიტომაც არავინ აქცევს ყურადღებას უკრაინის ხელისუფალთა უკიდეგანო აღვირახსნილობას; ოპონენტების ნებისმიერი ხერხით თავიდან მოშორებას; საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღებას; უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვას; მათი ქალაქებისა და სოფლების ნგრევას.

დღევანდელი უკრაინა, ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაფერს პატიობენ. ასეთი ქვეყანა საშიშია. ასეთს, სხვა ქვეყნის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეუძლია და თავისი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებაც. მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტაც და ჟლეტაში სხვა ქვეყნის დადანაშაულებაც. ომის დაწყებაც და ამ საქმეში სხვისი დადანაშაულებაც. დღევანდელი უკრაინა ტყუპის ცალივით ჰგავს სააკაშვილის საქართველოს.

უკრაინა, სწორედ ისეთივე პრივილეგიებით და მხარდაჭერით სარგებლობს დასავლეთის მხრიდან, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება.

არის თუ არა უკრაინა საფრთხის შემცვლელი ქვეყანა, საფრთხისა, რომელსაც დიდ სახელმწიფოთა ერთმანეთთან შეჯახება შეუძლია? – უდავოდ, არის.

„შემჯახებლის“ სტატუსის მოპოვებას ცდილობდა სააკაშვილი. ნაწილობრივ მიიღო კიდევაც, მაგრამ ნაწილობრივ, რამეთუ საქართველო, თავისი პოტენციალით, გაცილებით მცირეა, ვიდრე უკრაინა. უკრაინაში გადახვეწილი სააკაშვილი, უკრაინის ხელისუფალთა სამსახურში ჩამდგარი, რუსეთთან შეჯახების მთავარი მასტიმულირებელი ძალაა.

მაგრამ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება ხომ უკრაინიდან არ იწყება? მას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს.

ა.წ. თებერვალში აღინიშნა იალტის კონფერენციის 70 წლისთავი. იალტის კონფერენციამ უდიდესი როლი შეასრულა მსოფლიო მშვიდობის საქმის შენარჩუნებაში, აიძულა დიდი სახელმწიფოები უფრო თავშეკავებულად მოქცეოდნენ ერთმანეთს. იქიდან მოყოლებული, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაჩენიდან დღემდე, „დიდები“ ინარჩუნებდნენ პარიტეტს, თუმცა ძალისხმევას არ აკლებდნენ უპირატესობის მოსაპოვებლად.

ერთმანეთისადმი უნდობლობა, ეჭვი ფართო გასაქანს აძლევდა გამალებულ შეიარაღბას, ვერბალურ დაპირისპირებას, საკუთარი შესაძლებლობების სხვათა ომებში გამოცდას, მაგრამ არა პირდაპირში  და არა ბირთვულში – ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი – კუბის კრიზისის დროს. მაშინ, ბოლო მომენტში, მხარეთა საზრიანობამ გადაარჩინა მსოფლიო განსაცდელისგან. პუტინის მიხედვით, მსგავსი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა მსოფლიო ყირიმის კრიზისის დროს. ამჯერად კონფრონტაციის შესაძლებლობა გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ რომ იყო, ფაქტია.

იალტის კონფერენციის შემდეგ, „ცხელი“ ომი არ ყოფილა. იყო „ცივი“ ომი, რომელშიც საბჭოეთი დამარცხდა, რასაც მოჰყვა მისი დაშლა, სოციალისტური ბანაკის გაუქმება, ვარშავის პაქტის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების აშშ-ს მიერ მიკედლება, მათი ნატოსა და ევროკავშირში შეყვანა.

რუსეთის ტერიტორია მკვეთრად შემცირდა. გეოსტრატეგიული დაპირისპირების ეპიცენტრმა პოსტსაბჭოთა სივრცეში გადმოინაცვლა. ჩვეულებრივად იქცა აშშ-ს მიერ ორგანიზებულ-წახალისებული „ფერადი“ რევოლუციები, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ხელისუფალთა ცვლა. ნატო-ევროკავშირში შეყვანის დაპირება. ყოველივე ამას რუსეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბებით უპასუხა, რამაც სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია აშშ-ი. მან მკაცრად გაილაშქრა რუსული პროექტის წინააღმდეგ – დაადანაშაულა რა ის „გავლენის სფეროების“ შექმნაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა პოლიტიკურ-ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს უკრაინის ანტირუსულ, ნაციონალისტურ ძალებს, რომლებმაც, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებამ დასავლეთის მხრიდან სრული კარტ-ბლანში მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის.

უკრაინის კრიზისმა მრავალი წლის განმავლობაში დაასამარა რუსულ-ამერიკული ურთიერთობები. პრეზიდენტმა ობამამ შეკრა ანტირუსული კოალიცია ევროკავშირ-კანადა, იაპონია, ავსტრალიის შემადგენლობით, რომლის მიზანია რუსეთის დასჯა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიისთვის. ყოველივე აღნიშნულს თან ახლავს პროპაგანდისტული ომი, რომელსაც კოალიცია წარმართავს რუსეთის წინააღმდეგ.

ამას წინათ იტალიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ აღნიშნა, რომ რუსეთი დასავლური ქმედებისა და პროპაგანდის მსხვერპლია, მაგრამ ამის დასაძლევად ის ერთობ სუსტად მოქმედებს. რუსული განმარტება არასაკმარისია იმ დასავლურ ანტირუსულ PR-თან შედარებით, რასაც მსოფლიო მედიაში აქვს ადგილი.

რუსეთი გამოყვანილიქნა „დიდი რვიანის“ შემადგენლობიდან. არის მცდელობა „დიდი ოცეულიდან“ გამოყვანისა. შეწყვეტილ იქნა ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკება, ისევე, როგორც რუსეთ-ნატოს კავშირები, აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობები სამხედრო სფეროში. სწრაფი ტემპით დაიწყო აშშ-სა და ნატოს სამხედრო ტექნიკის განლაგება ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთში. ძალას არ იშურებენ „სწრაფი რეაგირების ძალების“ ჩამოყალიბებისთვის. შავ ზღვაში სისტემატურად ტარდება საზღვაო მანევრები აშშ-ს მონაწილეობით.

ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთის გამოფიტვის მცდელობა, ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა დღევანდელი ვითარება ანუ გლობალიზაცია არ იძლევა რუსეთის სრული ეკონომიკური იზოლაციის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ანტირუსულ სანქციებს მსოფლიოს ქვეყნების 60% უჭერს მხარს. მართალია, სანქციებით ეს ქვეყნებიც ზარალდება, მაგრამ რუსეთისთვის რა შეღავათია?

რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის აშშ-ს მიერ დაწყებული ე.წ. ფიქალის გაზის წარმოება. მისი მიზანი მარტივია – ევროპის ბაზრიდან რუსეთის გაზისა და ნავთობის განდევნა და ამერიკული ენერგომატარებლებით ჩანაცვლება. რუსეთისთვის დაიხურა დასავლეთის მაღალტექნოლოგიებთან შეხება, როგორც სამხედრო დარგში, ისე ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში.

ნავთობზე ფასების დაწევამ სერიოზულად გააუარესა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა, გაზარდა ქვეყნიდან კაპიტალის გადინება (150 მილიარდი დოლარი), შეამცირა რუსული რუბლის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში. ინფლაცია 10%-მდე გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოებამ გასულ წელს მხოლოდ 0.6% შეადგინა. პირველი „ცივი“ ომის დროს, საბჭოთა კავშირის წილი ერთ სულ მოსახლეზე პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიო მაჩვენებლის 10% აღემატებოდა. დღევანდელი რუსეთის მონაცემი მხოლოდ 3%-ია.

გერმანიის გაერთიანების დროს, საბჭოთა ხელმძღვანელების მოჭარბებული ნდობის შედეგად, აშშ-თან არ გაფორმდა ხელშეკრულება ნატოს მაშინდელ გეოგრაფიულ ჩარჩოებში დატოვების თაობაზე. კრემლი გულუბრყვილოდ დათანხმდა აშშ-ს ადმინისტრაციის ვერბალურ დაპირებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში არ შეყვანის თაობაზე. ამით ისარგებლა ოფიციალურმა ვაშინგტონმა და კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში შეყვანის პროცედურა, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შეტყუების გეგმაც აამოქმედა.

ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სწრაფად მიმდინარეობს ამერიკული შეიარაღების შეტანა. გარდა ამისა ამერიკელი სპეციალისტებისა და სამხედროების, პერმანენტულ საწყისებზე ბაზირება. სულ მალე რუმინეთსა და პოლონეთში განთავსდება ამერიკული რაკეტსაწინაარმდეგო სისტემები, რომლებიც სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის თავდაცვისუნარიანობას.

2016 წელს, „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, კატეგორიულად დაისმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში შეყვანის საკითხი. დღეს ეს თემა მიუღებელია როგორც ამერიკელი „დემოკრატებისთვის“, ისე „ძველი“ ევროპის ლიდერებისთვის.

„ცივი“ ომის პერიოდთან შედარებით, აშშ-ი საგრძნობლად შემცირებულია განიარაღებასა და შეიარაღებაზე კონტროლის საზოგადოებრივი მოძრაობის აქტიურობა. ადრე, ამას პოლიტიკური წრეებში დიდი ყურადღება ექცეოდა.

დღეს, ამერიკულ-რუსულ გაუარესებულ ურთიერთობებზე ვერავითარ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს ბიზნეს-ლობიც. 2012 წელს, მართალია გააუქმეს „ჯექსონ-უენიკის შესწორება“, მაგრამ აამოქმედეს „მაგნიტსკის სია“, რამაც სავაჭრო ურთიერთობა მკვეთრად შეამცირა (40 მილიარდ დოლარამდე). აშშ-ს კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ერთმანეთთან „კატა-თაგვებივით“ არიან, მაგრამ რუსეთის მიმართ ერთსულოვნად, ნეგატიურად გამოდიან.

2014 წელს, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში 30-ზე მეტი კანონპროექტი და რეზოლუცია იყო შეტანილი და ყველა მათგანი ანტირუსული ხასიათისა ანუ ზეწოლა რუსეთზე უკრაინიდან გამომდინარე. კანონპროექტების ავტორები იყვნენ, როგორც „დემოკრატები“, ისე „რესპუბლიკელები“. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კონგრესის განსახილველად 8 ანტირუსული კანონპროექტია შეტანილი. 10 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღების საკითხების კომიტეტმა მიიღო ბილი კიევისთვის ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე იარაღის შესაძენად.

6 თებერვალს ობამამ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გააჟღერა. მისი მიხედვით, მთავარი ყურადღება არის გადატანილი მსოფლიოში აშშ-ს ლიდერობაზე. აშშ-ი მზადაა გლობალური მასშტაბით გამოიყენოს ძალა, რათა დარტყმა აგემოს აგრესორს, სამხედრო მოქმედების ნებისმიერ „თეატრში“. ვაშინგტონისთვის მოსკოვი არის საერთაშორისო სტაბილურობის დამრღვევი „ისლამურ სახალიფოსთან“ ერთად. დოკუმენტში რუსეთი 15-ჯერ არის ნახსენები – „რუსეთის აგრესიის“ სახელწოდებით.

ყოველივე აღნიშნული ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ამერიკა-რუსეთს შორის მიმდინარეობს სერიოზული კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს „ცივი“ ომის ახალ გამოვლინებად. ამ ომში ვაშინგტონმა ზემოთმოყვანილი სატელიტებიც აამოქმედა და მაქსიმალურად ცდილობს რუსეთის იზოლაციას.

რუსეთი თავის მხრივ გულხელდაკრეფილი არ არის, რაზეც შემდეგი მონაცემებიც მიგვანიშნებს – მიმდინარე წლისთვის სამხედრო მშენებლობის 23%-ით გაზრდა, მაშინ, როდესაც მთლიანი ფედერალური ბიუჯეტი 10-15%-ით მცირდება. სისტემატური სამხედრო მანევრები, რომელსაც რუსეთში აქვს ადგილი, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი შეტევის მოსაგერიებლად ემზადება.

შეტევა, საიდან? – იკითხავს მკითხველი. ისევ და ისევ უკრაინიდან, ვინაიდან მერკელ-ოლანდის ძალისხმევა მშვიდობიანი უკრაინის თაობაზე, არცთუ მისაღებია ვაშინგტონისთვის.

უკრაინის კონფლიქტი, აშშ-ს მონაწილეობით დაგეგმილ-ამოქმედებული, რუსეთის დაშლისთვის არის შექმნილი და ასე იოლად ის ამ საქმეს ვერ შეელევა.

რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, ვისაც სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა ძალუძს აშშ-სთვის.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც ვერ იტანს მეტოქეობას. მას ვასალები უფრო აწყობს, ისეთი, როგორებიც ევროკავშირი, იაპონია, კანადა, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნებია. ვასალებზე მეტად მას მონები აწყობს – ვაშინგტონის მიერ დასმული ნებისმიერი წინადადების უყოყმანო შემსრულებელი.

ასეთთა რიგში არიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო – ქვეყნები, რომლებსაც საკუთარი „მე“ არ გააჩნიათ, თუმცა საკუთარი „მე“ სამწუხაროდ არც გერმანიას, საფრანგეთს, „ძველი“ თუ „ახალი“ ევროპის ქვეყნებს გააჩნიათ. ბევრი მათგანი იზიარებს რუსეთის მოსაზრებას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკელთა შიშით ხმას ვერ იღებს. ბევრმა უკვე გაიგო რასა იქმს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება, მაგრამ მორჩილად თავს იქნევს, რაც დასავლური „დემოკრატიის“ ხარისხის აშკარა მანიშნებელია, უფრო სწორად უხარისხობის.

ამ დროს, ჩვენ სად ვართ, რას ვაკეთებთ ქვეყნის და თუნდაც საკუთარი თავის გადასარჩენად? რუსეთის საწინააღმდეგოდ აგორებული ჭორების გავრცელებითა და მოსმენით ვტკბებით, შიგადაშიგ ჩვენსაც ვუმატებთ. ნეტავ ვისი იმედით – „სტრატეგიული პარტნიორის“?

მერედა რას გვიშველის ათასობით კილომეტრზე მყოფი? „დიდთა“ ჭიდილში უხერხული გაჩხერა ჰქვია იმას, რასაც საქართველო აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ მან არ იცის ამის შესახებ, რომ გაიგებს, გვიან იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.