საინფორმაცი სააგენტო „რეგნუმის“ გამოკითხვასთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

2019 წლის 20-21 ივნისი საქართველოს ისტორიაში უდავოდ პოვებს ასახვას, ვინაიდან მან გააკეთა ის, რაც არც ერთ მანამდე ჩატარებულ მიტინგს არ გაუკეთებია. არ შევცდები, თუ ვიტყვი, საქართველო მიტინგების ქვეყანაა. ამ „საშური“ ღონისძიებებით მან მსოფლიოს მრავალ ქვეყანას გაუსწრო და ვერვინ გამოიცნობს კიდევ რამდენს გაუსწრებს უახლოეს მომავალში.

საქართველო მომიტინგეთა მიერ დაცემული კარვების დიდოსტატიცაა და იქ ჩატარებული „თოქ-შოუების“. არვის დავიწყებია უცნობისეული „კარვული“ შეხვედრები ქართველი „ცნობადი“ სახეების მონაწილეობით. მაშინ ქვეყნის ინტელიგენციის, პოლიტიკოსების „სანაქებო“  წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ კარავში გამართულ დიალოგებში მონაწილეობას.

ლამის წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ხდებოდა მათთან გასაუბრება, რომელიც ტელეეთერში გადაიცემოდა. რომ არა რესპოდენტთათვის მომნუსხველი ტელეეთერი, კარავში არვინ მივიდოდა.

ტელეეკრანზე გამოჩენა ხიბლავს ყველას — განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებში მომუშავეებს, სხვებს და სხვებს. მახსოვს ერთ-ერთ კონფერენციაში მონაწილე ე.წ. ექსპერტმა, რომელიც დღეს ტელეეკრანიდან არ ჩამოდის, როდესაც შეიტყო, რომ ტელეკომპანიებმა უარი თქვეს ღონისძიების გაშუქებაზე, კონფერენციის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დატოვა დარბაზი.

ქართული „დემოკრატია“, რომელიც მიტინგს, კარავს, ბილწსიტყაობს, უხამს ბანერებს და გულისამრევ ქცევას ვერ გასცდა, ახალ ნოვატორულ ხერხს ეძებს „დემოკრატიის“ გასაუმჯობესებლად, სიტყვის თავისუფლების გასამყარებლად. მაგალითი ამისა პარლამენტის შენობის წინ დაცემული კარვიდან სატელევიზიო დიალოგების გამართვაა, თუმცა თანამედროვე „ნოვატორებს“ აღარ ახსოვთ წინამორბედი „ნოვატორის“, უცნობის თოქ-შოუები; აღარც ის ახსოვთ ანდა როგორ ემახსოვრებათ, მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ, როდესაც პარლამენტის შენობის წინ გამსახურდიას ხელისუფლების დამცავი კარვები იყო გაშლილი, ხოლო მთავარ კარავში სამთავრობო ტელეფონი იყო გაყვანილი, რომლითაც ქვეყნის პირველი პირი სისტემატურ კავშირში იყო ე.წ. „შავკოლგოტკიან“ ქალებთან — კარვების გაშლის ინიციატორებთან და მონაწილეებთან.

კარვებში მუდმივად მყოფთ პარლამენტში შესასვლელი საშვიც ჰქონდათ გამოწერილი. ასე რომ, კარვის თანამედროვე ბინადარნო რაღაც ახალი გაქვთ გამოსაგონებელი, თორემ გამოთქმა „ყოველი ახალი, ძველის გამეორებაა“ კარგს არაფერს მოგიტანთ.

ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ რუსთაველის პროსპექტზე გაშლილი პარტიების კარვები და კარვების წინ ლეიბებზე გაშხლართული, წვერშეყრილი, ჯანღონით სავსე მამაკაცები. აღნიშნულს, გამსახურდიას მმართველობის ჟამს ჰქონდა ადგილი. ამ საოცარი და მსოფლიო ისტორიაში განუმეორებელი სურათის ნახვა მოინდომა აშშ-ს კონგრესის 60-კაციანმა დელეგაციამ.

რუსთაველის ძეგლიდან დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, მათ არც ერთი კარავი არ გამოუტოვებიათ. ყველასთან მიდიოდნენ სასაუბროდ. ყველა მათგანი ანტისახელისუფლებო განცხადებებს აკეთებდა, თუმცა პირადი ლანძღვა-გინება არ ისმოდა — მაშინდელ მომიტინგეებს გაცილებით მეტი ზრდილობა ჰქონდათ, ვიდრე დღევანდელებს.

რუსთაველის პროსპექტზე წამოწოლილთა ჩამოვლა-გასაუბრების შემდეგ ამერიკელთა დასკვა იყო მარტივი — გამსახურდიამ ჩამოურიგოს თანამდებობები და არც ერთი მათგანი აქ არ დარჩება. მრავალ ჭირნახულგამოვლილ ამერიკელებს „პროტესტანტთა“ სახის გამომეტყველებამ და ქარაფშუტულმა განცხადებებმა — ქვეყნის სიკეთისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით, აგრძნობინეს სინამდვილეში რისთვის იბრძოდნენ ისინი.

იმ „პარადიდან“  დღემდე მრავალმა წელმა ჩაიარა. შეიცვალა თაობა. ბავშვები, რომლებიც მშობლებს დაჰყავდათ მიტინგებზე, დავაჟკაცდნენ და ახლა თვით დაჰყავთ შვილები მიტინგებზე. მიტინგები თაობიდან თაობაზე ესტაფეტასავით გადადის. არაფერი იცვლება, გარდა თაობებისა. იგივე ადგილი — პარლამენტის წინ მდებარე სივრცე, რომელსაც მოედანსაც ვერ დაარქმევ. ისეთივე ლოზუნგები — გადადგეს მთავრობა, ძირს რუსეთი და ა.შ.

„სიკეთისმოსურნეებს“ ანუ მომიტინგეებს, არცთუ იშვიათად უღიმის ბედი და ნაცვლად მოედნისა, შენობაში იდებენ ბინას, თანამდებობებსაც ირგებენ, პრემიებსაც და ხელფასზე დანამატებსაც, სამთავრობო ლიმუზინებსაც და საარაკო ძვირადღირებულ უცხოურ ვოიაჟებსაც. ოღონდ ერთია — სახელმწიფო, რომლის „სიკეთისთვის“ იბრძოდნენ, უმალ ავიწყდებათ  თავიანთ წინამორბედთა მსგავსად და მომიტინგე მოედნიდან შენობაში შეღწეული „სასიკეთო“ მოწოდებები უსიამოვნო განწყობას უქმნით.

30-წლიანი „მიტინგური“ მარათონი, ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხავებული, ა.წ. 20-21 ივნისის ახალმა მიტინგმა ჩაანაცვლა, რომელიც რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის „ცუღლუტობას“ მოჰყვა ანუ გავრილოვის — მართმადიდებელი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავება.

ის, რომ მიტინგი და მასზე მიბმული მომიტინგეთა პარლამენტის შენობაში შევარდნის მცდელობა, წინასწარ დაგეგმილი და შემუშავებული იყო, ეჭვი არავის ეპარება. რუსი ექსპერტების მიხედვით „რევოლუციური გეგმის“ შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ უკრაინაში გახიზნული საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, უკრაინის რადის წევრები, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაცენუკი, მყვირალა რადელი ლიაშკო, სხვები.

მართმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის სხდომას რომ კარგს არაფერს დამართებდნენ, წინა დღეს გახდა ცნობილი, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში ასამბლეაში მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე, საქართველოში უკრაინის ელჩმა, რუსეთის დუმის წევრების ასამბლეაში მონაწილეობის საპროტესტოდ, მიღება ბუზღუნით დატოვა.

ასამბლეა ჩაიშალა. წყალს გაჰყვა ქართული მხარის მიერ ასამბლეისთვის წინასწარ მიცემული წერილობითი გარანტია ღონისძიების უპრობლემოდ, უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევარდნილი ნაცი პარლამენტარებისა და მათი სატელიტების გაბოროტებულ რისხვას ძლივს გადაურჩა პრეზიდენტი გავრილოვი, რუსი პარლამენტარები, ასამბლეის სხვა მონაწილეები. მათ სასწრაფოდ დატოვეს თბილისი.

ასამბლეის ჩაშლის ორგანიზატორებს სამი მთავარი მიზანი ამოძრავებდათ — საქართველო-რუსეთის სერიოზული დაპირისპირება; მოქმედი ხელისუფლების დამხობა; მართმადიდებლობაში შუღლის ჩამოგდება.

ამ სამიდან ორი შესრულდა — ხარისხის მაღალი ნიშნით. საქართველო-რუსეთს შორის ისეთი მძიმე ატმოსფერო შეიქმნა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ აშშ-ს სპეცსამსახურები — გეგმის მხარდამჭერები და სულისჩამდგმელები.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობას ისეთი ზიანი არ მიყენებია, როგორიც ა.წ. ივნისის 20-21-მა მიაყენა. თუ აღნიშნულს დავუმატებთ „რუსთავი-2“-ს ჟურნალისტის გაბუნიას, პუტინის მისამართით გამოთქმულ ბილწსიტყვაობას, რასაც მსოფლიოს ისტორიაში ადგილი არ ჰქონია, შეურაცხყოფილი რუსეთი საგონებელშია ჩავარდნილი და იმ მოსაზრებამდეა მისული — ჰქონდეს თუ არა რაიმე ურთიერთობა მეზობელ საქართველოსთან.

ნაცებმა, ევროპულმა საქართველომ, მოჭარბებულად მოპატრიოტო საზოგადოებამ, მედიამ, არასამთავროებმა 20-21 ივნისს რუსოფობიის ახალი ცეცხლი დაანთეს, რასაც დაბნეულმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა — თავისი გაუაზრებელი განცხადებით — რუსეთი აგრესორად, ოკუპანტად, თბილისში მომხდარი ბუნტის ორგანიზატორად მოიხსენია.

საქართველოთი იმედგაცრუებულმა რუსეთმა თავისი აზრი გამოხატა საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც 66553 რუსეთის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. შედეგები კარგის არაფრის მომასწავებელია საქართველოსა და ქართველებისთვის.

გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც წინათ. აი რას წერს სააგენტო: „უწესრიგობა და შეურაცხყოფა იყო ინსპირირებულიც, კარგად მომზადებულიც და დაფინანსებულიც მესამე მხარის მიერ, მაგრამ ყველაფერი ეს დეტალებია, რომელიც საერთო სურათს არ ცვლის, რომლის წყალობითაც გამოვლინდა მთავარი ტენდენციები ჩვენი (ცხადია უკვე არასაერთო) მომავლისა.

დიახ! ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ მაღალია. დიახ! ბევრს სურს იქ ყოფნა, მაგრამ ტურისტებად ნაკლებად.

გამოკითხულ მდიდრებს, არათუ საქართველოში ჩასვლა არ სურთ, არამედ ფულის ჩადებაც.  არადა, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ფლობს მსხვილ საწარმოებს. ისინი პოტენციური ინვესტორები არიან. როგორც ჩანს ეს კატეგორია არ გარისკავს საქართველოში ფულის დაბანდებას“.

გამოკითხვის მიხედვით საქართველოთი დაინტერესებულია საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები და არა შეძლებულები, რომელთაც არც საქართველოში დასვენება და არც ფულის ჩადება აინტერესებთ.

ქართველთათვის ყველაზე გულდასაწყვეტია რესპონდენტთა განცხადება, ასეთი კი 91%-ია, რომ ისინი არ მიიჩნევენ საქართველოს როგორც დასვენების ადგილს. მხოლოდ მცირე ნაწილი — 18-დან 30 წლამდე ასაკისა, თვლის საქართველოს ასეთად.

გამოკითხულ მართმადიდებელთაგან 93,3% საქართველოში დასასვენებლად არ წავა. 90%-ი კი თვლის, რომ რუსეთმა უნდა აუკრძალოს თავიანთ ქვეყანაში ჩასვლა ყველა იმათ, ვინც საპროტესტო ანტირუსულ აქციაში იღებდა მონაწილეობას.

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გადაწყვეტილებას საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა გამოკითხულთა უდიდესმა უმრავლესობამ.

„ხალხს შეუძლია იმეგობროს, მაგრამ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის მკვდარია“ — ასეთ დასკვნას აკეთებს საინფორმაციო სააგენტო.

საინფორმაციო სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით უდავოდ გაიხარებენ ნაცები, ევროპული საქართველოს წევრები, სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამერიკელთა დაკვეთით გაუთავებელ ანტირუსულ კამპანიას აწყობენ, საზოგადოებას ტვინს უბურღავენ რუსული აგრესიით და ოკუპაციით. ისინი წამითაც არ ფიქრობენ საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, მის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე და ყველაფერ იმაზე, რაზეც არის ჩამოკიდებული ერის არსებობა.

ინვესტიციიების მოზიდვა ურთულესი საქმეა. ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, რუსეთმა გარისკა და ნაცვლად იმისა დავაფასოთ — შევურაცხვყავით, თავს ლაფი დავასხით, მოკვლით დავემუქრეთ (ნეტავ რამის შნო გვქონდეს), მისი პრეზიდენტი ვლანძღეთ, ვაგინეთ, ბილწსიტყვაობის შავ ღრუბელში გავახვიეთ ის და მისი მშობლები, უკადრებელი ვიკადრეთ, რითაც მართლმადიდებელ ერს გული ავუცრუეთ ჩვენზე.

ვულოცავ ნაცებს, მათ ლიდერ სააკაშვილს, ბოკერიებს, სხვებს და სხვებს რუსოფობიით დაავადებულ ადამიანებს გამარჯვებას, რომელიც დამარცხების ტოლფასია. და რომ ეს ასეა, მალე დავინახავთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი