ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დინამიკიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, სისტემატურად არც ერთი არ ჭრის ყურს ისე, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა და მისდამი აშშ-ს მწვავე დამოკიდებულება.

აშშ-ირანის დაძაბული ურთიერთობა ისლამური რევოლუციის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა მოღრუბლულ ცაზე მზის სხივის გამონათებას ჰგავდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრაგმატული ნაბიჯები ვითარების განსამუხტავად და რთული დამოკიდებულებების შესარბილებლად. ამ პოლიტიკამ წარმატებაც მოიტანა საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმების სახით.

მოლაპარაკებები იყო რთული, ხანგრძლივი, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებული, ვინაიდან მან წერტილი დაუსვა ირანის ბირთვულ პროგრამაში ბომბის შექმნას. ირანმა თანხმობა გამოთქვა პროგრამის მონიტორინგზე, რომელსაც ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს „მაგატე“ — ბირთვული ენერგიის მაკონტროლებელი ორგანო. თავის მხრივ დასავლეთმა, მათ შორის აშშ-ა ვალდებულება აიღო ირანის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გასაუქმებლად.

მსოფლიო მიესალმა ყოველივე აღნიშნულს. დაიწყო ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი ირანსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. სავაჭრო-ეკონომიკური სანქციებით ხელფეხშეკრულმა ქვეყნებმა ამოისუნთქეს და ირანთან მრავალწლიანი სავაჭრო-ეკონომიკური აკრძალვების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიაშურეს ამ ქვეყანას ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ამოისუნთქა ირანის ეკონომიკამ, გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური ვითარება. საფუძველი ჩაეყარა ახალ ეკონომიკურ პროექტებს. გახშირდა უცხოელი ბიზნესმენების ვიზიტები ირანში.

გამოცოცხლების პროცესი სამწუხაროდ ხანმოკლე გამოდგა. აშშ-ი ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიული პარტიის ლიდერს უარი უთხრა გაპრეზიდენტებაზე. „თეთრი სახლი“ რესპუბლიკელმა ტრამპმა დაიკავა. ახალი პრეზიდენტი საპრეზიდენტო მარათონის დროსაც უარყოფით პოზიციებს აჟღერებდა ირანის მიმართ, რაც „თეთრ სახლში“ შესვლის შემდეგაც გააგრძელა.

მას დიდხანს არ უფიქრია ირანთან ურთიერთობის გაუარესებაზე და პირველი ნაბიჯიც გადადგა — გამოვიდა რა დადებული ხელშეკრულებიდან და არა მარტო. ტრამპმა, ნაცვლად წინამორბედის მიერ შეპირებული სანქციების მოხსნისა, ახალი სანქციები დაუწესა ირანს, ამასთანავე გააჩაღა ანტიირანული პროპაგანდა.

ორ წელზე მეტია ირანი ტრამპის მიერ დაწესებული ახალი სანქციების გავლენის ქვეშ ცხოვრობს, რასაც თან ახლავს ამერიკული მედიის მიერ ირანის ლანძღვა-გინება და ნომერ პირველ ტერორისტულ ქვეყნად მოხსენიება. მედია წარმატებით ასრულებს ტრამპის შეკვეთას და პატარა, უმნიშვნელო ამბავსაც არ უშვებს ხელიდან ირანის და მისი ხელისუფლების აუგად მოსახსენიებლად.

ირან-ამერიკის მძიმე ურთიერთობების გამომწვევი მიზეზები ბევრია. მათ შორის აღსანიშნავია — ირანის მიერ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა. მსოფლიოში არსებული 190-ზე მეტი ქვეყნიდან — ყველა მათგანი რომ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იჩემებს, სულ თითზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, რომლებიც ამ ორი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის მატარებელია. მათ შორის გამოკვეთილი ადგილი უკავია ირანის ისლამურ რესპუბლიკას.

ირანი არც დიდ და არც პატარა, გავლენიანს თუ ნაკლებად გავლენიან სახელმწიფოს არ უთანხმებს საკუთარ საგარეო, საშინაო თუ სამხედრო-ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც მსოფლიოს ჰეგემონად წოდებული ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია.

ირანი, რუსეთთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და თითო-ოროლა ქვეყანასთან ერთად ჯიუტი და ამერიკელთა მიერ გამოცხადებული ე.წ. დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ მოღვაწე ქვეყანაა, რომელიც ტერორიზმს უწყობს ხელს და ფინანსურ დახმარებასაც უწევს. რაში გამოიხატება ირანული „ტერორიზმი“?

ამერიკული რეცეპტით — პალესტინის ორგანიზაცია“ჰამასისადმი“ და ლიბანში მოქმედი ორგანიზაცია „ჰესბოლასადმი“ დახმარებაში. პირველი, იბრძვის პალესტინელი ხალხის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის მოპოვებისთვის; მეორე, რომელიც ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედებს — ამ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტორი და მუდამ ხმალამოღებული მებრძოლია ისრაელის ანტიპალესტინურ-ანტიარაბული პოლიტიკისა, რომელიც ხშირად გადადის აგრესიულ სამხედრო ოპერაციებში.

აღნიშნული ორგანიზაციები მხარში უდგანან ირანს სირია-ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების „ალ-ქაიდას“, „ჯებხად ან-ნუსრას“, „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვათა წინააღმდეგ ომში.

ირანმა უდიდესი წვლილი შეიტანა სირია-ერაყში ტერორისტული ორგანიზაციების დამარცხებაში. ამ ბრძოლაში გამოირჩეოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგები — მძლავრი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ამერიკელებმა ტერორისტად მონათლეს.

ირანის გავლენა, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება სირია-ერაყში, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მძიმედ აისახება აშშ-ზე. ამ უკანასკნელმა ტრილიონობით დოლარი მოახმარა ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომებსა და საკუთარი გავლენის გაფართოებას, მაგრამ, როგორც რეალობა გვიჩვენებს — ამაოდ.

ირანის გავლენა სირია-ერაყზე გაცილებით ფართოა, ვიდრე აშშ-ს, რაც თავისთავად იწვევს აშშ-ს პოლიტიკის აგრესიულობას ირანის მიმართ.

აშშ-ს, არც რუსეთის აქტიური ჩართულობა მოსწონს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მითუმეტეს სირიაში რუსეთ-ირანის სამხედრო-პოლიტიკური მოქმედება.  დავუმატოთ ამას რეგიონში აშშ-ს მოკავშირეების ისრაელისა და საუდის არაბეთის მტრული დამოკიდებულება ირანთან, მათი მხრიდან აშშ-ს მუდმივი წაქეზება ირანის წინააღმდეგ და მივიღებთ ისეთ მძიმე კოქტეილს, რომელიც მოსმისთანავე შეიძლება აფეთქდეს და ცეცხლის ალში გაახვიოს მთელი ახლო აღმოსავლეთი.

ქართველები რომ ვიტყვით — ყურის ძირშია ეს რეგიონი. ასეთ ვითარებაში არასერიოზულად, უფრო ზუსტად ავანტიურისტულადაც მიმაჩნია სახელმწიფო მდივნის პომპეოს განცხადება საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღებაზე, რამაც ესოდენ სასიამოვნო ჟივილ-ხივილი გამოიწვია ქართულ პოლიტიკაში.

პომპეოს ნათქვამში პოლიტიკური ვაჭრობის ელემენტი უფრო მეტია, ვიდრე ნატოში საქართველოს გაწევრების რეალურობა. რას ნიშნავს ყოველივე აღნიშნული თუ არა რუსეთის მიმართ მარტივ დაქადნებას დაახლოებით ასეთს — მიჰყიდით ირანს C-400 სარაკეტო სისტემას, საქართველოს დაჩქარებული წესით შევიყვანთ ნატოში.

ჰეგემონი ქვეყნის ანუ აშშ-ს ესოდენ გაუწონასწორებული პოლიტიკა, რომელიც აგონიაში ჩავარდნილისას ჰგავს, ქუჩაში მოთამაშე ყმაწვილების კინკლაობის სადარია. დავუშვათ, ასეც მოხდა, რა ვუყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

თეორიული შანსიც ამ ყოფილი ავტონომიების დაბრუნებისა ხელიდან გამოგვეცლება. პომპეო ისე, როგორც ტრამპი პოლიტიკაში დროებითი ფიგურებია, დღეს თუ არა ხვალ ისინი წავლენ და ჩვენ დავრჩებით სამხედრო ბლოკში თუკი ის არ დაიშლება რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანა ნატოს წინააღმდეგია, აღარაფერს ვამბობ თურქეთ-აშშ-ს უმძიმეს დაპირისპირებაზე.

პომპეოს განცხადება, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების გარეშეა გაჟღერებული, მტკიცება არ სჭირდება, ვინაიდან მეეჭვება, რომ მას თანხმობა მიეღო გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნატოს სხვა წონიანი ქვეყნების ლიდერებისგან, რომლებსაც ტრამპის ან პომპეოს ხუშტურის გამო ნატოს წესდება ფეხით უნდა გაეთელათ. და ეს ხდება დღეს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულება ნატო-ევროკავშირთან კულმინაციის ზღვარზეა. მაშ, რა ამოძრავებდა პომპეოს თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა?

ირანი, რეგიონის უძლიერესი სამხედრო ქვეყანაა. მას გაწვრთნილი არმია და საზღვაო ფლოტი ჰყავს. აქვს რაკეტები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ა წამოიწყებს მის წინააღმდეგ ომს, ის უდავოდ იქნება შეზღუდული ხასიათის ანუ საჰაერო. ამერიკელთა დარტყმის მიზანი იქნება ნავთობის მოპოვების ზონები, საზღვაო პორტები, ბირთვული კვლევის ობიექტები. ამ შემთხვევაში აშშ-ს უპირატესობა აშკარა იქნება, ვინაიდან ირანის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მოძველებულია, ხოლო ადრე ნაყიდი C-300 მხოლოდ თეირანს და ბირთვულ ობიექტებს იცავს.

სპეციალისტების მიხედვით, აშშ-ი ვერ გაბედავს ირანის ტერიტორიაზე ქვეითი ჯარის გადასხმას, ვინაიდან ირანის არმიასთან ბრძოლა იოლი არ იქნება. აშშ-ს, ირანთან საჰაერო დაპირისპირება მაშინ გაუჭირდება, თუ რუსეთი შეასრულებს თეირანის თხოვნას C-400 სარაკეტო სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ მიხედვით, თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა უარი უთხრა ირანს C-400-ს მიყიდვაზე, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით. „ბლუმბერგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებას არც ერთი მხარე არ ადასტურებს. სრული შესაძლებელია, რომ სააგენტომ სპეციალურად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია მოსკოვ-თეირანს შორის ურთერთობის გასაუარესებლად.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს პუტინი და ირანის პრეზიდენტი როუჰანი ბიშკეკში გამართულ „შოსის“ სამიტზე. მოლაპარაკების დეტალები ჩვენთვის უცნობია.

პომპეოს განცხადების და რუსეთ-ირანის C-400 სარაკეტო სისტემის ერთმანეთთან დაკავშირება არც შემთხვევითია და არც შეუძლებელი, ვინაიდან თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს მრავალსვლიანობა. ჩვენდა სავალალოდ საქართველოს ხელისუფალთა — ყოფილთა და ახლანდელთა წყალობით, სამგლე გოჭივით ვართ გაჩხერილი დიდ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ, ისე, როგორც ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ვარაუდობენ არ დამთავრდება. დიდთა თამაშში უდავოდ გავიჭყლიტებით, რაც კარგად უნდა ესმოდეთ ქარაფშუტა მავანთ.

დავუბრუნდეთ აშშ-ს მიერ დღითიდღე გამწვავებულ ანტიირანულ პროპაგანდას. ერთი თვის განმავლობაში ორმუზის სრუტეში, ნავთობმზიდ ტანკერებზე ორი თავდასხმა, ვაშინგტონის მიერ ირანულად ინათლება. როგორც პომპეომ, ისე ტრამპმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განაცხადეს, რომ ირანია ამ თავდასხმების შემოქმედი. აშშ-ს უმალ მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა, ცხადია საუდის არაბეთმა და ისრაელმა.

განვითარებული მოვლენები გვიკარნახებს, რომ ტანკერებზე „ირანის თავდასხმა“ გაგრძელდება, ვინაიდან ასე სურს აშშ-ს და რაც არ უნდა იძახოს თეირანმა — არაფერ შუაში ვარო — არაფერი გამოუვა. ირანი არის დამნაშავე. რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივე აღნიშნულს?

ალბათ ის, რასაც ოფიციალური ირანი მუდამ აცხადებდა — ირანზე, აშშ-ს თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ჩაკეტავს ორმუზის სრუტეს, რომლის სიგანე 21 მილია. სრუტის ჩაკეტვა გამოიწვევს ნავთობზე ფასების კატასტროფულ ზრდას და როგორც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კორბინმა განაცხადა — მესამე მსოფლიო ომს.

ორმუზის სრუტით ხდება საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვის 40%. ყოველდღიურად 17 მილიონი ბარელი ნავთობი გადის ორმუზის სრუტით. ასე, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და პომპეოს ხუშტურს მსოფლიოს ახალი ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ ომზე.

ირანის ბალისტიკური რაკეტები აშშ-ს ვერ დაემუქრება, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში — ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დიდ ზიანს მიაყენებს. არ არის გამორიცხული შიიტური ძალების თავდასხმები აშშ-ს დიპლომატიურ მისიებზე და სხვა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ირანს შესთავაზა მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რაზეც ირანის პასუხი იყო კატეგორიული — მოლაპარაკებები მას შემდეგ, თუ აშშ-ი დაუბრუნდება ხელშეკრულებას.

გასულ წელს ტვირთბრუნვამ ევროკავშირ-ირანს შორის, მიუხედავად კრიზისისა, 18% შეადგინა. ირანი ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის ექსპორტით მეორე ადგილზეა, ჩინეთის შემდეგ. რაც შეეხება ირანის ეკონომიკას — საერთო ჯამში მძიმე მდგომარეობაშია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ირანის ეროვნული პროდუქტის წარმოება 2018 წელს 4%-ით შემცირდა, მიმდინარე წელს კი მოსალოდნელია 6%-იანი შემცირება. გარდა ამისა გასულ წელს ირანის ვალუტა 60%-ით გაუფასურდა. მიმდინარე წელს ინფლაცია 40%-ს მიაღწევს.

ყოველივე აღნიშნული ირანელთა სოციალურ მდგომარეობაზე აისახება. ხალხი უკმაყოფილოა არა საკუთარი ხელისუფლების, არამედ აშშ-ს ადმინისტრაციით. ასე, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების გათვლები — ეკონომიკური სანქციებით ირანელთა ქუჩებში გამოყვანა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ არ მართლდება. აშშ-ა სხვა გზას უნდა მიმართოს და მიმართა კიდევაც — ძალისმიერს ანუ ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო იერიშის მიტანას.

აშშ-ს პრეზიდენტები ხშირად იყენებენ ლოკალური ომების პოლიტიკას საშინაო საქმეების მათთვის შესაფერის კალაპოტში ჩასაყენებლად. ყველას ჰქონდა საკუთარი ომი. ტრამპიც გამონაკლისი არ იქნება, მითუმეტეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი