საქართველოზე გადმოფარებული „მზრუნველი“ კალთა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს საზოგადოება კარგა ხანია მიეჩვია საკუთარ ქვეყანაში სტუმრის როლში ყოფნას. რა გაეწყობა, როდესაც არც ძალა გაქვს, არც ღონე და პოლიტიკური თვითშეგნებაც გღალატობს უაზრო თავის მართლების რეჟიმში ხარ. და არგუმენტად „მეგობარი“ უკრაინა მოგყავს — ჩვენზე ტერიტორიით დიდ და მოსახლეობით მრავალმილიონიან უკრაინაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი სათათბირო მაგიდის თავში იჯდა და საგონებელში მყოფ მასპინძელთა პოლიტელიტას ნოტაციას უკითხავდაო.

იყო, ნამდვილად იყო მსგავსი რამ — ამერიკელთა თავხედური ყოვლისშემძლეობის დამადასტურებელი მაგალითი, სწორედ ამიტომაც შემოიარა ამ ვიდეოკადრმა მსოფლიოს ტელეეკრანები — უკომენტაროდ.

იმას, რასაც თბილისში ჰქონდა ადგილი, პოლიტიკური თვალსაზრისითაც და პროტოკოლითაც ვერ გავუთანაბრებთ ვიცე-პრეზიდენტის მაგალითს, მაგრამ ქვეყნის მარტივი წესების, ელემენტარული ზრდილობის ნორმების დარღვევას უდავოდ გავიხსენებთ და ვისურვებთ, რომ მსგავსს არასდროს ჰქონდეს ადგილი სტუმრის მხრიდან — რა დიდი თუ ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი უნდა იყოს ის. სტუმრის მოურიდებელი ქცევა, საკუთარ უკულტურობასთან ერთად, მასპინძელთა მოჭარბებული მლიქვნელობითაც არის გამოწვეული.

თითქმის 30 წელია სისტემატურად ვთხოვთ, ვეხვეწებით, ვემუდარებით ამერიკა-ევროპას თქვენს ოჯახში მიგვიღეთ, თქვენი მზრუნველი კალთა გადმოგვაფარეთ და რასაც მოისურვებთ, ყველაფერს შეგისრულებთო.

ამის შემყურე, შინაგანი კულტურითა და უზადო ქცევით დაჯილდოებულიც, თავს ზეკაცად წარმოიდგენს, არათუ აშშ-ს ერთ-ერთი ინსტიტუტის (გარდაცვლილი სენატორის მაკკეინის სახელს რომ ატარებს) რიგითი ექსპერტი კრამერი, რომლის ყვირილმა — „გაეთრიეთ“, „გაეთრიეთ“ და შესაბამისმა სახის გამომეტყველებამ წარუშლელი შთაბეჭდილება (ცუდი გაგებით) დატოვა ყველა იმაზე, ვინც ტელეეკრანით იხილა — ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადასული შეხლა-შემოხლა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ინაშვილსა და მას ანუ „სტუმარს“ შორის.

ნამდვილი მასპინძლების ანუ აქაურების ხმა არსად ისმოდა და თუ ისმოდა, ისიც კანტიკუნტად, ვინაიდან აქაურები სტუმრების როლში იყვნენ, ხოლო სტუმრები, მასპინძლების, რამეთუ ისინი ატარებდნენ სასტუმრო „რუმსში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მეხუთე კონფერენციას.

მაკკეინის ინსტიტუტის თანამშრომელმა, კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თავს უფლება მისცა სხდომის დარბაზში არ შეეშვა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. და არათუ არ შეეშვა, დაუყვირა კიდევაც — გადით, გადით აქედან, რაც ქართულად უფრო გაეთრიეთს მიესადაგება.

მედიის მიხედვით, კრამერმა „მოუწოდა“ ინაშვილს და თანმხლებ ჟურნალისტებს შენობიდან გასულიყვნენ.

არა ბატონებო, სცდებით! „გეთ აუთ, გეთ აუთ“ — მოწოდება კი არა სწორედ ისაა, რაც ზემოთ აღვნიშნე — „გაეთრიეთ“ და ნუ ცდილობთ გავეშებული კრამერის გაკრავებას.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც განმარტება სთხოვა ინაშვილს, ისიც უთხრა, რომ ინაშვილი არ ყოფილა მიწვეული კონფერენციაზე და სხვას რას ელოდა კრამერისგან?!

საინტერესოა, ქვეყნის  პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს რომ მოსურვებოდათ კონფერენციაზე მისვლა — ასე „გაუმასპინძლდებოდა“ კრამერი?

კონფერენციას, რომელსაც ესწრებიან პარლამენტის რიგითი წევრები, არ ასწრებენ ვიცე-სპიკერს, რანგით მათზე მაღალს. იქნებ, აქ რანგს სულაც არ აქვს მნიშვნელობა?

ვგონებ საკითხავიც არაფერია. ამ შემთხვევაში ინაშვილის პოლიტიკური ორიენტაციაა მთავარი — პრორუსულობა, კრემლის აგენტობა და არა თანამდებობა. კონფერენციის მონაწილე ხატია დეკანოიძემ, გიგა ბოკერიამ, სალომე სამადაშვილმა ხომ პირდაპირ, მოუხედავად გააგორეს მამალი ტყუილი — ინაშვილმა კრემლის დავალება შეასრულაო.

ასეა თუ ისე, ინაშვილის „შეჭრამ“ შენობაში შესაძლებლობა მოგვცა საკუთარი თვალით გვენახა გააფთრებული ამერიკელი ექსპერტი, რომლის უმთავრესი მიზანი რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის ნაცვლად, კიდევ მეტი დაძაბვის შემოტანაა, თუმცა თვით კონფერენციაც ხომ ამ მიზნით ტარდება — რუსეთის წინააღმდეგ ახალ-ახალი პროვოკაციების მოწყობა?!

იქნებ, ეს უფრო ტრენინგია, ვიდრე კონფერენცია, ანუ ვარჯიში, როგორ უჩხვლიტონ რუსეთს, მის ხელისუფლებას, პრეზიდენტს?

კონფერენციაში მონაწილე ლიბერალი რუსები, ანტირუსულად განწყობილი ამერიკელ-ევროპელი მტვერდაყრილი პოლიტიკოსები, „ოცნების“, „ნაცმოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და სხვა მისთანა პარტიების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში ხვეწდნენ რუსეთის წინააღმდეგ „მსუბუქი ძალის“ გამოყენების ხერხებს და მეთოდებს, ასწავლიდნენ ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთთან გამკლავების გზებს და ტაქტიკას.

შიგადაშიგ „სიბრძნით“ გაჟღენთილ რჩევებსაც აძლევდნენ, მაგალითად — რასმუსენი, იგივე კრამერი, სხვები, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი გავიხსენოთ 20-21 ივნისის ღონისძიება, რომელიც პარლამენტის შენობაში ჩატარდა და რომელსაც გავრილოვის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა შეერქვა.

საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების თითქმის ოთხწლიანი თხოვნის შემდეგ მართლმადიდებელმა საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა თბილისში კონფერენციის ჩატარება. ტრადიციისდა მიხედვით ანალოგიური კონფერენციები პარლამენტის დარბაზში იმართება და აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ დარბაზი საპარლამენტო ასამბლეას დაუთმო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფერენციის დღეს მასპინძელი, საპარლამენტო ასამბლეა იყო და არა საქართველოს პარლამენტი. და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაიკავებდა სხდომის თავმჯდომარისთვის შესაფერის ადგილს ანუ პარლამენტის თავმჯდომარის.

და როგორც კი მან ეს გააკეთა, წინასწარ ჩასაფრებული საპარლამენტო ოპოზიცია დარბაზში შევარდა და სხდომის თავმჯდომარე გავრილოვი ლამის მუჯლუგუნებით გააგდო დარბაზიდან, შემდეგ კი ქალაქიდან. არადა, გავრილოვს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტს, ხომ შეეძლო დარბაზში შეჭრილი ნაცმოძრაობისთვის მოეთხოვა დარბაზის დატოვება?

ცხადია, შეეძლო. ის, ხომ ღონისძიების ორგანიზატორი იყო, ისე, როგორც კრამერი, რომელმაც ირმა ინაშვილს ლამის მუშტი-კრივი გაუმართა. პირველ შემთხვევაში სტუმარი ისე მოიქცა, როგორც თავაზიან ადამიანს შეეფერება, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ის იყო მასპინძლის როლში.

მეორე შემთხვევაში — ანუ კრამერის, ყველამ ვიგრძენით ვინ ვართ ჩვენ, ჩვენივე ქვეყანაში. კრამერმა გვაგრძნობინა — „აქ, ვინ არის უფროსი“, ისე, როგორც ბაიდენმა კიევში.

გავრილოვს, რომ „სახელმწიფო გადატრიალება“ ჰქონოდა დაგეგმილი და რუსეთის მიერ თბილისის ოკუპაცია, გაოცებული დატოვებდა დარბაზს?

იმ დღის შემდეგ საქართველო, გავრილოვის სახელის ხსენებით იღვიძებს და იძინებს. რას არ აბრალებენ მას ნაცები, ქოცებიც კი (ნაცებს არ ეწყინოთო), სხვები, რიგითი მოქალაქეებით დაწყებული, ვითომ ექსპერტებით დამთავრებული.

ორიოდ სიტყვით ა.წ. 20-21 ივნისის მოვლენების ნამდვილი ორგანიზატორების შესახებ. 2019 წლის თებერვალში ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თავისუფალი რუსეთის ფონდმა“ გახსნა თავისი ოფისი თბილისში. დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი კრამერი და საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი. ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა ანტირუსი ჟურნალისტი ეგორ კუროპტევი, რომელიც სისტემატურად ატარებს „თოქ-შოუებს“ სათაურით „სასაზღვრო ზონა“.

„თოქ-შოუებში“ მონაწილეობას ღებულობენ ამერიკელი ექსპერტები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან მოჭარბებული ანტირუსულობით. ერთ-ერთ „თოქ-შოუში“ ჟურნალისტმა მიიწვია ჩვენთვის ცნობილი კარპენტერი, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას შორს ყოფილიყო რუსეთისგან, არ მიეღო ამ ქვეყნიდან ტურისტები, ვინაიდან ტურისტებში მრავლად არიან ფსბ-ს ჯაშუშები.  არ მიეყიდათ რუსებისთვის ბინები, უძრავი ქონება, იმიტომ რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% უძრავი ქონების შეძენით შესძლებს საქართველოს 100%-იან ოკუპაციას.

აღნიშნულ ორგანიზაციასთან მჭიდრო კავშირი დაამყარეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ამერიკელებისთვის, ისე, როგორც აღნიშნული ოპოზიციური პარტიებისთვის მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარების თაობაზე კარგახნით ადრე იყო ცნობილი. აღნიშნულმა ფონდმა შეიმუშავა გეგმა იმისა, თუ როგორ გამოეყენებინათ ეს ღონისძიება საპროტესტო გამოსვლების მოსაწყობათ და ქვეყანაში ხელისუფლების ჩასანაცვლებლად.

მოწოდებები და ლოზუნგები აშშ-ს ექსპერტების მიერ იყო შთხზული და 20-21 ივნისის მოვლენებამდე დამზადებული. ქართველი „პატრიოტები“ მარიონეტების როლს ასრულებდნენ ამერიკელთა დირიჟორობით. ასე რომ, 20-21 ივნისის ღონისძიების სცენარი აშშ-ი დაიწერა და არა საქართველოში ქართველების მიერ. ესეც კი იმპორტირებული იყო ამერიკიდან.

რაც შეეხება რჩევებს და რეკომენდაციებს. ისევ კრამერი: „ვფიქრობ, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან ოკუპაციის პრობლემას არ გადაჭრის. ეს მძიმე პროტესტი 10 წელზე მეტია გრძელდება. დეოკუპაციისთვის აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე“.

„პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი — დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, ამერიკელი კრამერის აზრით უნაყოფო იქნება: „პირდაპირი დიალოგი ყოველთვის ეფექტური არ არის. სამწუხაროდ, რუსეთის შემთხვევაში ეს არაფრის მომტანი იქნება. საერთაშორისო საზოგადოებამ ურყევად უნდა განაგრძოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ეს იქნება რუსეთზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი“.

ამ სიტყვების ავტორს, თუკი ის საქმით არის ექსპერტი წამითაც არ უნდა სჯეროდეს თავისი ნათქვამის.

2008 წლის აგვისტოდან დაწყებული დღემდე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევაზე ორიენტირებულმა საქართველოს ყველა ხელისუფლებამ ამ ე.წ. ვირტუალურ საერთაშორისო საზოგადოებას ისე აუტალახა კარი, რომ საქართველოს გაგონებაც არ უნდათ. ანდა რა ზეწოლა უნდა განახორციელოს მან რუსეთზე — ეკონომიკური სანქციები, რომელიც არ ჭრის? იზოლაცია, რომელიც შეუძლებელია?

განა კრამერმა არ იცის ეს?

იცის, მაგრამ თვალთმაქცობს. უპირველესად იმიტომ, ვაითუ პირდაპირი დიალოგის შემთხვევაში რუსეთმა ისე მოხიბლოს საქართველო, რომ მან ორიენტაცია შეიცვალოს?

და თუ ამას ექნა ადგილი — რა ეშველება კრამერს და მისთანა ექსპერტებს, მტვრით დაფარულებს; ვინ გაიხსენებს მათ; ვინ გამოუყოფს ფულს მსგავსი კონფერენციის ჩატარებისთვის, ისე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ „რბილი ძალის“ გამოყენების სხვადასხვა ხრიკებისთვის?

კრამერს დრო გაჰყავს, რითაც რუსულ წისქვილზე უშვებს წყალს. პირდაპირი მოლაპარაკება რაღაც შედეგს მოიტანს. საერთაშორისო საზოგადოების ვითომ ზეწოლა — დროს გაფლანგავს, რაც კრამერს და მისთანებს აძლევს შესაძლებლობას ფული აკეთონ საქართველოს უბედურებაზე.

ახლა რაც შეეხება ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის რჩევას: „თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება; რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს“.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ ომის შემთხვევაში ნატო დაიცავს მხოლოდ საქართველოს იმ ტერიტორიას (აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის გამოკლებით), სადაც მისი იურისდიქცია ვრცელდება. თუ ნატო საქართველოს იმ ტერიტორიას დაიცავს, რომელზედაც მისი იურისდიქცია ვრცელდება, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ფარგლებს გარეთ რჩება?!

ამ რჩევის შემდეგ რასმუსენმა მოიყვანა სრულიად შეუფერებელი გერმანიის მაგალითი: „გერმანია ნატოში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთი ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე“.

რასმუსენს დაავიწყდა, რომ ნატოს წესდება ვერაფრით გავრცელდებოდა გდრ-ზე — დამოუკიდებელ, სოციალისტური ბანაკის აქტიურ წევრ სახელმწიფოზე, მსოფლიოს ქვეყნების მიერ აღიარებულზე. „თუმცა, როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს — ნატოს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთი გერმანიაც“, — თქვა მან.

1991 წელს აღმოსავლეთ გერმანიამ ანუ გდრ-მ შეწყვიტა სახელმწიფოებრიობა, შეუერთდა დასავლეთ გერმანიას და ის, რომ ნატოს წესდებამ გერმანიის აღმოსავლეთი დაფარა, გასაკვირი არაფერია.

აქვე ვიტყვი, რომ არა სსრკ-ს მაშინდელი გამყიდველი ხელმძღვანელები — გორბაჩოვის მეთაურობით, გერმანიის გაერთიანებას ადგილი არ ექნებოდა. ამ გაერთიანებას მოწინააღმდეგებიც ჰყავდა საფრანგეთის, ევროპის სხვა ქვეყნების სახით.

გერმანიის საკითხი, კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკისა და პოლიტიკოსების გაწეული შრომის შედეგი იყო და მისი საქართველოსთან შედარება რასმუსენის კოჭლი აზროვნების მაგალითია და მეტი არაფერი.

მოდით გავხსნათ ფრჩხილები და გულახდილად ვილაპარაკოთ — მიიღებენ თუ არა საქართველოს ნატოში? პასუხი — ნატოს უმთავრესი შეფისა (და არა ამჯერად მოექსპერტო რასმუსენის), აშშ-ს პრეზიდენტის ობამასი იყო მოკლე და კონკრეტული — საქართველო და უკრაინა ნატოში ვერ შევლენ.

მაშ, რას გვიცხადებს რასმუსენი?

იმას, რასაც დასავლელი ექსპერტები გასულ წელს — ნატოში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა ამ რისკზე. მაგრამ რა უყონ დაპირებას?

გარდა ამისა, პირდაპირ რომ გვითხრან ისე, როგორც ობამამ, ხომ აგვიცრუვდება გული ნატოზე, ხომ არ გამოიწვევს ეს ჩვენს რუსეთისკენ შებრუნებას?

ბრიუსელი ჩვენზე მეტად არის შეწუხებული და არ იცის როგორ გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც თვით შევიდა ტყუილი დაპირებით. ამისთვის მან რაღაც ისეთი უნდა მოიფიქროს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მასზე იყოს ლაპარაკი. ასეთად რასმუსენმა შარშანდელი ვარიანტის გადამღერებული ვერსია შემოგვთავაზა, რომელზეც უკვე დავიწყეთ თავის მტვრევა, რაც კარგა ხანს გაგრძელდება. შემდეგ სხვა დასავლელი გვეტყვის სხვა ვარიანტს და იმაზე დავიწყებთ ლაპარაკს — ამასობაში დრო გავა. მერე ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი