რუსეთის ლანძღვა-გინებასთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ა.წ. მაისის ბოლოს ქ. ნურ-სულთანში (ძველი ასტანა) „ევრაზესის“ საიუბილეო სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების (რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის) მეთაურებმა და დამკვირვებლის სტატუსის მატარებელი ქვეყნების (მოლდოვის, ტაჯიკეთის) პირველმა პირებმა. სამიტს ესწრებოდა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც აირჩიეს „ევრაზესის“ საპატიო პრეზიდენტად.

აღნიშნული ორგანიზაციის შექმნაში, ისე, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის ნურსულთან ნაზარბაევს და რომ არა მისი თავდაჯერებული, პრაგმატული მიდგომა აღნიშნული კავშირისადმი, არავითარ მსგავს ორგანიზაციას ადგილი არ ექნებოდა, რის შესახებაც სულ მუდამ აცხადებდა და აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბება არცთუ იოლი გამოდგა, ვინაიდან რუსეთის მიერ დამოუკიდებლობანაბოძარი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები — მოჭარბებული ნაციონალური  განწყობით, ნაცვლად ინტეგრაციისა, დეზინტეგრაციას აღმერთებდნენ და თვალი არა ძველი და ნაცადი მეგობრებისკენ ეჭირათ, არამედ უცნობი ქვეყნებისკენ, რომელთა უმრავლესობას მწირი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.

განვლილმა დამოუკიდებლობის წლებმა, ურთულესმა ეკონომიკურ-სოციალურმა პრობლემებმა, სიღარიბემ, გაუსაძლისმა ცხოვრებამ, საზღვარგარეთის ზღაპარმა, რომელიც საბჭოური ცხოვრების სარკმელიდან მომნუსხავად მოქმედებდა მათზე, დამოუკიდებლობის რეალურმა აღქმამ აიძულა ისინი დაფიქრებულიყვნენ და გადაედგათ პრაქტიკული ნაბიჯები ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.

ხუთი წელი ისტორიისთვის ერთი გაელვებაც არ არის, თუმცა პრაგმატიზმისა და საქმისადმი პრაქტიკული მიდგომის შემთხვევაში — საუკუნეა. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა,  „ევრაზესის“ წევრებმა დაინახეს, რომ ისინი ერთმანეთს სჭირდებიან, რომ მათი ეკონომიკის აღორძინება და წინსვლა არა მარტო უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, არამედ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე, საერთო პროდუქციის შექმნაზე — ესოდენ საჭიროზე საკუთარი ბაზრის და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, სხვა სახელმწიფოებში გასაყიდად გასატანად. ბელარუსული მძიმე სატვირთო ავტომანქანები „ბელაზები“, რომლებიც ამ ქვეყანაში მზადდება, სანახევროდ რუსეთში, „ევრაზესის“ სხვა ქვეყნებში დამზადებული ავტონაწილებისგან იწყობა, ისე, როგორც ბელარუსული ტრაქტორები, რუსული შვეულმფრენები, თვითმფრინავები და სხვა.

„ევრაზესმა“ თვალნათლივ დაგვანახა, რას ნიშნავს პრაგმატული თანამშრომლობა, რომელსაც ხშირად ჩვენი ექსპერტობა და ვაი პოლიტიკოსები რუსულ დიქტატთან აიგივებენ. ეს კატეგორია ვერადავერ მიმხვდარა, რომ „დიდი რუსი ძმის“ ფაქტორი საბჭოეთის გაქრობასთან ერთად გაქრა და მას არავითარი კავშირი არ აქვს თანამედროვეობასთან.

ცხოვრებამ გვაჩვენა ის რთული ურთიერთობებიც, რომლებიც არსებობენ „ევრაზესის“ ქვეყნებში საკამათო საკითხებთან დაკავშირებით. ისიც გვაჩვენა, თუ რა ხშირად უხდებათ ამ თემებზე ცალ-ცალკე მოლაპარაკებების წარმოება. რა გაეწყობა, ყველას თავისი მიდგომა აქვს საკითხებისადმი და მათი შეუჯერებლობა საერთო საქმის შეუსრულებლობის მანიშნებელია, რაც საბოლოო ჯამში თითოეულის ბიუჯეტზე აისახება, ცხადია ნეგატიურად.

თანამშრომლობა, საიუბილეო სამიტებზე შამპანურით სავსე „ბოკალის“ აწევასაც ნიშნავს და სადღეგრძელოს წარმოთქვამდე თავაუღებელ შრომას — შრომას საერთო საქმისადმი ანუ შრომას საკუთარი ქვეყნისათვის. სად ჩანს აქ რუსული დიქტატი?!

ეს კითხვა ნებისმიერს დაებადება — საქმეში ჩახედულს, ობიექტურად მოაზროვნეს. იბადება ასეთი კითხვაც — „ევრაზესი“ უკრძალავს თუ არა წევრ სახელმწიფოებს არაწევრ, აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას?

პასუხი არის მარტივი — არა!.

„ევრაზესი“ ევროკავშირი არ არის, რომელიც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩს აიძულებდა მხოლოდ მასთან ანუ ევროკავშირთან ჰქონოდა ურთიერთობა და არა რუსეთთან. „ან ჩვენ, ან ისინი“ —  ასეთი იყო მაშინდელი ევროკავშირის შეფის ბაროზუს ულტიმატუმი უკრაინისთვის, რომელმაც ვერ გარისკა საუკუნოვანი ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა რუსეთთან და ჭოჭმანობის დროს „მაიდნის რევოლუციაც“ მიიღო.

2014 წლის გადატრიალებამ უკრაინის სათავეში მიიყვანა პროდასავლური ძალები, რომლებიც უმალ შეეგუენ ვაშინგტონ-ბრიუსელის მოთხოვნას — რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას. შედეგი —  დაქცეული ეკონომიკა, გაპარტახებული სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, უკიდურესად გაუარესებული სოციალური ვითარება.

უკრაინელთა დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი უაღრესად ნეგატიურად აისახა პრეზიდენტის არჩევნებზე. ამომრჩეველთა 75% პრეზიდენტ პოროშენკოსა და მის მმართველობას უარი უთხრა.

რა იქნებოდა, უკრაინას რომ გაეგრძელებინა ურთიერთობა რუსეთთან და ევროკავშირთან? პასუხი მარტივია —  არა ისეთი დაქცეული და გავერაგებული უკრაინა, როგორიც დღეს.

„ევრაზესთან“ ურთიერთობის სურვილი გამოთქვა 40-მა ქვეყანამ. ისინი მზად არიან ითანამშრომლონ მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ფინანსების, ტურიზმის და სხვა დარგებში.

რა დააკლდებოდა საქართველოს თუ არ მოემატებოდა ამ ორგანიზაციაში ყოფნით ან მასთან თანამშრომლობით?

კითხვა სასიცოცხლოა და არა რიტორიკული, ვინაიდან მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ყოფა, დუხჭირი ცხოვრება არის ფონი არსებული კითხვისა. საქართველოს მოსახლეობას ჯერაც გარკვევით არ უთქვამს ქვეყნის სადღეისო ან სახვალიო განვითარებაზე. 2008 წლის გამოკითხვა — გვინდა თუ არა ნატოში — ვერ გახდება ინდიკატორი, ვინაიდან მაშინ ამომრჩეველი ნაკლებად ან საერთოდ არ ფიქრობდა ქვეყნის ორიენტაციაზე. მას საძულველი პრეზიდენტის მოშორების პრობლემა ჰქონდა თავში.

უცხოური ორგანიზაციების შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვები რეალურ სურათს არ იძლევა. საჭიროა ახალი რეფერენდუმი, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს ახსნა-განმარტება — რას წარმოადგენს ნატო და ევროკავშირი და რას აძლევს ეს ორგანიზაციები საქართველოს. რა იქნება თუ საქართველო აირჩევს ნეიტრალური განვითარების გზას და ა.შ.

რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ფალსიფიკაციის, სახელმწიფო ზეწოლის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში უადგილოდ მიმაჩნია მუდამ იმის ძახილი, რომ საქართველოს მოსახლეობამ, 2008 წელს აირჩია ევროატლანტიკური განვითარების გზა.

რეფერენდუმის ჩატარებამდე, უნდა აიკრძალოს მედიაში რუსეთის ლანძღვა-გინება და არა მარტო რეფერენდუმამდე, საერთოდ, ვინაიდან ლანძღვა-გინებით ფონს ვერ გავალთ, საქმეს კი გავაფუჭებთ, ისე, რომ რუსეთთან დასალაპარაკებელი პირიც არ გვექნება.

არადა, რაც არ უნდა ვაფართხალოთ ხელ-ფეხი, რუსეთთან ადრე თუ გვიან მოლაპარაკება დაგვჭირდება. „ოკუპანტის“, „აგრესორის“ და „ნატო-ნატოს“ ძახილი არაფერს მოგვიტანს. თუ ჩემი არ გჯერად, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე აწონ-დაწონეთ და შემდეგ თქვით — მოგვიტანა?

საქართველოს უკლებლივ ყველა მედიასაშუალება თავს უფლებას აძლევს უშვერი სიტყვებით ლანძღოს რუსეთი. ამ საკითხში იდენტურნი არიან საქართველოში არსებული უკლებლივ ყველა პარტია თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, იშვიათი გამონაკლისის გარდა და ამას ისე შეაჩვიეს მსმენელ-მაყურებელი, თითქოს ძილის წინ „იავნანას“ უმღეროდნენ.

სულ ახლახანს ამაზრზენი შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალისტ გრიგოლიასა და „ლეიბორისტ“ ნათელაშვილის ლამის ხელჩართულმა კამათმა. ნათელაშვილი შეეხო რა დავით გარეჯის თემას — ილჰამ ალიევი ოკუპანტად მოიხსენია, რაზეც გაწიწმატებულმა გრიგოლიამ ბრძანა — ოკუპანტი მარტო რუსეთია და მეგობარი აზერბაიჯანი არაო. ნათელაშვილმა თავისი გააგრძელა — ოკუპანტია ყველა, ვინც ქართულ მიწებს წაგვართმევს — ალიევი, პუტინი, ერდოღანი, სხვები და სხვები. ამ წივილ-კივილმა ვერადავერ დაადგინა ნამდვილი ოკუპანტი. კამათი უკომპრომისოდ დაასრულა გრიგოლიამ, თუმცა მან მაინც თქვა „სეფე სიტყვა“ — რუსეთი ოკუპანტია!

აი ასე, ყოველდღე, ყოველ საათს მედია ჩასჩიჩინებს მკითხველს, მსმენელს, მაყურებელს რუსეთის ოკუპანტობას, გარდა ამისა იმას, რომ რუსეთმა დაიწყო ომი 2008 წელს და არა დამთხვეულმა სააკაშვილმა. არც ერთ ჟურნალისტს, მითუმეტეს ექსპერტს თავში აზრადაც არ მოსდის, სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო — უპასუხებდა თუ არა რუსეთი საქართველოს?

სააკაშვილს რომ „მედვედევ-სარკოზის“ დოკუმენტიდან არ ამოეშალა ავტონომიებთან სტატუსის განმსაზღვრელი მოლაპარაკების დაწყება და მოლაპარაკების ნაცვლად არ ებღავლა — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალით დაბრუნების თაობაზე, რუსეთი ცნობდა თუ არა მათ დამოუკიდებლობას?!

სააკაშვილმა ჰკრა ხელი რუსეთს ეღიარებინა სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი, ცხადია არა შეგნებულად, არამედ შეუგნებლად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების არცოდნის გამო. და როდესაც ჟურნალისტი აცხადებს შედეგს, მაგრამ არა მიზესს, რამაც შედეგი გამოიწვია, შეგნებულად ცოდავს — შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ჩემში გაკვირვება გამოიწვია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულმა მანანა ნოზაძის ინტერვიუმ მამუკა გიორგაძესთან. ინტერვიუს წამძღვარებული აქვს რუსული არხის „როსია-1“ სიუჟეტის ავტორის ჟურნალისტ მაქსიმ კისილიოვის ლანძღვა, რომელმაც გაბედა და თქვა: რომ საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსულად მოლაპარაკეთა რაოდენობა; რომ რუსი ინვესტორები საქართველოში ქონების შესაძენად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე თურქები, არაბები; რომ საქართველოში სამიდან ორი ტურისტი რუსია; რესტორნებში მომსახურე პერსონალი რუსულად ლაპარაკობს; რომ მეფისნაცვალ ვორონცოვს გაუზრდია ქართული ღვინის წარმოება; ქართული ჩაიც არ იარსებებდა, რომ არა ვორონცოვი და ა.შ.

ჟურნალისტს, რომ ცაღი თვალით შეეხედა ქართულ-რუსული ისტორიული ურთიერთობებისთვის, მამუკა გიორგაძის დახმარება არ დასჭირდებოდა ქართველი ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთების დასაოკებლად, რომლებიც კისილიოვის ნათქვამს რუსულ პროპაგანდად აღიქვამენ.

მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ ამ სიუჟეტის გადაღების საშუალება საქართველოში არ უნდა მიეცათ; ვიღაც ბაციკაძე გაკვირვებულია იმით, რომ საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის და ისევ რუსული ენა დომინირებს და ა.შ.

ვაი, ჩვენს თავს!

რუსული ენა გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი სამუშაო ენაა, ისე, როგორც სხვა რესპექტაბელური საერთაშორისო ორგანიზაციების. რუსული ენისადმი ინტერესი დღითიდღე მატულობს, რაც არა მარტო ენის სიყვარულით არის გამოწვეული, არამედ თვით რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირებით მსოფლიოს ქვეყნებთან.

მსოფლიო პოლიტიკაში ამა თუ იმ ქვეყნის გავლენის ზრდა თავისთავად იწვევს ამ ქვეყნის ენისადმი ინტერესს, ამდენად არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ხვალ ინგლისურზე მეტად მოთხოვნა ჩინურ ენასაც ექნება. რუსული — დოსტოევსკის, პუშკინის, ტოლსტოის, ჩეხოვის, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ენაა და ლიტერატურის თაყვანისმცემელი ამ კორიფეების ორიგინალში წაკითხვას ლამობენ.

სამწუხაროდ რუსული ენისადმი ინტერესი დღეს ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს, ვინაიდან დიდი რუსეთი ჩვენი მეზობელია და სამომავლოდ თანამოურთიერთე. ის, მეტ ყურადღებას ითხოვს ჩვენგან.

რაც შეეხება ვორონცოვს — მან მართლაცდა დადებითი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში. ღვინის ქარხნული წარმოება და ექსპორტიც მის სახელს უკავშირდება. რა გასაკვირია ის, რომ ჩაის კულტურა მეფის რუსეთმა დანერგა საქართველოში. სწორედ რუსეთის მეცადინეობით ჩამოიყვანეს ჩინელი სპეციალისტი აჭარაში (ჩაქვში) — ჩაის კულტურის გასავითარებლად.

რუსი მეცნიერის კრასნოვის მოღვაწეობის ნიმუშია ბათუმის და თბილისის ბოტანიკური ბაღები და ა.შ. სხვა სიკეთეების გახსენებაც შეიძლება, მაგრამ ვგონებ ესეც კმარა.

რუსმა ჟურნალისტმა თქვა ის, რაც ისტორიულად ცნობილი ფაქტებია — აღწერილი და დადასტურებული. სამწუხარო (ქართველი ჟურნალისტის მიხედვით) ის კი არ არის, რომ მან ეს თქვა, სამწუხარო ისაა, რომ მან იცის, ხოლო ჩვენ — არა. ისე კი უმჯობესი იქნებოდა საკუთარი ისტორიის შესწავლა, ნაცვლად ლანძღვა-გინებისა. რა გაეწყობა — ლანძღვას სწავლა არ სჭირდება, იოლია, თუკი შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს. სწავლას კი მოთმინება, ზოგჯერ თავდატანებაც სჭირდება — ლანძღვაზე რთული საქმეა.

დასასრულს ხაზგასმით აღვნიშნავ — ჩვენს მეზობლად არის განძი, რომელსაც ახირებული მიზეზების გამო არ ან ვერ ვიყენებთ, რასაც მომავალი თაობა არ გვაპატიებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი