ისევ მიტინგები და არეულობა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები არა მარტო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყურადღებას იპყრობს, არამედ მეზობელი ქვეყნებისაც. ოპოზიციის სამართალდამცველებთან ჯახმა, თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოქლომების, ჯაჭვების გამოყენებამ, ადმინისტრაციული შენობებისა და პარლამენტის ბლოკირებამ ხომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაინც რა მაგრები ვართ ქართველები მიტინგებში, დემონსტრაციებში, სიტყვის თავისუფლებაში?

დამისახელეთ თუნდაც ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მიტინგი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, თან ისეთი სიხალისით, თავისუფალი ლექსიკით, წინათ რომ უწმაწურად მოიხსენიებოდა.

ისტორიას ჩაბარდა საბჭოთა პერიოდის დარბაისლობა ერთმანეთთან ურთიერთობაში. თავშეკავებული, ზრდილობიანი საჯარო საუბრები, განსაკუთრებით ტელე-რადიო ეთერში, დღევანდელები ამას ჩამორჩენილი, კომუნისტური რეჟიმის მიერ დამონებული ადამიანების ქცევის სინდრომს მიაწერენ. რა სჯობს თავისუფლებას, უკომპლექსობას — ნატურალიზმით გაფერადებულს, მაგარ ტიპობას?!

განა „აღტაცებას“ არ იწვევს მანდილოსანი, რომელიც ტელეჟურნალისტის დასმულ კითხვას — მაშინ სად იყავით, „მოსწრებულად“ პასუხობს ვტყ…ბდიო ან მიტინგზე გამოსული, ისიც ქალი მიკროფონში რომ გაიძახის — ივანიშვილმა თავზე დაგვაჯვაო?!

ტყუილად ხომ არ შეურქმევია „სტრატეგიულ პარტნიორს“ საქართველოსთვის დემოკრატიის და თავისუფლების აკვანი? და ჩვენც ლამის 30 წელია პასუხად ყველაფერს ვაკეთებთ დემოკრატიის, სუვერენიტეტის, სიტყვის თავისუფლების მცნებების განსამტკიცებლად — ჩვენებურად, ახალ ქართველობას რომ შეეფერება.

ამ პროცესში სულ დაგვავიწყდა ქვეყანა, რომლის სიკეთისთვის ვითომ რომ ვიბრძვით —სიტყვით, საქმისა კი რა მოგახსენოთ. კოლექტიური დასავლეთი სიტყვას არ იშურებს ჩვენი შექებისთვის — ყველაზე დემოკრატიულები ხართ რეგიონშიო — გვეუბნებიან, თან იმასაც ამატებენ — თქვენთან, ახლოსაც ვერ მოვლენ მეზობელი ქვეყნებიო.

ქებით გაბრუებულებს, რეალობის აღქმა დაგვეკარგა და ამ რეალობას ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ჩამოუყალიბებლობა ჰქვია. 30 წელია ვერადავერ დავხვეწეთ სახელმწიფო მართვის სისტემა, საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. პირველი საყოველთაო, მრავალპარტიული არჩვევნების გზით ხელისუფლების სათავეში მოსული მთავრობა ძალისმიერებით დავამხეთ, მისი შემცვლელი, არჩევნებში გამარჯვებული, სახალხო ჯანყით გავისტუმრეთ ისტორიის სანაგვეზე, შემდეგი, მასობრივი სახალხო გამოსვლებით ვაიძულეთ ძალაუფლების დღევანდელთათვის გადაბარება.

ანალოგიურს ვუქადით დღევანდელსაც. პარტიათა ძიძგილაობაში, მუშტიკრივში, ლანძღვა-გინებაში, ქუჩების გადაკეტვაში, მიტინგებში, სახელმწიფო შენობების ბლოკირებაში ვატარებთ დროს — რევოლუციის გზით, ძალისმიერებით ვაღწევთ საწადელს და „გამარჯვებულები“ უმალ ვხვდებით — ისე არ გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა. უკეთესის მოლოდინში, უარესს ვღებულობთ.

ობიექტურად იბადება კითხვა — რაშია საქმე? რა ისეთი ბაცილით ვართ დაავადებული, რომლის განკურნება შეუძლებელია? ეს კითხვა საზოგადოებაში ხშირად ისმის. პასუხი კი არ ჩანს.

დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე — 1991 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ გამსახურდიასთან ამერიკელი კონგრესმენების საუბრის დროს მოვისმინე „რეცეპტი“ — საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისა, რომელიც დღესაც ჩამესმის ყურში. მაშინ 50 კონგრესმენი, სპეციალური დავალებით სტუმრობდა საქართველოს — ქვეყანას, გასულს საბჭოთა კავშირიდან.

ამერიკელები გვირჩევდნენ სახელმწიფოს მშენებლობის მოდელად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისეთი ქვეყნების გამოცდილება აგვეღო, როგორებიცაა სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი … — აღმოსავლეთის ვეფხვებად წოდებულნი. მათი პოლიტიკური სისტემა და სახელმწიფო მმართველობა, საბჭოეთიდან გამოსული თქვენისთანა ქვეყნისთვის მისწრებაა, ვიდრე ევროპული დემოკრატიაო.

ამერიკელთა მხრიდან იყო ასეთი განცხადებაც — ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, ვერ გარჩენთ, ვინაიდან სარჩენი გვყავს აღმოსავლეთი ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიო.

ამერიკელ კონგრესმენებს ოპოზიციურ პარტიებთანაც ჰქონდათ საუბარი — რუსთაველის პროსპექტზე, სასტუმრო „ივერიიდან“, თავისუფლების მოედნამდე, ტროტუარებზე გაშლილ კარვებში წამოწოლილებთან, რამაც კიდევ უფრო განუმტკიცათ საქართველოსთვის გამოწერილი „რეცეპტის“ სისწორე.

ამერიკელთა ნათქვამის მიხედვით, 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმგამოვლილი ქვეყანა ვერ შეძლებდა უცბათ და სწრაფად ევროპულ დემოკრატიასთან შეგუებას. იქაური დემოკრატია ხომ სათავეს მრავალი საუკუნის წინ იღებს. დემოკრატიული ცხოვრების დამკვიდრებას თაობის ცვლა სჭირდება. ერთი თაობის პირობებში, ევროპული დემოკრატიის შეთვისება მხოლოდ სიტყვით არის შესაძლებელი და არა საქმით, რაც განვლილი 30-წლიანი გამოცდილებითაც არაერთხელ დამტკიცდა.

 პოლიტიკურმა თამაშებმა — მხოლოდ სიტყვაზე დაფუძნებულმა და არა საქმეზე, გამოიწვია ყურადღების ფსევდო დემოკრატიაზე კონცენტრაცია. ქვეყნის აღმშენებლობა, ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკურ თამაშებში გართულ პარტიებს სულაც მიავიწყდათ. არადა ქვეყნის არსებობისთვის უმთავრესი ეკონომიკური ცხოვრების, სოციალური ყოფის ჩამოყალიბებაა, რომელზეც უნდა აღმოცენდეს პოლიტიკური ცხოვრება, დემოკრატია.

ამერიკელთა მინიშნება — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე, პრაგმატიზმით იყო გამოწვეული და იმ წარმატებებით, აღნიშნულმა ქვეყნებმა დროის მოკლე პერიოდში რომ მიაღწიეს. ერთპარტიულმა სისტემამ, ცენტრალურმა მმართველობამ, კანონებისადმი უყოყმანო მორჩილებამ, ეკონომიკურ-საფინანსო ცხოვრებაზე კონცენტრირებამ, პატრიოტიზმმა, მუყაითმა, თავდადებულმა შრომამ, ჩამორჩენილი, ღატაკი სინგაპური თითით საჩვენებელ, სანიმუშო ქვეყნად აქცია — ქვეყნად, სადაც კორუპცია უცხოა 5-მილიონიანი საზოგადოებისთვის.

ქალაქი-სახელმწიფო, წიაღისეულით მწირი, 25-წლიანი მუყაითი შრომით მსოფლიოს საბანკო სისტემის, მრეწველობის, გემთმშენებლობის, კომპიუტერული სისტემის ცენტრია. ქალაქ-სახელმწიფოში კარგა ხანია ყველა მცხოვრები უზრუნველყოფილია ბინით, სახლით, საცხოვრებელი ფართით. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით სინგაპური მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალში, პირველია.

სინგაპურის წარმატება განაპირობა მკაცრმა სახელმწიფოებრივმა სისტემამ, გონივრულმა გადაწყვეტილებებმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ ახორციელებდა და არა საპარლამენტო დებატებმა, გაუთავებელმა ყაყანმა და დაპირისპირებამ, რასაც აქ აქვს ადგილი.

ეკონომიკური თვალსაზრისით გაძლიერებულ ქვეყანაში შესაძლებელი გახდა მრავალპარტიული სისტემის დაშვება, რამაც ვეღარაფერი დააკლო ქვეყნის სიმტკიცეს, მდგრადობას. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი ტაივანზე, სხვაგან. ეს, უბრალოდ მაგალითისთვის.

ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. შეიცვალა აშშ-ს ადმინისტრაციები, მათი დამოკიდებულება ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისა და საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. გორბაჩოვ-ელცინის დასავლეთისადმი მაამებლურმა პოლიტიკამ, ქედის მოხრამ დაარწმუნა დასავლეთი კრემლის მესვერურთა სისუსტეში, სიხარბეში, განვლილი საბჭოური ცხოვრების სიძულვილში.

აშშ-ა და მისმა ევროპელმა სატელიტებმა იოლად შეისრუტეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები — ნატოში და ევროკავშირში გაწევრებით. ნატოს სამხედრო ბლოკი რუსეთის საზღვრებს მიაყენეს. უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას აღნიშნულ ორგანიზაციებში შესვლას შეპირდნენ. ამერიკელ კონგრესმენთა რჩევა აღარავის გახსენია.

თავისუფლების ჰაერშესუნთქმულმა საქართველომ, აქაოდა დამოუკიდებელი ვარო, ალმაცრად დაუწყო მზერა საკუთარ ავტონომიურ ფორმირებებს, რასაც შიდა ომები და ქვეყნის დაქცევა მოჰყვა. გაუკუყმართებული გზით სვლამ, შენების ნაცვლად, წინაპართა შექმნილის განიავებამ, პარლამენტართა გაუთავებელმა ყაყანმა, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირებამ — ხშირად სისხლიანმა სავალალო შედეგი მოიტანა და ამას, დასავლეთმა დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება შეარქვა.

ჩვენმა მეზობლებმა, სხვა ყოფილმა საბჭოელებმა საპირისპირო გზა აირჩიეს, ისეთი, ჩვენ რომ ამერიკელი კონგრესმენები გვირჩევდნენ — ნაკლები ყაყანი, მეტი საქმე და შენება. შედეგი თვალშისაცემია. აი, რას წერს ინტერნეტ-გამოცემა „ევრასიანეტი“ (Eurosianet), რედაქციით ნიუ-იორკში:

„საქართველოში მინიმალური ხელფასი, 20 ლარი დღეში (7 დოლარი) შეუცვლელია წლების განმავლობაში. ეს მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დაბალია. ოფიციალური სტატისტიკით, დასაქმებული მოსახლეობის 28% თვეში საშუალოდ 280 ლარს იღებს (98 დოლარს). არის პროექტი მინიმალური ხელფასის 400 ლარამდე გაზრდის. ფრიდრიხ ებერტის ფონდის თბილისურმა წარმომადგენლობამ შეისწავლა საკითხი და დაასკვნა, რომ მინიმალური ხელფასის 30%-ით გაზრდა შეამცირებს სიღარიბეს, უმუშევრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო განწირულია სამარადისო სიღარიბისთვის.

ქვეყნის პოლიტიკოსები სულაც არ ფიქრობენ, რამდენად არის საჭირო „განვითარებული დემოკრატია“ ღატაკი, მშიერი საზოგადოებისთვის, ისე, როგორც ევროინტეგრაცია ან ნატოში გაწევრება. ამ გეოპოლიტიკურმა თამაშებმა ბოლო პლანზე გადასწია ქვეყნის მოსახლეობის პრობლემები, რომელთაგან უმთავრესია უაღრესად დაბალი ხელფასები. ზაფხულის ანტირუსულმა გამოსვლებმა — ინსპირირებულმა სააკაშვილის მიერ და აქტიურად მხარდაჭერილმა დასავლეთიდან, მძიმედ იმოქმედა ტურიზმზე, ლარის კურსზე, მთლიანად ეკონომიკაზე.

მინიმალური ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომელსაც ბიზნესი ახმოვანებს. მისი აზრით, ხელფასის მომატება ბიზნესს გაუზრდის ხარჯებს, გარდა ამისა დააფრთხობს უცხოელ ინვესტორებს. მათი ინტერესები ხომ იაფ მუშახელშია?

საქართველოს პრობლემების მოგვარება ისეთი რამაა, არც ყოფილ პრეზიდენტს და არც მის მხარდამჭერებს რომ არ აინტერესებთ, მითუმეტეს მათ დასავლელ მფარველებს. მათთვის საქართველო ანტირუსული პლაცდარმია და მეტი არაფერი. საქართველოს მოსახლეობის გასაჭირი მათთვის არაფერია, რაც გამოჩნდა ზაფხულისა და შემოდგომის გამოსვლებში“.

ანტისახელისუფლებო მიტინგები გრძელდება, ისე, როგორც მომწამვლელი სატელევიზიო თოქ-შოუები. ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია დამშვიდების შანსს არ აძლევს ხელისუფლებას, თუმცა „ოცნებელი“ ბობოლების სალაღობო უცხოური ვოიაჟებიდან გამომდინარე, დიდი ჭმუნვა არც მათ ეტყობათ. პირიქით, ნიშნის მოგებით იგერიებენ შემოტევებს და თავისაზე მტკიცედ დგანან — არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებაზე.

ამ ორომტრიალში, სახელისუფლებო სავარძლებისთვის ომი რომ ჰქვია, ხალხი ზარალდება. ის ტოვებს ქვეყანას და ლუკმა-პურის საძიებლად უცხოეთში იხვეწება. „მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა გარკვეული შეზღუდვები დააწესეს საქართველოდან ჩასულ მიგრანტებზე, მასობრივი გადინების ტალღას ვერაფერი აჩერებს“, — წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ და იმოწმებს „საქსტატის“ მონაცემებს, რომლის მიხედვით ყველაზე მეტი ემიგრანტი 2018 წელს აღრიცხა — 76367. მიმდინარე წლის მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ სანუგეშო არც წელს გვექნება.

ყოველივე აღნიშნული ნათლად მეტყველებს ევროპული დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ბრმად გადმოღებაზე, უხეშ, ტლანქ ორგანიზმზე ევროპელი კუტურიეების მიერ შექმნილი სამოსის ძალით მორგებაზე. დაძალებით გადემოკრატება უცხოა თანამედროვე მსოფლიოსთვის, რაც უნდა შეიგნოს ჩვენმა პოლიტელიტამ და მეტიჩარა საზოგადოებამ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი