დასავლეთთან ჩატარებულმა ექსპერიმენტმა სად მიგვიყვანა ვიცით! იქნებ ჩრდილოეთი გვეცადა?!

G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

ბატონ გურამ გოგიაშვილს

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრამ, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, ვერ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ადრე გამართულმა შეხვედრებმა, თუმცა არც წინა შეხვედრები გამოირჩეოდნენ კონკრეტულობით — მსოფლიოს პრობლემების მოწესრიგების საქმეში.

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრას იშვიათად მოაქვს სარგებელი, მაგრამ საზოგადოებას იმედი აქვს, რომ სამიტი არ გააუარესებს ვითარებას. მსოფლიო ეკონომიკის არცთუ სახარბიელო მდგომარეობა, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პრობლემების მოუგვარებლობა საჭიროებენ ახლებურ მიდგომას აშშ-ს და მისი მოკავშირეების მხრიდან, რასაც არ აქვს ადგილი.

„ბიარიცში გამართულმა შეხვედრამ ვერ გასცა პასუხი აღნიშნულს და ნაცვლად სწრაფი მოქმედებისა — ქაოსი შეიტანა არსებულ მდგომარეობაში“, — წერს „ბლუმბერგი“.

სააგენტოს მიხედვით, ქაოსი იყო ის მთავარი მამოძრავებელი, რომლითაც გამოირჩეოდა სამიტი. აშშ-სა და ჩინეთის „სავაჭრო ომი“, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინა, „ბრეკზიტი“, რუსეთი, კლიმატი და სხვა საკითხები, მათ შორის ამაზონის ხანძარი, „შვიდეულისგან“ მოითხოვდა სერიოზულ მსჯელობას, მაგრამ მთავარი მოქმედი პირის (პირების) რუსეთისა და ჩინეთის არყოფნამ სამიტს გამოაცილა საკითხების სიღრმისეული განხილვის შანსი.

ჩინეთი, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, არასდროს ყოფილა „დიდი შვიდეულის“ წევრი, ამდენად მისი ბიარიცში ყოფნა პროტოკოლით არ იყო დაგეგმილი. არც რუსეთის მონაწილეობას ელოდა ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მონაწილეობდა „რიდი რვიანის“ ფორმატში 2014 წლამდე. ყირიმის ანექსიისა და დონბასში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე „დიდი რვიანი“ ისევ დაუბრუნდა „დიდი შვიდიანის“ ფორმატს — რუსეთის გარეშე.

„შვიდეული“ დასრულდა შემაჯამებელი დეკლარაციის გარეშე, თუმცა მცდელობა ამის თაობაზე არც ერთს არ ჰქონია. მიზეზი ამისა მთელ რიგ საკითხებში აზრთა კარდინალური სხვაობაა. მაგალითად, ბრიტანეთი და ვეროკავშირი ერთმანეთის მუქარაში არიან გადასული „ბრეკზიტიდან“ გამომდინარე. საფრანგეთი და აშშ-ი იმუქრებიან ერთმანეთის წინააღმდეგ „სავაჭრო ომის“ გაჩაღებით. ირანთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია სამიტის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებულია — ისე, როგორც რუსეთთან მიმართებაში, ანუ რუსეთის „დიდ შვიდეულში“დაბრუნება.

ეს საკითხი განხილულ იქნა მაკრონსა და პუტინს შორის, სამიტამდე ორი დღით ადრე. მაშინ მაკრონმა პუტინს შესთავაზა დაბრუნება, ყირიმის და დონბასის საკითხების მოგვარების შემდეგ. რა იგულისხმება ყირიმის საკითხის მოგვარებაში?

არც მეტი, არც ნაკლები — ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა და დონბასის საკითხის მინსკის შეთანხმების მიხედვით გადაწყვეტა.

ყირიმი, რუსეთის შემადგენელი ნაწილია და სრულიად შეესაბამება ნახევარკუნძულის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რაც მან რეფერენდუმით დაამტკიცა.

რაც შეეხება დონბასს, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს მინსკის ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც პოროშენკოს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. თუ რა იქნება ახალი პრეზიდენტის ზელენსკის მმართველობის დროს — ძნელი სათქმელია, ვინაიდან ამ დარგში მისი პოზიცია არაფრით განსხვავდება წინამორბედის პოზიციისგან.

რამდენად გულუბრყვილო უნდა იყოს დასავლეთი, კერძოდ „დიდი შვიდიანის“ წევრი ქვეყნები, რომ „შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნების საკითხი დააკავშიროს რუსეთის მიერ ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას.

რუსეთის „შვიდიანში“ დაბრუნების თემა მარტო მაკრონს არ წამოუყენებია, გაცილებით მყარად და სერიოზულად თქვა ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა — „რუსეთის „შვიდეულიდან“ გარიცხვა გამოწვეული იყო ყოფილი პრეზიდენტის ობამას შურისძიებით პუტინის მიმართ, რომელმაც აჯობა მას“.

როგორც ბრიტანული პრესა აღნიშნავს, ტრამპს ლამის ჩხუბამდე მისული კამათი ჰქონდა „შვიდეულის“ წევრებთან რუსეთის დაბრუნების გამო, თუმცა საკითხი ვერ გაიტანა. „ჩვენ გვქონდა საგნობრივი დისკუსია რუსეთთან და პუტინთან დაკავშირებით, ვნახოთ, ვფიქრობ ამ საკითხზე მუშაობა მიდის. ზოგიერთ ჩვენგანს სურს რუსეთის ხილვა „შვიდეულში““.

მან არ გამორიცხა პუტინის შემდეგ სამიტში მიწვევა, რომელიც აშშ-ი გაიმართება. პუტინის ყოფნა აუცილებელია ისეთი საკითხების განხილვის დროს, როგორებიცაა — ირანი, სირია, ჩრდილო კორეა. ტრამპის აზრით, რუსეთი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი მსოფლიოს საკითხების მოგვარების საქმეში.

ტრამპი სხვა თვალით უყურებს „შვიდეულსაც“ და მსოფლიოს. მისი დევიზი არის მარტივი და პრაგმატული — ქვეყნებთან ურთიერთობის შედეგად რას მოიგებს აშშ-ი. ტრამპის პოზიცია ისეთივეა, როგორიც სახელოვანი ინგლისელი პრემიერ-მინისტრის პალმერსტონის — „ ინგლისს არც მუდმივი მოკავშირეები ჰყავს და არც მუდმივი მტრები“.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი შემთხვევით არ მიხსენებია, ამით მინდოდა შემეხსენებინა ჩვენი „უზომოდ განათლებული პოლიტიკოსებისთვის“, რუსეთის მნიშვნელობის შესახებ მსოფლიოს საკითხებში. შემეხსენებინა არა იმიტომ, რომ რუსეთის უნდა გვეშინოდეს, არამედ იმიტომ, რომ ამ დიდ ქვეყანას უკადრებელი არ ვაკადროდ, არ დავცინოთ, მასხრად არ ავიგდოდ, მის ლიდერზე ზერელედ, ნიშნის მოგებით, აბუჩად აგდებით არ ვილაპარაკოთ.

ყოველივე ამას და კიდევ მრავალ სხვას სისტემატურდ აქვს ადგილი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნაცვლად იმისა ყველა ჩვენგანმა ჩვენს გულებსა და გონებაში ჩავიხედოთ და სერიოზული განსჯის შემდეგ ვთქვათ სათქმელი, ნაცთა მიერ გამოწერილ პროკლამაციას რუსეთის აგრესიულობისა და სხვა ანტიპუტინური ხასიათის თაობაზე დაუფიქრებლად ვითავისებთ და ვიმეორებთ, რითაც შეუგნებლად ხელს ვაფარებთ ნამდვილ დამნაშავეებს — სააკაშვილების, ბოკერიების, უგულავების, სხვების და სხვების სახით (მაინც რამდენი არიან).

ჩვენ წამითაც არ ვფიქრობთ, რომ მათი აზრის გამეორება, მათი სასჯელისგან გათავისუფლების საწინდარია. როდესაც ტელეეკრანისთვის მუდამ სასურველი ნაცური სახეები საქართველოს გასაჭირში სხვას ადანაშაულებენ, მათი დანაშაულის სხვაზე გადატანის მცდელობაა.

როდესაც ნაცი გიმტკიცებს რუსეთის აგრესიას, თავის აგრესიას და დანაშაულს ფარავს, არვინ ცდილობს მათთან შეკამათებას, არც „ოცნებელი“ რესპონდენტები და არც თოქ-შოუს წამყვანი ჟურნალისტები. არვინ უსვამს მათ მარტივ კითხვას — რამ გამოიწვია რუსული აგრესია? რამ გამოიწვია ოკუპაცია?

საზოგადოებას, მოწყვეტილს ნამდვილი, სწორი ინფორმაციისგან, იოლად შეუძლია დაიჯეროს ნაცთა არაობიექტური ლაპარაკი. იჯერებს კიდევაც და ისევე ლაპარაკობს, როგორც ნაცები. ხომ არ ნიშნავს ეს „ჭურის სინდრომს“, ანუ რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს?!

ნაცთა მოძულე საზოგადოება, რომ მენტალურად ნაცებს ემსგავსება — განა ძნელი დასაჯერებელია?

საზოგადოება, დაუფიქრებლად მყვირალა რუსთა „ბარბაროსობაზე“, ისეთივე ნაცურია, როგორებიც სააკაშვილი და სააკაშვილები, არადა სააკაშვილის გაგონებაც არ სურს და თუ ასეა, რატომ იმეორებს ნაცთა ნათქვამს?

არაერთხელ მითქვამს — არავითარ აგრესიას და ოკუპაციას ადგილი არ ექნებოდა, რომ არ ყოფილიყო ნაცური აგრესია ცხინვალზე, რომ არ დაეხოცათ 60-ზე მეტი რუსი მშვიდობისმყოფელი.

მოდით გულახდილად დავსვათ კითხვა — როგორ მოიქცეოდა აშშ-ი ან ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო, მსგავსი რამ მეზობელ ქვეყანას ჩაედინა?

ვგონებ პასუხი ისეთი იქნება, საპასუხო „აგრესია“ რომ ჰქვია. მაშ, რას ვიმუქრებით, რას ვკადრულობთ, რას ვიტყუებით სხვის გასაშავებლად და საკუთარი ქცევის გასათეთრებლად?!

ნაცვლად იმისა „რეალ პოლიტიკიდან“ გამომდინარე შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ — წივილ-კივილს, ლანძღვა-გინებას მივმართავთ, ვაწუხებთ ყველას — აქ აკრედიტებულ უცხოეთის დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ა.შ.

ამას წინათ ერთმა ნაცმა ტელეეთერში ბრძანა — მაკრონ-პუტინის შეხვედრის დროს საქართველო არ უხსენებიათო და ამაში ხელისუფლება დაადანაშაულა. მისი აზრით საქართველოს ხსენება უნდა ყოფილიყო „დიდი შვიდიანის“ სამიტზე, სხვა საერთაშორისო ფორუმებზე.

როგორც ჩანს, პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელ ყმაწვილ გოგო-ბიჭებს საქართველო დედამიწის ღერძი ჰგონიათ, რომლის ირგვლივ ტრიალებს მსოფლიო. საზოგადოება ვერ ამჩნევს, როგორ ემსგავსება ის სააკაშვილსა და მისთანებს; როგორ ახასიათებს ის მეზობელ რუსეთს; როგორ ცდილობს ამ ქვეყნისგან ისეთი საზარელი დევი დახატოს, მწყურვალე ხალხს წყალს რომ უკეტავს.

„გამდიდრდა“ გაზეთები ჩვენი კორიფეების მიერ ოდესღაც დაწერილი ანტირუსული გამონათქვამებით, თუნდაც ასეთით: „რუსები, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართულ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურების მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა. … „ — გრიგოლ რობაქიძე.

„რუსეთი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი.“ — აკაკი ბაქრაძე.

„უპირველეს ყოვლისა როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, სამასწლიან ომში რომ ვართ ჩართულნი და აგვისტოს ომი, მხოლოდ ეპზოდია ამ ომისა.“  — ოთარ ჭილაძე.

ვაშა! შეძახილიც ასეთი უნდა! მაგრამ დღეს, ერთობ უმძიმეს ხანაში საქართველო რომ იმყოფება, ასეთი ანტირუსული „შეძახილები“ უშველის საქმეს?

რაღა მაინცდამაინც ვინმე ნინო კვაჭანტირაძის მიერ ზემომოყვანილ ავტორთა გამონათქვამების გამომზეურება სათაურით: „ საქართველოს ბოლო ოკუპაცია. ამით არაფერი არ დამთავრებულა“?

იქნებ სულმანათი ილიასთვის მიგვემართა რუსეთის შესაფასებლად?

მას ხომ არაერთი სიღრმისეული, შინაარსიანი, საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი რამ აქვს ნათქვამი ჩვენსა და რუსთა ურთიერთობებთან დაკავშირებით. დიდი ილიას ანდერძს მივყვეთ, თუ ნახსენები მწერლებისას?

ვგონებ, კითხვაც უადგილოა. ქვეყანა უფსკრულს მიექანება და ნაცვლად იმისა ხელი შევაშველოთ, პირიქით ვიქცევით.

საზღვრის გადმოწევის ამბავი უცბათ ვაცნობეთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და მათაც მხარი დაგვიჭირესო — აცხადებენ ქვეყნის ოფიციალური პირები. 30 წელიწადია მხარს გვიჭერენ, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. მერე რა?

ნეტავ ვინმეს დაეთვალა საქართველოს „მეგობარი“ ქვეყნების „შეშფოთება-აღშფოთება“ და „მხარდაჭერა“?

ვერადავერ მივხვდით, რომ მათი „საქმიანი“, „დამაიმედებელი“ „მხარდაჭერა“ განცხადებისთანავე ჰაერში უკვალოდ და უშედეგოდ იფანტება.

იქნებ გამოვფხიზლდეთ, თავი დავაღწიოთ ნაცთა დაქსელილ სამყაროს, ვიფიქროთ რეალურად და გადავდგათ ქვეყნისთვის და არა ნაცთათვის სასარგებლო ნაბიჯები რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

დასავლეთთან ჩატარებულმა ექსპერიმენტმა სად მიგვიყვანა ვიცით! იქნებ ჩრდილოეთი გვეცადა?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი