რუსეთთან მტრობა თუ მეგობრობა?!

ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას მრავალი წელიწადი და შრომა სჭირდება, გაუარესებას – წამები. ურთიერთობების შენება – შენობის შენების მსგავსია, დრო სჭირდება, თანაც ოსტატობა, შრომა. ნგრევას – წუთები, წამები, ცხადია შრომაც, ოღონდ ბოროტი. გვახსოვს თბილისის 1991 წლის დეკემბრის ომი, მისი ეპიცენტრი – მთავრობის სასახლე და შემოგარენი. საათები დასჭირდა მათ განადგურებას, აღდგენას – წლები, დიდი ფული, ოფლი და შემართება. და მაინც აღდგენილი პარლამენტის შენობას, მაშინდელი კავშირგაბმულობის სახლის ფასადს, დღესაც ატყვია მაშინდელი „ბოროტი შრომის“ ხელი, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანთა გონებაში ჩარჩენილ უბედურებაზე, რომელსაც დროც ვერ მკურნავს.

ქვეყნებს შორის კინკლაობა, მითუმეტეს სამხედრო კონფლიქტი, ომი ძნელად იმკურნება. დრო სჭირდება განვლილის შეფასებას, გაანალიზებას, მიუკერძოებული დასკვნების გაკეთებას. ხშირად ის, ვინც დაძაბა ურთიერთობა, ობიექტურ-სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვერ ან არ ახერხებს შსაბამისი დასკვნების გაკეთებას. ისევ თავისას ამტკიცებს, თვლის რა მართებულად მის მიერ დაშვებულ შეცდომას, ამიტომაც წინაპრის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება, შთამომავლის მხრებზე გადადის, მის სურვილზე.

საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. მასში გამორჩეული ადგილი უკავია 1989 წლის 9 აპრილს, ე.წ. ეროვნულ ხელისუფლებას, თბილის-სოხუმის, თბილის-ცხინვალის ერთმანეთზე წაკიდებას, სხვა მრავალ ისეთ მოვლენას, რაც თავისთავად შეიძლება შეფასდეს დამოკიდებულებათა გაუარესების უმთავრეს ფაქტორად. ორი ქვეყნის მძიმე ურთიერთობის ესტაფეტა, ეროვნული ხელისუფლების მიერ შემდეგი ხელისუფლებისთვის გადაცემული, „წარმატებით“ გაგრძელდა ანუ კიდევ უფრო გაუარესდა, რითაც დიდი ზარალი მიადგა როგორც ერთს, ისე მეორეს.

როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ვგულისხმობთ არა უსულო ქვეყნას, არამედ მასში მცხოვრებ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომელთა შეგნებაზეა დამოკიდებული, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო საქმეთა მოწესრიგება. ამისთვის კი მარტო სურვილი ან შემართება არ კმარა, ოსტატობაც, პროფესიონალიზმიცაა აუცილებელი და გარდასახვის უნარი.

პოლიტიკაში გაწაფულმა პოლიტიკოსმა ცალი თვალით მაინც უნდა გადაიხედოს ოპონენტის  პოლიტიკურ ბოსტანში, რაც უდავოდ წაადგება გადაწყვეტილების მიღებისას. „გადახედვა“ ნიშნავს თუნდაც წამით მოწინააღმდეგის პოზიციაში საკუთარი თავის ჩაყენებას და აქედან გამომდინარე ისეთი წინადადების შეთავაზებას, გადაუჭრელ, დიდ პრობლემას რომ არ შეუქმნის მას. შეთანხმების მისაღწევად მოწინააღმდეგის ტყავში შეძრომაც საჭიროა და სხვაც ანუ დათმობაზე წასვლაც. რა გაეწყობა – საერთაშორისო ურთიერთობები არ იგება მარტო გამარჯვების თარგზე.

გამსახურდიას ხელისუფლებიდან დაწყებული, დღევანდელით დამთავრებული, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას თავში აზრადაც არ მოსვლია ისეთი პოლიტიკის  წარმოება, მეზობელი რუსეთის მიმართ, რომელშიც  ამ უკანასკნელის სურვილებიც იქნებოდა გათვალისწინებული. და ეს არა მარტო რუსეთს ეხება, უკვე განდეგილ ყოფილ ავტონომიებსაც ეხება. ჩვენ მუდამ მოვითხოვდით „ჩვენსას“, ყურადღებას არ ვაქცევდით, რამდენად იყო ის „ჩვენი“, ჩვენი, რამდენად სამართლიანი ვიყავით მოთხოვნაში, რამდენად შეესაბამებოდა მსგავსი ქმედება საერთაშორისო სამართალს.

საბოლოო ჯამში მივიღეთ გაუცხოებული მდგომარეობა, ისეთი, როგორიც დაუშვებელია მეზობლებს შორის. მივიღეთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც შორს არის ნორმალურისგან. საქართველო ისე მოიხსენიებს რუსეთს, თითქოს არა ყურისძირში, არამედ აფრიკის სამხრეთში მდებარეობდეს. ქართული პოლიტიკა რახანია ლანძღავს რუსეთს, ისიც, საქართველოს და ასე ვცხოვრობთ ნერვებაშლილი, ვითარცა სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებისთვის გამზადებული, ჯაგარაშვილი აფთარი. დაძაბულ რეჟიმში მუდმივი ყოფნა უარყოფითად აისახება ხალხზე, მის შრომისუნარიანობაზე, გუნება-განწყობილებაზე, შრომისნაყოფიერებაზე, საბოლოო ჯამში, მის კეთილდღეობაზე.

საქართველოს მოსახლეობამ ვერადავერ გადაწყვიტა პრობლემა, რომელსაც პოლიტიკის კეთება ჰქვია. საქართველოს მოსახლეობამ ვერ მოახერხა ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც შეძლებდა, როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეების მოწესრიგებას. არჩეულ ხელისუფლებას ხალხმა ვერაფრით გაუჩინა შრომის, მეტადრე პრაგმატულის, სურვილი.

დროის არცთუ მცირე მონაკვეთში ოთხი ხელისუფლება ჰყავდა და ჰყავს ქვეყანას. ყველა მათგანის წინაშე პრობლემების კასკადი იყო და არის, რომელთა გადაჭრას ყველა თვისებასთან ერთად ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ვერც ერთმა ვერ მოახერხა წინასაარჩევნო დაპირების თუნდაც ნახევრის შესრულება. ვერც ერთმა ვერ მოახერხა მეზობელ რუსეთთან გაუარესებული კავშირურთიერთობების გამოსწორება. არადა, ეს ის საკითხია, ურომლისოდაც დაამებულ ცხოვრებაზე ლაპარაკიც კი ფუჭად აღიქმება.

ქართული პოლიტიკა – ღობე-ყორეს მოდებული, შორიდან შემოვლის გზით, ფიქრობს რუსეთთან საკამათო საკითხების გადაჭრას, არადა ეს ისეთი თემაა, შორეული გზის ნაცვლად, უახლოესის არჩევას რომ მოითხოვს. დრო კი გადის, იცვლება ხელისუფლება, იცვლება პოლიტიკა საერთაშორისო ცხოვრებისა და იცვლება ჩვენდა საწინააღმდეგოდ.

საქართველოს ხელისუფალთა დანაშაულებრივი გადაწყვეტილების შედეგად წარმოქმნილი პრობლემა საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის – სასაზღვრო ზოლის სახით სისტემატურ თავისტკივილს იწვევს ამ ზოლთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებში, მაგრამ არა ხელისუფლებაში. ის, აკადემიური სიმშვიდით უყურებს მიმდინარე პროცესებს და ნაცვლად ქმედითი ზომების მიღებისა, ხმამაღლა აცხადებს, რომ საქმის კურსში აყენებს საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც თავის მხრივ გმობს რუსეთის ქმედებას, „შეშფოთების“ გამოხატვის ფონზე.

ხელისუფლების პოზიცია გასაგებია, მაგრამ არა მისაღები. გასაგებია – ხელისუფლების თვალთახედვით, მას მშვიდი ცხოვრება უნდა, ნაკლები თავისტეხვა. რუსეთთან დიალოგის წარმართვა ხუმრობა საქმე არ არის – შემართება, პოლიტიკური ალღო, დიპლომატიური გამოცდილება ესაჭიროება. ქართულ მხარეს ჩამოთვლილისგან ბევრი აშორებს, ამიტომაც მან ერთი გზა – ფოსტალიონობა აირჩია. საკმარისია პატარა ინციდენტი სასაზღვრო ზოლში, უმალ ატყობინებს საერთაშორისო საზოგადოებას. სისტემატურმა შეტყობინებამ მობეზრებაც იცის იმათში, ვინც იღებს ინფორმაციას. და რომ ეს ასეა, ხშირად გამიგია მათგან „მეგობრულად“ ნათქვამი – ტვინი წაიღეთო.

ანალოგიური ვითარებაა ნატოს შტაბ-ბინაშიც, რომლის მოხელეები საქართველოს ოფიციალური პირების გამოჩენისთანავე განზე იყურებიან, გამაბეზრებელი შეკითხვის – როდის მიგვიღებთ ნატოში, თავის ასარიდებლად.

საქართველოს ყველა ხელისუფლება მზად იყო და არის ვაშინგტონ-ბრიუსელის კარზე დამამცირებელი ყურყუტისთვის, მაგრამ არა იმ საქმის კეთებისთვის, რასაც ქვეყნის კეთილდღეობა ჰქვია. ხელისუფლება, როგორც გუშინდელი, ისე დღევანდელი, რატომღაც ევროპელთა და ამერიკელთა მიერ ნათქვამ, აშკარად დამამცირებელ სიტყვებს, ასეთად არ მიიჩნევს. აი, რაც შეეხება მოსკოვის გამონათქვამს – საშინელად აღიქვამს და ისეთ პასუხს შეაგებებს ხოლმე, რომ იტყვიან – კუდით ქვა ასროლინაო. ოღონდ ერთია – საბოლოო ჯამში კუდით ქვანასროლი ჩვენ ვრჩებით.

რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, ვისაც შეურაცხყოფასაც ვაყენებთ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნიდან ვლანძღავთ, ყველა უცხოელთან ვაგინებთ, თან ისე, უცხოელმა რომ მოგვიწონოს ქცევა, მხარი აგვიბას ამ „კეთილშობილურ“ საქმეში.

დიახ! რუსეთი არის „ბოროტების“ სიმბოლო, აგრესორი, ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებელი. მთელი მსოფლიო გმობს რუსეთის ქცევას, მათ შორის ჩვენი მეზობელი, მეგობარი თურქეთი. რამდენჯერ უთქვამს ქართული პოლიტიკის „კარიფეებს“ – თურქეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასო.

კეთილი! ცნობს, აბა რას იზამს მას შემდეგ, რაც მის მიერ წართმეული ტერიტორიების დაბრუნების პრეტენზია, ჩარჩო ხელშეკრულების პრეამბულაში გაგვიბათილა, ხელი მოგვაწერინა რა დოკუმენტზე, რომლის მიხედვით აწ და მარადის საქართველო აღიარებს ყველა იმ ხელშეკრულებას, მათ შორის ყარსისას, რომელსაც ლამის 100 წლის წინათ მოვაწერეთ ხელი.

გავა წლები და რუსეთიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია იმ რეალობის გათვალისწინებით, რასაც დღეს აქვს ადგილი. იმჟამინდელი ქართველებიც ისე შეხვდებიან ამ ამბავს, როგორც დღევანდელები. მაშინ სხვა ვითარება იქნება მსოფლიოში.

„თურქეთი ჩვენი ძმა და მეგობარიაო“, – გაისმა ქართულ პოლიტიკაში სულ ახლახანს, პარლამენტარ თოფაძის გამოისობით, რომელმაც ერთ-ერთ სხდომაზე უბრალოდ ახსენა საქართველოში თურქული „ნაგავის“ შემოტანის თაობაზე. „თოფაძემ თურქი ძმა შეურაცხყოო“, – სალ კლდესავით აღიმართა „საოცნებო“ კოალიცია. აქაოდა, ჩვენ არ შეგვეხოს თურქის რისხვაო – ყველამ ერთხმად, საჯაროდ, ტელეკამერების წინ დაგმო თოფაძის საქციელი და „გაემიჯნა“ მას. მეც „ვემიჯნებიო“, – ბრძანა ახალმა საგარეო საქმეთა შეფმა ჯანელიძემ, თითქოს რაღაც პოლიტიკურ კურსთან, მიუღებელთან და შემზარავთან ჰქონოდა საქმე.

არადა თოფაძემ თქვა ის, რასაც თვით თურქები აცხადებდნენ ჩემთან ლაპარაკში: „დიახ! ჩვენი საქონელი, შემოტანილი თქვენს ბაზარზე, მდარე ხარისხის არის, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაბალიაო. თურქეთი პირველხარისხოვან პროდუქციასაც ამზადებს, მაგრამ ის სხვა ქვეყნებში იგზავნება, სადაც მოსახლეობა ათჯერ და ასჯერ უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე თქვენთანო“.

თურქეთის, თოფაძისეული მოხსენიება დასაგმობია, რუსეთის გინება მისასალმებელი? და ვაგინებთ რუსეთს საზღვრის ხაზის გადმოწევისთვის, უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკოს დაპატიმრებისთვის, ნატოში გაწევრების „ხელშეშლისთვის“ და ა.შ.

დაუსრულებელია რუსული თემა – მეტადრე ნეგატიურ ჭრილში განხილული, ისე, როგორც დაუსრულებელია სამყარო და მაინც უნებლიედ იბადება კითხვა – სადამდე უნდა ვაგინოთ რუსეთს? სადამდე უნდა ვისმინოთ თავდაცვის მინისტრ ხიდაშელის თავხედური განცხადებები მეზობელთან მიმართებაში? სადამდე უნდა ვძაბოთ სიტუაცია და ამით გამოვცადოთ რუსული მხარის სიმტკიცის ხარისხი? ერთხელ ხომ გამოვცადეთ (2008 წ.), არ გვეყო? სადამდე უნდა ვასრულებდეთ ვაშინგტონ-ბრიუსელის დავალებას?

დიახ! რუსეთი ჩვენი მტერია, მაგრამ ამასთანავე მეზობელიცაა, თანაც დიდი და მძლავრი. ასეთთან თავშეკავებული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო და არა კონფრონტაციულის. დამოუკიდებლობის მიღებიდან საკმაო დრო გავიდა. დრო მძიმე, აუტანელი, რუსეთთან მუდამ დაპირისპირებული და ასეთად გაგრძელდება, თუკი გონს არ მოვეგებით, არ გადავდგამთ შემხვედრ ნაბიჯს.

რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან არაერთხელ გაისმა მაღალ დონეზე შეხვედრის გამართვის სურვილის თაობაზე, რასაც გულდასმით გვერდს ვუვლით, თითქოს ჩვენ კი არა, მას ჰქონდეს შესახვეწი. უსაქართველოდ რუსეთს ცხოვრება არ გაუჭირდება, საქართველოს უჭირს ურუსეთოდ და ეს გაჭირვება იგრძნობა ყველა სფეროში: კულტურაში, ხელოვნებაში, სპორტში, მეცნიერებაში, ეკონომიკაში, საბოლოო ჯამში სოციალურ ყოფაში, უბრალოდ ადამიანურ, ნათესაურ ურთიერთობაში.

ორსაუკუნოვანმა თანაცხოვრებამ ისე დააახლოვა ორი ერი, ანალოგი რომ სხვასთან არ მოიძებნება. ღირდა მასზე უარის თქმა გადამთელის გულის გასახარად? ღირდა ყოველივე კარგის დავიწყება, თითო-ოროლა ცუდის წინა პლანზე წამოწევა და გამუდმებით ყვირილი, რომ რუსეთი ცუდია? ღირს ვიღაც სავჩენკოს გულისთვის რუსეთის შეურაცხყოფა და „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების საწინააღმდეგო ცოცხალი ჯაჭვის გაბმა სახელმწიფო კანცელარიიდან, რუსეთის საელჩომდე?

წლების განმავლობაში იმდენად დავძაბეთ ურთიერთობა, რომ გალღვობას არაერთი წელიწადი დასჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ნუთუ ორსაუკუნოვანი თანაცხოვრების შემდეგ სხვისი შუამავლობით (შვეიცარიის) უნდა წესრიგდებოდეს საქართველო-რუსეთის საკითხები? სადამდე უნდა ვიაროთ ჟენევაში, პრაღაში და არ ვიაროთ მოსკოვსა და თბილისში?

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში ა.წ. იანვარში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის წერილი, რომელშიც ლაპარაკია 2 ქვეყნის სამომავლო კავშირებზე. ავტორს მოყვანილი აქვს შვეიცარიის წინადადება ქართველ და რუს პარლამენტარებს შორის არაფორმალურ შეხვედრებთან დაკავშირებით. შვეიცარია ოფიციალურად ასრულებს შუამავლობას საქართველო-რუსეთს შორის.

პატარა შვეიცარიის მიერ ჩატარებული მუშაობა დასაფასებელია, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული სიტუაცია ისეთია, რომ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისთვის კლასიკური მეთოდების გამოყენება აღარ იძლევა ეფექტს. ბოლო დროს დასავლელ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა შორის სულ უფრო ხშირად ჟღერს მოსაზრება, რომ კონფლიქტების მოგვარებისთვის სრულად არ არის გამოყენებული პარლამენტების პოტენციალი.

თედო ჯაფარიძეს, იმავე გაზეთში ფილიპ ლომბარდი და ალა რამილოვა გამოეხმაურენ – პირველი, ეუთოში შვეიცარიის ფედერაციული ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელია, მეორე შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის შვეიცარია-რუსეთ-საქართველოს მეგობრობის პასუხისმგებელი მდივანი. მათი აზრით, ამ სამი  ქვეყნის პარლამენტართა არაფორმალური შეხვედრები გზას გაუხსნის ახალ იდეებსა და არასტანდარტულ მიდგომებს, მითუმეტეს, როდესაც ისინი ხალხის მიერ არიან არჩეულნი და მისი მოსაზრების გამხმოვანებლები, თანაც ნაკლებად დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

აშკარად ჩანს, რომ ზემოაღნიშნული პირები შვეიცარიული საზომით ზომავენ აქაურ ვითაებას, თორემ სიტყვასაც არ დაძრავდნენ პარლამენტის ან პარლამენტარების აღმასრულებელ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის თაობაზე. არც იმას იტყოდნენ, რომ ჩვენი პარლამენტარები ხალხის მოთხოვნის გამზიარებლები არიან. რას მოგვიტანს პარლამენტართა შეხვედრები? ხანგრძლივ ლაპარაკს, ხანგრძლივ მოგზაურობას, ფულის ხარჯვას და რაღაცის იმედს, რომელიც  არასდროს ასრულდება.

საქართველო მხოლოდ ფასადურად არის საპარლამენტო დემოკრატია, მითუმეტეს დამოუკიდებლად რაღაცის გამკეთებელი. ის არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატია, არამედ უგვირგვინო მეფის – პოლიტიკური პროცესებისგან ვითომდა შორს მყოფი პიროვნების ხუშტურების უყოყმანო შემსრულებელი. უნებლიედ გახსენდება ძველი ანეკდოტი – ტანგოს მოცეკვავეთა შემყურე რომ ამბობს – თუ არ დაწვებით, არაფერი გამოგივათო.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სერიოზულ გაუმჯობესებას ზემდგომთა ნება სჭირდება და რაც მთავარია ვითომდა მოპოვებული, მე ვიტყოდი რუსეთისგან ნაბოძები დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ჭეშმარიტი დაცვა, ცხადია არა ისეთი, როგორიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ჰგონია.

გერმანულენოვან გამოცემა „Spiegel online”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „რუსეთი და საქართველო ასწლეულების განმავლობაში ერთმანეთის მეზობლები ვართ, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამასთან ერთად რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს უფლება შეუერთდეს, გაწევრდეს მისთვის სასურველ კავშირში, ნატოს ჩათვლით“. 

მოსასმენად კარგია. შინაარსობრივად იმ განხეთქილების მატარებელი, რომელმაც ტერიტორიებიც დაგვაკარგვინა და მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოსთან სამტროდ გადაგვკიდა.

დიახ! ჩვენ სუვერენული ქვეყანა გვქვია – სიტყვით, საქმით აშკარად დამოკიდებული ვაშინგტონზე, ბრიუსელზე და თქვენ წარმოიდგინეთ ანკარაზეც კი. დამოკიდებულების ხარისხიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, ღიმილის მომგვრელია. ვინც იცის, ეს დამოუკიდებლობა კრემლის ნების აღსრულება იყო, თუმცა მას ქართული პოლიტიკის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყოლია ანუ თავშეკავება რომელიმე სამხედრო ბლოკში (ამ შემთხვევაში ნატოში) გაწევრებაზე.

რუსეთი თვლის, რომ მის სამხრეთ საზღვრებთან ნატო არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ ორგანიზაციას მტრად აღიქვამს.

რუსეთს არასდროს უთქვამს – საქართველოს ხილვა ევროკავშირში არ გვინდაო, არც ის უთქვამს, ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვისთან არა. ერთადერთი რაც თქვა, ნატოში თქვენი ყოფნა არ გვაწყობსო. კვირიკაშვილის მიხედვით, რახან ჩვენ სუვერენულები ვართ, ყველაფრის უფლება გვაქვს, მათ შორის ნატოში შესვლის, რომელიც აშკარად ემუქრება რუსეთის სუვერენიტეტს – ასე თვლის რუსეთი.

საქართველოზე გაცილებით სუვერენული და დამოუკიდებელია ფინეთი, მაგრამ არ შედის ნატოში, ვინაიდან თვლის, რომ ამით გააღიზიანებს რუსეთს, გაიფუჭებს მასთან ერთობ სარფიან ეკონომიკურ ურთიერთობებს. ფინეთი საკუთარი დამოუკიდებლობის ხარისხით ასჯერ და ათასჯერ აღემატება საქართველოს, რაც კარგად ჩანს ჰელსინკ-ვაშინგტონის ან ჰელსინკ-ბრიუსელის ურთიერთობებიდანაც.

ქართული პოლიტიკა არც ერთი პარამეტრით მზად არ არის რუსეთთან სერიოზული, საგნობრივი დიალოგისთვის, უფრო მეტიც, მან არ იცის რაზე ან როგორ ილაპარაკოს და ვიდრე ამას არ გაარკვევს, რა აზრი აქვს ზემოაღნიშნული სამი პარლამენტის შეხვედრას?

და კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებელია არა მარტო რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, არამედ ქვეყნის ხვალინდელი კურსისთვის. რუსეთამდე, ქვეყნის შიგნით უნდა გავარკვიოთ რა გვინდა, რას ვაკეთებთ ან რას გავაკეთებთ? რუსეთთან სამარადისო მტრობა გვსურს თუ მეგობრობა? მოსაზრება – ნატოშიც და რუსეთთანაც, მიუღებელია მოსკოვისთვის და რახან ასეა, დიალოგიც არ შედგება. არც დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება და არც პოლიტიკური კავშირები დამყარდება, ურომლისოდაც განწირული ვიქნებით მხოლოდ ბოსტნეულით ვაჭრობაზე.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.