როგორ ვაკონტროლოთ ხელისუფლება?

დასრულდა საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება და დაიწყო ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესით გამოწვეული ვნებათაღელვა. ისე, როგორც არჩევნებში გამოვლენილი ინდიფერენტიზმიდან გამომდინარე, ხელისუფლების დაკომპლექტების საკითხით მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია დაინტერესებული. დანარჩენი ნახევარი, მსგავსად არჩევნებისა, უინტერესოდ უყურებს ამ პროცესს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მის აზრს არვინ გაითვალისწინებს.

ასე იყო გუშინ ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და არა მარტო მაშინ, არამედ ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დაწყებული. ხალხმა იცის, რომ მის აზრს, მეტნაკლებად არჩევნებამდე თუ გაიზიარებენ. არჩევნების შემდეგ მისი აზრი, თვით მისი არსებობა, დავიწყებას ეძლევა და ასე გრძელდება მომავალ არჩევნებამდე.

დიახ! ეს იცის ხალხმა, ისე, როგორც ხელისუფლებამ. და რახან ორივემ იცის, პირველი თავს უფლებას აძლევს ივაჭროს მეორესთან, ცხადია არა საჯაროდ, დახურულად და აგრძნობინოს მას, რომ ხმების მოპოვება მუქთი საქმე არ არის. ორმხრივი შეთანხმებით, ცხადია არასაჯაროდ, მეორე ითვალისწინებს პირველის მოთხოვნებს ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა გელაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს – ბიზნესმენის მიერ წყლის გაყვანასთან დაკავშირებით. გელაშვილმა სამუშაოები დაიწყო, მაგრამ …

მოხდა ის, რასაც არ მოელოდა – ამომრჩეველმა უმადურობა გამოავლინა და მხარი არა გელაშვილს, არამედ მის მოწინააღმდეგეს დაუჭირა. განაწყენებულმა, ახლა უკვე ყოფილმა პარლამენტარმა, წყლის გაყვანის სამუშაოები შეაჩერა. გაგრძელდება თუ არა – არვინ იცის.

სასწაულის მსგავსი იქნება, თუ ხელისუფლება გელაშვილის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს, მაგრამ ხელისუფლებისგან სასწაულს არვინ ელოდება. თუმცა არის საზოგადოების ნაწილი, „ნაცების“ მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლების კონტროლის შემთხვევაში დანაპირების შესრულებას წინ არაფერი დაუდგება.

„ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებამ საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაშილს შიში მოჰგვარა – ვაითუ, ისე მოიქცნენ, როგორც „ნაცებიო“, რაც არ არის გასაკვირი. ხალხს, გველის ნაკბენივით ახსოვს უმრავლესობით გამარჯვებული „ნაცების“ ცხრაწლიანი ჯირითი დაბეჩავებული, დაშინებული, დაშანტაჟებული, დასჯილი მოსახლეობის თავზე.

ასე იცის საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლამო – ფიქრობს საზოგადოება. ვაითუ, ესენიც ისე მოიქცნენ, როგორც ისინიო.

ეჭვს აქვს საფუძველი, ვინაიდან განუსაზღვრელი ძალაუფლება მაცდური რამ არის. ის აჯერებს ხელისუფლებას  საკუთარ უნიკალურობაში, სიბრძნეში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სიდიადეში. განა განვლილმა ოთხმა „ოცნებურმა“ წელმა არ დაგვანახვა ყოველივე აღნიშნული?!

განა „ოცნების“ შემქმნელმა ივანიშვილმა არ გვითხრა, რომ ჩვენ დაუნახავები ვართ და ვერ ვხედავთ იმ სიკეთეებს, რაც გაკეთდა. მან ისიც ბრძანა, რომ თითქმის ყველა დაპირება – 2012 წელს გაკეთებული, შესრულდა.

აზრი არ აქვს დანაპირების დეტალურ ჩამოთვლას და გვერდზე იმის მიწერას შესრულდა თუ არა, ვინაიდან უხერხულია შეუსრულებელზე, შესრულებულის მიწერა. ის, რაც ნებისმიერ პატიოსან ადამიანს ეუხერხულება, არ ეუხერხულება არც ერთ „ოცნებელს“ – შემქმნელიდან დაწყებული, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს მომავალი 4-წლიანი მმართველობის დემოკრატიულობის მიმართ.

„მოდით ერთხელ კიდევ ვენდოთ, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაკონტროლოთ, არავის არ მივცეთ ჩვენი ანუ ქართველი ხალხის მოტყუებისა და დაბეჩავების საშუალება“, – წერს გულნარა სტურუა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

ვენდოთ. მეტი რა გზა დაგვრჩენია, მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება – ხელისუფლების მიერ დანაპირების შესრულება. და აქედან გამომდინარე კონტროლი.

პირადად მე კონტროლი ასე მესახება – ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების გაკონტროლება. სხვა საკონტროლო მექანიზმი ხალხს არ გააჩნია. მისი ხმა არ მიდის ხელისუფლებამდე. ან როგორ უნდა მივიდეს, რა გზით?

თანამედროვე ვითარებაში ხმის მისაწვდენად ბეჭდური და ელექტრონული მედია გამოიყენება. მაგრამ რამდენად იქნებიან ისინი დაინტერესებული ხალხის წარმომადგენელს დაუთმონ გაზეთის ფურცლები ან სატელევიზიო ეთერი?

უყოყმანოდ ვიტყვი, რომ ასეთი მედია საქართველოში არ მოიძებნება.

დავუშვათ, რომელიმემ გარისკა და გარკვეული დრო დაუთმო სახალხო სურვილის გაჟღერებას. ასეთი მაგალითი იქნება ერთი და არა მრავალი. აქვე ვიტყვი, ის ერთიც არ მოხვდება ხელისუფალთა ყურადღების არეალში.

რამდენი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა ხელისუფალთა მისამართით, თუმცა ამას ხელისუფალთა რეაქცია არ მოჰყოლია. ის თავის ნაჭუჭშია შემძვრალი და მოსახლეობის ანუ გუშინდელი ამომრჩევლის მოსაზრება აღარ აინტერესებს.

ის თავისი პირადი საქმეებით არის დაკავებული. განა ამის ნათელი მაგალითი არ იყო ქართულ მედიაში გამოთქმული გულისწყრომა პარლამენტართა და სახელმწიფო მოხელეთა მიერ საკუთარ ხელფასებზე, დანამატებზე, პრემიებზე, ავტოტრანსპორტზე, საზღვარგარეთის მოგზაურობაზე, მოჭარბებულად დახარჯულ საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით? შეიცვალა რამე?

არც არაფერი. ხელისუფლებამ „ამაყად“ გააგრძელა საკუთარი თავის პატივისცემა, არაფრად ჩააგდო ხალხის გულისწყრომა. დარჩა ერთი გამოსავალი – ქუჩის აქციები, დემონსტრაციები, მიტინგები. იქნებ მასობრივი ქუჩის გამოსვლების ხმამ შეაწუხოს ყურდაცობილი, თვალდახუჭული ხელისუფლედბა?

საპროტესტო საკითხები უამრავია, მათ ჩამოთვლას გაზეთი ვერ დაიტევს, მაგრამ ხელისუფლება გაითვალისწინებს სახალხო წინადადებებს? ეჭვი მეპარება. თუ სახალხო გამოსვლებს დემოკრატიული საფრანგეთი, სხვა ქვეყნები არ იზიარებენ, გაცილებით ნაკლებად დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლება გაიზიარებს?!

მრავალათასიანმა დემონსტრაციებმა ლამის წალეკეს საფრანგეთის ქუჩები. ხალხი მოითხოვდა ახალი შრომის კანონის მოქმედების შეჩერებას. არაო! – ბრძანა ხელისუფლებამ. არაფრად ჩათვალა რა ხალხის მოთხოვნა. ასე იყო ერთნაირსქესიანთა ქორწინების თაობაზეც, მაგრამ ხელისუფლებამ არცკი განიხილა დემონსტრანტთა მიერ შეთავაზებული წინადადებები.

მოსახლეობის მხრიდან სხვა კონტროლის მექანიზმი ჯერ არ შექმნილა, მაშ რა კონტროლს გვთავაზობს ქალბატონი გულნარა სტურუა? იქნებ არც მან იცის ჯერ არ არსებული სახალხო კონტროლის შესახებ და რაღაც ვირტუალურით გვაბრუებს?! თუ ამას ადგილი არ აქვს, გაგვანდოს ის „საიდუმლო“, რასაც ხელისუფლების კონტროლი ჰქვია.

ერთადერთი კონტროლი – არჩევნებია. მაგრამ ხელისუფლებაზე განაწყენებული ამომრჩეველი, რატომღაც ივიწყებს ხელისუფალთა მხრიდან დაპირების შეუსრულებლობას და პრაქტიკულ საქმეზე გადადის ანუ იმაზე, რაც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე. და რასაც მარტივად რომ ვთქვათ – დღევანდელი კვერცხის მიღება ჰქვია, ხვალინდელი ქათმის ნაცვლად.

ამომრჩეველი პრაქტიკულია. მან იცის, რომ ქათამი არ იქნება, კვერცხი კი რეალურია. კვერცხის მიღებით, ამომრჩეველი ხელისუფლებასთან შედის გარიგებაში. არც ერთს არ აინტერესებს ქვეყანა, მისი მომავალი. ორივე კმაყოფილია გარიგებით, მითუმეტეს ხელისუფლება, რომელმაც იაფად მოისყიდა ამომრჩეველი. რაც შეეხება ამომრჩეველს – ისიც კმაყოფილია – ყვავს კაკალი გააგდებინეს მსგავსად. ასეთ შემთხვევაში რა კონტროლზეა ლაპარაკი?

ქალბატონი გულნარა და ყველა ის, ვისაც მაინც შემორჩა საქართველოს „გაბრწყინების“ იმედი ივანიშვილის ძალისხმევით, არ სვამს მარტივ კითხვას, რაც უდავოდ გაუჩნდებოდა ნებისმიერ უცხოელს და არა ქართველს – ვინ არის ივანიშვილი და რა როლი აქვს მიკუთვნებული მას ქართულ პოლიტიკაში?

დიახ! მან დაამარცხა სისხლისმსმელი სააკაშვილის რეჟიმი, მოგვცა თავისუფლება. აღნიშნულის შესახებ დაბეჯითებით ვიმეორებთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეშმაკის დამარცხების თემა იყო მთავარი მამოძრავებელი ოქტომბრის არჩევნების დროს და როგორც ვატყობ, მომავალი 4 წლის განმავლობაშიც იმავეს ექნება ადგილი, ამასთანავე ვილაპარაკებთ ბიძინას ქველმოქმედებაზე და ა.შ. მაგრამ არ ვილაპარაკებთ იმ სახელმწიფო სისტემაზე, რომელიც მან შექმნა და რომელსაც ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიოში.

იქნებ კონსტიტუციის რეკონსტრუქციის შემმუშავებელ კომისიას შემოეტანა ნოვაცია ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში  – ჩრდილოვანი მმართველის ანუ პირის, რომელიც არც ერთ თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ ყველაზე მაღლა დგას?!

რამდენი გაფრთხილება, წუხილი, უკმაყოფილება იყო და არის გამოთქმული ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. რამდენჯერ ითქვა ფინანსისტებისა და ეკონომისტების მხრიდან, თუნდაც ელექტრონულ მედიაში, რომ ვითარებას გამოასწორებს საწარმოების შექმნა, ხალხის დასაქმება, პროდუქციის წარმოება, გარდა ამისა უყაირათო ხარჯვის შეწყვეტა, რასაც  ხელისუფლება აკეთებს, სამინისტროებისა და სახელმწიფო დაწესებულებების შემცირება, დარჩენილში – ხელფასების, პრემიების, ხელფასზე დანამატების ზომიერ დონეზე (პენსიებიდან გამომდინარე) დაყვანა, საზღვარგარეთ მივლინებების შემცირება, სამსახურებრივი ტრანსპორტის ხარჯვის შემცირება, ძვირადღირებული „ჯიპების“ ნაცვლად, შედარებით დაბალფასიანი ტრანსპორტის შეძენა და სხვა მრავალი.

იღო თუ არა ხელისუფლებამ ყურად ექსპერტთა და ხალხის შეგონება? არა, არ იღო. უფრო მეტიც, არჩევნებში ბიუჯეტის ფული დახარჯა, რითაც ერთი-ორად გააუარესა ლარის კურსი. რა ვქნათ, როგორ ვაკონტროლოთ ქალბატონო გულნარა ხელისუფლება, რომელსაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად?

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.