უსარგებლო სამწლიანი პაუზა

სამი წლის „ნაყოფიერი“ მუშაობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კვლავ წარმატებული იქნება.

გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება უდავოდ პროგრესულია და ქებას იმსახურებს. ქართული მხარის პრაგმატული ნაბიჯი გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც ასახულია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აბას თალები ფარის მოადგილის მოჰსენ ქებრიას სიტყვებში: „ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთა შორის არის თავისუფალი მიმოსვლა; როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს – 120 მილიონამდეც არაა. თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი, სავაჭრო ბრუნვა გაზარდოს“.

კიდევ ერთხელ ვამბობ – გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა უმჯობესი იყო საერთოდ არ ყოფილიყო ის. გავიხსენოთ ისტორია. ირანი, ის ქვეყანაა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. დიპლომატიურ აღიარებას უმალ მოჰყვა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს გახსნაც.

საქართველომაც სწრაფად იმოქმედა და მიუხედავად მძიმე ეკონომიკური ვითარებისა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საელჩო გახსნა ირანის დედაქალაქ თეირანში, რომელსაც სათავეში ჩაუყენა ცნობილი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი ჯემშიდ გიუნაშვილი.

ასე დაიწყო ორი ქვეყნის მივიწყებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღორძინება.

გასული საუკუნის 90-იანი წლები უმძიმესი იყო დამოუკიდებლობამიღებული საქართველოსთვის. ვისაც ახსოვს უგაზობა, უშუქობა, პურზე გრძელი რიგები და ა.შ. ისიც გაახსენდება, თუ რა ენერგიით ჩაერთო შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების საქმეში ირანი. ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას უდავოდ შეუწყო ხელი ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელძღვანელების და პრეზიდენტების შევარდნაძისა და რაფსანჯანის ოფიციალურმა ვიზიტებმა.

მზარდმა ურთიერთკავშირებმა თავისთავად გვიკარნახეს სავიზო რეჟიმის შეცვლის აუცილებლობა, რასაც მოჰყვა ჩემი, როგორც საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის საქმიანი ვიზიტი თეირანში და ირანის დიპლომატებთან გაიოლებული სავიზო სისტემის შემოღების დოკუმენტის შემუშავება.

გაიოლებულმა სავიზო სისტემამ 2010 წლამდე იმოქმედა და ორი ქვეყნის ხელისუფალთა საღი პოლიტიკის შედეგად, გზა გაუხსნა ახალ შეთანხმებას – უვიზო მიმოსვლას. აქვე აღვნიშნავ, რომ უვიზო მიმოსვლის ინიციატორი ირანის მხარე იყო. უვიზო მიმოსვლამ ხელი შეუწყო ირანული ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მასთან ერთად ტურიზმის გაფართოებას, საბანკო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ა.შ. ტურიზმის გაფართოებას მოჰყვა საჰაერო მიმოსვლის ზრდაც. ზაფხულის განმავლობაში ჩარტერული საჰაერო რეისების დანიშვნა თეირანსა და ბათუმს შორის.

ორ ქვეყანას შორის დაწყებული ახალი ურთიერთობები პიკს აღწევდა. ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ხელს უწყობდა პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობები. ირანის ისლამური რესპუბლიკა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, განსაკუთრებით გაეროში მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განდეგილი ყოფილი ავტონომიების არ აღიარების საკითხს.

ვითარება კარდინალურად შეიცვალა „ოცნების“ ხელისუფლების მოღვაწეობის პირველსავე თვეებში. დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს აყოლილმა „ოცნებელებმა“ ცალმხრივად გააუქმეს ირანელთათვის საქართველოში შემოსვლის უვიზო სისტემა და დააწესეს მკაცრი სავიზო რეჟიმი. საქართველოს ვიზის მიღებისთვის ირანის მოქალაქეს უნდა შეევსო მრავალკითხვიანი ანკეტა, სადაც ლამის მეზობლის ფეხსაცმლის ზომაც უნდა ჩაეწერა.

ქართული მხარის ერთობ გაუგებარ გადაწყვეტილებას არ მოჰყვა ირანის გაბრაზება და საქართველოს მოქალაქეთათვის ანალოგიური სავიზო რეჟიმის დაწესება. საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი ვიზის გარეშე შედიოდნენ ირანში, ირანელები კი დისკრიმინაციული ანკეტის შევსებისა და არაერთკვირიანი ყურყუტის შემდეგ თუ ეღირსებოდნენ საქართველოს ვიზის მიღებას.

გართულდა ვიზის მიღების ტექნიკური პროცედურა თეირანში, საქართველოს საელჩოში, რომლის თანამშრომლები უდავოდ ზერელედ ეკიდებოდნენ მათთან ვიზის მისაღებად მისულ ირანელებს. მოგვიანებით, კარიც ჩაკეტეს და მოითხოვეს მხოლოდ ინტერნეტით კავშირი. ვიზის მსურველ ირანელს ინტერნეტით უნდა მიემართა საელჩოსთვის, რომელიც ინტერნეტითვე გასცემდა პასუხს ვიზის გაცემა-არგაცემის თაობაზე.

აღნიშნულმა პროცედურამ ნულის დონეზე დაიყვანა ტურიზმი, კატასტროფულად შეამცირა ინდივიდუალური ვიზიტები, ბიზნესმენთა შემოსვლა. ყოველივე აღნიშნულს დაემატა ირანელთათვის საბანკო ოპერაციების აკრძალვა, ბიზნეს-კავშირების შემცირება, საჰაერო მიმოსვლის გაუქმება და ა.შ.

საქართველოდან ირანში წამსვლელმა და პირიქით, პირდაპირი საჰაერო რეისების არარსებობის გამო, სატრანზიტო მარშრუტები უნდა გამოძებნოს ბაქოს, სტამბოლის, ყატარის გავლით, რაც თავისთავად იწვევს, ნაცვლად 40-45 წუთის ფრენისა (თბილისიდან თეირანამდე), 2-3 საათიან მგზავრობას და სატრანზიტო აეროპორტში მრავალსაათიან ყურყუტს. ვერც ერთი ბიზნესმები, რომელიც მიჩვეულია საქმის სწრაფ კეთებას, ვერ შეეგუება დროის ფუჭ ხარჯვას და აეროპორტში ხანგრძლივ ლოდინს.

საქართველოში მომუშავე ირანულ ბიზნესს უარი უთხრეს საბანკო ოპერაციების წარმოებაზე, რითაც ფაქტიურად გაუსაძლის პირობებში ჩააყენეს. ის, იძულებული შეიქმნა დაეხურა ბიზნესი.

ოფიციალური მონაცემებით, 1600-ზე მეტმა კომპანიამ, ფირმამ, ორგანიზაციამ შეწყვიტა მუშაობა, რითაც არა მარტო ისინი დაზარალდნენ, არამედ იქ მომუშავე 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. დაზარალდა საქართველოს ბიუჯეტიც, რომელმაც არა მარტო ირანული ბიზნესის ოპერირებიდან შემოსული თანხები დაკარგა, არამედ ტურიზმიდან მოსალოდნელი თანხებიც.

ყოველივე აღნიშნულს დაემატა საქართველოს ზოგიერთი მინისტრის არადიპლომატიური განცხადება ირანთან და მის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც უმალ მოჰყვა თავშეკავებული ირანული დიპლომატიის (ირანის საელჩოს სახით) პასუხი.

დაძაბული ვითარება არ განელებულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უსუფაშვილის ირანში ვიზიტის შემდეგ, თუმცა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მისი მხრიდან გარკვევით ითქვა, რომ სავიზო, სატრანსპორტო და სხვა საკითხები სწრაფად გადაიჭრებოდა.

ქართული მხარის მიერ გადაიდგა ნახევარნაბიჯი და ირანის მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა ვიზის მისაღებად შემცირებული კითხვარისთვის გაეცა პასუხი, ცხადია წერილობით. გარდა ამისა ირანელებს, ვინც ნამყოფი იყვნენ ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგალითად ბალტიისპირეთის, შეეძლოთ საქართველოს ვიზის გაიოლებული წესით მიღება. ჩემის აზრით, ეს გადაწყვეტილება გაუაზრებელი იყო, ვინაიდან 80-მილიონიანი ირანის გათანაბრება თითზეჩამოსათვლელ ბალტიისპირეთთან არცთუ ტაქტიანი დიპლომატიური ნაბიჯი იყო.

სამი წლის განმავლობაში ირანთან ურთიერთობა თითქმის ყველა მიმართულებით ისე დაეცა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა აშშ-ს ადმინისტრაცია და ირანის „კეთილმოსურნე“ ისრაელის ხელისუფლება. ქართულმა მხარემ ყველაფერი იღონა დიპლომატიური ურთიერთობების დასამძიმებლად, მაგრამ ირანული დიპლომატიის დიდმა მოთმინებამ, აღმოსავლურმა სიბრძნემ, თავშეკავულობამ არ მიიყვანა ურთიერთდამოკიდებულება სავალალო შედეგამდე.

სამი წლის განმავლობაში ირანმა არაერთი პროექტი შესთავაზა ოფიციალურ თბილისს – ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობის განვითარების დარგში. ირანი მზად იყო სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის განვითარებაში 3 მილიარდამდე ევროს ჩასადებად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ ვერ გამოიყენა მისთვის მეტად სასარგებლო წინადადება.

თანამედროვე ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან (მათ შორის ჩვენც), გაოცებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების მსუბუქი დამოკიდებულება ქვეყანასთან, რომელიც ინვესტიციას გთავაზობს. როგორც ჩანს, ევროატლანტიკური „წყალდალეულები“ მხოლოდ ევროპა-ამერიკასთან ურთიერთობას თვლიან ურთიერთობად, სხვასთან, დამამციმებლად მიაჩნიათ.

თანამედროვე ირანის არცოდნამ გამოიწვია ის „სიმსუბუქე“, რომელიც ახასიათებს  ხელისუფლებას. არადა ეს ქვეყანა რეგიონში უძლიერესია განვითარებული სოფლის მეურნეობით, მრეწველობით, ავტომშენებლობით, კულტურით, მეცნიერებით, მედიცინით და რაც მთავარია სტაბილური სახელმწიფოებრივი სტრუქტურით, მტკიცე ხელისუფლებით, ყველა დონის რეგულარული საარჩევნო სისტემით და ა.შ.

ძლიერმა და დამოუკიდებელმა ირანმა აიძულა დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი დამჯდარიყო მოსალაპარაკებელ მაგიდასთან. გასულ წელს ვენაში ხელმოწერილი დოკუმენტი ირანის დიპლომატიის უდავო გამარჯვებაა. სწორედ მან განაპირობა ირანის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება და ირანის საერთაშორისო ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება.

საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, როგორც ყოველთვის გვიან გამოიღვიძა და დაინახა რა უცხოელთა გრძელი რიგი ირანის ხელისუფლების კარზე, გადაწყვიტა თვითონაც არ ჩამორჩენოდა პროცესს და საქართველოში შემოსასვლელი ვიზა გააუქმა. რომ იტყვიან – სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ის სამწლიანი უხეირო პოზიცია რომ ვერ გაბათილდება?

დიპლომატიაში დამახსოვრების სინდრომიც არსებობს, მითუმეტეს ნეგატიურის, რაც უნდა იცოდეს ქართულმა პოლიტიკამ. მაგრამ რა გაეწყობა, მოდით გამოუცდელობას მივაწეროთ ყოველივე ეს. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვიზების გაუქმებას უდავოდ მოჰყვება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ტურიზმის თავიდან დაწყება, ირანული ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, საბანკო ბარიერების მოხსნა და ა.შ. ე.ი. ყოველივე იმის აღდგენა, რაც იყო.

საქართველოს პოლიტიკას, არასამთავრობო სექტორს მტკიცედ აქვთ ტვინში ჩაბეჭდილი, რომ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობა, თავისუფალი ბაზარი გადაარჩენს საქართველოს. საქართველოს გადაარჩენს ხელისუფლების საზრიანი მოქმედება და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ირანთან, რუსეთთან, სხვებთან ურთიერთობა. საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ თავისუფლად შეუძლიათ, ისე, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის კარის გაღება.

ევროპის ბაზარი ჩვენთვის ისეთივე შორეულია, როგორც მთვარე. საქართველო უახლოეს მომავალში ვერაფრით შექმნის პროდუქციას, რომელიც ფეხს მოიკიდებს ევროპულ ბაზარზე. პროდუქციის წარმოებას ქარხანა სჭირდება, ქარხანას ინვესტიცია, ახალი ტექნოლოგიები, კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და ა.შ.

25 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება პირდებოდა ხალხს ევროპა-ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად აშენებას. არ განხორციელდა და არა მარტო იმიტომ, რომ რომელიმე ხელისუფლებამ რამე დააკლო, არა, უბრალოდ ვერცერთი მათგანი ვერ იფიქრებდა, რომ ესოდენ ძნელი იქნებოდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ყველა ხელისუფლების დაავადება იყო არაპროფესიონალიზმი და ანალიზგარეშე მოქმედება. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ საქართველოს ბაზარი უცხოელთათვის მომხიბლველი არ იქნებოდა. სინამდვილეში რაც გვაქვს ისაა – შეზღუდული, პატარა ბაზარი რომ ჰქვია, გაღატაკებული მოსახლეობით, რომლის მსყიდველობითი უნარი ნულზეა დასული, არაკვალიფიციური კადრები, ქვეყნის შიგნით დაძაბული პოლიტიკური ვითარება, არანაკლები დაძაბული ვითარება მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან. ასეთ ვითარებაში არც ერთი ამერიკელი ან ევროპელი ბიზნესმენი არ გარისკავს. ვინც გარისკავს – რუსეთი, ირანი, ჩვენი უშუალო მეზობლები და ახლომდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია. მაშ, რა გვსჯის გამუდმებით ვიყვიროთ – ევროპა და ზურგი შევაქციოთ ირანს, რუსეთს, სხვას?

25 წელი გავიდა ფუჭ ოცნებაში. რაც გვაქვს – გახეული ჯიბე და გაპარტახებული ქვეყანაა და ასე იქნება მანამ, პრაგმატულად არ ვიაზროვნებთ.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.