აშშ-რუსეთის სამხედრო პარიტეტის შესახებ

რუმინეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო ამერიკული სისტემების განლაგების დაწყებამ ახალი ძალით გააღვივა რუსეთის საპროტესტო განწყობა და ამასთანავე შეიარაღებაში ორი ბირთვული სახელმწიფოს შეჯიბრი. აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების განცხადებით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ის თავდაცვითი სახისაა და კრემლს შეუძლია მშვიდად იძინოს.

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან ერთად კრემლი შეშფოთებულია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით და პერმანენტულად მოუწოდებს დასავლეთს შეაჩეროს აღმოსავლეთის გზით სვლა. აქაც, ისე, როგორც პირველ შემთხვევაში აშშ-ი და ნატო დაბეჯითებით უცხადებენ რუსეთს, რომ აღმოსავლეთით გაფართოება მიზნად ისახავს მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების განმტკიცებას და არა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ სამხედრო ქმედებას.

უნებლიედ იბადება კითხვა – პირველი, თუ ანტისარაკეტო სისტემა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, მაშ რისთვის ხდება მისი განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს? და მეორე – თუ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, მაშ რა მიზნებს ემსახურება ის?

საქმეში ჩახედული ნებისმიერი ექსპერტი ან პოლიტიკოსი, თუ ის არ ემსახურება მიკერძოებულ იდეოლოგიას და მხარს უჭერს საკითხთა დემოკრატიულ, სამართლიან შეფასებას, უდავოდ გაიზიარებს რუსეთის ხელისუფლების შეშფოთებას ორივე საკითხთან დაკავშირებით და რატომ. უპირველესად იმიტომ, რომ ვაშინგტონ-ბრიუსელის განმარტება მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. სხვას რას შეიძლება მიეწეროს ასეთი ახსნა – ანტისარაკეტო სისტემა მიმართულია ჩრდილო კორეისა და ირანის სარაკეტო თავდასხმის შესაჩერებლად და არა რუსეთის.

ერთიც და მეორეც საჭიროებენ სარაკეტო შეიარაღების ისეთ დახვეწას, რომ საფრთხის შემცვლელი იყოს აშშ-ს ევროპელი მოკავშირეებისთვის, რასაც წლები დასჭირდება. გარდა ამისა არც ირანს და არც ჩრდილო კორეას არაფერი აქვთ გასაყოფი ევროპასთან. არც ერთ მათგანს საჯაროდ არ დაუფიქსირებია ანტაგონიზმი ევროკავშირის მიმართ.

აი, რაც შეეხება აშშ-ს – მისდამი დამოკიდებულება აგრესიულია, გამოწვეული თვით ამერიკის რეაქციული განწყობის გამო ამ ორი ქვეყნის მიმართ. თუმცა აშშ-ირანის დიპლომატიაში გასული წლის წარმატებულმა ურთიერთობებმა და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება. რჩება რუსეთი, რომელიც ერთადერთ სახელმწიფოდ ითვლება, ვისაც თანაბარი სამხედრო ძალები და შეიარაღება აქვს აშშ-ან.

საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ მსოფლიოს მშვიდობა ბირთვული იარაღის არსებობის დამსახურებაა და რომ არა ის, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არაერთ მსოფლიო ომს ექნებოდა ადგილი. ამერიკა-რუსეთის ბირთვულმა იარაღმა, მისი რაოდენობის სითანაბრემ აიძულა ორივე მხარე სამხედრო კონფლიქტისგან თავის შეკავებაში, თუმცა ორივეს არასდროს გასჩენია სურვილი მინიმალურ დონეზე დაეყვანა მასობრივი განადგურების იარაღი. პირიქით, ყოველ ახალ ხელშეკრულებას მოსდევდა, ამ ხელშეკრულების გვერდის ავლით, ბირთვული იარაღისა და მისი მიზნამდე მიტანის საშუალებების გამოგონება-დახვეწა, რაც თავისთავად უდიდეს ხარჯებთან იყო და არის დაკავშირებული და ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

რა არის მიზანი ესოდენ დიდი სამხედრო ხარჯების გაღებაში?

უპირველესად, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების მუდამ მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება; მეორე, თუმცა ესეც პირველი – მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთის, იარაღით იზოლირება, ამერიკა-რუსეთს შორის არსებული სამხედრო პარიტეტის ამერიკის სასარგებლოდ დარღვევა; ნატოს ძალების უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან განლაგება და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით რუსეთის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ მან დამარცხების ნიშნად, ხელები აწიოს.

როდესაც ყველა მხრიდან ანტისარაკეტო სისტემებით ხარ შემორკალული და ნატოს სამხედრო ბლოკი ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე სივრცეს აკონტროლებს, დამარცხების აღიარების გარდა არაფერი დაგრჩენია. დამარცხების აღიარება კი ნიშნავს თავისუფლების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაკარგვას და ისეთ უღიმღამო ქვეყნად გადაქცევას, რომელიც მუდამ ვაშინგტონის თვალში შემყურე იქნება.

რუსეთი, უდიდესი სახელმწიფო, მესამეხარისხოვან ქვეყნად გადაიქცევა, ისეთად, რომელიც მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყნის რანგში იქნება. რუსეთის ასეთად გადაქცევის შემდეგ აშშ-ი ჩინეთს მიხედავს და შეეცდება მის ისეთ მოთოკვას, რომ სამხედრო თვალსაზრისით პრობლემები არ ჰქონდეს.

რუსეთ-ჩინეთის დაჩოქება მრავალწლიან ამერიკულ ბატონობას გაამყარებს მსოფლიოში და ისეთი „დემოკრატიის“ დამყარებას, როგორითაც ის არის ცნობილი.

სულ ახლახანს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობათა პალატამ მოიწონა ქვეყნის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი – 602 მილიარდი დოლარი, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში სარეკორდოა. ამ თანხის გარკვეული ნაწილი დაიხარჯება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საბრძოლო მოქმედებაში მოსაყვანად. რას მოიმოქმედებს რუსეთი?

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებისა და სხვა მაღალი სიზუსტის იარაღის ახალ სამიზნეზე დამიზნებას, ვინაიდან რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა არის, როგორც თავდაცვითი იარაღი, ისე დამკვრელური. მას შეუძლია რუსეთიდან გასროლილი რაკეტების შეკავებაც და ფრთოსანი რაკეტების გასროლაც, რუსეთის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა განაცხადა: „არაბირთვული სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიაზე იქნება განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, გადაიქცევიან საპასუხო დარტყმის პირველ სამიზნედ“, რასაც რუსეთში აშშ-ს საელჩოს პრეს-მდივანმა სტივენსმა ასე უპასუხა: „რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც განთავსდა რუმინეთში და განთავსდება პოლონეთში, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ამ სისტემებს არ შეუძლიათ ჩამოაგდონ რუსული ბალისტიკური რაკეტები, ამდენად რუსული მხარის განცხადება არის უპასუხისმგებლო“.

სტივენსის ნათქვამს გერასიმოვმა ასე უპასუხა – რუმინეთსა და პლონეთში იქნება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Aegis Ashore, ვერტიკალური დანადგარი Mk-41, რომელიც არა მარტო რაკეტსაწინააღმდეგო  Standard-3 დანადგარია, არამედ დამკვრელური TomahawK-ის რაკეტების გაშვებაც შეუძლია. გარდა ამისა ევროპაში, აზია-წყნარი ოკეანის რაიონში და ამერიკის კონტინენტზე განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები არის მთელი სისტემა ბალისტკური რაკეტების შეკავებისა – საწყისი, საშუალო და დასკვნითი ფრენის მონაკვეთზე. სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ასეთი ბალისტიკური რაკეტები აშშ-ს გარდა აქვთ რუსეთსაც და ჩინეთს. ასე, რომ რაკეტსაწინააღმდეგო გლობალური სისტემა მათ წინააღმდეგაა მიმართული.

გარდა ამისა, რუსი სპეციალისტების განცხადებით – ანტისარაკეტო სისტემა Aegis აქვს შესაძლებლობა საფრთხე შეუქმნას რუსეთის კოსმოსურ აპარატებს.

რა საპირისპირო ქმედებას ახორციელებს რუსეთი?

სირიის ტერიტორიის დასაბომბად რუსეთმა გამოიყენა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები „კალიბრ-НК” (“Калибр-НК”), რომელსაც შეუძლია როგორც ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინის, ისე ბირთვულის მიტანა მიზნამდე. ფრენის რადიუსი 2600 კმ-ია. ასე, რომ შავი ზღვის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება რუმინეთ-პოლონეთში განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება. გარდა ამისა, საჰარეო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებზე (შორეული ავიაციის) შეიძლება KPX-101/102  (ფრთოსანი რაკეტების) გამოყენება. მათი ფრენის რადიუსი 5000 კმ-ია. ასე, რომ ამ რაკეტების გაშვება შეიძლება მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო ზონაში შეუსვლელად.

შეძლებს თუ არა აშშ-ი სამხედრო ბალანსის ისე დარღვევას, რომ რუსეთის კაპიტულაცია (ომის გარეშე) გამოიწვიოს?

უდავოდ შეძლებს, თუ დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება ისეთებით შეიცვალა, როგორებიც გორბაჩოვი და ელცინი იყვნენ. მაშინ რუსეთი ისე დაჩაჩანაკდა, ნებისმიერ საკითხს ვაშინგტონს უთანხმდებდა, მათ შორის ნატოს გაფართოება რომ ჰქვია.

სულ ახლახანს გორბაჩოვის თანაშემწემ ჩერნიაევმა კოლთან და რეიგანთან, შემდეგ უფროს ბუშთან მოლაპარაკების პერიპეტიები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი პირდებოდნენ გორბაჩოვს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ადგილი არ ექნებოდა. სამწუხაროდ, დაპირება ზეპირი იყო. არადა ასეთ შემთხვევაში საჭირო იყო წერილობითი დოკუმენტი. ასეთი კი რუსულ მხარეს უნდა მოეთხოვა.

ძნელია დღეს ვარაუდი იმისა, რუსეთმა არ მოითხოვა თუ არ გაახსენდა, რომ ესოდენ სერიოზული საქმე ოფიციალური დოკუმენტით უნდა ყოფილიყო განმტკიცებული. დღეს, გორბაჩოვის განცხადება, რომ „მომატყუესო“ – უსუსურად წარმოგვიდგენს მასაც და მის მაშინდელ კოლეგებს, შევარდნაძის სახით. არანაკლები „დედალი“ გამოდგა ბრგე გარეგნობის ელცინიც, რომლის დროს რუსეთი  აშშ-ს დანამატად გადაიქცა.

რაც შეეხება რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, წინამორბედთაგან განსხვავებით – სრულიად საწინააღმდეგო დამოკიდებულება აქვთ მსოფლიო პოლიტიკისადმი. მათი მიზანია მრავალპოლუსიანი მსოფლიო და მასში ძლიერი რუსეთი.  ეს ქვეყანა, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაცილებით ძლიერი იქნებოდა, რომ არა დიდძალი სამხედრო ხარჯები, არადა მის გარეშე დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, ლაყბობა იქნება, ისეთი, როგორსაც ადგილი აქვს საქართველოში.

26 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა. 25 წელიწადია საქართველო „დამოუკიდებულია“, მაგრამ ისეთი, თითს რომ ვერ ანძრევს ვაშინგტონის შეუკითხავად. ამ დღეს სამხედროთა მარში ამერიკელმა სამხედროებმა და მათმა სამხედრო ტექნიკამ გახსნა – „დამოუკიდებელ“, „თავისუფალ“, „სუვერენულ“ საქართველოში. მანამდე კი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა, რაც გამოწვევაა რუსეთისთვის. გამოწვევაა ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ბაზის გახსნაც, რაც თავისთავად ხდის საქართველოს რუსეთის რაკეტების სამიზნეთ. სადამდე?!

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.