რა გამოავლინა უკრაინის კრიზისმა?

უპუტინოდ, მაგრამ პუტინთან ერთად, ანუ პუტინის აჩრდილთან ერთად გაიმართა „დიდი შვიდეულის“ ბრიუსელის შეხვედრა. ცნობისთვის, სწორედ ამ დროს უნდა გამართულიყო ქ.სოჭის „დიდი რვიანის“ სამიტი, მაგრამ, უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, „დიდი რვიანის“ შვიდმა წევრმა დაგმო კრემლის პოლიტიკა და პირველი, რაც მოიმოქმედა – განაცხადა, რომ წელს „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიმართება და არა „რვიანის“, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთს არ მიაღებინებდნენ მონაწილეობას სამიტში.

ბრიუსელში გამართულ ორდღიან სამიტში რუსეთი არ მონაწილეობდა, მაგრამ განსახილველი თემიდან გამომდინარე – უკრაინა, პუტინი იქ იყო, ცხადია, დაუსწრებლად, მაგრამ მაინც. „შვიდეულმა“ იმსჯელა უკრაინასთან დაკავშირებით, გალანძღა რუსეთი და განაცხადა, რომ თუ პუტინი არ შეწყვეტს აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიუკრაინული ძალისთვის იარაღის მიწოდებას და მებრძოლების გაგზავნას, დასავლეთი აამოქმედებს სანქციების მესამე ეტაპს.

სანქციების მესამე ეტაპი სამი საფეხურისგან შედგება: მსუბუქი, საშუალო და ძლიერისგან. ყველა მათგანის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე და გააუარესებს რუსეთის მოქალაქეთა სოციალურ პირობებს. მაგრამ სანქციების ამოქმედება დასავლეთსაც დააზიანებს, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან.

აღნიშნული სინამდვილე ნაკლებად აღელვებს აშშ-ს, ანტირუსული პოლიტიკის მებაირახტრეს, ვინაიდან ევროკავშირის ზომაზე მეტად გაძლიერება სულაც არ შედის მის გეგმებში. ვაშინგტონის უმთავრესი მიზანია, როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის პრაგმატული ურთიერთობების, განსაკუთრებით ეკონომიკურ-ენერგეტიკულისთვის ბარიერის შექმნა და საბოლოო ჯამში მათი დაშორიშორება.

უკრაინის კრიზისმა, აგორებულმა აშშ-ს მიერ, უკვე გააჩინა გარკვეული ბზარი მოსკოვ-ბრიუსელს შორის, თუმცა ბრიუსელი ანგარიშს უწევს იმასაც, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გაუარესებით, თვით მას შეექმნება პრობლემები. ამდენად, ბრიუსელს მიაჩნია, რომ მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს ყირიმისთვის, აღმოსავლეთ უკრაინისთვის, მაგრამ პასუხისგებას საზღვარიც უნდა ჰქონდეს, ანუ ბრიუსელმა ისეთი რამ არ უნდა დაუშვას, რაც მრავალი წლით გამოიწვევს მოსკოვის გაგულისებას, გაუცხოებას, თანამშრომლობის შეკვეცას და „ცივი ომის“ პერიოდის აღორძინებას.

ვაშინგტონის პოლიტიკა სულ სხვაა – უპირველესად საკუთარი ჰეგემონიზმის შენარჩუნება-განმტკიცება და ამისთვის ჯიუტი რუსეთის, შემდეგ ევროკავშირის ერთმანეთზე ისე გადაკიდება, რომ მრავალი წლით იყვნენ ჩართულნი ერთმანეთის საწინააღმდეგო კონფლიქტში. არის თუ არა აშშ-ს ადმინისტრაციის ამგვარი პოლიტიკა გამართლებული? ცხადია, აშშ-ს პოზიციიდან გამომდინარე, ეს ასეა.

აშშ-ი დიდი ქვეყანაა, თანაც პირველი და თუ პირველობის დათმობას არ აპირებს, და ალბათ მის ადგილას სხვაც არ დათმობდა, გასაკვირი არაფერია. გასაკვირი მხოლოდ ის არის – რა გზით, რა ხერხით აპირებს აშშ-ი ჰეგემონიზმის გახანგრძლივებას. და რომ ეს გზა ძალზე შორს არის ამერიკული ყბადაღებული ლოზუნგებისგან – ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია.

დემოკრატია ვერ დაერქმევა ერთი  ქვეყნის მიერ, მეორე ქვეყნის მეზობლად მყოფ ქვეყანაში „დემოკრატიის“ განვითარებისთვის მილიარდობით დოლარის ხარჯვას, მოსახლეობის წვრთნას და ამერიკის მოწინააღმდეგე ქვეყნის წინააღმდეგ ამხედრებას; ლეგიტიმური ხელისუფლების შეიარაღებული გზით ჩამოგდებას და მისთვის ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში დასმას; ნეოფაშისტური ჯგუფებისთვის ხელის შეწყობას და მათი სამთავრობო სტრუქტურებში შეყვანას და ა.შ.

ბრიუსელის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ეკონომიკური იზოლაციით დაემუქრა რუსეთს – მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფოს, ტერიტორიის თვალსაზრისით, ბირთვული იარაღის მქონეს და ა.შ., რაც თავისთავად სასაცილო თუ არა, ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან მუქარა ერთია და მისი შესრულება სხვა. და ესეც რომ არ იყოს, რა უფლება აქვს აშშ-ს დაემუქროს სხვა ქვეყანას? რა უფლება აქვს მას საკუთარი პოზიციები თავს მოახვიოს „დიდი შვიდეულის“ წევრებს?

როდესაც „შვიდეულის“ დანარჩენი წევრები ზომაზე მეტად „დედლურად“ გამოიყურებიან, თან საკუთარ სუვერენიტეტდაკარგულად, ვაშინგტონს ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის სახეში სილის გაწვნის შანსიც.

„შვიდეულის“ შეხვედრაზე, ურუსეთოდ დარჩენილები, გულმოდგინედ აგინებდნენ რუსეთს, იცავდნენ „უმანკო“ უკრაინას –  საკუთარი შემოქმედების ნაყოფს. განსაკუთრებული სიკაპასით – ცხადია ქალობიდან გამომდინარე, გერმანიის კანცლერინი, მერკელი გამოირჩეოდა. ის, ქალბატონი, რომელიც ლამის აშშ-ს სპეცსამსახურებმა საიდუმლო მოსმენების მთავარ სამიზნედ გაიხადეს.

დასაწყისში მერკელი გაწიწმატდა, მაგრამ შემდეგ ჩაცხრა და „თავს ზევით ძალა არ არის“ პოლიტიკა აირჩია. არადა გერმანია ევროკავშირის ლოკომოტივია. თავწახრილი გერმანია დასავლური ფასეულობების დამცველად ვერ გამოდგება. სუვერენიტეტდაკარგული, პიონერივით მუდამ მზად ვაშინგტონის მოწოდების შესრულებისთვის, ვერ იქნება ის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იდგება ევროპულ სადარაჯოზე.

ზემოთ აღვნიშნე – ვინ მისცა უფლება აშშ-ს მთელს მსოფლიოს ჭკუა ასწავლოს?! ვინ მისცა უფლება „შვიდეულს“ ანალოგიურად მოიქცეს?! გაეროს რიგებში 200-მდე სახელმწიფოა, ძლიერი და ნაკლებად ძლიერი, წარმატებული და ნაკლებად წარმატებული, მაგრამ  ყველა მათგანი აღიარებს საკუთარ სუვერენიტეტს. და ასეთ დროს „შვიდეულის“ ბრძანებაში გადასული რეკომენდაციები, ხშირად თითის ქნევა.

„შვიდეულმა“, თუნდაც „რვიანმა“ დიდი ხანია ამოწურა თავისი შესაძლებლობები. დიდი ხანია, მან გადალახა ეკონომიკური საკითხების მომგვარების ჩარჩოები და პოლიტიკაში გადავარდა. დიდი ხანია, „შვიდეული“ „დიდმა ოცეულმა“ ჩაანაცვლა, რამაც ფაქტიურად წირვა გამოუყვანა წინამორბედ „შვიდეულს“.

დიდი ხანია „ოცეული“ შეავსო ე.წ. სწრაფი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა. „ოცეულსაც“, რომ თავი დავანებოთ, შეიქმნა ისეთი ეკონომიკური კავშირი, როგორიცაა „ბრიკსი“ (ბრაზილია, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არგენტინა), რომლის საერთო პოტენციალი თვალშისაცემია და აჭარბებს „შვიდეულისას“. ყოველივე აღნიშნული აშკარად მეტყველებს, იმ სერიოზულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ძვრებზე, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში.

საბჭოეთის დაშლამ მძიმე შედეგი მოუტანა მსოფლიო ძალთა თანაფარდობას. შეიქმნა ერთპოლუსიანი სამყარო. მსოფლიო ჟანდარმობა აშშ-ს აკისრებინეს და ისიც დიდის გულმოდგინებითა და სიხარულით ახორციელებს ისტორიის მიერ ნაბოძები პირველი ქვეყნის სამუშაოებს. როგორც ჩანს, მას მოსწონს პირველობა და ამიტომაც ძალას, ფულს და ენერგიას არ ზოგავს პირველი ქვეყნის სტატუსის სამარადისო შენარჩუნებისთვის. უკრაინის კრიზისი, შენარჩუნების საქმის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

უკრაინის კრიზისი არ შეიძლება ჩაითვალოს მოულოდნელ მოვლენად. კრიზისს ხანგრძლივი წინა ისტორია აქვს, მათ შორის სამხედრო აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ, ერაყში შეჭრა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მოლაპარკებიდან აშშ-ს ცალმხრივი გასვლა, მოვლენები ლიბიასა და სირიაში. ყველა აღნიშნულში შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს დასავლეთის მიერ გადადგმული მიყოლებითი, ჯაჭვური ნაბიჯები.

თითოეული ნაბიჯი ძირს უთხრიდა საერთაშორისო სამართალსა და გაეროს უშიშროების საბჭოს როლს. თითოეული ნაბიჯი ხელს უშლიდა მრავალმხრივ, კოლექტიურ მოქმედებას, ამართლებდა სამხედრო ძალის გამოყენებას. ამდენად პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის განმტკიცება, ახალი მსოფლიო წესრიგის ერთობლივი შემუშავება.

უკრაინის კრიზისმა ნათელყო, რომ ნდობის ფაქტორი რუსეთსა და დასავლეთს შორის კი არ გაიზარდა, პირიქით – შემცირდა. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, საბჭოეთის არსებობის პერიოდში ის (ფაქტორი) გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს. თუმცა მაშინაც უცხო არ იყო შიში. განვლილმა ოცმა წელმა, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენებმა, წინა პლანზე წამოწია „ცივი ომის“ დროინდელი რიტორიკაც, აღორძინდა ორივე მხარეს არსებული რეაქციული ძალები.

უკრაინის კრიზისმა დაგვანახა ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების სისუსტე საყოველთაო მშვიდობის დაცვის საქმეში. არ ჩანს ეუთოს როლი ამ საქმეში, ხოლო რუსეთ-ნატოს საბჭო გადაიქცა ტექნიკურ ორგანოდ.

უკრაინის კრიზისის განმავლობაში წამოიწია ისეთი საკითხები, რომლებიც არაერთხელ შეგვახსენებდნენ გადაჭრის აუცილებლობაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში: იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიის, სირიის მაგალითებიდან გამომდინარე. ყოველივე ამან ერთობ მწვავედ, ვიდრე უწინ, უკრაინის მოვლენების დროს გაიჟღერა.  რა საკითხებია ესენი? უპირველესად ტერიტორიული მთლიანობა და თვითგამორკვევა, კანონიერი ხელისუფლება და არშემდგარი ქვეყანა. რა შემთხვევაში შეიძლება ვაღიაროთ თვითგამორკვეული ხალხის ლერგიტიმურობა და ა.შ.

თვითგამორკვევის თემა მძლავრად გაჟღერდა კოსოვოს, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, ყირიმის მოვლენების წყალობით. თუმცა უკრაინა, ამ ჭრილში, არის მთავარი მამოძრავებელი, მსოფლიო პოლიტიკის უძლურობის გამოაშკარავების საქმეში. უკრაინამ არა მარტო მსოფლიო ინსტიტუტების სრული იმპოტენცია გვაჩვენა, არამედ მსოფლიო ლიდერების მეშჩანობა, თავშეუკავებლობა, სერიოზული პრობლემის ერთიანი ძალით გადაჭრის უძლურება. როდესაც „შვიდეულის“ მეთაურები, „მერვის“ „შეცდომის“ გამოსწორების მაგივრად, თავს არიდებენ მასთან პირისპირ ლაპარაკს – უსუსურობა და უპასუხისმგებლბაა.

„შვიდეულმა“ უარი თქვა „რვიანის“ ფორმატზე, ანუ პუტინთან დალაპარაკებაზე, რაც დანაშაულის ტოლფასია. როდესაც უკრაინის აღმოსავლეთი ცეცხლშია გახვეული, როდესაც იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად, ძლიერთა ამა ქვეყნისათა, იმის ძალა უნდა ჰქონდეთ თვალებში ჩახედონ „დამნაშავე“ პუტინს. მაგრამ ძლიერნი ამა ქვეყნისანნი, იმიტომ არიან სუსტნი, რომ არ ძალუძთ სიმართლეს გაუსწორონ თვალი. ნაცვლად ამისა დასხდნენ ბრიუსელში და ენა გადაიტყავეს პუტინის ლანძღვით.

დალაპარაკება, თუმცა ხანმოკლე, მაგრამ მაინც ნორმანდიაში გამართული ზეიმის დროს მოხდა – ფაშისტების წინააღმდეგ მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალზე. კიდევ კარგი, რომ ზეიმის აღსანიშნავი დღე გამოდგა ურთიერთთან დალაპარაკების შანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ იცის, როდის გალღვებოდა ყინული?

მეორე მსოფლიო ომში საბჭოეთის მიერ გაწეული უდიდესი წვლილისთვის მიიწვიეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საფრანგეთში. და ეს დღე უმეტესად უკრაინის პრობლემების პირისპირ სასაუბრო დღედ გამოდგა. მანამდე კი იყო ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრები – ნაკლებად ეფექტიანი.

უკრაინის კრიზისმა ნათელჰყო, რომ მოსაგვარებელი საქმე დროზე უნდა მოგვარდეს, გაჭიანურება ნიშნავს კრიზისის გახანგრძლივებას, მეტ სისხლსა და ნგრევას. საერთაშორისო თანამეგობრობას რომ მეტი გულისყური გამოეჩინა პრობლემის სწრაფი მოგვარებისთვის, დამნაშავეები დროულად დაესაჯა, დღევანდელი ჩიხური ვითარება არ იქნებოდა. საერთაშორისო საზოგადოება მედიის მიერ გავრცელებულ ჭორ-მართალს აჰყვა და „დამნაშავისკენ“ თითის შვერას მოჰყვა, ნაცვლად შექმნილი ვითარების გამოსწორებისა.

უკრაინის კრიზისმა გამოავლინა იმათი რადიკალიზმი, ვინც კრიზისი წარმოშვა.  ევროპელები რახანია შეეჩვივნენ ულტრამემარჯვენე დაჯგუფებათა არსებობას – არაუშავს, ცოტანი არიან და ჯანსაღ საზოგადოებას ვერაფერს ავნებენო. უკრაინამ ცხადყო მსგავსი მოსაზრების ინფანტილიზმი. თუ საწყის ეტაპზე მშვიდობიანი „მაიდანი“ ნაკლებად საშიში იყო ნეოფაშისტური გამოვლინებისგან, შემდგომში ფაშისტურად გადაიქცა – შეიარაღებული გადატრიალებაც მოაწყო და ომიც გაჩაღდა საკუთარი მოსახლეობის მიმართ.

უკრაინის რადიკალიზმმა, თავისთავად გამოიწვია რუსული რადიკალიზმი და არა მარტო რუსული, არამედ ევროპული, ამერიკული; გარდა ამისა გამოავლინა სამოქალაქო საზოგადოების სრული უსუსურობა კონფლიქტის მოგვარებაში. არასამთავრობოთა როლი ნულს გაუტოლა.

და რაც მთავარია, უკრაინის კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ადრე დამყარებულ ურთიერთკონტაქტებს გაღრმავება ესაჭიროება და არა დაშორიშორება. სწორედ კრიზისულ ვითარებაშია აუცილებელი დიალოგი და არა ბუტიობა. სწორედ კრიზისულ ვითარებაში უნდა ჰქონდეს გასაქანი სისტემურ კონტაქტებს და არა ეკონომიკური სანქციების დაწესებას.

1962 წლის კარიბის ზღვის კრიზისი არ გადაიჭრებოდა, რომ არა ინტენსიური დიალოგი. სწორედ მას მოჰყვა მსოფლიო წესრიგის დამყარება. დიდმა ქვეყნებმა, უპირველესად აშშ-ა უნდა შეიგნოს, რომ მარტო ის ვერ შეძლებს მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დიამეტრალური განსხვავება არსებობს მის და მის მოწინააღმდეგეთა კონცეფციებს შორის.

ახალი მიდგომა მსოფლიო საკითხებისადმი აშშ-ა 1990 წელს გამოავლინა – გამოაცხადა რა დემოკრატიის გაფართოება აღმოსავლეთით. ამ გეგმას უნდა მოეცვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რუსეთის გარდა. ამ გეგმიდან გამომდინარე, აშშ-ს პრეზიდენტმა კლინტონმა დაიწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება (1994 წ.).

კლინტონის ინიციატივას კრემლმა მკვახე რეაქცია მოაყოლა, თუმცა ამაოდ. ასე და ამრიგად, 1994 წელს დაიწყო დიდი აღმოსავლური იერიში ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე, რამაც მოიცვა ფინეთი, ბალტიისპირა ქვეყნები, „ვიშეგრადის ქვეყნები“ (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი), უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო.

გამწვავებული ვითარების დასარეგულირებლად, 1997 წელს გაიმართა რუსეთ-ნატოს შეხვედრა. ნატო დაპირდა რუსეთს, რომ ახალი წევრების ტერიტორიაზე არ განალაგებდა მსხვილ სამხედრო კონტიგენტს და ბირთვულ იარაღს. თავის მხრივ, რუსეთი არ განალაგებდა ამ ქვეყნების საზღვრებთან თავის ჯარს. მაგრამ მას შემდეგ მოხდა მთელი რიგი ქვეყნების ნატოში გაწევრება, ხოლო „ფერადმა“ რევოლუციებმა უკრაინა-საქართველო ჩაახუტეს ნატოს.

ნატოს ტრიუმფალურ აღმოსავლურ სვლას ბარიერი აღუმართა 2008 წლის ცხინვალის ომმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ რუსეთს ძალუძს საკუთარი სამხედრო ძალების გამოყენება საზღვარგარეთ. შემდეგი ეტაპი იყო და არის „აღმოსავლეთის პარტნიორობა“. მისი მიხედვით უნდა მომხდეს უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია. პროგრამა 2009 წელს ამოქმედდა პარიზში. რუსეთმა თავის მხრივ შეიმუშავა ევრაზიული კავშირის პროექტი, რომელსაც სულ ახლახანს მოეწერა ხელი ასტანაში.

2010 წელს რუსეთმა შესთავაზა აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპაში ურთიერთმოქმედების ხელშეკრულების გაფორმება, რაზეც ვაშინგტონმა უარი განაცხადა, ვინაიდან მიუღებლად ჩათვალა ე.წ. გავლენის სფეროების არსებობა, ცხადია, რუსეთისთვის და არა თავისთვის. მას ყველგან, მთელს მსოფლიოში უნდა ჰქონოდა გავლენა. ერთ-ერთი ასეთი უკრაინაა.

ერთიანი უკრაინა ამერიკისთვის ნიშნავს საბჭოეთის არ აღდგენის გარანტიას. გარდა ამისა, ამერიკისთვის უკრაინა არის რუსეთთან დსთ-ს ინტეგრაციული პროცესის საწინააღმდეგო ტორპედო.

უკრაინის ნეოფაშისტთა მოქმედებით, ვაშინგტონი იმედოვნებს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრას და მასთან დაჯახებას. რუსულ-უკრაინული სამხედრო კონფლიქტით ვაშინგტონი ვარაუდობს რუსული გავლენის სფეროს შეჩერებას. უკრაინის ნეოფაშიზმის აღორძინება, მისი ანტირუსულად ამოქმედება ამერიკული პროექტია – შორსმიმავალ გეგმებზე გათვლილი.

უკრაინის კრიზიმა ცხადყო, რომ თანამედროვე ევროპა მოკლებულია კრიზისების მოწესრიგების მექანიზმს. არცერთი მოქმედი ევროპული სტრუქტურა არ გამოსულა სამშვიდობო ინიციატივებით. არათუ აშშ-ი, არამედ არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ ცდილა, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას, რაც შეეხება სანქციებს – იცოცხლეთ.

დასკვნისთვის, უკრაინის კრიზისმა გამოავლინა აშშ-ს ცალმხრივობა პირველობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ევროპის ქვეყნების უყოყმანო მორჩილება ჰეგემონის წინაშე და რაც არანაკლებ სავალალოა საკუთარი სუვერენიტეტის რყევის ხარჯზე. საერთაშორისო ინსტიტუტების ავადმყოფური იმპოტენცია კრიზისული სიტუაციების მოწესრიგების საქმეში და ვაშინგტონის დირექტივების გარეშე, სრული უმოქმედობა. რუსეთის სურვილი, იმოქმედოს დამოუკიდებლად, მტკიცედ, არ დაემორჩილოს აშშ-ს მიერ შექმნილ მსოფლიო მოწესრიგების სისტემას, ბრძოლა საკუთარი პოზიციების განმტკიცება-შენარჩუნებისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.